ინიციატივა ცვლილებისათვის – სათემო და სამოქალაქო თვითორგანიზების მაგალითები თანამედროვე საქართველოში

1697

„კაცი თუ გონიერია, სოფელი ღონიერია“
ქართული ხალხური ანდაზა

სიღარიბე, უმუშევრობა, მოშლილი და დაძველებული სასოფლო ინფრასტრუქტურა, ხევების, მდინარეების დაბინძურება და თვითნებური ნაგავსაყრელები, დაბალი გარემოსდაცვითი ცნობიერება, სამეურნეო უნარების სიმწირე, საჯარო, თავშეყრის სივრცეების არარსებობა, მოძველებული ბიბლიოთეკა და ამორტიზებული კლუბის შენობა, არაფორმალური განათლებისა და კულტურის სერვისების არქონა – ეს მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემებისა, რომელთაც საქართველოს სოფლებში მოუყრიათ თავი და რომელთა შესახებაც ხშირად (გვ)წერენ ადგილობრივი საზოგადოებრივი, სათემო ჯგუფები თუ ინიციატორები. ისინი, ვინც საკუთარი თემის სასიკეთოდ მოქმედებენ და ადგილზე იბრძვიან არსებული პრობლემების გადასაჭრელად, არ ელოდებიან ადგილობრივ ხელისუფლებას, რომლის უშუალო კომპეტენციაშიც შედის ამ პრობლემათა დიდი ნაწილის მოგვარება. გასაკეთებელი მართლაც ძალიან ბევრია, ადამიანური, ფინანსური თუ დარგობრივ-პროფესიონალური რესურსი კი – ცოტა. ცოტაა საქართველოში მოქმედი სათემო ინიციატივაც და, ამ მხრივ, იმ სოფლებს, სადაც ესა თუ ის ჯგუფი ან პიროვნება იწყებს საკუთარი დროის და ძალისხმევის გაცემას და თემის სასიკეთოდ მოქმედებას – ნამდვილად გაუმართლათ.

2019-2020 წლებში, სათემო განვითარების ცენტრის და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული სათემო ჯგუფების აღწერის მიხედვით, საქართველოში, სოფლებისა და მცირე დასახლებების დონეზე
მოქმედი, 120-მდე სათემო ორგანიზაცია (რეგისტრირებული და არარეგისტრირებული) მოინიშნა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სოფლების რაოდენობა ამჟამად დაახლოებით 3600 ერთეულს შეადგენს, სათემო ორგანიზაციებისა და სოფლების რაოდენობრივი შეფარდება ქვეყანაში არსებულ დაბალ სათემო ჩართულობაზე მიუთითებს, რასაც უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

მიზეზთა შორის აღსანიშნავია მოსახლეობის ერთგვარი უნდობლობა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ და დისტანცირება მიმდინარე განვითარების თუ საზოგადოებრივი პროცესებისგან. ნდობის მშენებლობას და მოქალაქეების ჩართულობის წახალისებას, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, წლების განმავლობაში, არც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უწყობდნენ ხელს; როგორც წესი, ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხს, ფორმალურად, ხანდახან უგულისყუროდაც კი ეკიდებოდნენ, რაც კიდევ უფრო მეტად რიყავდა პროცესებიდან ადგილობრივ მოსახლეობას. „ჩვენ ვინ გვეკითხება“, „მაინც ყველაფერი წინასწარ აქვთ გადაწყვეტილი“, „აბა, ჩემს გამოსვლას რა აზრი აქვს, მაინც ვერაფერს შევცვლი“, „არც კი გამიგია, კრება რომ ტარდებოდა“, „შეკითხვა რომ დავსვა, ოპოზიციონერი ხარო, მეტყვიან“ და ა.შ. ამ პასუხებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოისმენთ. საკუთარი, როგორც მოქალაქის, როლის და მნიშვნელობის აღქმის შეუძლებლობის გამო, სოფლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, ხშირად უარს ამბობს ჩართულობის თუნდაც ფორმალურ ფორმატებში მონაწილეობაზე, სადაც ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრაზე უნდა იმსჯელონ და რამაც სამომავლოდ მონაწილეობის კულტურის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.

