დანაშაულში მხილებულები, “დაღლილები” და იძულებით წასულები – მერების და საკრებულოს თავმჯდომარეების გადადგომის ქრონოლოგია

7361

ავტორი: მაგდა პოპიაშვილი

ზუსტად ერთ თვეში – 9 მარტიდან 9 აპრილამდე უკვე 4 მუნიციპალიტეტის მერმა თქვა დაკავებულ თანამდებობაზე უარი: გუშინ, 8 აპრილს, ქუთაისის მერი გადადგა, 5 აპრილს – ონის მუნიციპალიტეტის მერი, 1 აპრილს – თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, 9 მარტს – კასპის მუნიციპალიტეტის მერი. ყველა მათგანი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პირდაპირი წესით არჩეული მერი იყო.

2017 წელს არჩეული 64 მერიდან 10 მერმა და 5 საკრებულოს თავმჯდომარემ ოთხწლიანი საარჩევნო ციკლი ვერ ჩაამთავრეს. ათი მუნიციპალიტეტიდან ხუთში რიგგარეშე არჩევნებით ახალი მერები 2019 წლის 19 მაისს უკვე აირჩიეს. ოთხში, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, ერთში კი სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.

ადგილობრივი თვითმმართველობის გადამდგარი პირველი პირებიდან 3 მერი და 3 საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობებს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის გამო ჩამოშორდნენ. დანარჩენების გადადგომის მიზეზებზე კი მხოლოდ კულუარულად საუბრობენ.

დანაშაულში მხილებულები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა, ლაშა გოგიამ თანამდებობა 2018 წლის 12 სექტემბერს დატოვა. თითქმის 2 თვის შემდეგ კი, იმავე წლის 1 ნოემბერს ის, თავის მოადგილესთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების გამო დააკავა. გოგიას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ოთხი წლით პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული.

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილიც თვენახევრის წინ – 28 თებერვალს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული და უფლებამოსილებაც უკვე შეუჩერდათ. ბორჯომში რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს და მერს უფლებამოსილება შეუწყდება.

ყველაზე დიდი სკანდალით თანამდებობიდან მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი წავიდა. აბაზოვი მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა. 2018 წლის 13 დეკემბერს კი  გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აბაზოვს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უფლებამოსილება მისივე განცხადების საფუძველზე 2019 წლის თებერვალში შეუწყვიტა. საინტერესოა, რომ აბაზოვი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა და თავად მიმართა საკრებულოს, მისთვის უფლებამოსილება შეეწყვიტა. ამის შემდეგ კი მოხდა ის, რომ აბაზოვი 2019 წლის ნოემბერში ჯერ ათლეტიზმის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი გახდა, ზუსტად 3 თვის შემდეგ კი, 2020 წლის თებერვალში, ის რუსთავის საქალაქო სასამართლომ საერთოდაც გაამართლა. ის თვითმმართველობის ერთადერთი მაღალჩინოსანია, რომელსაც ბრალდება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ვერ დაუმტკიცეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე 2019 წლის 25 იანვარს სუს-მა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი დააკავა. ამავე წლის 24 ოქტომბერს კი მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ახლა საქმე სააპელაციო სასამართლოშია, პარალელურად კი, ივანეიშვილი საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას, მათ შორის, პრემიერისთვის მიწერილი ღია წერილითაც ცდილობს. 2 თვის წინ, 2020 წლის თებერვალში, მან ციხიდან ღია წერილით პრემიერმინისტრ გახარიას მიმართა და სასამართლო, პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ მოქმედებაში დაადანაშაულა.

