შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს – ცენტრალური? – შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!
Results
კომპეტენციის რუკას ზუსტად ადგენ და ძალიან კარგად არჩევ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ფუნქციებს. ეს ნიშნავს, რომ გაქვს პოტენციალი, იყო აქტიური მოქალაქე, რომელმაც იცის, კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ვის კარზე დააკაკუნოს. ახლა მთავარია, არ დაიზარო!
ქვიზი მომზადებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „საქართველოს მედია-კლუბი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.
ძირითად კომპეტენციებში მეტ-ნაკლებად ერკვევი – იცი, რომ ავტობანს მერი ვერ დააგებს, გარეგანათების ნათურას კი მინისტრი ვერ გამოცვლის, თუმცა, როცა მერი მთავრობისკენ გაიშვერს ხელს, უნდა იცოდე, შემთხვევით, ხომ არ გატყუებს? ამის ცოდნა დაგეხმარება, გახდე უფრო აქტიური და პრობლემებზე პასუხი მოსთხოვო მას, ვისაც მათი გადაჭრა კანონით ევალება!
ქვიზი მომზადებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „საქართველოს მედია-კლუბი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.
#1. სკოლისთვის ახალი შენობის აშენება გინდათ, ვინ წყვეტს?
სწორი პასუხი: განათლების სამინიტრო
დაიმახსოვრე: ჩვენს ქვეყანაში სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება დღემდე ცენტრალიზებულად იგეგმება და მუნიციპალიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მის ტერიტორიაზეა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობს. ამიტომაც, თუ რომელიმე სკოლის განახლება მართლაც გსურს, მოგიწევს, თბილისში განათლების სამინისტროს ესტუმრო.
#2. შენს ქუჩას ჯერ კიდევ რომელიმე ბოლშევიკის სახელი ჰქვია და მისი გადარქმევა გინდა - ვინ წყვეტს?
სწორი პასუხი: მუნიციპალიტეტის საკრებულო
დაიმახსოვრე: ქუჩის, სკვერის და სხვა მუნიციპალური ობიექტისთვის სახელის დარქმევა ან შეცვლა საკრებულოს პრეროგატივაა. ამიტომაც, თუ მართლაც შემორჩა შენს დასახლებაში რომელიმე ქუჩას ისეთი სახელი, რომელიც კანონმდებლობითაც კი აკრძალულია, არ დაიზარო და დაუყოვნებლივ მიმართე საკრებულოს.
#3. მერმა გადაწყვიტა, შენს მუნიციპალიტეტში არსებული საავადმყოფოს გაფართოება, აქვს ამის უფლება?
სწორი პასუხი: არა, ვინაიდან ეს ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა
დაიმახსოვრე: მუნიციპალიტეტებში ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები, უმეტესად, ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება, ამიტომაც, მასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, საავადმყოფოს მშენებლობა, გაფართოება, მთავარი ექიმისა თუ პედიატრის დანიშვნაც კი, ამ უწყებაში წყდება. მერს არ აქვს უფლება, დამოუკიდებლად რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს.
#4. შენი საუბნო ბიბლიოთეკა ინგრევა - ვის უნდა მიმართო?
სწორი პასუხი: ადგილობრივ თვითმმართველობას
დაიმახსოვრე: ბიბლიოთეკები მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, ამიტომაც მისი რეაბილიტაცია სწორედ მერიის ვალდებულებაა. თუ მართლაც დგას შენთან ამგვარი პრობლემა, მოითხოვე, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში მისი რეაბილიტაციისთვის თანხები გამოყონ.
#5. შენს უბანში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძველისძველი შენობა იქ მცხოვრებლებს საფრთხეს გიქმნით. ვის უნდა მოსთხოვოთ მისი დემონტაჟი?
სწორი პასუხი: ეკონომიკის სამინისტროს
დაიმახსოვრე: თუ შენობა, არა მუნიციპალურ, არამედ სახელმწიფო საკუთრებაშია, მასზე პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტროა და მუნიციპალიტეტი ვერაფერს იზამს. უფრო მეტიც – მუნიციპალიტეტმა, საფრთხის გათვალისწინებით, მისი დემონტაჟი თუ განახორციელა, აუდიტის სამსახური დარღვევად ჩაუთვლის და მას აუცილებლად დააჯარიმებენ. ბევრი ასეთი შენობა გახსენდება, ხომ? იმიტომ, რომ ამ დრომდე ქვეყანამ ქონებრივი დეცენტრალიზაცია არ მოახდინა და ძველი, საბჭოთა დაწესებულებების ნახევრად დანგრეული შენობები ისევ სახელმწიფო საკუთრებაშია. ეკონომიკის სამინისტრო მათ ვერ უვლის, მუნიციპალიტეტს – უფლება არ აქვს, ხალხი კი ზარალდება.
#6. შენი შვილის საბავშვო ბაღში წიგნებისა და სათამაშოების დეფიციტია. ვის უნდა მიმართოთ დახმარებისთვის მშობლებმა?
სწორი პასუხი: მუნიციპალიტეტის მერიას
დაიმახსოვრე: საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურაზე, უსაფრთხოებასა და სამეურნეო საკითხებზე ზრუნვა ადგილობრივი თვითმმართველობის პირდაპირი პასუხისმგებლობაა. განათლების სამინისტრო მხოლოდ სკოლებზეა პასუხისმგებელი. ამიტომაც, თუ მართლაც გაწუხებს ასეთი პრობლემა, აუცილებლად მიმართე მერიას.
#7. მდინარეზე ხრეშის მოსაპოვებლად ნებართვა გჭირდება - ვის უნდა მიმართო?
სწორი პასუხი: გარემოს დაცვის სამინისტროს
დაიმახსოვრე: საქართველოში არაერთ მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ ხრეშის კარიერის გახსნა მერის საქმეა, მაგრამ, რეალურად, ნებართვები გარემოს დაცვის სამინისტროში გაიცემა. იმის გამო, რომ დღემდე ყველაფერს ცენტრში წყვეტენ, ადგილობრივი თვითმმართველობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არც კი მონაწილეობს.
#8. ქალაქის ცენტრალური ბაზრიდან ნაგავი არ გააქვთ - ვისი პასუხისმგებლობაა?
სწორი პასუხი: მუნიციპალიტეტის მერიის
დაიმახსოვრე: დასუფთავება და ნარჩენების მართვა ადგილობრივი საჯარო სერვისებია და მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაა, თუნდაც ეს სერვისი რომელიმე კერძო კომპანიისთვის ჰქონდეს მიბარებული. ამიტომაც, თუ ანტისანიტარიის პრობლემა გაწუხებს, მერიას რეაგირება თამამად მოსთხოვე!
#9. სამეზობლო მომიჯნავე მუნიციპალური ნაკვეთისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვთ - ვის შეუძლია გადაწყვეტილების მიღება?
სწორი პასუხი: მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დაიმახსოვრე: შესაძლოა, წინადადება მერმა მოამზადოს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს.
#10. შენი მუნიციპალიტეტის გენგეგმის შემუშავება გადაწყდა. ვინ უნდა შეარჩიოს კომპანია, ვინც მას შეიმუშავებს?
სწორი პასუხი: ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისმა სსიპ-მა
დაიმახსოვრე: მართალია, გენგეგმის დამტკიცება, ფორმალურად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებაა, მაგრამ აქამდე მისასვლელად ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ის – „სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს“ გარეშე ვერ მიხვალთ. სწორედ ეს უწყება არჩევს კომპანიებს, ვინც გენგეგმები უნდა შეიმუშავოს. ახლა გიკვირს, უმეტესად რატომ არ ვარგა ეს დოკუმენტები და რატომ არ არის მოქალაქეთა ინტერესები გათვალისწინებული? – ცენტრი წყვეტს, მუნიციპალიტეტი ხელს უწევს.