ბორჯომის საკრებულომ მერიას ხელფასების მომატების შესახებ დოკუმენტი უკან მეშვიდედ დაუბრუნა

755

წინა სტატია

ბორჯომის საკრებულოში დღეისათვის დანიშნული სხდომა, რომელზეც ხელფასების საკითხი მეშვიდედ უნდა განეხილათ, აღარ ჩატარდება. საკრებულომ მერიას საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განმსაზღვრელი დოკუმენტი, განხილვის გარეშე, უკან დაუბრუნა.

გადაწყვეტილება საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომაზე გუშინ მიიღეს.

ბოლო დოკუმენტით, მერია მუნიციპალიტეტის მერისთვის 2650 ლარის ოდენობის ანაზღაურებას ითხოვს, ანუ იმდენს, რამდენიც ახალი კანონის ამოქმედებამდე ჰქონდა გამგებელს და იმდენსვე, რამდენიც საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის ხელფასია. რაც შეეხება მოადგილეებს, მერის I მოადგილის ხელფასი 2600 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო მერის მოადგილის – 2500 ლარით. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ამჟამინდელი ხელფასი 2000 ლარია. 

ამავე დოკუმენტით განსაზღვრულია საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურებაც – სამსახურის უფროსებისთვის 2000 ლარი, ხოლო განყოფილების უფროსებისთვის – 1600 ლარი. სხვა, უფრო დაბალი რანგის მოხელეების ხელფასები რანგების მიხედვით იცვლება და 900-დან 1100 ლარამდეა. 

ამის პარალელურად, საკრებულოში დამტკიცებული თანამდებობრივი სარგოების მიხედვით, საკრებულოს აპარატის უფროსის ხელფასი 1 550 ლარითაა განსაზღვრული. სხვა საჯარო მოხელეების კი, რანგების შესაბამისად, 780-დან 870-მდე ლარამდეა.

მერიის თანამშრომელთა ხელფასების მატების საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრი ოპოზიციონერი დეპუტატები პოზიციას არ ცვლიან და აცხადებენ, რომ სანამ მერის მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების ხელფასები ოპტიმალურ ნიშნულამდე არ ჩამოვა, დოკუმენტს არ დაამტკიცებენ.

პარალელურად, ბორჯომის მერია დოკუმენტში ცვლილებების შეტანას არ გეგმავს და საკრებულოს 28 მარტისთვის დანიშნულ სხდომას ელოდება.

შეგახსნებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ხელფასების მატების საკითხი დღეს, 16 მარტს მეშვიდედ უნდა განეხილა. ბოლოს საკრებულოს აღნიშნულ თემაზე 9 მარტს უნდა ემსჯელა, თუმცა, საკრებულომ ხელფასების განმსაზღვრელი დოკუმენტი სხდომაზე განხილვის გარეშე მერიას უკან დაუბრუნა. ამის გამო 9 მარტს დანიშნული სხდომა აღარ ჩატარდა. 10 მარტს ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ ბრიფინგი გამართა და საკრებულო საბოტაჟსა და პროვოკაციაში დაადანაშაულა.

მანამდე კი ამავე საკითხის განხილვას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საკრებულოს დეპუტატებსა და მერიის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, მეორე დღეს კი “ქართული ოცნების” საპროტესტო აქცია და მერიის თანამშრომლების გაფიცვა მოჰყვა.

ბორჯომის მერიის თანამშრომლები, უკვე მესამე თვეა, უხელფასოდ მუშაობენ. ვითარება მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, მანამდე არ განიმუხტება, სანამ მერია და საკრებულო თანამდებობრივ სარგოებზე არ შეთანხმდება და წარმომადგენლობითი ორგანო დოკუმენტს არ დაამტკიცებს.