“იმის გათვალისწინებით, რომ ვარ 62 წლის და მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი – 12 წელი თავისუფლების აღკვეთა – მომესაჯა, საქართელოს მოქალაქეობის არმქონე „ირანელი ინვესტორის“ ცრუ ჩვენების საფუძველზე. ჩემ მიმართ გამოტანილი განაჩენი წარმოადგენს გასული საუკუნის 30 წლებისთვის დამახასიათებელ დაუხვეწავი ფორმებით განხორციელებულ ყველაზე ცინიკურ და ამაზრზენ ანალოგიას. ეს განაჩენი კლასიკური ნიმუშია სასამართლოსა და პროკურატურის არაკომპეტენტური შეთქმულებისა პიროვნების წინააღმდეგ. ყველა დეტალი, ყველა ფრაზა და პასაჟი ჩემს მიმართ გამოტანილ განაჩენში მოდელირებულია იმდენად უნიჭოდ, რომ ჩემდამი წაყენებული ბრალი მოსამართლემ ერთ კონსტრუქციაშიც კი ვერ მოაქცია პროკურატურის მოწმეების ჩვენებასთანაც კი. მე არ წავედი საპროცესო შეთანხმებაზე; მიუხედავად სასჯელის სიმძიმისა ამას არც მომავალში ვაპირებ. მე თავიდანვე მირჩევდნენ, რომ შეთანხმების გზა ამერჩია, რადგან საქმე სუს-ის დაწყებული იყო და ვერაფერს გავხდებოდი. მიმაჩნია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებები და თავისუფლება უფრო მაღალი ღირებულებაა, ვიდრე სუს-ის ან ნებისმიერი ინსტიტუციის იმიჯის დაცვა. საქმე არ ეხება მხოლოდ ჩემ მიმართ განხორციელებულ ძალადობას – სიცრუე და ძალადობა ის პოლიტიკური გზაა, რომელსაც თუ ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების მიმართ თუნდაც ერთხელ მიმართავს, შემდეგ შეჩერება შეუძლებელია”, – წერდა ივანეიშვილი.

სუს-მა ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალდებები უარყო, პრემიერს კი, რა თქმა უნდა, ამ საქმეზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ადგილობრივი თვითმმართველობის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი – ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, სამ ყოფილ და მოქმედ მოხელესთან ერთად, 2019 წლის აგვისტოში დააკავეს. მათ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება ედებათ ბრალად. კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარეობამდე, 2014-2017 წლებში, ფოთის მერი იყო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაული სწორედ ამ პერიოდში – 2015 და 2017 წლებშია ჩადენილი. კაკულიას მიმართ სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.

“დაღლილები”

პირველი, ვინც მერად მუშაობისას “დაიღალა”, ხულოს მერი გოჩა მელაძე იყო. მან თანამდებობა 2018 წლის 18 ოქტომბერს დატოვა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მელაძემ “ქართული ოცნებიდან” იყარა კენჭი და 59,58%-ით გაიმარჯვა.

რეალურად რა გახდა ხულოს მერის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი, ორი წლის შემდეგაც უცნობია. გადადგომის მეორე დღეს მან მხოლოდ ის თქვა, რომ იყო და რჩება “ქართული ოცნების” გუნდის წევრად. ისიც თქვა, რომ მისი გადადგომა “გუნდთან” შეთანხმებული იყო, თუმცა, მიზეზებზე, თუ რატომ დათმო თითქმის 60%-იანი ნდობის მანდატი არჩევნებიდან 1 წელში, მაინც არ ილაპარაკა. გავრცელებული ინფორმაციით კი, მას დაპირისპირება აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან იმის გამო ჰქონდა, რომ ის მთავრობის წინა თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის კადრი იყო. თავად რიჟვაძე, ცხადია, დაპირისპირებას უარყოფდა, თუმცა, მელაძის გადადგომის შემდეგ გაკეთებული მოკლე კომენტარი ამ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, ადასტურებს. “რეგიონში პროფესიონალი კადრები თანამდებობებს შეინარჩუნებენ“, – ასე გამოეხმაურა რიჟვაძე მელაძის გადადგომას. მელაძე გადადგომიდან მალევე შემოსავლების სამსახურში დაასაქმეს. ნიშანდობლივია, რომ ის, ვინც ხულოს ყოფილმა მერმა გადადგომის წინა დღეს თავის პირველ მოადგილედ დანიშნა, ჯერ მერის მოვალეობის შემსრულებელი, შემდეგ კი, რიგგარეშე არჩევნებით, ხულოს მერი გახდა.

მორიგი “დაღლილი” მერი ზესტაფონს აღმოაჩნდა – კახაბერ მახათაძემ თანამდებობა 2019 წლის 12 თებერვალს დატოვა და, რა თქმა უნდა, არც მას უთქვამს, რატომ გადადგა. მისი გუნდის წარმომადგენელმა, მერიის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა კი თქვა, რომ “ოცნების ახალმა გუნდმა გადაწყვიტა, ქვეყანა თავისებურად დაალაგოს. როგორც ვატყობთ, კახაბერის მსგავსი ღირსეული ადამიანები მათ გეგმებში არ შედის. ბატონმა კახაბერმა გადაწყვიტა, რომ დაწეროს განცხადება და წინ მნიშვნელოვანი პროცესები გველის”.

