ამოიცანი შენი ქუჩა თბილისის ძველ ფოტოებში

22323
გამოყენებულია სახელმწიფო მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმის ფოტოარქივი

ყველა ქალაქს განუმეორებელ იერსახეს ქუჩები აძლევს. ის მხოლოდ ურბანული წესრიგს კი არ ამყარებს, არამედ შეუძლია, მოგვითხროს კონკრეტული ქალაქის ისტორიაც. უძველესი დროიდან ქუჩა ქალაქისთვის დამახასიათებელი ნიშანია. მისთვის სახელის მინიჭება კი ქალაქების ზრდასთან ერთად დამკვიდრდა. ქუჩათა სახელწოდებებში არა მარტო კონკრეტული ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის კულტურისა და პოლიტიკური წყობის ამოკითხვაც კი შეგვიძლია. ამ მხრივ გამონაკლისი არც თბილისია – გავყვეთ მის ქუჩებს, ამოვიცნოთ და შევიტყოთ, როგორ იცვლებოდა ისინი ათწლეულებსა თუ ასწლეულებთან ერთად.

Results

ყოჩაღ! დედაქალაქის ქუჩების გამოცნობაში ნამდვილი ექსპერტი ყოფილხარ!

ვერ გცნობებია დედაქალაქის ქუჩები, რუკებსა და ისტორიულ წყაროებს ჩაუჯექი!

შემდეგ

#1. ამ პროსპექტს ლექსებსაც ხშირად უძღვნიდნენ – რომელია?

რაღა თქმა უნდა, ეს დედაქალაქის უმთავრესი ქუჩა – რუსთაველის გამზირია. რუსთაველის სახელი მას 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მიენიჭა. მანამდე, 1840-იანი წლებიდან, გამზირი კავკასიის მთავარმართებლის, გოლოვინის სახელს ატარებდა. სანამ ჩვენს ყველაზე საყვარელ გამზირს ვინმეს სახელს მიანიჭებდნენ, ის, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან,  “რუსეთისკენ მიმავალ გზად” მოიხსენიებოდა, რადგან სწორედ აქ იყო განლაგებული ე.წ. სამთავრობო ადგილები, შემდგომში კი – რუსეთის მეფისნაცვლის სასახლე. უფრო ადრე, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შედგენილ თბილისის გეგმაზე ჩანს, რომ დღევანდელი გამზირზე დიღმის გზა გადიოდა, რომელიც ქალაქის გალავნის კარიბჭესთან იწყებოდა. ამ გზის აღმოსავლეთით, ფერდობზე კი ერთადერთი დასახლებული უბანი – “გარეთუბანი” აქვს აღნიშნული.

შემდეგ

#2. ამ ქუჩიდან თბილისის ულამაზესი ხედი იშლება. მიხვდი, რომელია?

ეს ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართია, რომელიც ბარათაშვილის ხიდს ავლაბრის მოედანთან აკავშირებს. ფოტოზე სწორედ მისი მშენებლობის პროცესია ასახული. მე-19 საუკუნის დასაწყისში ის იყო ვიწრო ბილიკი, რომელიც ფარსადან ციციშვილმა საკუთარი ხარჯებით გააფართოვა და სრულფასოვანი გზა გაჭრა. გზის მშენებლობა 1845 წელს დასრულდა. ახლანდელი იერსახე კი 1935 წელს, მორიგი რეკონსტრუქციისას მიიღო. ბარათაშვილის აღმართს ჯერ ციციანოვის სახელი ერქვა, 1923 წელს – კალიაევის, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელი კი მისი გაჭრიდან ზუსტად ერთი საუკუნის შემდეგ – 1945 წელს მიენიჭა.

შემდეგ

#3. ამ ისტორიულ ქუჩაზე მდებარეობს ერთ-ერთი სასახლე, რის გამოც მას ჩვენი მედია ხშირად ახსენებს ხოლმე.

