ზრდასრულთა არაფორმალური განათლება, ანუ სწავლა კაცს სიბერემდე არ მოსჭარბდებაო

1520

ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი

წლების წინ მეგობარი მოვინახულე თურქეთში, იზმირის მხარეში, პატარა საკურორტო ქალაქში, ჩეშმეში ცხოვრობდა. ერთ-ერთ შენობასთან ჩავლისას მითხრა, ეს საგანმანათლებლო ცენტრია, შეგიძლია, მოკლე დროში სხვადასხვა ხელობას და ცოდნას დაეუფლო და შრომით ბაზარზე უფრო ადვილად იპოვო შენი ადგილი, უამრავი თურქი ახალგაზრდა სწავლობს აქ და ჩემნაირი ჩამოსულებისთვისაც ძალიან კარგი შესაძლებლობა არისო. თვითონ ამ ცენტრში თურქული და ინგლისური ენებისა და კერამიკის მოხატვის კურსები გაიარა. თურქეთში, თავის დროზე, თუ სწორად მახსოვს, გერმანული მოდელით შექმნილი, ასეთი არაერთი საგანმანათლებლო ცენტრი, ანუ სახალხო უნივერსიტეტი ყოფილა, სადაც ყველა ასაკის მსურველს უფასოდ შეუძლია ჩაწერა.

ამ საუბრისას გამახსენდა, რომ 2009 წელს მე თვითონ ვესტუმრე გერმანული ორგანიზაციის – “Dvv International” მიერ საქართველოში დაარსებულ პირველ ზრდასრულთა განათლების ცენტრებს ახალციხესა და ახალქალაქში. ამ ამბის მოყოლა ცოტა შორიდან უნდა დავიწყო.

სახალხო უნივერსიტეტები, ანუ ზრდასრულთა განათლების ცენტრები გერმანიაში უკვე ას წელზე მეტი ხანია არსებობს. მეოცე საუკუნის მიჯნაზე, საჯარო მოხსენებების ციკლებით დაწყებული ინიციატივა, დღეს მოქალაქეებს მოკლე და საშუალოვადიანი, სერტიფიცირებული კურსების ფართო არჩევანს სთავაზობს ადგილობრივი საჭიროებებიდან და შრომითი ბაზრის ცვალებადი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ცენტრებში კურსები მრავალფეროვანია და თანამედროვე ცხოვრების არერთ სფეროს მოიცავს: პოლიტიკა, საზოგადოება, ბუნება და გარემო, კულტურა და ხელოვნება, ჯანმრთელობა, პროფესიული განვითარება, კარიერის დაგეგმვა, ახალი ტექნოლოგიები და ენების შესწავლა – რა გინდა სულო და გულო, სახალხო უნივერსიტეტებმა რომ არ შემოგთავაზონ!

მთელს გერმანიაში 1000-მდე ზრდასრულთა არაფორმალური განათლების ცენტრი მოქმედებს. მაგალითად, ბერლინში ამ ცენტრებს (სახალხო უნივერსიტეტებს) ლამის ყველა უბანში შეხვდები, პატარა ქალაქებში კი თითო ცენტრი მაინც მუშაობს. მათ ნაწილს ადგილობრივი ხელისუფლებები აფინანსებენ, ნაწილი კი კერძოა. ეს საგანმანათლებლო ცენტრები ერთ ქოლგა ორგანიზაციაში ერთიანდებიან, რომელიც სახელმწიფო ორგანიზაციაა და გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაცია (DVV) ეწოდება. საქართველოში სახალხო უნივერსიტეტის ისტორიულ გამოცდილებაზე ახლა აქ არ შევჩერდები.

