145 წლის წინ ტფილისელებმა აირჩიეს ქალაქის თავი – კაცი, რომელსაც ქალაქი “დახლართული მდგომარეობიდამ” უნდა გამოეყვანა

8226

209 წლის წინ, 1811 წელს, ძველი სტილით 14 აპრილს და ახლით – 26 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში დაიბადა ადამიანი, რომელმაც დიდი, ნათელი კვალი დაამჩნია თბილისისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებას. იყო თბილისის არჩეული ქალაქის თავი, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების თავადაზნაურობის წინამძღოლი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დამფუძნებელი, ქართული დრამატული საზოგადოების დამფუძნებელი, კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი – აპრილში საქართველოში დიმიტრი ყიფიანი დაიბადა…

ქალაქის თავი, რომლის არჩევასაც ქალაქი ოვაციებით შეხვდა

“არასოდეს არ ღირსებია ქალაქის გამგეობის ზალას იმდენი ხალხის ერთად ხილვა, რამდენსაც წასულს კვირას ეღირსა, როცა ქალაქის თავის არჩევანი იყო დანიშნული. 72 დეპუტატში 64 დაესწრო; ამდენივე, თუ მეტი არა, გარეშე პირებიც იქნებოდნენ. გუნდ-გუნდად შეყრილიყვნენ ქალაქის დეპუტატები და გარეშე მაყურებლები და გაცხარებით სჯიდნენ: თუ ვინ და როგორ იქნება არჩეულიო“, – ასე აღწერა გაზეთმა “დროებამ” 1975 წლის 14 დეკემბერს ქალაქის თავის არჩევნებზე ქალაქის სათათბიროში არსებული ვითარება.

ამ დღეს ტფილისქალაქის ხმოსნებმა ქალაქის თავად დიმიტრი ყიფიანი ამოირჩიეს.

“სხდომაზე დამსწრე საზოგადოებამ დიდის თანაგრძნობით, აღტაცებითა და ტაშის კვრით მიიღო ეს ამორჩევა. ამ აღტაცებაში გამოიხატა მთელი ქალაქის სიამოვნება და იმედი, რომ ახლად ამორჩეული თავი, თავის ენერგიით, ჭკუით, კანონიერს და მტკიცე გზაზე დადგომით დაამტკიცებს, რომ იმის ამორჩევაში ჩვენი ქალაქის გამგეობა არ შემცდარა, რომ ის ღირსეულად, პატიოსნად შეასრულებს თავის მძიმე მოვალეობას”, – წერდა “დროება”.

თუმცა, მის არჩევას პოლიტიკური ვნებათაღელვაც უსწრებდა წინ. ზოგნი ამბობდნენ, რომ ყიფიანის ქალაქის თავობა “უმაღლეს მთავრობას”, ანუ ცენტრალურ ხელისუფლებას არ მოეწონებაო. ამ არგუმენტზე “დროება”, არჩევნებამდე 1 კვირით ადრე, სამართლიანად წერდა:

“უმაღლესი მთავრობა სრულობით არ ერევა კანონის ძალით ქალაქის ხმოსანებისა და თავის ამორჩევაში, რადგან ქალაქებს თვითმმართველობა აქვთ მინიჭებული. ან კიდეც რომ გაერიოს, რად ეწყინება დიმიტრი ყიფიანის არჩევა? ! განა მთავრობისათვის ის უფრო კარგი არ არის, რომ კეთილ-გონიერ და საქმის მცოდნე კაცთან ექნება საქმე?”

კიდევ ერთი, რასაც ყიფიანის “გასაშავებლად” ქალაქის ხმოსნების ნაწილი ამბობდა, თურმე, ის იყო, რომ ღარიბი იყო, ვალები ჰქონდა და, თუ ქალაქის თავად აირჩევდნენ, მას უმალვე ვექსილებს წარუდგენდნენ. იმასაც ამბობდნენ, ყიფიანი დაბერდა და ისეთი გონება და ენერგია, რაც ადრე ჰქონდა, აღარა აქვსო.