ათონელის ქუჩა ორბელიანთუბანში მდებარეობს. ქუჩის მიდამოები XVIII საუკუნის შუა წლებამდე სამეფო საკუთრება იყო. 1751 წელს კი ქართლის მეფე თეიმურაზ II-მ ის სარდალ რევაზ ორბელიანს უბოძა. XIX საუკუნის 60-იან წლებში ქუჩა სამ ნაწილად გაიყო: ორბელიანის, მადათოვის და დიდი ვანქის ქუჩებად. XX საუკუნის 20-იან წლებში მადათოვის და დიდი ვანქის ქუჩები გაერთიანდა, 1965 წელს მას ათონელის ქუჩა ეწოდა. სწორედ ამ ქუჩაზე იყო განთავსებული ცნობილი სასტუმროები – “ლონდონი” და “გრანდ-ოტელი”. ახლა კი ათონელის ქუჩა იმითაა ცნობილი, რომ აქ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული, სხვათა შორის, მეტად ისტორიულ შენობაში, რომელიც XIX საუკუნის დასასრულსაა აგებული. ადრე კი ამ ადგილზე ორბელიანების სასახლე იდგა.

შემდეგ

#4. როგორ უყვართ ამ ბაღში შეყვარებულებს ყოფნა. გაიხსენე, რომელია – იქნებ შენც გისეირნია მასთან ერთად აქ?

იცი თუ არა, რომ ყოფილი ალექსანდრეს ბაღი ქალაქის პირველი საზოგადოებრივი დასვენების პარკი იყო თბილისში? მის დაპროექტებასა და გაშენებას არქიტექტორმა ოტო სიმონსონმა 6 წელი მოანდომა, 1865 წელს კი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. თბილისის იმდროინდელი პრესა მას პირველი “ევროპულ ყაიდის” ბაღს უწოდებდა. ის ორ – ზედა და ქვედა ტერასაზე იყო გაშენებული, თუმცა, ტრამვაის გაყვანის შემდეგ შუაზე გაიყო და ახლა ის ორი დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგება. საბჭოთა პერიოდში ბაღს კომუნარების სახელი უწოდეს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი, 1991 წელს, ზედა, ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიას 9 აპრილის სახელი მიენიჭა, ქვედას კი – გიორგი ლეონიძის.

შემდეგ

#5. ამ მოედანმა ვერის ბაღები ჩაანაცვლა. დღეს ის ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური სატრანსპორტო კვანძია

გმირთა მოედანი თბილისში XX საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა, სახელი კი საბჭოთა კავშირის პირველი გმირების პატივსაცემად ეწოდა. სწორედ აქ მდებარეობდა ადრე ცნობილი ვერის ბაღები. XIX საუკუნის ბოლოს აქ მთავრდებოდა ქალაქი და იწყებოდა საქართველოს სამხედრო გზა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ეს ტერიტორია თბილისელ მოქეიფეთა საყვარელ ადგილად ითვლებოდა და სამიკიტნოებიც მრავლად იყო. დღეს კი გმირთა მოედანი ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძია.

შემდეგ

#6. ამ ქუჩით თულუხჩები ქალაქში წყალს ეზიდებოდნენ, აქ იდგა ძველი ცირკის შენობაც. იცანი?

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა ისტორიული და უძველესი ქუჩაა ვერის უბანში. მან სახელი რამდენჯერმე შეიცვალა: თბილისის 1876 წლის გეგმაზე ის დატანილია, როგორც პირველი დაღმართი, 1897 წლის გეგმაზე – როგორც ვერის დაღმართი, 1910 წლის გეგმაზე ვერის ხიდის ქუჩადაა მოხსენიებული. 1923 წლიდან მას არკადი ელბაქიძის დაღმართი დაერქვა. 1995 წელს კი მიხეილ ჯავახიშვილის სახელი ეწოდა, ვინაიდან სწორედ ამ ქუჩაზე, 1931–1937 წლებში, ჯავახიშვილი ცხოვრობდა. ვერის დაღმართის გაჭრის გადაწყვეტილება 1879-1882 წლებში მაშინდელმა სათათბირომ მიიღო და ამით ქალაქის განვითარება დააჩქარა. ამ გზით თულუხჩები ქალაქში წყალს ეზიდებოდნენ, ფერდობებს კი ნაგავსაყრელად იყენებდნენ. ახალი ხიდის აგების შემდეგ გაიყვანეს „კონკის“ ხაზი, შემდეგ კი – ტრამვაის ხაზი. ამავე ქუჩაზე იდგა ცირკის შენობაც. 1932 წელს დაღმართი გაფართოვდა, აიგო შენობები და ის, ფაქტობრივად, ისეთი გახდა, როგორიც ახლაა.

