ჭიათურის ყოფილი მერი: მაჟორიტარი დეპუტატი და პოლიციის უფროსი პროვოკაციებს მიწყობდნენ

1644

წინა სტატია

ჭიათურის უკვე ყოფილი მერი პაატა ნადირაძე facebook-ის პირად გვერდზე იმ მიზეზებს განმარტავს, რომლის გამოც მან თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ნადირაძე აცხადებს, რომ მას მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან პარლამენტში, სულხან მახათაძესთან, საკრებულოს გარკვეულ წევრებთან, პოლიციის უფროსთან და, როგორც თავად ამბობს, სხვადასხვა ძალისმიერ სტრუქტურებთან დაპირისპირება ჰქონდა. მისი თქმით, ამ ადამიანებს მისი საქმიანობის გაკონტროლება სურდათ და, რომ ვერ აღწევდნენ, პრობლემებს უქმნიდნენ.

როგორც წერილიდან ირკვევა, ნადირაძესთან ერთად, თანამდებობები მერიის სხვა თანამშრომლებმაც დატოვეს. droa.ge ჭიათურის ყოფილი მერის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო! მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს ჭიათურელ ამომრჩეველს გვერდით დგომისათვის, თანაგრძნობისათვის, ჩემს ყველა სოციალური ქსელის მეგობარს, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩემს პოლიტიკურ თუ ცხოვრებისეულ მეგობარს გულშემატკივრობისათვის. მინდა, ჩემი წინა წლების ისტორიიდან გაგახსენოთ: 2004 წელს, როდესაც ჩამოვედი ჭიათურაში და კენჭი ვიყარე საკრებულოს არჩევნებში, მაშინ ჭიათურელმა ამომრჩეველმა ყველაზე დიდი მხარდაჭერა გამომიხატა და დიდი უპირატესობით გავიმარჯვე. რაზეც დიდ მადლობას ვუხდი მაშინდელი და დღევანდელი მხარდაჭერისათვის. ისტორია მეორდება… ყველამ კარგად იცით, შარშან საკმაოდ მაღალი თანამდებობა დავტოვე, ვიყავი გუბერნატორის პირველი მოადგილე, გადავწყვიტე, ჩემს ქალაქს დავდგომოდი გვერდით და ჭიათურაში წამოვედი არჩევნებში მონაწილეობისათვის, სადაც, ასევე, ძალიან დიდი მხარდაჭერით, ქვეყნის მაშტაბით, სამეულში შევედი 65%-იანი გამარჯვებით, რაზეც ძალიან დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ. მე შევძელი, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, დამებრუნებინა ქალაქიდან წასული წარმატებული ახალგაზრდები, რომელთაც ჭიათურაზე გული შესტკივათ: აკაკი სამხარაძე, ნოდარ ჩაჩანიძე, მიშა ლეჟავა, ლიკა ფიფია, ადგილობრივები: გიკა მოდებაძე, დათო ბრეგვაძე, ზურაბ წიქარიშვილი. არაერთ წარმატებულ და განათლებულ ახალგაზრდას გაეკვალა გზა. კონკურსის წესით მოხვდნენ მერიაში სხვადასხვა პოზიციებზე რომლებიც წლობით უშედეგოდ, გულგატეხილნი ცდილობდნენ თავიანთი ნიჭის გამოვლენას .