DVV International ჩვენს ქვეყანაში 2001 წლიდან მუშაობს ზრდასრულთა არაფორმალური განათლების პოლიტიკის, ხელმისაწვდომობის და საკითხის ზოგადი პოპულარიზაციის კუთხით და სწორედ მათი დაფუძნებულია დღეს საქართველოს რეგიონებში მოქმედი თოთხმეტი ზრდასრულთა თუ სათემო განათლების ცენტრი, რომელთა ეტაპობრივი გახსნაც 2006 წლიდან იღებს სათავეს. ეს ცენტრებია: ახალციხის და ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრები (2006); კოდის, შაუმიანის, სენაკისა და ჯვარის სათემო განათლების ცენტრები (2009), ლელიანის, ქედის, ჩოხატაურის, ამბროლაურის (2012-2016) ზრდასრულთა განათლების ცენტრები, ხარაგაულის (2019), ბოლნისის და კასპის ზრდასრულთა და ხონის სათემო განათლების ცენტრები (2021).

გერმანიაში მოქმედი სახალხო უნივერსიტეტებისა არ იყოს, საქართველოში მოქმედი ცენტრებიც სხვადასხვა, მოკლე და საშუალოვადიან საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობენ თემს და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ზოგადად ადგილობრივი, სათემო განვითარების კუთხით: ეს ცენტრები ქმნიან ხელმისაწვდომობას არაფრომალურ განათლებაზე; ისინი ეხმარებიან ინდივიდებს ახალი ცოდნის მიღებასა და ზოგადი კომპეტენციების გაუმჯობესებაში, ხელს უწყობენ სათემო მონაწილეობის, ჩართულობის კულტურის განვითარებას. საქართველოში, სათემო ორგანიზაციებთან მუშაობისას, არაერთხელ მომისმენია სათემო ლიდერებისგან, აი, ზრდასრულთა განათლების ცენტრში რაღაც კურსს ვესწრებოდი და მერე ვიფიქრე, რამე მსგავსი ჩემს თემში მეც გამეკეთებინაო!

მე თვითონ, პირველად, ამჟამად გერმანიის ერთ პატარა ქალაქში – გიორლიცში ცხოვრებისას მომეცა მსგავსი ცენტრის სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობა.

გიორლიცი ახალგაზრდებისაგან თითქმის დაცლილი ქალაქია. მართალია, აქაური უმაღლესი სასწავლებელი საერთაშორისო კავშირების აწყობას და სხვადასხვა ქვეყნიდან სტუდენტების მოზიდვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მაგრამ მაინც, ამ ისტორიულ და გამორჩეულად ლამაზ ქალაქს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის განადგურებას გადაურჩა, ძალიან ეტყობა „დაბერება“ და სიცარიელე.

პროფესორ ფოგტის ინიციატივით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო “ნეთვორქერია”, ვისაც კი ვიცნობ, მის დოქტორანტებს, ინტერკულტურული სემინარის ფარგლებში, რამდენიმე კვირის წინ ქალაქის მერთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა. შეხვედრა მერიის მე-16 საუკუნის დროინდელ სხდომათა დარბაზში გაიმართა.  მერი გვიყვებოდა ქალაქის თვითმმართველობის ისტორიაზე, მის პირველ მერზე,  „რომლის პორტრეტიც თავზე დამყურებს და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მაკისრებსო.“ გვიყვებოდა პრობლემებზე, გვიზიარებდა მათი გადაჭრის ხედვებს და სამომავლო გეგმებს, რომელთა შორის, მთელი გერმანიის მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო დაწესებულების/ფილიალების მშენებლობაც მოიაზარება, რამაც ეს ქალაქი უკეთესობისაკენ უნდა შეცვალოს. ეს ოფიციალური შეხვედრა დიდხანს დამრჩა ფიქრებში თავისი ღია და გულწრფელი ხასიათის გამო.

რამდენიმე დღის წინ კი, გიორლიცის სახალხო უნივერსიტეტში მივედი გერმანულის და ინგლისურის კურსების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ხელს 2023 წლის საგაზაფხულო პროგრამა წამოვაყოლე. 80-გვერდიანი ჟურნალის ყდას ქალაქის მერიის შენობა ამშვენებს, პირველ გვერდზე კი სახალხო უნივერსიტეტის დირექტორისა და ქალაქის მერის ფოტო და მცირე ინტერვიუა მოთავსებული:ვენ, როგორც სახალხო უნივერსიტეტთა დიდი ოჯახის გიორლიცელ წევრებს, ჩვენი ქალაქი გვიყვარს და თავს მის ნაწილად მოვიაზრებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სანდო საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოვადგენდეთ ქალაქისათვის“.