შემდეგ

#7. ეს ძეგლი ამ მოედანზე აღარ დგას, ამიტომაც, მინიშნებად არ გამოგადგება. თუმცა, კარგად დააკვირდი, დღევანდელი მოედანი ადრინდელისგან ბევრად არ განსხვავდება

ზაარბრიუკენის მოედანი ჩუღურეთის მშვენებაა. ეს ლამაზი მოედანი მე-19 საუკუნეშიც ხალხმრავალ და აქტიურ სავაჭრო ადგილს წარმოადგენდა. მიუხედავად დასახელების ცვლილებისა, მოედანს დღემდე ვორონცოვის სახელით უფრო მოიხსენიებენ – სწორედ ასე ერქვა მას XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მეფისნაცვალ მიხაილ ვორონცოვის საპატივსაცემოდ. ძეგლიც, რომელიც ფოტოზე ჩანს, 1867 წლის 25 მარტს მისი ტფილისში ჩამოსვლის ოცდაორი წლისთავზე აღმართეს თბილისელებმა. სხვათა შორის, ეს იყო ბრინჯაოსგან ჩამოსხმული პირველი ქანდაკება, რომელიც ქალაქში დაიდგა. 55 წლის შემდეგ, 1922 წელს, ბოლშევიკებმა ძეგლი დაშალეს და გადაადნეს, მოედანს კი კარლ მარქსის სახელი უწოდეს. 1990 წელს მას კვლავ შეეცვალა დასახელება და თბილისთან დაძმობილებული ქალაქის – ზაარბრიუკენის სახელი ეწოდა.

შემდეგ

#8. ამდენჯერ სახელი, ალბათ, სხვა არცერთ მოედანსა და ქუჩას არ შეცვლია. მიხვდი, რომელია?

დაუჯერებელია, რომ XIX საუკუნემდე თავისუფლების მოედანი ერთი დიდი მინდორი იყო და მას გარეთუბნად მოიხსენიებდნენ. ადგილობრივები იქაურობას შეშის მოედანს ეძახდნენ – სოფლებიდან ურმებით მოზიდულ შეშას ამ ადგილას ჰყიდდნენ. კავკასიის არმიის შტაბის აშენების შემდეგ შეშის მოედანი შტაბის მოედნად იქცა. თუმცა, ორივე სახელი არაოფიციალური იყო და ხალხი ეძახდა. სწორედ ამ დროიდან იწყება თავისუფლების მოედნის მთავარ მოედნად ქცევა. პირველად ოფიციალური სახელი მოედანს 1828 წელს მიანიჭეს სარდალ ი. პასკევიჩის პატივსაცემად და “პასკევიჩ–ერევანსკი” უწოდეს. 1851 წელს მოედანზე დასრულდა თეატრისა და ქარვასლას მშენებლობა, ამიტომ მოედანს ერთხანს “თეატრალურს” უწოდებდნენ. 1917 წელს, ნიკოლოზ მეორის ჩამოგდების შემდეგ, რევოლუციური პარტიების ლიდერთა ინიციატივით, თბილისის მთავარ მოედანს თავისუფლების მოედანი უწოდეს. საქართველოს გასაბჭოების შემდგომ მას ჯერ “ზაკფედერაციისა” ერქვა, 1940 წელს ლავრენტი ბერიას სახელი მიანიჭეს, 1953 წელს, ბერიას დახვრეტის შემდეგ კი, ვლადიმერ ლენინის სახელი დაარქვეს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1990 წელს, მოედანმა სახელი დაიბრუნა და დღემდე “თავისუფლების მოედანი” ჰქვია.