მოქალაქეთა ასეთი გულგატეხილი თუ გულგრილი დამოკიდებულება ადგილობრივი პროცესების მიმართ, მათი პასიურობა და თვითორგანიზებასთან დაკავშირებული სირთულეები იქცა ბიძგად “სათემო განვითარების ცენტრისთვის”, შეესწავლა საქართველოში თემის განვითარების, თვითორგანიზების ისტორიული მაგალითები და ეს მაგალითები ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გაეხადა.

კვლევით-საგანმანათლებლო პროექტს, “ინიციატივა ცვლილებისათვის”, სათემო განვითარების ცენტრი (CDC), სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, 2015 წლიდან ახორციელებს. თვითორგანიზების და სამოქალაქო ჩართულობის ისტორიული კვლევის შედეგად შედგენილი პირველი ორი წიგნი (2016-2017) – „ინიციატივა ცვლილებისათვის. თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე“, სათემო თვითორგანიზების და ადგილობრივი განვითარების პროცესებში კერძო ინიციატორების, სათემო ლიდერების როლის შესახებ არსებულ ოცამდე ისტორიულ მაგალითს აერთიანებს. მესამე წიგნი – “ინიციატივა ცვლილებისათვის. სათემო და სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითები საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე”, რომელმაც დღის სინათლე 2021 წელს იხილა, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ვიდრე 1921 წლამდე, საქართველოში საზოგადოების სხვადასხვა
ჯგუფის მიერ ურთიერთდახმარებისა და ქველმოქმედების მაგალითებზე მოგვითხრობს. აქ თავმოყრილია ამბები იმისა, თუ როგორ ახერხებდნენ განსხვავებული შეხედულებების და ფინანსური შესაძლებლობების მქონე ადამიანები ან საზოგადოებრივი ჯგუფები საერთო მიზნისათვის შეკავშირებას, თვითმოქმედებას და პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო თანხების შეგროვებას და კრიზისის დროს პასუხისმგებლობის გადანაწილებას.

ასევე წაიკითხეთ: ინიციატივა ცვლილებებისათვის – თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საბჭოთა ოკუპაციამდე – წიგნი I

ისტორიული კვლევების და შესაბამისი საგანმანათლებლო წიგნების გამოცემის პარალელურად, სათემო განვითარების ცენტრი, მეგობარ ორგანიზაციებთან ერთად, წლებია, მუშაობს სათემო თვითორგანიზების თანამედროვე მაგალითების შესწავლასა და ანალიზზე. ორგანიზაცია უშუალოდ მუშაობდა სხვადასხვა სოფელში ადგილობრივი თემის მობილიზებისა და განვითარების საკითხებზე. CDC ასევე მონაწილეობდა სათემო განვითარების შესახებ მიმდინარე იმ დისკუსიებსა
და განხილვებში, რაც, ძირითადად, 2010 წლიდან დაიწყო, ამ საკითხებზე ეროვნულ დონეზე მომუშავე რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის მონდომებით; ამ პროცესის შედეგად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა (არაფორმალური კავშირი “სათემო განვითარების კოალიცია”), 2012 წელს გამოსცა დამხმარე სახელმძღვანელო “თემთან მუშაობა და თემის განვითარება”. თანამედროვე საქართველოში, სოფლების, მცირე ქალაქების და თემის დონეზე მიმდინარე განვითარებისა და თვითორგანიზების პროცესები, მათი ანალიზი და შესწავლა სწორედ ამ პერიოდიდან მოექცა “სათემო განვითარების ცენტრის” სამუშაო ფოკუსში. აქვე უნდა აღინიშნოს,
რომ სპეციალური სათემო კვლევებით არც ახლა ვართ განებივრებულები და ამიტომ, როგორც ზოგადად, ვითარების შესწავლა, ისე ცალკეული წარმატებული თუ წარუმატებელი სათემო მაგალითების ანალიზი, საშურ საქმედ მიგვაჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ სათემო ჯგუფებზე, მუნიციპალურ განვითარებაში მათი წვლილის შესახებ ბოლო ათწლეულში შედარებით მეტი დაიწერა და გაშუქდა, ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. კარგი იქნება, უფრო მეტი ყურადღება მიექცეს საქართველოს სოფლების და იქ მოქმედი ინიციატორების ყოველდღიურობას, რათა უკეთ გავიცნოთ ის ადამიანები, რომლებიც ხშირად რეგიონებში გამეფებულ უძრაობას ებრძვიან;
ინიციატორები, რომლებიც არ უშინდებიან საზოგადოების ნიჰილისტურ განწყობას და საკუთარი საარსებო სივრცის გაუმჯობესებისათვის იწყებენ მოქმედებას, დგამენ პირველ ნაბიჯებს. საქმიანობის დასაწყისში, არც თუ ისე იშვიათად, ვითარება რთული და უიმედო ჩანს ხოლმე, თუმცა გადის დრო და ცხადდება, რომ შედეგი ნელა, მაგრამ მაინც დგება.

