ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი
მე და ჩემს მეგობრებს ძალიან გვიყვარს ქალაქგარეთ სპონტანური გასვლები. უცებ შევთანხმდებით წინა დღეებში და ვისაც სცალია, გავდივართ ხოლმე ერთი დღით. მიზანი ხან კონკრეტული გვაქვს, ხანაც – შედარებით აბსტრაქტული. ადრე ასეთ გასვლებს უფრო ზაფხულისკენ ვგეგმავდით, ამ პანდემიისგან და ერთგვარი „შინაპატიმრობისგან“ გაბეზრებულებმა კი, საერთოდ დავივიწყეთ ამინდი და იანვარი-მარტის პერიოდში, რამდენიმე საინტერესო გასეირნება მოვიწყვეთ შიდა ქართლში.
ჯერ იყო და ქარელის მუნიციპალიტეტში ყინწვისი, სამწევრისის დედათა მონასტერი, სამწევრისის წმ. გიორგის ტაძარი, იქვე, სასაფლაოზე მდებარე ციციშვილ-ფანასკერტელების საძვალე და წრომი დავათვალიერეთ.
გორაკზე გაშენებულ ციხე-გალავანს, სადაც სამწევრისის დედათა მონასტერია განთავსებული, რამდენიმე წელია, ვუყურებ ტრასიდან, დასავლეთიდან თბილისისკენ მომავალი და აქამდე ნამყოფი არ ვიყავი. მართალია, ცივი დღე იყო, ჟინჟლავდა, მაგრამ მთელი ამ ადგილების დიდებულებას უამინდობამ ვერაფერი დააკლო. სამწევრისიდან ვრცელი, მდოგვისფერი სივრცე იშლება და ამ სივრცეში მტკვარი მოიკლაკნება – ეს გაშლილი სივრცე საოცარი სანახავია. წრომმა კი, სადაც ასევე არ ვიყავი აქამდე ნამყოფი, საერთოდ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ერთი მხრივ, თავისი სიდიადით, თან რაღაცნაირი სისადავით და რაც მთავარია, მასშტაბით – სამწევრისის მხრიდან სოფელში შესულს უცებ რომ გეგებება.
მეორე გასვლა თებერვალში, უკვე კასპის მუნიციპალიტეტში გვქონდა. ამჯერად ჩვენი მიზანი ახალქალაქში, კერძოდ, გარიყულაში, ყარამან ქუთათელაძის გამოფენის და იქვე რამდენიმე ადგილის მონახულება იყო. ასეც მოვიქეცით და დავათვალიერეთ ფავნისი (გარშემო ძველი სასაფლაოთი), ერთაწმინდა – კოხტა ეზოთი, სადაც, ასევე, მნიშვნელოვანი სასაფლაოა; ავედით სოფელ ცხავერში, რომელსაც ძალიან დატყობია 90-იანი წლებიდან მოყოლებული უკუღმართი პროცესები და ჩამონგრეულმა თუ გამოკეტილმა ქვის სახლებმა დიდი სევდა მოგვგვარა. ადგილობრივ ქალებს გამოველაპარაკეთ და სულ რამდენიმე ოჯახი ვართ დარჩენილი, თუმცა, ამ ბოლო დროს მოიბრუნა ხალხმა გული და ზაფხულობით მაინც უფრო და უფრო მეტი დამსვენებელი ამოდისო. ამოდისო – იმიტომ, რომ სოფელი მაღლაა, ზღვის დონიდან 1240 მეტრზე და ზემოდან გადმოჰყურებს ახალქალაქსაც, ახალციხესაც, ერთაწმინდასაც, ნოსტესაც და მთლიანად ამ იდუმალად თვალუწვდენელ ქართლის მინდვრებს. აქეთ თუ მოხვდით, იცოდეთ, ცხავერიდან გადმოხედვა ერთ რამედა ღირს.