შემდეგ

#9. ეს ქუჩა დიპლომატებს განსაკუთრებით ხიბლავს, ამიტომაც აქ ბლომად ნახავთ რეზიდენციებს

კრწანისი თაბორისა და შავნაბადას პატარა ქედებს შორის მდებარეობს. ამ ორ პატარა ქედს შორის მოქცეული ფერდობი თანდათანობით მაღლა იწევს და სოფელ შინდისამდე აღწევს. იყო დრო, როცა თბილისი მწვანილითა და ახალი ხილით სწორედ აქედან მარაგდებოდა. დღეს აქ ბაღებს ვეღარ ნახავთ, ის მრავალსართულიან კორპუსებს, საელჩოებსა და რეზიდენციებს დაუპყრიათ. ალბათ, გახსოვთ, სწორედ აქ მდებარეობდა შევარდნაძის სამთავრობო რეზიდენციაც.

შემდეგ

#10. ხალხმრავლობა, ხალხმრავლობა და ხალხმრავლობა – ამ ქუჩის ისტორიის განუყოფელი ნაწილია

კოტე აფხაზის ქუჩა ტურისტებისთვის და ძველ თბილისში ხეტიალის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქუჩაა. ისტორიულად ეს უძველესი საქარავნო გზის მონაკვეთი იყო, რომელიც კოჯრის კართან იწყებოდა და ქალაქის ცენტრს აბანოთუბანთან აკავშირებდა. ეს ქუჩა შუა საუკუნეებში წარმოიქმნა და მას შუა ბაზარი ეწოდებოდა. აქ ოფიციალური ბაზარი არასდროს ყოფილა, თუმცა, მუდამ ხალხით იყო სავსე – ქუჩის ორივე მხარეს სავაჭრო დუქნები და სახელოსნოები იყო განლაგებული. 1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში ის სომხის ქუჩად და პავლე ციციანოვის ქუჩად მოიხსენიება, 1867 წლის გეგმაზე – პავლე ციციანოვის ქუჩად, 1876 და შემდგომი წლების გეგმებზე – როგორც სომხის ბაზარი. 1938 წელს სილიბისტრო თოდრიას სახელი დაერქვა, 1944 წელს – კონსტანტინე ლესელიძის, 2006 კი კოტე აფხაზის სახელი ეწოდა. ამ ქუჩას რეკონსტრუქცია რამდენჯერმე ჩაუტარდა, რის შედეგადაც ის მნიშვნელოვან სატრანსპორტო მაგისტრალად გადაიქცა.

შემდეგ

#11. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ეს ქუჩა, ფაქტობრივად, არ შეცვლილა, ამიტომაც მისი გამოცნობა არ უნდა გაგიჭირდეს

აღმაშენებლის გამზირი ქალაქის მარცხენა სანაპიროს მთავარი ღერძია. ის ძველი საგზაო არტერიის ადგილზე განვითარდა და XIX სსაუკუნის 40-იანი წლებიდან დიდ, კეთილმოწყობილ ქუჩად იქცა. XVIII საუკუნეში ეს მიდამოები კუკიის ტყით იყო დაფარული. 1818 წლიდან, კუკიაზე დასახლებულმა ვიურტემბერგელმა გერმანელებმა აქ ბაღები გააშენეს. მათი ნაწილი, საზაფხულო პარკებისა თუ ეზოების სახით, დღემდეა შემორჩენილი. ქუჩის ინტენსიური განაშენიანება კი მეფისნაცვალ ვორონცოვის მმართველობის პერიოდიდან დაიწყო. ქუჩის ორივე მხარეს ალვის ხეები დაირგო, მოეწყო ტროტუარები და ქუჩამ ქალაქური მაგისტრალის სახე მიიღო. პროსპექტს დღევანდელი სახე XIX საუკუნის 80-იან წლებიდან აქვს – 1902 წლის რუკაზე არსებული ქუჩების ქსელი, ფაქტობრივად, დღევანდელის იდენტურია. თავდაპირველად ამ ქუჩას ეწოდებოდა მიხეილის გამზირი, კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ რომანოვის პატივსაცემად, 1918 წელს რუსი მარქსისტის, გიორგი პლეხანოვის გამზირი გახდა, ხოლო 1990 წელს მას დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდა.

შემდეგ

#12. ახლა ეს მხოლოდ ქუჩა კი არა, ერთი დიდი უბანია, რომელიც ჩვენს თვალწინ გაშენდა.

