ფესტივალების ქალაქი – გიორლიცი

1309

ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი

გიორლიცი გერმანიის უკიდურესად აღმოსავლეთ ქალაქია, პოლონეთის საზღვარზე. გერმანიის გაერთიანების, ტრანსფორმაციის პერიოდის დემოგრაფიული თუ სოციალურ-სტრუქტურული ცვლილებების კვალდაკვალ, ქალაქი ბევრმა დატოვა და ოდესღაც  100 000 მოსახლეზე მეტი მაცხოვრებლისათვის აშენებულ გიორლიცში დღეს 56 000 ადამიანი ცხოვრობს, რაც ყოველდღიურობაშიც თვალსაჩინოდ შეიგრძნობა.

გიორლიცის ფესტივალი

მდიდარი არქიტექტურული მემკვიდრეობის და სხვა ფაქტორების წყალობით, გიორლიც-ზგოჟელეცი (ქალაქი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაიყო ორად და ნახევარი ახლა პოლონეთში მდებარე ზგოჟელეცია)  ევროპის კულტურული ქალაქის სტატუსს ატარებს. მცირე და დიდი ფესტივალების, ზეიმებისა და ბაზრობების მეშვეობით, ქალაქის მესვეურები და რაც მთავარია, თავად მოქალაქეები (რომლებიც სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფში ერთიანდებიან ქალაქის სასიკეთოდ) ცდილობენ არა მარტო გიორლიცის, არამედ მთელი ამ მხარის, ჩვენებურად მუნიციპალიტეტის, გაცოცხლებას.

გიორლიცის ფესტივალი

იმ ათი თვის განმავლობაში, რომელიც გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) და ჩემი ხელმძღვანელის, პროფესორ მათიას ფოგტის ხელშეწყობით გავატარე გიორგლიცში, მე თვითონ შევესწარი ზეიმების, ფესტივალების და სადღესასწაულო ბაზრობების მთელ ციკლს. ცნობილ გერმანულ საშობაო ბაზრობებზე ახლა არ შევჩერდები, მაგრამ რამდენიმე ფესტივალის შესახებ მინდოდა დაინტერესებული მკითხველის ყურადღების მიპყრობა, რადგან ეს ფესტივალები ადგილობრივი კულტურის განვითარების ხედვისა და პოლიტიკის ნაწილია და გარდა ადგილზე კულტურის სერვისების გამრავალფეროვნებისა, ქალაქის განვითარებაში შეაქვს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი და ქალაქს საცხოვრებლად გაცილებით მიმზიდველს ხდის. ეგებ ჩვენს პატარა ქალაქებშიც გამოდგეს ზოგიერთი მიდგომა?

გიორლიცის ფესტივალი

მე თვითონ, თანამოაზრეებთან ერთად, წლების განმავლობაში ვატარებდი მცირე სასოფლო ფესტივალს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში (2009-2015). ყოველწლიურად ფესტივალის თარიღს რამდენიმე თვით ადრე განვსაზღვრავდით ხოლმე, მაგრამ ვერასდროს მთელი წლით ადრე. აქ კი, თუკი ესა თუ ის ზეიმი რაიმე კონკრეტულ თარიღს არ უკავშირდება, ფესტივალების ჩატარების პერიოდი წინასწარ არის განსაზღვრული. მაგალითად ასე: აგვისტოს ბოლო შაბათ-კვირა, ივლისის პირველი პარასკევი და ა.შ. ასე რომ, თარიღის წინასწარ ცოდნას წინ არაფერი უდგას და ეს ინფორმაცია სტუმრების მობილიზებისათვის ძალიანაც მნიშვნელოვანია. ბოლო-ბოლო თადარიგი ხომ უნდა დაიჭირო ადამიანმა?! ამ ერთგვარ კულტურის კალენდარს ამხელა ყურადღებას იმიტომაც ვაქცევ, რომ საქართველოში დღემდე ხშირია შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ამა თუ იმ ფესტივალის თუ ღონისძიების შესახებ ჩატარების შემდეგ ვიგებთ ხოლმე, ოფიციალურ გვერდებზე გამოფენილი სურათებით, სადაც, როგორც წესი, მხოლოდ საჯარო მოხელეები ჩანან და ნაკლებად − მოქალაქეები.

