“რეგიონში პროფესიონალი კადრები თანამდებობებს შეინარჩუნებენ“, – ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხულოს მერის გადადგომასთან დაკავშირებით გააკეთა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
თორნიკე რიჟვაძე ირწმუნება, რომ მელაძესთან დაპირისპირება არ ჰქონია და მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. რეგიონის პირველი პირი ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლად ვახტანგ ბერიძის დანიშვნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კადრი გუნდში კონსულტაციების შედეგად შეირჩა.
შეგახსენებთ, რომ ხულოს მერი გოჩა მელაძე თანამდებობიდან გადადგა. თანამდებობა დატოვა მისმა პირველმა მოადგილემ, ლაშა ბოლქვაძემაც, რომელსაც შემცვლელი გადადგომისთანავე მოუნახეს – ხულოს პოლიციის უფროსი ვახტანგ ბერიძე. სწორედ ბერიძე შეასრულებს მერის მოვალეობას მერის რიგგარეშე არჩევნებამდე, რომელიც, კანონმდებლობის თანახმად, სავარაუდოდ, მაისში გაიმართება.