“მართალია, დიმიტრი ყიფიანი მდიდარი კაცი არ არის; და არ არის მდიდარი იმიტომ, რომ  ის სხვებსავით თავის სინდისსა და პატიოსნებას არ ჰყიდდა. იმან არ მოინდომა უკანონოთ, სხვების დაჩაგვრითა და ცარცვით გამდიდრებულიყო. ამ ნივთიერ სიმდიდრის ნაცვლად, იმან დაიმსახურა სახელი პატიოსანი და უანგარო კაცისა. და ეს ხშირად მილიონებს სჯობია”, – წერდა “დროება” მათ საპასუხოდ და დასძენდა: “ბედნიერი ჰაზრი მოსვლია, ვინც ეს კანდიდატი დაასახელა პირველად. ამაზე უკეთეს ქალაქის თავს ახლა ჩვენ ვერ მოვძებნით. დ.ი. ყიფიანს აქვს ყველა ის თვისებანი, რაც ამ საპატიო და მძიმე თანამდებობისთვის საჭიროა. იმის წარსულმა ცხოვრებამ და საზოგადო მოქმედებამ მთელი საქართველო დაარწმუნა, რომ ის არის კაცი პატიოსანი, ენერგიული, საქმის მცოდნე, მოუსყიდველი და უანგარო…”

არჩევნები ქალაქის გამგეობაში ზუსტად 145 წლის წინ – 1875 წლის 14 დეკემბერს გაიმართა. თავდაპირველად, ქალაქის თავობა 9 კაცს სურვებია, მაგრამ არჩევნების დღეს შვიდს თავისი კანდიდატურა მოუხსნია და ხმოსნებს არჩევანი დიმიტრი ყიფიანსა და იერემია არწრუნს შორის გაუკეთებიათ.

ყიფიანის კანდიდატურა ქალაქის თავის თანამდებობაზე ხმოსანმა, ექიმმა ამიროვმა წამოაყენა და განაცხადა: “თვრამეტი წელიწადია, ვიცნობ მე დიმიტრი ყიფიანს. ქალაქის გამგეობის დაარსებიდამვე მუდამ ინტერესით ვადავნებდი ამ საქმეებს თვალ-ყურს, და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჩვენი საქმეების მოსათავსებელად, დახლართული მდგომარეობიდამ გამოსაყვანათ, ვერავინ ვერ მოუტანს ქალაქს ისეთს სარგებლობას, როგორც დიმიტრი ყიფიანი”.

კენჭისყრის დროს ყიფიანმა 36 ხმა მიიღო, 28 კი წინააღმდეგ წასულა; მისმა მოწინააღმდეგემ, იერემია არწრუნმა კი 34 მომხრე და 29 მოწინააღმდეგე დააგროვა. საინტერესო ფაქტია ის, რომ იერემია არწრუმის შვილი გრიგოლი ქალაქის სათათბიროს წევრი იყო, მაგრამ მან ხმა დიმიტრი ყიფიანს მისცა.

როგორი იყო თვითმმართველობა ყიფიანის ქალაქის თავად არჩევისას?

დიმიტრი ყიფიანის ქალაქის თავად არჩევამდე რამდენიმე წლით ადრე რუსეთის იმპერიაში თვითმმართველობის რეფორმის აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში. ამ დროისთვის ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი თვითმმართველობის სიკეთეებს იყო ნაზიარები, ქალაქების უმრავლესობა უკვე თვითმმართველობის პრინციპებზე იყო მოწყობილი, რუსეთის იმპერიაში კი ჯერ კიდევ აბსოლუტური მონარქია სუფევდა. ეს კი რუსეთის ბურჟუაზიულ წრეებში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. ამ უკმაყოფილების დროებით განეიტრალება მეფის რუსეთმა საგლეხო, საერობო და სასამართლო რეფორმებით მოახერხა, თუმცა, თითქმის ათწლიანი გაჭიანურების შემდეგ, 1870 წელს, ალექსანდრე მეორეს საქალაქო რეფორმის გატარება მაინც მოუწია. სწორედ ამ რეფორმით თბილისს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

ცხადია, ეს არ იყო სრულფასოვანი ევროპული თვითმმართველობა, მაგრამ ახალი საქალაქო რეფორმა არჩევით პრინციპებს ემყარებოდა და ეს უკვე წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნიეს. სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ მაშინ მიეცა ქალაქებს საბიუჯეტო უფლებები, ხოლო იქ არსებული უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც მანამდე სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული, ქალაქის საკუთრებად გამოცხადდა. ჯამში, თვითმმართველობას ევალებოდა ქალაქის კომუნალურ მეურნეობაზე ზრუნვა, იქნებოდა ეს წყალმომარაგება, ქუჩებისა და მოედნების მოკირწყვლა, განათება, ტრანსპორტით უზრუნველყოფა თუ სანიტარული დასუფთავება; მის უფლებამოსილებაში იყო, ასევე, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის საკითხების გადაწყვეტა.