გიორლიცის ფესტივალი

გიორლიცში დიდ-პატარა ფესტივალები მთელი წლის განმავლობაში იმართება, თუმცა ამ მხრივ ზაფხულის სეზონი განსაკუთრებით აქტიურია. ჩემი აქ ყოფნის პერიოდში, გარდა საშობაო ბაზრობისა, რომელიც მთელი თვის (მეტი თუ არა) განმავლობაში მიმდინარეობს და გასტრონომიული კომპონენტი, მუსიკალური პროგრამა და ციგურებზე სრიალის შესაძლებლობა ახლავს თან, განსაკუთრებით აი, ეს ფესტივალები დამამახსოვრდება:

გიორლიცის ფესტივალი

Vhia Thea Görlitz – „ვია თეა“ 1995 წელს დაფუძნდა (მოქმედებს რეგისტრირებული კავშირის ფორმით). ფესტივალი მას მერე ყოველწლიურად ტარდება და ეტაპობრივად კულტურის ქალაქის სტატუსის მქონე გიორლიცის განუყოფელ ნაწილად და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად ჩამოყალიბდა.  მისი დაფუძნება თავის დროზე ქალაქის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის, შტეფან ვალდაუს სახელს უკავშირდება. ფესტივალი რეგისტრირებული კავშირის სახით არსებობს და ძირითადად შემოწირულებებითა და სხვა, მათ შორის საჯარო ფინანსებით ტარდება. მისი მიზანი მრავალფეროვნების, საერთაშორისო კონტექსტისა და ატმოსფეროს, ტურბულენტური დროების, სახლის ძიების და მასთან დაკავშირებული ემოციების, თვითგამოხატვის ფორმების ასახვაა ქუჩის დადგმებში და ვფიქრობ, ამ ამოცანებს შესანიშნავად ართმევს თავს.

გიორლიცის ფესტივალი

მთელი სამი დღის განმავლობაში ქალაქი ჯადოსნურ სცენას ემსგავსება. პროგრამიდან შეიტყობთ, სად, როდის და რა იმართება. ფესტივალში მონაწილეობენ დასები და ჯგუფები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქიდან. პროგრამა მრავალფეროვანია და მსუბუქ, უფრო სანახაობით დადგმებთან ერთად, საკმაოდ ღრმა, სოციალური საკითხების თუ მაგალითად, კოლონიალური ისტორიის ასახვას ცდილობს. თითქოს ქალაქის ყველა კუთხეში სპექტაკლი ან კონცერტი იმართება, ქუჩები სავსეა მაყურებლით, ჯგუფ-ჯგუფად რომ დგანან და ინტერესით მისჩერებიან ქუჩის წარმოდგენებს. მეც ხან ერთ და ხან მეორე დადგმას ვუყურებდი და  ვფიქრობდი, რომ ამ შინაარსის ფესტივალებისთვის ზედგამოჭრილია ჩვენი პატარა ქალაქები. თანაც ამდენი ქვეყნიდან სტუმრის ჩამოყვანა ამ განაპირა ქალაქში ადგილობრივი კულტურის პოლიტიკის დამატებითი მიზანი შეიძლება იყოს. გიორლიცი მართლაც ამაყობს თავისი ფესტივალებითა და ცდილობს, თავისუფალი, ხელსაყრელი გარემო ჩამოაყალიბოს კულტურის ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის, კერძო ინიციატივების განვითარებისთვის.

გიორლიცის ფესტივალი

დიდ-პატარა ფესტივალების დაგვირგვინება „გიორლიცის ძველი ქალაქის ფესტივალია“ (Altstadtfest Görlitz), რომელიც 1993 წელს დაფუძნდა მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის მიერ და მას მერე ყოველწლიურად იმართება აგვისტოს მიწურულს. ამ დღეებში ქალაქის ძველი უბანში იდგმება ატრაქციონები, ეწყობა სცენა, სადაც მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა იმართება, ძირითადად ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.

გიორლიცის ფესტივალი

ამ  და სხვა ფესტივალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ხშირად ე.წ. საზეიმო მსვლელობაა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად –  სტუმარი, მასპინძელი, დიდი, პატარა, საჯარო მოხელე თუ მოქალაქე, ჩაივლის წინასწარ განსაზღვრულ მონაკვეთზე. ხშირია შემთხვევა, როდესაც საზეიმო მსვლელობა პროგრამულად არის გაწერილი და მაყურებელმა იცის, ვინ ვის მერე ჩაივლის და თითოეული ჯგუფი წარადგენს თავის ორგანიზაციას. წელსაც სწორედ საზეიმო მსვლელობით გაიხსნა „გიორლიცის ძველი ქალაქის ფესტივალი“ და უამრავ გახარებულ სტუმარსა თუ მონაწილეს საკარნავალო კოსტიუმში გამოწყობილი ქალაქის მერი მიუძღვებოდა.

გიორლიცის ფესტივალი

ჩემი გიორლიცური წლის განმავლობაში, გარდა ამ რამდენიმედღიანი ფესტივალისა, მოვინახულე სამი ერთდღიანი ფესტივალიც.