ამ ახალგაზრდებს ყველას მაღალანაზღაურებადი და წარმატებული სამსახურები ჰქონდათ დედაქალაქში. ჩვენ დავტოვეთ ეს პოზიციები და ქალაქის საკეთილდღეოდ ძალიან ბევრი კარგი ნაბიჯი გადავდგით, მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, გუნდი მუხლჩაუხრელად დღედაღამ ვემსახურეთ ქალაქს. გვქონდა წარმატებაც, წარუმატებლობაც, შეცდომებიც, ვაღიარებ, მაგრამ არც ერთ ჩვენგანს არ უღალატია ქალაქისათვის, ღირსებისათვის და სახელმწიფოებრივი აზროვნებისათვის. ღალატის, დაპირისპირებების ფონზე იმ ხალხთან, რომლებიც პირიქით, გვერდით უნდა დაგვდგომოდნენ, რათა ერთად გამოვჩენილიყავით საქმის კეთებაში, ხელის შეშლის და დაპირისპირების გარდა, არაფერი არ გაუკეთებიათ, ეს საზოგადოებამაც კარგად იცის. საკრებულოს (ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა), მაჟორიტარ დეპუტატს, რომელსაც ჭიათურის საკითხზე პარლამენტში ცეცხლი უნდა დაენთო, პოლიციის უფროსს და სხვადასხვა უწყებრივ სტრუქტურებს რომ პირიქით ემოქმედათ და დაპირისპირების მაგივრად, გვერდით დგომა გამოეხატათ ჩვენთვის და მარტო პროვოკაციების მოწყობით არ ყოფილიყვნენ დაკავებულნი, ბევრად მეტი წარმატება გვექნებოდა და ბევრად მეტი კეთილი საქმე გაკეთდებოდა ამ ქალაქში. ბევრად რეფორმატორული და ძლიერი ნაბიჯები გადაიდგმებოდა ქალაქში არსებული ეკოლოგიური კატასტროფის შესაჩერებლად, რაშიც ჩვენს გუნდს ცარიელი ხელებით ბრძოლა გვიხდებოდა. მიუხედავად ყოველდღიური წინააღმდეგობისა დასახელებული ადამიანებიდან, მიუხედავად იმისა, რომ მოსვლისას არცერთი პროექტი არ დაგვხვდა, ცარიელი, დავალიანებით სავსე ბიუჯეტი შეგვრჩა ხელთ, ჩვენ შევძელით, არაერთი პროექტი წამოგვეწყო, ნაწილს საფუძველი ჩაეყარა და წლის ბოლოსთვის ნახავთ შედეგებს, ვინც არ უნდა გააგრძელოს საქმიანობა ჩემს შემდეგ. მეც მინდოდა ერთ დღეში დამეწყო ყველა პროექტის განხორციელება, მაგრამ ამას ყველაფერს თავისი პროცედურები აქვს გასავლელი. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, წლის ბოლოს შედეგებით ნახავთ ჩვენს დაწყებულ საქმეებს დასრულებულს. ამ ყველაფერს, კიდეც რომ ვინმეს მოუნდეს ხელის შეშლა, ვეღარ შეუშლის. რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა, ბჭობა ჩვენს გუნდში თანამდებობებიდან წასვლაზე. გარე დაპირისპირებების გამო გუნდი ხვდებოდა, რომ ამ ფონზე საქმის კეთება გაგვიჭირდებოდა. ხან მე მაჩერებდნენ, ხან მე ვაჩერებდი მათ. ვცდილობდი, ვპირდებოდი რომ დალაგდებოდა ურთიერთობები, თუმცა, უშედეგოდ. დღითიდღე იძაბებოდა განწყობები ჩვენი გუნდის მიმართ, რასაც ბევრი ზემდგომი სტრუქტურებიც ხელს უწყობდნენ, მე არაერთხელ ვეცადე, დამერეგულირებინა საკრებულოს ბომონდთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, პოლიციის უფროსთან, სხვადასხვა ძალისმიერ სტრუქტურებთან ურთიერთობები, მაგრამ ამოდ. ეს არჩევნებიდანვე იგრძნობოდა მათგან, თითქოს ერთმანეთთან პირობა ჰქონდათ მიცემული, შეთქმულება იყო, თუ რა ხდებოდა, დღემდე ვერ ვხვდები ჩემს წინააღმდეგ (კიდევ ვიმეორებ, საკრებულოში ყველას არ ეხება ეს, იქ ბევრი ღირსეული ადამიანია). ამასთან დაკავშირებით მომავალში ვისაუბრებთ. ყოველივე ზემოაღნიშნული საქმის კეთებაში ხელს გვიშლიდა, გადავედით რა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაზე, დავიწყეთ ქალაქის კეთილდღეობაზე მეტი ზრუნვა, მით მეტ დაპირისპირებებში