რა ანაზღაურებას ითხოვდა ბორჯომის მერია სამჯერ და რას ითხოვს მეოთხედ – რა წერია დოკუმენტებში

4304

წინა სტატია

ბორჯომის თვითმმართველობაში პოლიტიკური კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება. უკვე მეოთხედ მერიამ საკრებულოს ახალი საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე მიმართა. საკრებულო საკითხზე 9 მარტს ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს, თუმცა, მანამდე, წარმომადგენლობითმა ორგანომ საკითხი სამჯერ ჩააგდო.

რის საფუძველზე ითხოვს მერია ახალი საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებას? 

2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ”, რომელიც ახლებურად არეგულირებს მოხელეების ანაზღაურების საკითხებს. სწორედ ეს კანონი მოითხოვს, რომ  საჯარო უწყებებმა, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა “უზრუნველყონ საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით  გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით დამტკიცება”.

კანონის გარდამავალ დებულებებში, ასევე, მითითებულია, რომ უწყებებმა საშტატო ნუსხები და თანამდებობრივი სარგოები შესაბამისობაში 20 იანვრამდე უნდა მოეყვანათ.

როდის მიმართა პირველად ბორჯომის მერიამ საკრებულოს და რამდენით იყო მომატებული ხელფასები?

პირველად ბორჯომის მერიამ საკრებულოს კანონით დადგენილ ვადამდე 4 დღით ადრე – 2018 წლის 16 იანვარს მიმართა. მერიის მიერ მომზადებული დოკუმენტით ვიგებთ, რომ მერია ითხოვდა შემდეგ თანამდებობრივ სარგოებს: მერი – 3450 ლარი (მანამდე არსებულ ხელფასზე 800 ლარით მეტს), მერის I მოადგილე – 2400 ლარი (მანამდე არსებულ ხელფასზე 400 ლარით მეტს), მერის მოადგილე – 2300 ლარი (მანამდე არსებულ ხელფასზე 300 ლარით მეტს).

რაც შეეხება სხვა საჯარო მოხელეების ხელფასებს: სამსახურის უფროსები – 2000 ლარი (450 ლარით მეტი); განყოფილების უფროსები – 1600 ლარი (350 ლარით მეტი); პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 1100 ლარი (280 ლარით მეტი);  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 980 ლარი (160 ლარით მეტი); მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 870 ლარი (წინა საშტატო ნუსხით ამ რანგის მოხელე გამგეობას არ ჰყავდა); მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 870 ლარი (90 ლარით მეტი). მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში – 1300 ლარი (100 ლარით მეტი. აქამდე არსებული საშტატო განრიგით მერის წარმომადგენლები ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდნენ და ხელფასის სახით 1200 ლარი ჰქონდათ განსაზღვრული).

სულ ბორჯომის მერიის საშტატო ნუსხით 107 შტატი იყო გათვალისწინებული, რომელთა სახელფასო ფონდიც 129 890 ლარს შეადგენდა.

ბორჯომის საკრებულომ უარი თქვა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებაზე და საკითხი ჩააგდო. მან თქვა, რომ ამხელა ხელფასებს მერს და მის მოადგილეებს არ დაუმტკიცებდა.

რა მოითხოვა მეორედ მერიამ?

მეორედ მერიამ საკრებულოს 26 იანვარს მიმართა და ახალი საშტატო ნუსხა წარუდგინა. ამ დოკუმენტით მერიაში 106 თანამშრომელი იყო განსაზღვრული, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურებაც ჯამურად 128 410 ლარი უნდა ყოფილიყო. ანუ 1 თანამშრომლითა და 1 480 ლარით ნაკლები 16 იანვარს წარდგენილ დოკუმენტთან შედარებით.