საქართველოში მოქმედი სათემო ჯგუფების წინაშე მდგარი პრობლემების და მათი საქმიანობის უკეთ წარმოჩენის სურვილი დაედო საფუძვლად წინამდებარე გამოცემას ― “ინიციატივა ცვლილებისათვის ― სათემო და სამოქალაქო თვითორგანიზების მაგალითები თანამედროვე საქართველოში”, რომელიც ზემოთ ნახსენები კვლევით-საგამომცემლო სერიის, “ინიციატივა ცვლილებისათვის”, მეოთხე წიგნია. თუ წინა ნაწილებში თხრობა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება და დაინტერესებულ მკითხველს იმჟამინდელი საზოგადოებრივი თვითორგანიზების პროცესების შესახებ მოუთხრობს, აქ თემის განვითარების თანამედროვე გამოცდილებაა აღწერილი.

წიგნის პირველ ნაწილში მოთხრობილია დღეს მოქმედი თერთმეტი საზოგადოებრივი, სათემო ჯგუფის საქმიანობის შესახებ. ეს ჯგუფები ერთმანეთისგან მთელი რიგი მახასიათებლებით განსხვავდებიან, თუმცა, თითოეული მათგანი თემის თვითორგანიზებასა და კეთილდღეობაზე მუშაობს და სხვადასხვა მიდგომით სწორედ ამ სფეროს განვითარებაში შეაქვს თავისი წვლილი. საქართველოში მოქმედი დაახლოებით 120-მდე სათემო ორგანიზაციიდან, წიგნისთვის მხოლოდ 11-ის შერჩევა ადვილი საქმე არ იყო. ჩვენი მხრივ, გვინდოდა, მაქსიმალურად გვეჩვენებინა ის მრავალფეროვნება, რაც სათემო საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივ ჯგუფებში შეინიშნება გეოგრაფიულად, ეთნიკურად, ასაკობრივად, თემატურად თუ მიდგომებისა და სამუშაო ფორმატის
თვალსაზრისით. ასევე, გვინდოდა, წარმოჩენილიყო თემის, როგორც ვიწრო გეოგრაფიული, ისე მისი ფართო გაგება, სადაც საქმიანობა ინტერესთა ჯგუფის სასიკეთოდაა წარმართული და გეოგრაფიულ საზღვრებს სცდება; წინ წამოგვეწია საქართველოს მთიანეთში მიმდინარე სათემო პროცესები ან სოციალური მედიის როლი – სათემო საკითხების გაშუქების და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მხრივ; შეგვერჩია მაგალითები, რომლებმაც უკვე გაიარეს რთული გზა და გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს მიზნობრივი თემის სასიკეთოდ ან ახლა გადიან ამ პროცესს და მათი ხმა ჩვენამდე არ აღწევს, გვსურდა, მაქსიმალურად დაგვეფარა საქართველოს სხვადასხვა კუთხე.