ერთი კონკრეტული ქუჩის ზეიმია, სახელად „შენი იაკობშტრაზე ზეიმობს“ და მასზე ადრეც დამიწერია. რაც ნამდვილი სიახლე იყო ჩემთვის, სამხარეო, სილეზიური კერამიკის ბაზრობა და ხელოსნებისა და ხელოსნობის  ფესტივალი გახლდათ. ორივე, ნახევრად ან სრულად კოსტიუმირებულად ჩატარდა ქალაქის დღემდე შემორჩენილ შუასაუკუნეებისდროინდელ ცენტრში. საკარნავალო განწყობამ, ძველ, ტრადიციულ, სახელოსნო სამოსში გამოწყობილმა ხელოსნებმა, ქუჩებში გამოტანილმა დაზგებმა,  საველე სახელოსნოებმა და ნაკეთობებმა, მათ შორის კერამიკის მრავალფეროვანმა არჩევანმა აქაურობას განსაკუთრებული ელფერი შესძინა, თითქოს მართლაც საუკუნეების წინანდელ პატარა, ევროპულ ქალაქში დავაბიჯებდი. უამრავი ფოტო გადავიღე, საღამოს  იდეებიც ჩავინიშნე საქართველოსთვის და ამჯერად თვალწინ სულ სიღნაღი და გორი მედგა − მრავალფეროვანი კულტურულ-ისტორიული რესურსით, რომლებიც არ არის საკმარისად გააზრებული  და ჩართული ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში.

გიორლიცის ფესტივალი

ზემოთაც ვწერდი, ზოგიერთი ფესტივალი ერთდღიანია, ზოგი რამდენიმე დღეს გრძელდება, თუმცა აქ, გიორლიცის მხარეში, არის ფესტივალები, რომლებიც უფრო დიდ პერიოდზეა გაწერილი (მაგალითად, ერთ ან რამდენიმე თვეზე) და ბევრი სხვადასხვა ღონისძიებისგან შედგება. მათ შორის შედარებით ახალგაზრდა, 2019 წელს დაფუძნებული „ლაუზიცის“ ფესტივალია („DAS LAUSITZ“ FESTIVAL), რომელიც თავისი ღონისძიებებით რეგიონს (ისტორიული ლაუზიცი) მოიცავს. ღონისძიებები და მათი ჩატარების ადგილები მრავალფეროვანია –  სოფლები თუ პატარა ქალაქები გერმანიასა და პოლონეთში მასპინძლობენ კლასიკურ მუსიკას, ჯაზსა და თანამედროვე ცეკვას, ლიტერატურულ საღამოებს, ფილოსოფიურ მსჯელობებს, ლექციებსა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს. ფესტივალი ცდილობს, რომ პროგრამა მაქსიმალურად ასახავდეს ადგილობრივ, ლაუზიცურ ისტორიას და სცენად, გარდა ტრადიციული სასცენო შენობებისა, სასახლეებს, პარკებს, ეკლესიებსა თუ ინდუსტრიულ ნაგებობებს იყენებს.

გიორლიცის ფესტივალი

ისევ სიღნაღზე ვფიქრობდი, ამჯერად ქალაქზე კი არა, არამედ მთლიან მუნიციპალიტეტზე; იმ შესანიშნავ შენობებზე, რომლებმაც შეიძლება მსგავს, მთელი მუნიციპალიტეტის მომცველ, ხანგრძლივ დროზე გაწერილ საფესტივალო პროგრამას უმასპინძლოს – სიღნაღის გალავნიდან და ბაზრის შენობიდან დაწყებული, სოფლებში მიმოფანტული სახლ-მუზეუმების, კულტურის სახლების, სკვერების და მაგალითად, ისეთი საინტერესო შენობის ჩართვით, როგორიც ქვემო მაჩხაანის თეატრი ან სოფელ ვაქირის წისქვილია. სიამოვნებით წავიდოდი გამოფენის სანახავად ან ლიტერატურულ საღამოზე სოფლის წისქვილში.

ფესტივალები, რომლებზეც ვერ მოვახერხე დასწრება, სხვადასხვა მიზეზის გამო და ძალიან დამწყდა გული, იყო  „ნაისეს ლიტერატურული დღეები,“ „ლუზიცის მუსიკის ფესტივალი,“ „ნაისეს ფილმების ფესტივალი“ და „გიორლიცის საოჯახო ფესტივალი.“ აქვე უნდა ვთქვა, რომ ოდესღაც ერთიანი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაყოფილი ქალაქი გიორლიც-ზგოჟელეცი ფესტივალების უმრავლესობას ერთად ატარებს და მასპინძლობს.  ქალაქებს ერთმანეთისგან ფიზიკურად მდინარე ნაისე ყოფს, თუმცა ნაისე არის ის მდინარეც, რომელიც, როგორც იდეა, აერთიანებს, ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს მეზობლებს სამი ქვეყნის კუთხეში.