ქალაქის ამჟამინდელი მერი, ოქტავიან ურსუ, 2009-2019 წლებში სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრიც ყოფილა და ამ დაწესებულების მნიშვნელობა კარგად აქვს გააზრებული. ის ამბობს, რომ განათლებასა და კულტურაზე ხელმისაწვდომობა, გიორლიცს საცხოვრებლად მიმზიდველ ადგილად აქცევს და ამიტომაც მერიაში ბევრს მუშაობენ, რათა გიორლიცი კვლევის, მეცნიერების და ახალი ტექნოლოგიების ცენტრად იქცეს, აქ საგანმანათლებლო ინსტიტუტების ფილიალები გაიხსნას, რასაც თან საერთაშორისო თანამშრომლებიც ჩამოჰყვებიან. ქალაქის   მულტიკულტურული განვითარებისათვის კი, მერი გიორლიცის სახალხო უნივერსიტეტს, როგორც ენების შემსწავლელ ცენტრს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ის, რომ ქალაქისთვის სახალხო უნივერსიტეტი, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, მართლაც  მნიშვნელოვანია, იმითაც დასტურდება, რომ ახლა რამდენიმე მისამართზე გაფანტული დაწესებულებისთვის მერიამ ერთი შენობა შეიძინა, სადაც სამომავლოდ დაიდებს ბინას გიორლიცის სახალხო უნივერსიტეტი.

“ჩვენ, როგორც სახალხო უნივერსიტეტთა დიდი ოჯახის გიორლიცელ წევრებს, ჩვენი ქალაქი გვიყვარს და თავს მის ნაწილად მოვიაზრებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სანდო საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოვადგენდეთ ქალაქისათვის“

აქამდე იშვიათად მქონდა შესაძლებლობა, ჩემი ინტერესებისა და ჰობის შესაბამისი გადამზადებები ან ახალი, საორიენტაციო კურსები გამევლო. არადა, ამ ბოლო დროს ხშირად მიფიქრია, დამატებით რისი გაკეთება მინდა სამომავლოდ? ეგებ რამე ახალი სფეროები ან ხელობა მინდა აღმოვაჩინო, რასაც სიამოვნებით დავუთმობ თავისუფალ დროს? ან ეგებ სულაც სულ ახალ სფეროში შეიძლება მოვსინჯო თავი? სახალხო უნივერსიტეტი სწორედ ამ შესაძლებლობას მთავაზობს და მეც გადავწყვიტე, აქ ყოფნის თვეები მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოვიყენო სხვადასხვა კვალიფიკაციის ამაღლების, ანუ პიროვნული განვითარების კუთხით. ამ მხრივ გიორლიცის სახალხო უნივერსიტეტის პროგრამა ნამდვილი აღმოჩენაა. მომდევნო ექვსი თვისთვის დიდი მონდომებით შევარჩიე სხვადასხვა ხანგრძლივობისა და თემატიკის კურსი:

  1. მოსამზადებელი კურსი გერმანული ენის მაღალი დონის გამოცდისთვის;
  2. ინგლისურის კურსი;
  3. აკვარელით ხატვის ინტენსიური, 6-კვირიანი კურსი (მოკლე კურსი უკვე გავიარე და დიდი სიხარული მომანიჭა, რის შემდეგაც გრძელვადიან კურსზეც ჩავეწერე);
  4. შუშის მოზაიკის აწყობა;
  5. ბუნებრივი მასალით სახლის დეკორაციებზე მუშაობა;
  6. ბატიკის (ტექსტილზე ხატვა) ხელოვნება;
  7. ონლაინ ლექციები: დიგიტალიზაციის ეთიკური საკითხების, 21-ე საუკუნის მასობრივი მიგრაციების და რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შესახებ.