1 120 სათემო ჯგუფი მოინიშნა 2019-2020 წლებში განხორციელებული კვლევის დროს. დღეს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბაზაში უკვე 190-მდე სათემო ჯგუფი ფიქსირდება. შესაბამისად, შერჩეული მაგალითები მოიცავს, როგორც უშუალოდ სოფლის დონეზე მოქმედ სათემო ორგანიზაციებს, ისე თემის განვითარებაზე მომუშავე მედია და საზოგადოებრივ პლატფორმებს; ორგანიზაციებს, რომლებმაც ბოლო წლებში განსაკუთრებით დაგვამახსოვრეს თავი საკუთარი აქტიურობით, მიზანსწრაფულობით, სოციალური კამპანიით და სათემო მობილიზაციის კუთხით საინტერესო მაგალითების შექმნით. ასევე წარმოდგენილია ისეთი ჯგუფები, რომელთა საქმიანობაც ცენტრიდან არ ჩანს, არადა, თავიანთი ძალისხმევით უდავოდ საინტერესო მაგალითებს ქმნიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ვიმედოვნებთ, რომ გამოცემაში შესული გამოცდილი ორგანიზაციების საქმიანობის, მათ მიერ განვლილი გზის გაცნობა, დამწყებ ჯგუფებს სტიმულისა და შთაგონების წყაროდ გამოადგებათ. ვფიქრობთ, ეს მაგალითები ასევე დაეხმარება სათემო განვითარების და თვითორგანიზების საკითხებით დაინტერესებულ მკვლევრებს, სტუდენტებს, ადგილობრივ პოლიტიკოსებსა თუ ხელოვანებს.

წიგნის მეორე ნაწილში წარმოდგენილია “სათემო განვითარების ცენტრის”, “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG)” და “ღია საზოგადოების
ფონდის (OSGF)” თანამშრომლობით ჩატარებული კვლევის – “საქართველოში 2019-2020 წლებში მოქმედი სათემო ორგანიზაციების აღწერა (CBO Mapping)” მთავარი მიგნებები და რეკომენდაციები. კვლევის მიზანი მოქმედი სათემო ჯგუფების აღწერა და შესწავლა იყო. აქ მკითხველი გაეცნობა თანამედროვე საქართველოში არსებულ სათემო განვითარების ქრონოლოგიას, თემის განმარტებას, მოქმედი სათემო ჯგუფების სტრუქტურას, მათ წინაშე მდგარ ძირითად პრობლემებსა და ასევე, სათემო ჯგუფების გაძლიერებაზე მიმართულ რეკომენდაციებს.

ასევე წაიკითხეთ: ინიციატივა ცვლილებებისათვის – თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საბჭოთა ოკუპაციამდე – წიგნი II

“ინიციატივა ცვლილებისათვის” იმთავითვე საგამომცემლო სერიად იყო მოაზრებული, რომლის ცალკეული წიგნი, მისი თემატიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა პარტნიორთან თანამშრომლობით მუშავდება და გამოიცემა. პირველი ორი წიგნი სათემო განვითარების ცენტრის, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის, საერთაშორისო ხელოვნების ცენტრის, თბილისისა და საქართველოს სამოქალაქო პედაგოგთა ფორუმის ერთობლივი გამოცემაა, რასაც მხარი “ღია
საზოგადოების ფონდმა” დაუჭირა. მესამე წიგნი ისევ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გამოიცა.

წინამდებარე წიგნის შინაარსზე კი, 2019 წლიდან მუშაობენ სათემო განვითარების ცენტრი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, გამოცემის მხარდამჭერი
ისევ “ღია საზოგადოების ფონდია”.

იმედს ვიტოვებთ, რომ კვლევითი-საგამომცემლო სერია “ინიციატივა ცვლილებისათვის”, სხვადასხვა თემატურ პარტნიორთან თანამშრომლობით, სამომავლოდაც გაგრძელდება და
დაინტერესებულ მკითხველს დღეს საქართველოში მოქმედ სხვა სათემო ორგანიზაციებსაც გავაცნობთ, სათემო განვითარების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების გამოცდილებასაც გავუზიარებთ და ამ კუთხით, კვლავაც წინ წამოვწევთ ისტორიულ მეხსიერებას. განსაკუთრებით გვაინტერესებს ის ადგილობრივი ინიციატივები, სადაც სოფლის პრობლემების მოსაგვარებლად, თანხების მობილიზების განსხვავებული პრაქტიკებია დანერგილი, მაგალითად, სოფლიდან წასული ემიგრანტების მონაწილეობით ან ადგილობრივი “სასოფლო ყულაბების” შექმნით. ამ მხრივ, საინტერესოა ჯავახეთის სოფლებში (ეშტია, აბათხევი და სხვ.) მოქმედი ჯგუფები,
რომელთა მოცვაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების და სხვა დაბრკოლებების გამო ამ ეტაპზე ვერ მოვახერხეთ და შემდეგი გამოცემებისათვის მოვინიშნეთ. კრებულში თავმოყრილი მასალა კი სათემო ჯგუფებისა თუ ორგანიზაციების ისტორიას 2021 წლის შემოდგომის მდგომარეობით წარმოაჩენს.