ზესტაფონში ყველამ იცოდა, რომ მახათაძეს და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ შალვა კიკნაველიძეს კონფლიქტი ჰქონდათ. ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაუპირისპირდნენ. დეპუტატს მერად მახათაძე არ სურდა, მახათაძემ კი უფრო წონიანი პოლიტიკური მხარდამჭერები – ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი და ყოფილი მინისტრები – ალავიძე და ქუმსიშვილი გამონახა. დაპირისპირება იმდენად მძაფრი აღმოჩნდა, რომ იმერეთში მერობის კანდიდატთა ოფიციალური წარდგენის ღონისძიება ლამის ჩაიშალა.

საბოლოოდ, მახათაძე მერი მაინც გახდა, თუმცა, მუნიციპალიტეტში მისი გადადგომის მოთხოვნით აქციები ხუთი თვის განმავლობაში იმართებოდა. აქციებს ოფიციალურად ორგანიზებას გიორგი გოგლიჩიძე უწევდა, რომელიც რიგგარეშე არჩევნების შემდეგ ზესტაფონის მერად აირჩიეს. ის, წინამორბედისგან განსხვავებით, მაჟორიტარის რჩეულიცაა.

ზესტაფონის ყოფილი მერი, წესით, დაღლილ კი არა, დანაშაულში მხილებულთა რიგებში უნდა აღმოჩენილიყო, თუმცა, როგორც ჩანს, სხვა მერებისგან განსხვავებით, თანამდებობის დათმობით გადარჩა. ახლანდელი მერი გოგლიჩიძე და მისი თანამოაზრეები კახაბერ მახათაძეს კორუფციასა და სხვადასხვა კომპანიებში ბიზნესწილების ფლობაში ადანაშაულებდნენ და აცხადებდნენ, რომ  მის წინააღმდეგ გამოძიება შვიდ საქმეზე იყო დაწყებული. შსს-ს ინფორმაციით კი, მახათაძის მიმართ გამოძიება ერთ საქმეზე სისხლის სამართლის 381–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობას ნიშნავს. სხვა საქმეებთან დაკავშირებით კი უწყებაში ინფორმაცია არ ჰქონდათ.

მახათაძის ბიზნესწილების, კორუფციული საქმიანობისა და სისხლის სამართლის საქმეების შესახებ მისი გადადგომის შემდეგ აღარც ამჟამინდელ მერს და აღარც მაჟორიტარ დეპუტატს აღარ გახსენებიათ. ძალოვანებიც დუმან. ამიტომაც დღემდე არავინ იცის, იყო თუ არა ნამდვილად კორუფციულ საქმეებში ზესტაფონის ყოფილი მერი გახვეული და, თუ მართლაც იყო, რატომ არ მიმდინარეობს მის მიმართ სამართლებრივი მოქმედებები.

“დაღლილთა” რიგებში აღმოჩნდნენ ბოლო ერთ თვეში წასული მერებიც – ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და კასპის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი. არცერთ მათგანს არ ჩაუთვლია თავი ვალდებულად, საკუთარი ამომრჩევლისთვის მიემართა და მიზეზები აეხსნა.

ჭიღვარიას შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა. მას მმართველი პარტია განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამო შემოსწყრა, როცა “ნაცმოძრაობის” კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 47.03%, ხოლო “ოცნების” მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა 28.7% მიიღეს. ჭიღვარია საზოგადოებას ყველაზე მეტად მისივე პორტრეტით დაამახსოვრდა, რომელიც 2018 წლის სექტემბერში იტალიის ქალაქ კოზენცაში ქუთაისელი მხატვრებისთვის გამართული ვორკშოპის დახურვის ცერემონიაზე გამოფინეს.

დღეს საკრებულომ ქუთაისის მერის განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ ცნობად ისე მიიღო, რომ კითხვები არ დაუსვამს. სამაგიეროდ, მერის მრჩეველთა საბჭო, რომელიც ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისგანაა დაკომპლექტებული, ყოფილ მერს მოუწოდებს, განმარტოს, რა გახდა მისი წასვლის მიზეზი.