ამჯერად მერის ხელფასი 2650 ლარს შეადგენდა, ანუ იმდენს, რამდენიც ახალი კანონის ამოქმედებამდე ჰქონდა გამგებელ. რაც შეეხება მოადგილეებს, I მოადგილის ხელფასი კვლავ 2400 ლარით იყო განსაზღვრული, ხოლო მერის მოადგილის – 2300 ლარით, ანუ იმდენივეთი, რაზეც მერიას საკრებულომ ერთხელ უკვე უარი უთხრა.

რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, სამსახურებისა და განყოფილებების უფროსების ანაზღაურება იგივე დარჩა, რაც საკრებულომ მანამდე ჩააგდო, ხოლო უფრო დაბალი რანგის მოხელეებს მცირედით შეეცვალათ.

ბორჯომის საკრებულომ არც ეს დოკუმენტი გაიზიარა და საკითხი კვლავ ჩააგდო.

რას ითხოვდა მერია მესამედ?

9 თებერვალს ბორჯომის მერიამ საკრებულოს ხელახლა მიმართა და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მერის და მისი მოადგილეების ხელფასები იმაზე მეტი იყო დაფიქსირებული, ვიდრე პირველი მიმართვისას. ამ დოკუმენტით მერის ხელფასი 3500 ლარს, მერის პირველი მოადგილის ხელფასი – 2600-ს, ხოლო მოადგილის ხელფასი 2500 ლარს შეადგენდა.

სამსახურის უფროსების, განყოფილების უფროსებისა და სხვა საჯარო მოხელეების სახელფასო ფონდიც თითქმის იგივე იყო.

ჯამში, ამ დოკუმენტით, მერიის 106 თანამშრომლისთვის ყოველთვიურად 129 660 ლარი უნდა დახარჯულიყო. ანუ საკრებულოში პირველად შესულ დოკუმენტთან შედარებით 230 ლარით ნაკლები, ხოლო მეორე დოკუმენტთან შედარებით 1250 ლარით მეტი.

რა დოკუმენტი შევიდა გუშინ საკრებულოში და რას ითხოვს ამჯერად მერია?

დოკუმენტი, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე 9 მარტს უნდა განიხილონ, საკრებულოში გუშინ, 5 მარტს შევიდა. გაირკვა, რომ ამჯერად, წინა დოკუმენტთან შედარებით, შტატები 13-ით, ანუ 106-დან 93-მდე, ხოლო ყოველთვიური სახელფასო ფონდი 12 310 ლარით, ანუ 129 660ლარიდან 117 350 ლარამდე არის შემცირებული.

შემცირებულია მერის ანაზღაურება და ის 2650 ლარს შეადგენს, ანუ იმდენს, რამდენიც ახალი კანონის ამოქმედებამდე ჰქონდა გამგებელს. რაც შეეხება მოადგილეებს, I მოადგილის ხელფასი 2600 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო მერის მოადგილის – 2500 ლარით, ანუ იმდენივეთი, რამდენიც მერიამ საკრებულოსთვის მესამედ მიმართვისას მოითხოვა და რაზეც საკრებულომ უარი უკვე უთხრა.

რაც შეეხება საკრებულოს წევრთა და საჯარო მოხელეთა ანაზღაურებას, საკრებულომ მათი საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები 18 იანვარს განსაზღვრა (იხილეთ ანალიზი). შესაბამისად, საკრებულოში დასაქმებულებს ხელფასის მიღების პრობლემა არ უდგათ.

როგორ განვითარდება მოვლენები, დაამტკიცებს თუ არა საკრებულო ამჯერად მაინც მერიის ახალ საშტატო ნუსხასა და სარგოებს და განიმუხტება თუ არა პოლიტიკური კრიზისი, ამას 9 მარტს დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე შევიტყობთ. ჯერჯერობით, რაც კრიზისმა მოიტანა, სამი თვის განმავლობაში უხელფასოდ დარჩენილი საჯარო მოხელეები და ადგილობრივი თვითმმართველობის დისკრედიტებული ორგანოებია, რომლებისთვისაც, სამწუხაროდ, პოლიტიკური, ვიწროპარტიული იწილობიწილო თვითმმართველობის არსზე მაღლა დგას.