უკანა გზაზე ახალციხის ძველ სასაფლაოზე ავედით, რომელიც სოფლის შესასვლელში, ერთ პატარა გორაკზე, ძველი ციხის გალავანშია მოქვეული და ძალიან მისტიურ ადგილს წარმოადგენს. გზიდან მხოლოდ ეს გალავანი და მისი კოშკები მოსჩანს. პირველად, რამდენიმე წლის წინ, სწორედ ამ ნაგებობამ მიიპყრო ჩვენი ყურადღება და გადავუხვიეთ. მორღვეულ გალავანში შესულებს კი საოცარი სანახაობა დაგვხვდა: გალავანს შიგნით მოქცეული მინდორი, მე-19 საუკუნის ბოლოსა და 20-ე საუკუნის დასაწყისის საფლავის ქვებითაა მოფენილი. მას მერე თუ გავიგე, გარიყულასკენ ვინმე მიდისო, ვურჩევ ხოლმე, ეს უცანური და საინტერესო ადგილი ნახოს. თან ვფიქრობ, როგორია, ადამიანს საფალაოზე გასეირნება ურჩიო? მაგრამ აქ, ამ ძველ ქვებზე, ძალიან საინტერესო ან ზოგი სრულიად გულისმომკვლელი ეპიტაფიაა შემორჩენილი. დადიხარ და ათვალიერებ ამ „არაჩვეულებრივ გამოფენას“, გაღმა კი ფავნისი მოჩანს და საღამოს განათება მთელ ამ ველ-მინდორს კიდევ უფრო მომნუსხველსა ხდის.
მესამე გასვლა წინარეხში გვქონდა. დიდი ხანია, ამ სოფელში მინდა მოხვედრა. ინტერესი 1923 წლის ერთმა გერმანულმა წყარომ გამიჩინა, რომელსაც დიდი ხანია, ვიკვლევ; წყაროში სოფელი ნახსენებია საინტერესო საერო არქიტექტურის კუთხით. ძველი სახლების აღმოჩენა და თვალიერება კი ჩემი ბოლო წლების ჰობია და ამიტომაც აქ მოხვედრა განსაკუთრებით მინდოდა.
წინარეხი ქვით ნაშენი სოფელია. იქ ჩასულს უცებ ისეთი განცდა გამიჩნდა, თითქოს შუასაუკუნეებში მოვხვდი. ვიწრო, ცალმხრივი, წრიული მოძრაობით მთელ სოფელს უცებ შემოუვლი. თვალშისაცემია გამოკეტილი სახლების სიმრავლე. ზოგიერთ, უკვე ნახევრად ჩამოქცეული სახლის ნაშთებზე, ძველი თაღები და ბუხრები მოსჩანს. ერთ-ერთ ასეთ გამოკეტილ, თითქოს ცარიელ სახლში შევიჭყიტეთ ნებართვის გარეშე (ბოდიშს ვუხდი სახლის მეპატრონეს, მაგრამ კარი ღია იყო და ცდუნებას ვერ გავუძელი, ახლოს მივსულიყავი ხის ლამაზი აივნის სანახავად) და მსგავსი, მაღალჭერიანი, მიწისპირა თახჩებით დამშვენებული სარდაფ-მარანი იშვიათად მინახავს. ალბათ, უმრავლესობას ასეთი აქვს, – ვფიქრობდი ჩემთვის და იმედია, ჯერ კიდევ შემონახული.
წინარეხში მარჯანიძეების სახლი-დარბაზია, რომელიც სოფლის ძველ უბანში, ღვთისმშობლის ეკლესიის მახლობლად მდებრაობს; ეს „ნაშთი ძველი დიდებისა“ რამდენადაც საინტერესო და მშვენიერი, იმდენად გულსაკლავი სანახავია თავისი ჩამონგრეული სახურავით, საიდანაც წვიმა ჩადის და უფრო და უფრო აზიანებს ამ არქიტექტურულ ძეგლს. კარიც ჩამოვარდნილა და საქონელი შედის ადვილად. სოფლეში გვეუბნებიან, მგონი, მუნიციპალიტეტს ეკუთვნისო, თავს ვერ დავდებ, თუმცა, ვფიქრობ, სულერთია, ვის ეკუთვნის. ვისიც არ უნდა იყოს, ამ ჩამონგრეულ ჭერზე ან კარზე დროებით რამის მიფარება ნუთუ ასე ძნელია? ნეტა, სულ არ ჩამოინგრეოდეს 18-19 საუკუნის საერო არქიტექტურის ეს მშვენიერი ნიმუში?! პატარა, კოხტა სოფლის მუზეუმიც კი განთავსდებოდა ამ მცირე, მაგრამ უნიკალურ დარბაზულ სივრცეში. სოფელს კი მოსაყოლი და საჩვენებელი, დარწმუნებული ვარ, ბევრი აქვს.
სოფლის გარშემო არსებულ სხვა, უმნიშვნელოვანეს ძეგლებზე აქ არ შევჩერდები, წინარეხის დათვალიერების მსურველები ადვილად იპოვიან დამატებით ინფორმაციას ინტერნეტში, თუმცა, არ შემიძლია, არ ვახსენო სოფლის შესასვლელშივე, ხელმარცხნივ, პატარა და გაშლილ გორაკზე მდებარე ძველი სასაფლაო, რომელიც ლამის პირველია, რასაც სოფელში შესული ხედავ. თავის დროზე ვერტიკალურად მდგარი ქვასვეტები ახლა წაქცეულია. ბევრი ჟამთასვლისგან ისე დაზიანებულა, აღარც წარწერა იკითხება, არც რაიმე ორნამენტი მოჩანს და თითქოს ფორმაც კი დაუკარგავსო. შედარებით ახალი აქ მხოლოდ რამდენიმე საფლავია, ამიტომ მთელი ეს გორაკი უაღრესად შთამბეჭდავი და არქაული იერ-სახისაა. რამდენიმე ქვაზე ჯერ კიდევ არის შემორჩენილი გუთნისდედის გამოსახულება.
მახსენდება ქალბატონი ეთერ თათარაიძისა და ბატონი ამირან არაბულის მიერ წლების წინ გამოცემული არაჩვეულებრივი წიგნი “შენდობით მომიხსენიეთ”, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ძველი სასაფლაოები, საფლავის ქვების ორნამენტები, ბარელიეფები და წარწერებია თავმოყრილი და ნაკვლევი. ამ წიგნმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და თითქოს დამატებითი ინტერესი და ხედვა გამიხსნა. სწორედ მისი გაცნობის შემდეგ ძველი სასაფლაოების, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, მიმართ გაცილებით ყურადღებიანი გავხდი. თუ სადმე ვარ უცხო ქალაქში ან სოფელში, სულ ვცდილობ, საფუძვლიანად თუ არა, თვალი მაინც შევავლო ხოლმე მათ.
არ ვიცი, რატომ და როგორ წაიქცა ამდენი ქვასვეტი, თუმცა, რამდენიმე ჯერ კიდევ ვერტიკალურად დგას. მათი შემხვედვარე სულ ადვილი წარმოსადგენია, რამდენად მისტიური სანახაობა იქნებოდა თავის დროზე ეს სტელების ფერდი.
კასპის მინიცპალიტეტში ნანახი ამ და ზემოთ ხსნებულ სხვა სასაფლაოებზე ფიქრისას, მახსენდებოდა, როგორ ვიდექი, ასობით სხვა დამთვალიერებლის მსგავსად, გრძელ და დამღლელ რიგში პრაღაში, ებრაელების ძველ სასაფლაოზე შესასვლელად, რომელსაც დიდი რუდუნებით უვლის ქალაქიც და კერძო ინიციატივებიც. აქ კი, მარტო კასპის მუნიცპალიტეტში, სულ სამი გასეირნების დროს ვნახე სამი ძალიან ლამაზი, იდუმალი, ტრადიციული და ეთნოგრაფიულად უდაოდ საინტერესო სასაფლაო და პირველად დავფიქრდი იმაზე, რომ ამ მემკვიდრეობას თვალსა და ხელს შუა ვკარგავთ. მიწას ჩააქვს ხშირად ხელოვნების ნიმუშისდარი ქვები, რაც, ვფიქრობ, ასე მარტივად არ უნდა გვეთმობოდეს.