ჭიღვარიამდე ქუთაისში საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარიაც “დაიღალა”, თუმცა, როგორც ჩანს, ის შედარებით ნაკლებად, რადგან მხოლოდ თავმჯდომარეობაზე თქვა უარი და საკრებულოს რიგით წევრად დარჩა. რაღა თქმა უნდა, თავმჯდომარეობიდან წასვლის მიზეზი არც მას განუმარტავს. ლატარია “ოცნების” ოალიციაში შემავალი “კონსერვატიული პარტიის” პოლიტსაბჭოს წევრია. მისი გადადგომას წინ უსწრებდა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას, რის გამოც “კონსერვატორების” ლიდერებმა საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები დატოვეს. თუმცა, ლატარიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მისი გადაწყვეტილება ამ მოვლენებს არ უკავშირდებოდა, მაგრამ რას უკავშირდებოდა, არც ამაზე ისაუბრა.

ახლა ქუთაისის თვითმმართველობას მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლები მართავენ.

იძულებით წასულები

10 მერიდან მხოლოდ ერთი მერი აღმოჩნდა, რომელმაც გადადგომის დროს ღიად განაცხადა, რომ ის აიძულეს, გადამდგარიყო. ჭიათურის მერმა, პაატა ნადირაძემ თანამდებობა 2018 წლის 27 სექტემბერს დატოვა. მან თქვა, რომ საქართველოს პარლამენტში ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის, სულხან მახათაძისა და პოლიციის უფროსის ზეწოლის გამო გადადგა. გადადგომიდან რამდენიმე საათში ნადირაძემ facebook-ის პირად გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დაწერა, რომ მაჟორიტარ დეპუტატს, საკრებულოს გარკვეულ წევრებს, პოლიციის უფროსს და ძალოვანი უწყებების სხვა წარმომადგენლებს მისი საქმიანობის გაკონტროლება სურდათ და, რომ ვერ აღწევდნენ, პრობლემებს უქმნიდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის კიდევ ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც იძულებით გადააყენეს, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე იყო. ჩაჩანიძე საკრებულოში “პატრიოტთა ალიანსს” წარმოადგენდა. როგორც გახსოვთ, ის “ქართული ოცნების” მერ ლევან ლიპარტიას იმის გამო დაუპირისპირდა, რომ ამ უკანასკნელს მერიაში ხელფასების გაზრდა სურდა.

ბორჯომში პოლიტიკური კრიზისი რამდენიმე თვე ვერ განიმუხტა. ჩაჩანიძემ მერიას სარგოების შესახებ დოკუმენტი შენიშვნებით უკან შვიდჯერ დაუბრუნა, რის გამოც “ოცნებამ” მას იმპიჩმენტი მოუწყო. იმპიჩმენტის მოთხოვნით შეგროვებული 15 ხელმომწერიდან 13 “ქართული ოცნების” წარმომადგენელი იყო, 2 კი – ჩაჩანიძის თანაპარტიელი “პატრიოტთა ალიანსიდან”. საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან 2018 წლის მარტში გადააყენეს, ერთი წლის შემდეგ კი – 2019 წლის აპრილში მას საკრებულოს დეპუტატის მანდატიც კი ჩამოართვეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის კრიზისი პირველი იყო, რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ წარმოიშვა. ბედის ირონიით, დღეს ამ მუნიციპალიტეტს აღარც მერი ჰყავს და აღარც საკრებულოს თავმჯდომარე. როგორც უკვე გითხარით, ორივე მათგანი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ცოტა ხნის წინ დააკავეს. სხვათა შორის, დაკავებული საკრებულოს თავმჯდომარე გოგიჩაიშვილი ერთ-ერთია, ვინც თანაპარტიელისთვის იმპიჩმენტის მოწყობაში მონაწილეობა მიიღო, შემდეგ კი მისი ადგილიც დაიკავა.

სავარაუდოდ, რაც უფრო მოახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, მით მეტი გადამდგარი მერი გვეყოლება და ამას ვერც COVID-19-ის პანდემია შეაჩერებს.

ეს სტატია მხოლოდ ფაქტების ქრონოლოგიაა, რომლის გაანალიზებაც აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რომ 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დასკვნები გავაკეთოთ და არჩევანი გავიმარტივოთ.