შემოთავაზებული კურსების ნაწილი სულ რამდენიმე საათი,  ზოგი კი რამდენიმე დღე ან თვე შეიძლება გაგრძელდეს. ფასები, ძირითადად, საკმაოდ ხელმისაწვდომია, თემატური ონლაინ-მოხსენებები კი – უფასო. ზრდასრულთა განათლების მთავარი  პრინციპიც ხომ ეს არის − სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე და ზრდასრულებისათვის არაფორმალური განათლების, ანუ, მოკლე და საშუალოვადიანი კურსების მეშვეობით, ახალი ჰორიზონტების გახსნა.

ახლა, როცა ამ სისტემის სიკეთე ჩემს თავზე გამოვცადე, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა გერმანულ ორგანიზაციას, DVV International-ს, იმ თოთხმეტი ცენტრისთვის, საქართველოში რომ გახსნა და იმ შრომისათვის, რაც ამ მიმართულებით გასწია წლების მანძილზე.

არაფორმალური განათლების მნიშვნელობა ხელისუფლებასაც უკეთ რომ ჰქონდეს გააზრებული, საქართველოს გაცილებით მეტ მოქალაქეს, განსაკუთრებით, სწორედ რეგიონებში, ექნებოდა წვდომა შესაბამისი ფორმატის საგანმანათლებლო და საინფორმაციო სერვისებზე, რაც საზოგადოებას გააძლიერებდა და ადგილებზე ცხოვრების დონის გაუმჯობესებასაც შეუწყობდა ხელს. იმედია, ეს დროც მოვა. მანამდე კი ჩვენს რეგიონებში მოქმედ ამ შესანიშნავ ცენტრებს სწორედ ევროპული ფონდები და თავად ევროკავშირი აფინანსებენ და ამით უამრავ ადამიანს დამატებითი ცოდნის მიღების შესაძლებლობა ეძლევა.

პ.ს.  ზემოთ ქალქის მერთან შეხვედრაზე ვწერდი. ის საინტერესო ამბებს გვიყვებოდა სასაზღვრო, მდინარით ორად გაყოფილი ქალაქის სპეციფიკის შესახებ. ქალაქი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაიყო. მდინარის ერთ მხარეს გერმანული გიორლიცია, მეორე მხარეს კი – პოლონური ზგოჟელეცი. ორივე ქალაქი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. შეიძლება გიორლიცში მუშაობდე და ზგოჟელეცში ქირაობდე ბინას და პირიქით. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ქალაქების მესვეურნი დიდ ყურადღებას ანიჭებენ საერთო პროექტებს – მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის. მაგალითად ერთიან საქალაქო-სატრანსპორტო გეგმას, საერთო ბილეთით და ა.შ. გიორლიცის სახალხო უნივერსიტეტშიც უამრავი პოლონელი გადის სხვადასხვა კურსს და აქაურ სკოლებშიც ძალიან ბევრი პოლონელი მოსწავლე დადის.

ვუსმენდი და ვფიქრობდი, ორი სხვაადასხვა ქვეყანა, სპეციფიური ისტორიული გამოცდილებით სწორედ აქ, ამ რეგიონში, რთული და განსხვავებული ბიუროკრატიით ერთობლივ, სასაზღვრო პროექტებზე და სერვისებზე მუშაობს და ჩვენთან ორ მეზობელ მუნიციპალიტეტს, ხარჯების განაწილების და ეფექტურობის მოტივებიდან გამომდინარეც ვერ მოუხერხებია (სხვადასხვა მიზეზის გამო) ინტერმუნიციპალური პროექტების განხორციელება მაგ. კულტურისა და არაფორმალური სერვისების მიწოდების, რაც ჩვენი სოფლების მაცხოვრებლებთა ცხოვრებას, ალბათ, საგრძნობლად გაამარტივებდა.