ზემოთ ხსნებულ ახალციხის სასაფლაოს ბევრი არაფერი სჭირდება: საკმარისი იქნებოდა მისი დაცვა საქონლისგან, მისასვლელი გზის მარტივი მოწესრიგება და საინფორმაციო დაფების განთავსება. რაც შეეხება წინარეხისას, აქაც სულ ერთი „შესევით“ მგონია შესაძლებელი წაქცეული ქვების წამოყენება და გამაგრება, რის მერეც სოფლის ეს ძველი, მე-19-მე-20 საუკუნის დასაწყისის ქვის მონუმენტების მინდორი იმდენად საინტერესო სანახავი შეიძლება გახდეს, რომ მხოლოდ მის სანახავად ჩამოვიდნენ დამთვალიერებლები ამ ისედაც გასაოცარი და კულტურის რესუსრებით მდიდარ სოფელში.
სულ ვფიქრობ, რა სამწუხაროა, რომ არ არსებობს სპეციალური, ისტორიული სოფლების შენარჩუნება-განვითარებაზე მიმართული პროგრამები; პროგრამები, რომლებიც, ერთი მხრივ, ამ არქიტექტურული მემკვიდრეობის გადარჩენას, კონსერვაციას, რესტავრაციას გაითვალისიწინებდა და მეორე მხრივ, აქ მცხოვრებლებს დაუჭერდა მხარს როგორც სოციალური პრობლემების მოგვარებაში და მაგალითად, მიკრომეწარმეობის განვითარებაში, ისე ინფორმაციის მიწოდებასა და საჭირო ცოდნით აღჭურვაში.
ასევე, წაიკითხეთ: სოფელ-სოფელ: ქისტაურში
რა საოცრად საინტერესო და ლამაზი ყოფილა კასპის მუნიციპალიტეტი, მე კი, ჩემდა სამწუხაროდ, აქამდე არ ვიცნობდი. მდგოვისფერი სივრცეები და გორაკები, ქართლის მინდვრები, ბორცვებზე საყდრები, ძველი სასაფალოები, მდინარეები, ჭალები, ალვის ხეები – ეს ყველაფერი გაცილებით მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის, ვიდრე ამის ახსნა და გადმოცემა შემიძლია. წინარეხი კი ევროპულ, შუასაუკუნეების ქვის სოფლებსა და პატარა ქალაქებს მაგონებს. ოღონდ იქ ასეთი ისტორიული დასახლებები დიდი სიყვარულითა და რუდუნებით არის მოვლილი და მოწიკიკებული და მათ სანახავად შორიდან ჩადიან. ჩვენ კი ჯერ მგონი სათანადოდ ვერ ვაფასებთ ჩვენს სიმდიდრეს.
პ.ს. ეს ბლოგი მარტის ბოლოს უკვე დაწერილი მქონდა, როცა კიდევ ერთხელ გავისეირნეთ კასპის მუნიციპალტეტში. ამჯერად ქვემო ჭალას, სამთავისსა და ლამისყანას ვესტუმრეთ. მაშ შემდეგ უფრო გამიმძაფრდა ფიქრები კასპის მუნიციპალიტეტის უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობის (მათ შორის, სახლების, მარნებისა და ა.შ.), მისი აღწერის, სოფლის ისტორიის შემსწავლელი მოხალისეობრივი გაერთიანებების, ისტორიული სოფლების განვითარების სპეციალური პროგრამებისა და ძველი სასაფლაოების გადარჩენის აუცილებლობის შესახებ. ამ მიმართულებით მალე რამეს თუ არ ვიღონებთ, ხვალ, შეიძლება, გვიანი იყოს.
პ.პ.ს. “ქართლი მაინც ქართლია…” – ვახუშტი კოტეტიშვილის ეს შესანიშნავი ლექსი იმდენჯერ გავიხსენეთ ბოლო თვეებში, რომ გადავწყვიტეთ, ლექსში დასახელებული ადგილები აუცილებლად მოვინახულოთ და შიდა ქართლი ჩვენთვის ახლიდან აღმოვაჩინოთ.