იტალიის ქალაქ კოზენცაში ქუთაისელი მხატვრებისთვის გამართული ვორკშოპის დახურვას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ვიცე-მერებიც დაესწრნენ.
“ქუთაისი პოსტის” ცნობით დახურვის საღამოს მოწყობილ გამოფენაზე სხვა ნახატებთან ერთად ქუთაისის მერის პორტრეტიც გამოიფინა.
ქუთაისის მერიის ცნობით, კოზენცას მერმა მარიო ოჩიუტომ და გიორგი ჭიღვარიამ სამომავლო ურთიერ თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს.
„ჩვენთვის დიდი პატივი იყო კოზენცაში სტუმრობა, სადაც ჩვენს მხატვრებს უმასპინძლეს, ეს ურთიერთობები კოზენცაში მოღვაწე წარმოშობით ქუთაისელმა, ცნობილმა მევიოლინემ ვიტალი სამხარაძემ და ენრიკო გრანაფეიმ დაიწყეს. მიხარია, რომ მსგავსი თანამშრომლობა სხვა სახელოვნებო სფეროებშიც არის დაგეგმილი“,- განაცხადა ქუთაისის მერმა.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ მხარეებს შორის ინტერკულტურული გაცვლითი პროგრამები გაგრძელდება და სახელოვნებო, კულტურული წრეების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან აღნიშნულ პროგრამებში.
,,მოხარული ვარ რომ ქუთაისიდან წარმომადგენლობით დელეგაციას ვმასპინძლობთ.ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ მჭიდრო ურთიერთანამშრომლობა გვაქვს და ეს სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება,”-განაცხადა მარიო ოჩიუტომ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ქალაქი კოზენცა და ქუთაისი დაძმობილებული ქალაქები არიან. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ჯერ კიდევ მაისის თვეში გააფორმეს. აღნიშნული ურთიერთობები კულტურულ, ეკონომიკურ და ტურისტულ საკითხებში თანამშრომლობას გულისხმობს.