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის ცნობა შეიძლება, მართლაც გაგიჭირდეს. ინტენსიური განაშენიანების წყალობით, ის დღეს უბნის სტატუსს უფრო იმსახურებს, ვიდრე ერთი რიგითი ქუჩისა. ეს ქუჩა საბურთალოზე, პეტრე ქავთარაძის ქუჩიდან ნახშირგორის მთის ფერდობამდე, მდებარეობს და ქავთარაძის ქუჩის გაგრძელებაა. ქუჩას XX საუკუნის 70-იან წლებში ქართველი ინჟინრის, ვლადიმერ ჯიქიას სახელი ეწოდა. 2009 წელს მას სახელი გადაერქვა და რუსი ჟურნალისტის – ანა პოლიტკოვსკაიას სახელი მიენიჭა.

შემდეგ

#13. ადრე მას კახეთის გზას ეძახდნენ. რომელი ქუჩაა?

ქეთევან დედოფლის გამზირი ისნისა და სამგორის რაიონებში მდებარეობს და ავლაბარსა და ნავთლუღს ერთმანეთთან აკავშირებს. დღეს მაგისტრალური ქუჩა ძველთაგანვე იყო ცნობილი – მას კახეთის გზას ეძახდნენ. სწორედ ასეა დატანილი ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ თბილისის 1935 წლის გეგმაზეც. მოგვიანებით, 1867 წლის გეგმაზე, დატანილია, როგორც კახეთის ქუჩა. შემდეგ, როგორც ჩანს, ქუჩა გაიზარდა და 1895 წლის გეგმაზე ის, როგორც კახეთის დიდი ქუჩა, დაიტანეს. სხვათა შორის, ამ ქუჩაზე დღემდე შემონახულია XIX საუკუნის II ნახევრის საცხოვრებელი სახლები. გასაბჭოების შემდეგ, 1923 წელს, მას შაუმიანის სახელი მიანიჭეს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1990 წელს, ქუჩას ჯერ ქეთევან წამებულის, 2005 წელს კი – ქეთევან დედოფლის სახელი უწოდეს.

შემდეგ

#14. ეს ქუჩა, სხვებთან შედარებით, ძალიან ახალგაზრდაა – ის მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში წარმოიქმნა

მოსკოვის გამზირი სამგორის რაიონში მდებარეობს. ის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქუჩაა – XX საუკუნის II ნახევარში წარმოიქმნა. სახელი კი 1960 წელს დაერქვა. დღეისათვის გამზირისთვის სახელის გადარქმევის საკითხი აქტიურად განიხილება. მოქალაქეებმა დედაქალაქის საკრებულოს სახელზე პეტიცია შეიმუშავეს და გამზირისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭება მოითხოვეს. საკრებულომ აღნიშნული საკითხი უნდა განიხილოს.

შემდეგ

#15. ამ ქუჩას მე-19 საუკუნეში მკალავთა, მჭედელთა და ხარაზთა რიგები ამშვენებდა. მისი სიამაყე კი ეს ქარვასლა იყო

ვახტანგ გორგასლის ქუჩა ორთაჭალაში ადრეც და ახლაც ერთ-ერთ საკვანძო ქუჩად ითვლებოდა. მისი განვითარება XIX საუკუნის დასაწყისში დაიწყო, როცა აქ ცენტრიდან გადმოტანილი ხელოსანთა რიგები გაჩნდა. 1850 წლისთვის მან უკვე ქუჩის სახე მიიღო და მიხეილ ვორონცოვის სახელიც ეწოდა. ქუჩის ორივე მხარეს ქარვასლები და ჩაიხანები იყო განთავსებული. მათ შორის გამორჩეული კი მსხვილი მესაკუთრის – ხალათოვის 3-სართულიანი, მოზაიკური აგურით ნაშენი ქარვასლა იყო 365 ოთახითა და რამდენიმე გუმბათოვანი დარბაზით. ქარვასლის სარდაფი კი აქლემთა ქარავნის სადგომად გამოიყენებოდა. ეს უნიკალური შენობა 1929 წელს წყალდიდობამ ისე დააზარალა, რომ მისი აღება მოუწიათ. 1922 წელს ქუჩას სახელი შეუცვალეს და კომუნალური ქუჩა დაარქვეს, 30-იან წლებში – ალექსანდრე მიასნიკოვის, 1958 წელს კი ვახტანგ გორგასლის სახელი უწოდეს.

