ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო გიორგი ჭიღვარიას განმარტების გაკეთებისაკენ მოუწოდებს

1333

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მერის პოსტიდან გიორგი ჭიღვარიას გადადგომის ფაქტს ეხმიანება. საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელიც ონლაინკონსულტაციის შედეგად მიიღო. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მერის მაღალი მოტივაცია აქტიურად გაეგრძელებინა მუშაობა 2020 წელში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებზე, არ ქმნიდა ეჭვს, რომ ის “საკუთარი” გადაწყვეტილებით გეგმავდა დაკავებული თანამდებობის დატოვებას.

საბჭო დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე საჭიროდ მიიჩნევს მერის მხრიდან როგორც გადადგომის მიზეზის განმარტებას, ასევე შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენას.

“გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქის მერი მუნიციპალიტეტის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირია, რომელსაც, პირდაპირი წესით არჩევის გამო, ქალაქის მოსახლეობისგან მაღალი ლეგიტიმაცია აქვს მინიჭებული ქალაქ ქუთაისის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები მოვუწოდებთ:

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გააკეთოს მკაფიო განცხადება და მოახდინოს ქუთაისის მოსახლეობის ინფორმირება გადადგომის მიზეზებთან და პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით;

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შენგელიას მოიწვიოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ჭიღვარია 10 აპრილს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაგეგმილ რიგარეშე სხდომაზე რიგარეშე ანგარიშის წარსადგენად.

აგრეთვე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები მივიჩნევთ, რომ დღეს არსებულ ვითარებაში, როდესაც ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია ამავე დროს არის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელიც მისი მოულოდნელი გადადგომა ამძიმებს ქალაქის წინაშე არსებულ საორგანიზაციო და ლოგისტიკურ მდგომარეობას, რაც ამ ვითარებაში სწრაფ მართველობით გადაწყვეტილებებს მოითხოვს;  სასურველი იყო ქალაქ ქუთაისის მერს ასეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას (განსაკუთრებით მოცემულ ვითარებაში) ემსჯელა საბჭოსთან”, -ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა 8 აპრილს დატოვა, სადაც არაფერი იყო ნათქვამი გადადგომის მიზეზებზე. დღეს, 10 აპრილს საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, რომელიც მერის გადადგომას ოფიციალურად გააფორმებს.