შეიცვალა არჩევნებში მონაწილეობის საკითხიც და, თუ მანამდე ეს უფლება მოქალაქეს მხოლოდ წოდებრივი ცენზით ენიჭებოდა, 1870 წლიდან საარჩევნო უფლება ეკონომიკური მდგომარეობით გახდა შესაძლებელი. ანუ, თუ ადამიანი იყო 25 წელს ზემოთ, ქალაქში ფლობდა უძრავ ქონებას და იხდიდა გადასახადებს, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა. ქონებრივი ცენზის გათვალისწინებით, თბილისში ხმის უფლება 4494 ადამიანმა მიიღო.

საქალაქო თვითმმართველობის განმახორციელებელი უმაღლესი ორგანო სათათბირო იყო. მის კომპეტენციაში შედიოდა ქალაქის თავისა და გამგეობის წევრთა არჩევა, საქალაქო საკითხების განხილვა, ბიუჯეტის დამტკიცება, ქალაქისათვის კრედიტის აღება და სხვა. სათათბირო ირჩევდა აღმასრულებელი ფუნქციებით აღჭურვილ, თავის წინაშე ანგარიშვალდებულ ქალაქის თავსა და გამგეობას. გამგეობაში სამი წევრი შედიოდა და მას ქალაქის თავი ხელმძღვანელობდა. სათათბიროს ხმოსნები, ქალაქის თავი და გამგეობის წევრები 4 წლის ვადით ირჩეოდნენ.

სწორედ ამ საქალაქო თვითმმართველობის რეფორმის პირველი ტალღისას გახდა დიმიტრი ყიფიანი თბილისის არჩეული ქალაქის თავი.

რეფორმები, რომელიც ქალაქს ძალიან სჭირდებოდა

ერთ-ერთი პირველი, რაც დიმიტრი ყიფიანმა ქალაქის თავად არჩევისთანავე გააკეთა, იყო ის, რომ ქალაქს უფლებამოსილება გაუზარდა – თუ მანამდე მშენებლობის განყოფილება გუბერნიის მმართველობის სფეროში შედიოდა, ის ქალაქის გამგეობას დაუქვემდებარა. ამის გამო იყო, რომ თბილისში მშენებლობის ტემპები, ბიუჯეტის სიმცირის მიუხედავად, გაიზარდა.

ყიფიანი ყურადღების გარეშე არ ტოვებდა ქალაქის მეურნეობის არცერთ სფეროს და შემოიღო სწორი ადმინისტრაციულ-სამეურნეო სისტემა. გააუქმა საქალაქო მმართველობისთვის დამახასიათებელი, მოძველებული ნორმები და თვითმმართველობისთვის შესაფერისი ნორმების დამკვიდრება დაიწყო.

მისი ხელმძღვანელობით თბილისში მოსახლეობის ხელახალი აღწერა ჩატარდა. გამოირკვა, რომ იმ დროისთვის დედაქალაქში 91.668 ადამიანი ცხოვრობდა.

იმ პერიოდში ქალაქს ერთ-ერთ მძიმე ტვირთად სამხედრო პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა იყო ქცეული. ეს სწორედ ის დროა, როცა რუსეთ-თურქეთის ომი მძვინვარებდა და ეკონომიკურად ისედაც ხელმოკლე თბილისს სამხედროთათვის საცხოვრისის გამონახვა დიდ თანხებს ართმევდა. აკი მოგვიანებით ნიკო ნიკოლაძე წერდა კიდეც: “1875 წელს ამ ხარჯებმა შთანთქა ქალაქის ფინანსების 72%, ქალაქის უშუალო საჭიროებისათვის დარჩა 28%. ამდენად თვითმმართველობის ბიუჯეტისა და მოღვაწეთა შრომის ორი მესამედი მიდის არა ქალაქის კეთილმოწყობაზე, არამედ იხარჯება ადმინისტრაციის საჭიროებისათვის”.

ცხადია, ამ საკითხის შეცვლა მხოლოდ ადგილობრივ თვითმმართველობას არ შეეძლო, თუმცა, დიმიტრი ყიფიანმა მოახერხა და ნაწილობრივ გადაწყდა საკითხი, რომ ქალაქს შემსუბუქებოდა დაკისრებული ვალდებულება სამხედრო პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

დიმიტრი ყიფიანი დედაქალაქს 1879 წლამდე ხელმძღვანელობდა. 1879 წელს კი ქალაქის თავად ალექსანდრე მატინოვი აირჩიეს.

გადასახლებიდან გადასახლებამდე

როგორც აკაკი წერდა, დიმიტრი ყიფიანმა “ცხოვრების პირველი ბიჯი ციმბირისკენ გადადგა” – 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ის ვოლოგდაში გადაასახლეს.

გადასახლებამდე, სასულიერო სემინარიისა და კეთილშობილთა სასწავლებლის დასრულებისთანავე, დიმიტრი ერთხანს თარჯიმნად მუშაობდა, შემდეგ კი, სრულიად ახალგაზრდამ საკუთარ სასწავლებელშივე დაიწყო მუშაობა – 17 წლისა ოთხ სა­განს – არით­მე­ტი­კას, გე­ოგ­რა­ფი­ას, ქარ­თულ და რუ­სულ ენებს – ას­წავ­ლი­და.

1832 წლის შეთ­ქ­მუ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის გა­დაა­სახ­ლებულ ყი­ფი­ა­ნს 5 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნების ნება მისცეს – ის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 1837 წელს დაბ­რუნ­და…

ამ ხუთმა წელმა დიმიტრი ვერ გატეხა, უფრო კი პირიქით, მეტი შემართებით შეუდგა საქმეს. 1840-იანი წლებიდან არ ყოფილა საქმე, რომლის ინიციატორთა და იდეის ავტორთა შორის დიმიტრი ყიფიანი არ ყოფილიყო. მისი შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბით და­არ­ს­და პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლი “ცის­კა­რი” და თავადაც აქტიურად თანამშრომლობდა მასთან.  სწორედ აქ დაიბეჭდა ჟანლისის, ოქტავ ფელიეს, მოლიერის, შექსპირის, ბომარშესა და სხვების თხზულებათა ყიფიანისეული თარგმანები. მისი ფსევდონიმები იყო “ბაქარ ქართლელი”, “თეიმურაზი”, “თეიმურაზ ვაკელი”, “მყვირალა (ქართლელი)“ და სხვა.

სწორედ დიმიტრი ყიფიანმა ჩაუყარა საფუძველი თბილისში პირველი წიგნსაცავის დაარსებას, როცა 1840 წელს შეადგინა და მთავარმმართებელს დასამტკიცებლად წარუდგინა “ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის წესდება”.

იგი გახ­ლ­დათ კავ­კა­სი­ის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი. აქტიურად მონაწილეობდა საგლეხო რეფორმის პროექტის შედგენაში; 1864-1870 წლებში იყო თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 წლებში – ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. სათავეში ედგა ქართველი თავადაზნაურობის ლიბერალურ ფრთას და ჩამოაყალიბა “ეროვნული ხსნის პროგრამა”.

სწორედ ყიფიანის სახელს უკავშირდება ქართული დრა­მა­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაფუძ­ნე­ბა 1880 წელს, რომლის გამ­გე­ო­ბის წევ­რი თავადაც გახ­ლ­დათ. შემდგომშიც, ათწლეულების განმავლობაში, ვიდრე გასაბჭოებამდე, სწორედ ეს საზოგადოება ზრუნავდა ქართული თეატრის განვითარებაზე.

ყიფიანის გარეშე არ ჩაუვლია ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩამოყალიბებასაც. სწორედ დიმიტრი აირჩიეს ამ საზოგადოების პირ­ველ თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­დაც. 1882 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა „ახალი ქართული გრამატიკა“, რომლის გამოცემას, ქართული ენისა და ქართული სკოლების დევნის პერიოდში, არა მარტო პრაქტიკულ-პედაგოგიური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა.

მას­ვე ეკუთ­ვ­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ად­გილ­მა­მუ­ლო ბან­კის და­არ­სე­ბის იდეა. ბანკის დაარსების იდეა ჯერ კიდევ საგლეხო რეფორმის პერიოდში დაებადა. ბევრიც იშრომა, ბან­კის წეს­დე­ბის ხუ­თი პრო­ექ­ტიც შე­ად­გი­ნა, მაგრამ ხელისუფლების წინააღმდეგობა ვერ დაძლია; მი­სი დაწყე­ბუ­ლი საქ­მე კი სა­ბო­ლო­ოდ, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ მი­იყ­ვა­ნა ბო­ლომ­დე…

აკი წერდა კიდეც ვალერიან გუნია: 30 წლის განმავლობაში “არ მოუსვენია არც ერთი დღე, არც ერთი საათი, მაგარი და მტკიცე სულით იგი მხნედ ასრულებდა თავის მოვალეობას, მაგრამ ისე კი არა, როგორც ჩინოვნიკი, არამედ როგორც პატიოსანი კაცი და დაუცხრომელი მოღვაწე”.

თუმცა, დადგა საბედისწერო 1886 წელი და ის კვლავ გადაასახლეს – ამჯერად სტავროპოლში.

“პატიმრობით დავიწყე ცხოვრება და პატიმრობით ვათავებ” – დიმიტრი ყიფიანის მკვლელობა

ასეთი განაჩენი მოხუც დიმიტრი ყიფიანს იმპერატორმა ეგზარქოს პავლესთვის მიწერილი საპროტესტო წერილის გამო გამოუტანა.

1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის, ჩუდეცკის მკვლელობის გამო, საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ სტუდენტი იოსებ ლაღიაშვილი და ქართველი ერი დასწყევლა. “დაიწყევლოს სამუდამოდ შენი მკლავიცა და ის ოჯახიცა, რომელმაც შობა იგი, რომელმაც დაბადა ის, ქვეყანა, რომელმაც გამოზარდა მკვლელი”.

ყიფიანმა ეგზარქოსს საპროტესტო წერილი გაუგზავნა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა და რაღა თქმა უნდა, ეს მას არ აპატიეს. იმპერატორმა ბრძნება გამოსცა: “ნამდვილი სტატსკი სოვეტნიკი“ ყიფიანი დათხოვნილ იქნეს ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლის თანამდებობიდან და საცხოვრებელ ადგილად მას დაენიშნოს ქ. კავკასიის სტავროპოლი”.

„უკეთეს ჯილდოს ვერც კი მოვიფიქრებდი! ერთი საუკუნეა, რაც ქართველები ცუდ კაცობისთვის იგზავნებიან ციმბირში და ჯერ იდეურად არავინ დასჯილა და დეე პირველი მერცხალი მე ვიყო!“ – ასე შეხვდა განაჩენს მოხუცი ყიფიანი.

1887 წლის 29 ოქტომბერს ავი ამბავი გავრცელდა თბილისში – 24 ოქტომბერს დიმიტრი ყიფიანი მოუკლავთ სტავროპოლში. “იგი მოჰკლეს მძინარე. თავში ჩაურტყიათ რაღაცა მძიმე და მრგვალი საგანი, რადგანაც თავისა და პირისახის ნახევარ მხარეზე ძვლები სულ დამსხვრეული აქვს”, – იუწყებოდა გაზეთი “ივერია”.

რაღა თქმა უნდა, არავინ დაიჯერა ოფიციოზის ვერსია, რომ დიმიტრი გაძარცვის მიზნით მოუკლავთ. იმთავითვე ცხადი გახდა, რომ ის მთავარმართებლის მამხილებელი წერილის გამო მოკლეს – არ გამართლდა შინაგან საქმეთა მინისტრის იმედი, რომ დიმიტრი ყიფიანი გადასახლებაში მაინც “მოკლებული იქნებოდა საშუალებას, განეგრძო თავისი მავნე მოღვაწეობა”. “ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს… იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს”, – წერდა აკაკი წერეთელი, რომელმაც ყიფიანს მეორე დიმიტრი თავდადებული უწოდა.

8 ნოემბერს ზღვა ხალხმა მოიყარა დიმიტრი ყიფიანის გასვენებაზე თავი. მისი დაკრძალვა მთავრობის წინააღმდეგ უზარმაზარ დემონსტრაციად იქცა. ცხედარი გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტით პასკევიჩ–ერევანსკის (თავისუფლების) მოედნამდე უნდა გაეტარებინათ, უნდა აეხვიათ სოლოლაკის ქუჩაზე და პეტრე დიდის ქუჩით უნდა ასულიყვნენ მთაწმინდაზე, სადაც დიმიტრი ყიფიანი უნდა დაეკრძალათ. იმდროინდელ ხელისუფლებას არ სურდა ცხედრის ცენტრალურ ქუჩაზე გატარება, ამიტომაც გაიცა ბრძანება, ალექსანდრე ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩით წაეყვანათ მთაწმინდისაკენ, მაგრამ ამან საზოგადოების იმგვარი პროტესტი გამოიწვია, რომ ხელისუფლებაც იძულებული გახდა, უკან დაეხია.

მამადავითზე დაკრძალეს დიმიტრი…

10 წლის შემდეგ, როცა ყიფიანის საფლავზე მისი ძეგლი კვლავ უამრავი ხალხის თანდასწრებით დადგეს, “ივერია” წერდა:

“დიაღ, ბატონებო, იგი აღარ არის… მოკვდა! გარდაიცვალა და არ გარდაიცვლებიან მხოლოდ მისი სამსახური, მისნი ღვაწლნი, მისნი საქმენი… ამისთანა იშვიათს კაცებზეა ნათქვამი: მოკვდა და თვისის ანდერძით, აწ ისევ ჰსაქმობს მკვდარიო…”