შემდეგ

#16. ეს გამზირიც ერთ-ერთი “ახალგაზრდაა” ჩვენს დედაქალაქში – 1 საუკუნესაც ვერ ითვლის. აქ კი მისი მშენებლობის პროცესია ასახული

ვაჟა-ფშაველას გამზირი სულ რაღაც XX საუკუნის 50-იან წლებში წარმოიქმნა. ადრე მას კომინტერნის ქუჩა ერქვა. 1961 წელს კი ვაჟა-ფშაველას სახელი ეწოდა. ოთხკილომეტრიანი გამზირი საბურთალოს ცენტრალურ მაგისტრალს წარმოადგენს. ის ერთ-ერთი პირველი საცხოვრებელი მასივია, რომელიც თბილისში გაშენდა, თუმცა, ამის პარალელურად, ვაჟა-ფშაველა საზოგადოებრივ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობებითაც მრავლადაა დატვირთული.

შემდეგ

#17. ეს ქუჩა ყველაზე მეტად ჩვენს პოლიტიკოსებს იზიდავს. მას, საბჭოთა ხელისუფლებიდან დღემდე, ბევრი პოლიტიკური მოღვაწეც უნახავს

რაღა თქმა უნდა, ეს პავლე ინგოროყვას ქუჩაა მთაწმინდაზე, სადაც დღემდე მთავრობის ადმინისტრაციის შენობაა განთავსებული. თუმცა, ეს შენობა ამ ქუჩის ღირსება ნამდვილად არ არის – ჯერ კიდევ 1979 წელს, როცა ყოფილი ცეკას შენობა თბილისის ამ ისტორიულ ნაწილში დადგეს, მაშინვე კონტექსტიდან ამოვარდნილად შეფასდა. ეს ქუჩა XIX საუკუნეში წარმოიქმნა – ამ პერიოდში აშენებული შენობები დღემდეა შემონახული. ის ქალაქის გეგმაზე პირველად 1833-35 წლებში მიწისმზომელმა ტოვარნიცკიმ დაიტანა. იმ დროს ქუჩის აღმოსავლეთ ნაწილში გაშენებული იყო ბაღები, რომელიც ქართლ-კახეთის უკანასკნელ მეფეს ეკუთვნოდა. 30-იან წლებში ქუჩაზე დაფუძნდა სააფთიაქო სამმართველო, რის გამოც მას ლაბორატორიის ქუჩა დაერქვა. სწორედ ამ სახელითაა შეტანილი ის 1843 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში. 1903 წელს, პეტერბურგის დაარსების 200 წლისთავთან დაკავშირებით, ქუჩას პეტრე დიდის სახელი ეწოდა, 1923 წელს – ლევ ტროცკის, 30-იან წლებში – ფელიქს ძერჟინსკის, 1990 წელს კი – პავლე ინგოროყვას სახელი მიენიჭა.

შემდეგ

#18. ერთ დროს ასეთი მოკირწყლული და მყუდრო იყო ეს ქუჩა, რომელსაც არც ეს შენობა და არც ეს სიმყუდროვე აღარ შემორჩა

მართლაც რთული წარმოსადგენია, რომ ეს კოპწია, მოკირწყლული ქუჩა დღევანდელი მელიქიშვილის ქუჩაა, რომელიც რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამ ქონგურებიანი, ულამაზესი სახლის ნაცვლად კი, ამ ადგილას თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი – ფილარმონია მდებარეობს. როცა მისი მშენებლობის საკითხი გადაწყდა, სახლი დაანგრიეს და მის გარშემო არსებული ტერიტორია გაწმინდეს. პეტრე მელიქიშვილის ქუჩის გაფართოება 1949 წელს დაიწყო. ეს პროცესი 1971 წელს ფილარმონიის აგებით დასრულდა. მანამდე კი, მე–20 საუკუნის დასაწყისში, ის სწორედ ისეთი იყო, როგორიც ფოტოშია. მაშინ არც მელიქიშვილის სახელს ატარებდა – მას წყნეთის ქუჩას ეძახდნენ.

შემდეგ

#19. ეს ქუჩა ამ სახელწოდებით ჯერ კიდევ 1769 წლის საბუთშია მოხსენიებული. მას სახელწოდება ამავე ქუჩაზე არსებული ტაძრის გამო დაერქვა

სიონის ქუჩის სახელწოდება, რომელიც ჯერ კიდევ 1769 წლის საბუთშია მოხსენიებული, რა თქმა უნდა, აქ აღმართულ სიონის ტაძართან არის დაკავშირებული. ის, ასევე, შეტანილია 1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში. 1921 წელს ქუჩას ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელი უწოდეს, 1946 წლიდან კი ისევ სიონის სახელი დაუბრუნეს. სიონის ქუჩაზე იყო განლაგებული მეფეთა და დიდ თავადთა სასახლეები, ქარვასლები, ეკლესიები. მათგან აღსანიშნავია ერეკლე II-ის ასულის, ბატონიშვილ თეკლეს ქარვასლა, რომელშიც ახლა სასულიერო აკადემია და სემინარიაა განთავსებული და არწრუნის ქარვასლა, რომელიც ამჟამად თბილისის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის შენობაა.

შემდეგ

#20. სანამ ასეთ დიდ გამზირად გადაიქცეოდა, ამ გზას “გერმანელთა კოლონიაში” მივყავდით…

აკაკი წერეთლის გამზირს საფუძველი თბილისის ჩრდილოეთ განაპირა დასახლების – დიდუბის გაჩენის შემდეგ ჩაეყარა. XIX საუკუნის 20-იან წლებში მას “გზა გერმანელთა კოლონიაში” ერქვა, რადგანაც აქ გადიოდა გზა ვიურტემბერგელ გერმანელთა დასახლება ალექსანდერდორფამდე. XIX საუკუნის შუა ხანებში აქ მოლოკნები დასახლდნენ. 1872 წელს, თბილისი– ფოთის რკინიგზის გაყვანის შემდეგ, ძირითადად, რკინიგზის მუშები ცხოვრობდნენ, შემდეგ კი – ტრამვაელები. თბილისის 1867 და 1900 წლების გეგმების მიხედვით, წერეთლის გამზირის დასაწყისი ელისაბედის ქუჩას ეჭირა. 30-იან წლებში მას ბრძოლის ქუჩა დაერქვა. დიდუბის ინტენსიური განაშენიანების შემდეგ კი წარმოიქმნა პროსპექტი, რომელსაც აკაკი წერეთლის სახელი 1958 წელს მიენიჭა. ახლა ეს, თითქმის ოთხკილომეტრიანი გამზირი, დიდუბის რაიონის ძირითადი მაგისტრალია.

შემდეგ

#21. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ამ ქუჩაზე მამალიც კი იშვიათად ყიოდა, დღეს კი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქუჩად ითვლება

ვაკის მთავარი მაგისტრალი, ილია ჭავჭავაძის გამზირი ერთ-ერთი მთავარი გამზირია თბილისში. ადრე აქ “წყნეთის გზა”, 1867 წლიდან კი წყნეთის ქუჩა გადიოდა. XX საუკუნის 20-იან წლებში მას უნივერსიტეტის ქუჩა დაერქვა. 1925–1926 წლების ცნობათა წიგნსა და თბილისის 1934 წლის გეგმაზე სწორედ ამ სახელითაა დატანილი. 1935-დან 1957 წლამდე ქუჩა ენათმეცნიერი ნიკო მარის სახელს ატარებდა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მისი ინტენსიური განაშენიანება. 50-იან წლებში მას კვლავ უნივერსიტეტის ქუჩა დაერქვა, 1957 წელს კი, პოეტის დაბადებიდან 120-ე და გარდაცვალებიდან 50-ე წლისთავთან დაკავშირებით, მას ილია ჭავავაძის სახელი ეწოდა.

Finish