რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლვაშვილის გადაწყვეტილებით, მარნეულის მერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თემურ აბაზოვის ადვოკატებმა 10 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ მათი არგუმენტები არ გაიზიარა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 აგვისტოს 13:00 საათზე ჩაინიშნა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
პროკურორები აცხადებდნენ, რომ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს საქართველოდან წასვლას აპირებდა.
მათი თქმით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას იმის გამო ითხოვს, რადგან არსებობს საფრთხე, აბაზოვი გამოძიწებას მიემალოს.
პროკურორმა მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შემთხვევაში, თემურ აბაზოვი მერის თანამდებობას მოწმეებზე ზეწოლას შეეცდება. მისივე თქმით, აბაზოვი სოციალური ქსელებიდან სკანდალური ვიდეოჩანაწრების წაშლასაც შეეცადა, რათა გამოძიებას ხელი შეშლოდა.
საქმის პროკურორმა ასევე თქვა, რომ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს სახეში დაარტყა და შეაფურთხა, შემდეგ კი სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვით ბოდიშის მოხდა აიძულა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკანა ტანში ბოთლის მეშვეობით სექსუალური ძალადობით დაემუქრა. პროკურორის მტკიცებით, ჭიქაში მოშარდვაც და ფეკალური მასალით სახის დაბანა დაზარალებულს აბაზოვმა მოსთხოვა.
ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ იზიარებდნენ და თემურ აბაზოვის 10 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვდნენ. სხდომას ბრალდებული თემურ აბაზოვიც ესწრებოდა. ის ბრალს არ აღიარებს. აბაზოვმა ასევე განაცხადა, რომ გამოძიებისთვის ხელის შეშლას არ აპირებდა და მაქსიმალურად შეეცდებოდა საქმის საბოლოოდ გარკვევას.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახული დანაშაულის გამო, პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი გუშინ დააკავა. ამავე ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა ასევე დაწყებულია პარლამენტის წევრის “ნაციონალური მოძრაობიდან”, აზერ სულეიამანოვის, მარნეულის საკრებულოს წევრის “ქართული ოცნებიდან”, რამინ ალახვერდიევისა და მარნეულის მერის ნათესავის წინააღმდეგ.