შევდიოდით. დღემდე ვერ ვხვდები და მიჭირს ანალიზი გავაკეთო: რა ხდებოდა , რა იყო ხიდების ჩატეხვის მიზეზი, ზემოთ დასახელებულ ადამიანებთან და სტრუქტურებთან, ალბათ, ჩვენი დამოუკიდებელი, მკვეთრი, გამოსაჩენი ნაბიჯები, ის, რომ ძილის და ჭამის დროს სტრუქტურებს არ ვუთანხმებდი, ალბათ, რაც ირგვლივ ხდება და ხდებოდა ჩემამდე, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ ამ გადასახედიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შევძელით. მე არასოდეს სკამის მაძიებელი, თანამდებობაზე გადარეული, კაბინეტზე და მანქანაზე შეყვარებული არ ვყოფილვარ, ჩვენისთანა ხალხი ქუჩაში არასოდეს არ რჩება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს, ჩემს გულშემატკივრებს, არ მინდა, ღალატში ჩამეთვალოს, გამგები გამიგებს, ამ ფონზე, ამ რეალობაში, მე მიზანშეუწონლად მიმაჩნია, დავრჩე თანამდებობაზე, რადგან ჩასაფრებების, ღალატის, პროვოკაციის არც გაძლება შემიძლია და არც გადატანა, არც ასეთ პირობებში არასოდეს მიმუშავია, რაც აქ ხდება. იქნებ ჩვენი წასვლის შემდეგ მაინც შეძლონ გაერთიანება, რათა არ დაზარალდეს არც ქალაქის და არც ხელისუფლების იმიჯი, არ მინდა, სხვების და მტრულად განწყობილი ადამიანებისა და პარტიების გასათელი გახდეს ჩემისთანა ხალხის ნაბრძოლები ამდენი წლების განმავლობაში. ვაზროვნებ და ვაანალიზებ ამ შემთხვევაში სახელმწიფოებრივად, სამშობლოს და ჭიათურის სიყვარულიდან გამომდინარე და ვუფრთხილდები იმ 2012 წლის თავისუფლების მონაპოვარს. ამიტომ მე მივდივარ თანამდებობიდან, მაგრამ გპირდებით ჭიათურლებს! არასოდეს გული არ გამიტყდება ამ ქალაქზე და, თუ სადმე შევძლებ ხვალ თუ ზეგ, სადაც და რა პოზიციაზე ვიქნები, ყოველთვის ჩემი მხარდაჭერა გექნებათ, რაშიც შემეძლება, გვერდით დაგიდგებით. ორჯერ მე ჭიათურლებმა მაღალი პროცენტით გამამარჯვებინეს, ეს არასოდეს დამავიწყდება. ბოდიშს გიხდით საზოგადოებას, პირველ რიგში და ყველა წყენას ვივიწყებ ყველასგან, არ მინდა, ჩემზეც ვინმე ნაწყენი დარჩეს, რაც იყო – იყო, ცხოვრება თითოეული ჩვენგანისთვის ისედაც ხანმოკლეა, დროებით! დრო ყველაფრის მკურნალია, დრო და საზოგადოება სცემს ყველას პასუხს, რაც მალე მოხდება. ბევრი აღმასვლა, დაღმასვლა, გაჭირვება, დალხინება მაქვს გადატანილი და ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა იმ ბიჭებს, რომლებიც თბილისიდან ჭიათურას დავუბრუნე, თუმცა, დღეს, მიუხედავად ჩემი თხოვნისა, რომ დარჩნენ თანამდებობებზე, ჩემსავით თბილისს უბრუნდებიან – კაკოს, ნოდარს, დავითს, მიშას, კახას, გვერდით დგომისათვის. მადლობა მათაც, ვინც რჩებით. წარმატებებს და წინსვლას გისურვებთ. ჩვენ არ დავმარცხებულვართ. შეხვედრამდე! გვიყვარართ!!!!!!”, – წერს პაატა ნადირაძე.

droa.ge ცდილობს, ნადირაძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატს, სულხან მახათაძეს დაუკავშირდეს, თუმცა, ის ამ დრომდე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.