ასევე წაიკითხეთ: ინიციატივა ცვლილებებისათვის – სათემო და სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითები საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე

რამდენადაც წიგნის გამოცემა დაგვიანდა, შესაძლოა, მათ უკვე არაერთი სიახლე ჰქონდეთ მოსაყოლი. ჩვენ, სათემო განვითარების ცენტრში, გვჯერა პატარა ინიციატივების და ნაბიჯების ძალის, რადგან ხშირად მათ ზრდის და მრავალმხრივი განვითარების პერსპექტივა აქვთ. სოფლის,
თემის განვითარებაც, როგორც უაღრესად კომპლექსური საკითხი, უამრავი პატარა ნაბიჯისა თუ სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული ინიციატივების ერთობლიობას საჭიროებს. სათემო ლიდერებისა და ჯგუფების გამოცდილების, დადებითი მაგალითების გაზიარებით და ფართო საზოგადოებამდე მიტანით, შესაძლოა, საქართველოს მეტმა მოქალაქემ ირწმუნოს ინიციატივის მნიშვნელობის და დაიჯეროს, რომ ერთ ადამიანსაც შეუძლია დიდი და
სასარგებლო ცვლილებების დაწყება, თან – სულ მცირე ნაბიჯებით.

სათემო განვითარების პროცესები გაცილებით შედეგიანი სწორედ მაშინ არის, როდესაც სხვადასხვა სექტორი საერთო მიზნისთვის ერთიანდება და თანამშრომლობას ახერხებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილობრივ თვითმმართველობასა და საზოგადოებას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობაა. ამ მოსაზრებას მრავალწლიანი გამოცდილება ამტკიცებს, თუმცა, სამწუხაროდ, დღემდე სუსტია კავშირი ამ ორ სექტორს შორის და თანამშრომლობაც ხშირად ან პოლიტიკურ კონიუნქტურას ექვემდებარება, ან ინდივიდების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული და არა – ინსტიტუციურ ხედვასა და მიდგომებზე. დაბალი პოლიტიკური კულტურა საზოგადოებას “ჩემიანებად და სხვისიანებად” ყოფს. კრიტიკის მიუღებლობა და პოლიტიკურ ჭრილში გადატანა აფერხებს კონსტრუქციულ, საერთო მიზანზე მიმართულ თანამშრომლობას. თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც ადგილობრივი თემის სასარგებლოდ გაცილებით მნიშვნელოვანი და მდგრადი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი.

ნათქვამია, “კაცი თუ გონიერია, სოფელი ღონიერიაო”. თანამშრომლობისთვის, ხშირად, არაკეთილგანწყობილ გარემოში, ჩვენი მხრივ, დავამატებდით: დღეს სათემო აქტივიზმს,
გონიერებასთან ერთად, გამბედაობაც სჭირდება. გამბედაობაა, დაუპირისპირდე წლების განმავლობაში თითქოს მიზანმიმართულად ჩაკირულ სინამდვილეს – უიმედობას და უძრაობას. სწორედ ამ გამბედაობისათვის სათემო განვითარების ცენტრი მადლობას უხდის ყველა მოქმედ სათემო ჯგუფს თუ ინიციატორს, მიმოფანტულებს მთელ საქართველოში, რომლებიც, მიუხედავად დაბრკოლებებით სავსე გარემოსი, არ ნებდებიან და იბრძვიან საკუთარი თემის და შესაბამისად,
მთლიანად ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. თქვენი არსებობა იმედით გვავსებს.

წიგნის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე