ხულოს მერი – მესამე პირდაპირი წესით არჩეული მერი, რომელმაც თანამდებობა “საკუთარი ნებით” დატოვა

1346

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ხულოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

“7 ოქტომბერს, განცხადების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ. პირველ მოადგილედ ვახტანგ ბერიძე დაინიშნა. გუშინვე, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ ხულოს საკრებულოს განცხადებით მიმართა თანამდებობიდან წასვლის შესახებ. კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა. ხულოს მერს დღეს უფლებამოსილება შეუწყდა”, – განუცხადეს ხულოს მერიის პრესსამსახურში “ინტერპრესნიუსს”.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მელაძემ “ქართული ოცნებიდან” იყარა კენჭი და 59,58%-ით გაიმარჯვა.

რაც შეეხება მისი მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ბერიძეს, მერის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე, ის ხულოს პოლიციას ხელმძღვანელობდა.

მელაძე უკვე მესამე პირდაპირი წესით არჩეული მერია, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის ერთ-ერთი იყო, ვისი გადადგომის შესახებაც ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, მაშინ, როდესაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე თორნიკე რიჟვაძემ ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ გოჩა მელაძე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის უფროსიც იყო.

როგორც ცნობილია, ამ დრომდე თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე კიდევ ორმა მერმა დატოვა – 27 სექტემბერს ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ, მანამდე, 12 სექტემბერს კი ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ. მასთან ერთად პოსტიდან წავიდა გოგიას პირველი მოადგილეც. როგორც გაირკვა, ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. რაც შეეხება ჭიათურის მერს, მისი გადადგომა ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატ სულხან მახათაძესთან და პოლიციის უფროსთან კონფლიქტს უკავშირდება.

ხულოს მერის ვადამდელი არჩევნების თარიღს ცესკო დაადგენს, თუმცა, საარჩევნო კოდექსის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში. ამ ჩანაწერის შესაბამისად, ხულოში, ისევე, როგორც ზუგდიდსა და ჭიათურაში, მერის რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს.