სოფელი ნუკრიანი – ანდრონიკაანთ უბნის ამბები

3404

ავტორი: თამარ სიხარულიძე, სათემო განვითარების ცენტრი

2005 წელს დაფუძნებული სათემო კავშირი “ნუკრიანი”, “სათემო განვითარების ცენტრთან” თანამშრომლობით, უკვე რამდენიმე თვეა, სოფელ ნუკრიანის ერთ ძველ უბანს იკვლევს: ადამიანების, სახლების ისტორიას და დღევანდელობას, განაშენიანების სტრუქტურას, არქიტექტურულ თავისებურებებს. პროექტი – “ანდრონიკაანთ უბანი – სამეზობლო ინიციატივის განვითარების მხარდაჭერა სოფელ ნუკრიანში” – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და მას მაია ბიძინაშვილი და ანა მარგველაშვილი წარმართავენ.

უბნის მეხსიერების კვლევითი მეთოდოლოგია ეყრდნობა “სათემო განვითარების ცენტრის” პროექტის – “ჩემი ქუჩა, ჩვენი უბანი – მაწანწრის უბნის ამბები” – გამოცდილებას, რომელიც 2020-2022 წლებში ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა თელავის ერთ ისტორიულ უბანში, მაწანწარზე (შედეგად გამოიცა წიგნი “ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი, მაწანწრის უბნის ამბები”. ავტორები: ანა მარგველაშვილი, თენგიზ სიმაშვილი, თამარ სიხარულიძე).

“ანდრონიკაანთ უბანში”, კვლევითი კომპონენტის პრალელურად, სათემო კავშირის – “ნუკრიანის”, მაია ბიძინაშვილის ჩართულობითა და ინიციატივით, ტარდება საუბნო კრებები, მსჯელობები უბნის დღევანდელობასა და მომავალზე. სამეზობლო ერთობლივად ცდილობს უბნის განვითარების გზებზე ფიქრს და თან საინტერესო მომხსენებლებსაც ხვდება ხოლმე. უბნის ფოტო-დოკუმენტაციის შექმნაზე კი ახალგაზრდა ფოტოგრაფმა, ანა ფატლაძემ იმუშავა. მასვე ეკუთვნის ბლოგში გამოყენებული ფოტოებიც.

უბნის ისტორიის კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა, ამ ეტაპზე უკვე გამოიკვეთა ძირითადი ისტორიული ხაზი, რომელსაც სიამოვნებით ვუზიარებთ დაინტერესებულ მკითხველს და მალე მცირე ბროშურის სახითაც შევთავაზებთ:

ისტორიული სოფელი ნუკრიანი სიღნაღის სამხრეთით, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს. მას გაივლის სიღნაღი-თბილისის საავტომობილო გზა, რამაც განსაზღვრა კიდეც მისი განაშენიანების ხასიათი: მთელი სოფელი გზის ორსავე მხარეს, გრძივად ვითარდება. საისტორიო წყაროებში იგი, ძირითადად, XVIII საუკუნიდან მოიხსენიება; ცალკე სოფლად გვხვდება “ქართლ-კახეთის აღწერაში”. ტოპონიმის განხილვისას ორ მოსაზრებას განიხილავენ: ერთნი მიიჩნევენ, რომ ნუკრიანს ფუძედ ცხოველის სახელი (შვლის ნუკრი) უნდა დასდებოდა, მეორე შემთხვევაში კი საკუთარ სახელს (ნუკრი) უკავშირებენ.

XIX საუკუნის I ნახევრში უნდა დაწყებულიყო ნუკრიანის “გაქალაქება” და მისი სიღნაღის გარეუბნად ქცევა, რა სტატუსითაც 1920-იან წლებამდე იარსება.

ანდრონიკაანთ უბანი ნუკრიანის ერთ-ერთი ძველი ნაწილია, იგი წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარედ შემავალი გზით იწყება და განაშენიანებით – დღემდე შემორჩენილი განსხვავებული არქიტექტურის მქონე საცხოვრისებით იმთავითვე იქცევს მნახველის ყურადღებას. ქუჩიდან სიღნაღზე საუცხოო ხედი იშლება, საიდანაც ჩადიოდა მასთან დამაკავშირებელი მოკლე გზაც.

დასახლებას ანდრონიკაანთ უბანი პირობითად აქ მცხოვრები ანდრონიკაშვილების გამო ეწოდება. ისტორიულად ანდრონიკაშვილებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ ქიზიყის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. მათ, სამეფო კარის ერთგულებისთვის, XVI საუკუნიდან, ქიზიყის მოურავობა ებოძათ; 1886 წელს სიღნაღის მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა სიმონ თომას ძე ანდრონიკაშვილი (1823-1902). უცნობია, როდიდან დასახლდა სიმონ ანდრონიკაშვილის ოჯახი ნუკრიანში, თუმცა, საარქივო მონაცემებსა და საუბნო მეხსიერებაზე დაყრდნობით, XIX საუკუნის 80-იანი წლებში ოჯახი უკვე აქ სახლობდა. მაშინ აქაურობა სიღნაღის გარეუბანს ეკუთვნოდა.

ანდრონიკაშვილის ოჯახი სიღნაღის კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებაში აქტიურად მონაწილებოდა; უფროსი ქალიშვილის, ნინოს შესახებ 1890 წლის გაზეთი “ივერია” წერდა: “ვინც ქართულის წარმოდგენების გამართვას თვალყურს ადევნებს სიღნაღში, შეამჩნევდა, რომ მთელ ჩვენ საზოგადოებაში მარტო ერთადერთი ადამიანია, რომელიც ამ საქმისთვის არავითარ შრომას არა ჰზოგავს. ეს ადამიანი გახლავთ კნ. ნინო სიმონის ასული ანდრონიკაშვილი. იმისი თაოსნობით იმართება ქართული წარმოდგენა “წერა–კითხვის გამავრცელებელ” საზოგადოების სასარგებლოდ”…

სიმონ ანდრონიკაშვილის ვაჟმა, ალექსანდრემ (1871-1923), გამორჩეული კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში: იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი, აგრეთვე, იუნკერთა ქართული სამხედრო სკოლის მასწავლებელი და შემდგომში ხელმძღვანელი. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სათავეში ედგა თბილისის დასაცავად კოჯორ-ტაბახმელის მონაკვეთს. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გენერალი ანდრონიკაშვილი საქართველოში დარჩა და ჩაერთო დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი კომიტეტის საქმიანობაში, რომელიც საყოველთაო-სახალხო ეროვნულ ამბოხებას ამზადებდა. ამბოხება გასცეს. საბჭოთა რეჟიმმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილი თანამოაზრეებთან ერთად დააპატიმრა და 1923 წლის 21 მაისს თბილისში, ახლანდელი ვაკის პარკის მიმდებარედ, დახვრიტა კოტე აფხაზსა და სხვა თანამებრძოლებთან ერთად.

ანდრონიკაანთ უბნის მიმდებარედ, წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში არსებულ სასაფლაოზე, ანდრონკაშვილების ოჯახის ახალგაზრდა წევრის, კატერინა სტრელბიცკაიას (1893-1911) საფლავია, რომელსაც სხვათაგან განსახვავებული მარმარილოს მონუმენტი ამშვენებს. იგი ბარბარე ანდრონიკაშვილის ქალიშვილი იყო. ბარბარე ანდრონიკაშვილი, დასთან, ნინოსთან ერთად, პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, მისთხოვდა კავკასიის სამეფისნაცვლო სამმართველოს სამხედრო ადმინისტრაციის მოხელეს, გვარად სტრელბიცკის. მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელიც სრულიად ახალგაზრდა ჭლექით დაავადდა. მართალია, მამამ სამკურნალოდ იტალიაში წაიყვანა, მაგრამ ვერ განიკურნა. დედის უკანასკნელი სურვილით, იგი საქართველოში გადმოასვენეს და სწორედ ნუკრიანის წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. უბნის მცხოვრებლებს ანდრონიკაშვილთა ხსოვნის სიმბოლოდ, ქუჩის ძველებური არქიტექტურის გარდა, საფლავის ქვის მარმარილოს ქანდაკებაც მიაჩნიათ – ეს მათთვის განსაკუთრებული სახსოვარია.

ამავე უბანში ცხოვრობდა აფთიაქარი, ქველმოქმედი ლუკა ზაქარიას ძე  მოსულიშვილი (1836-1907). მან პირველმა დააარსა კახეთში კერძო სააფთიაქო ქსელი. სიღნაღის ცნობილმა, ე.წ. “მოსულიშვილის აფთიაქმა” 1921 წლამდე, საბჭოთა ოკუპაციამდე იარსება. ნუკრიანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ლუკა მოსულიშვილის შვილები და როდესაც 1914 წელს, ქართველთა შორის  წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნუკრიანში უფასო ბიბლიოთეკა გახსნა, მისი მართვაც ლუკას ერთ-ერთი ვაჟისთვის, კონსტანტინესთვის მიუნდვიათ. მეორე ვაჟი, ზაქარია, ამავე საზოგადოების სიღნაღის განყოფილების დამფუძნებელი წევრი იყო. მან მამის გარდაცვალების შემდეგ აფთიაქის ხელმძღვანელობა  ჩაიბარა. თავად აფთიაქარი ლუკა მოსულიშვილი ყაჩაღებმა 1907 წელს, ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს და მოკლეს. სოფელში დღემდე ახსოვთ კონსტანტინეს მეუღლე, ლოლე მოსულიშილი, რომელიც “ანდრონიკაანთ სკოლის” ღვაწლმოსილი პედაგოგი იყო. მოსულიშვილების დღემდე შემორჩენილი სახლის ნაწილში, რომელიც 1970-იან წლებში ხმალაძის ოჯახმა შეიძინა, დღეს მცირე საოჯახო სასტუმროა გამართული. სოფელში დღესაც ცხოვრობენ ლუკა მოსულიშვილის შთამომავლები.

უბანში ერთ-ერთი გამორჩეული სახლი დურმიშხან ნადირაშვილს ეკუთვნის, რომელიც მისმა წინაპარმა, გიორგი დავითის ძე ნადირაშვილმა 1919 წელს შეიძინა მარიამ ივანეს ას. ანდრონიკაშვილისგან. მარიამი, სავარაუდოდ, გენერალ ალექსანდრე ანდრონიკაშვილის მეუღლე უნდა ყოფილიყო. გიორგი ნადირაშვილი შეძლებული გლეხი იყო, რომელსაც 1920-იან წლებში ეკონომიკური სახის რეპრესია შეეხო, კერძოდ, მეურნეობაში დაქირავებული დამხმარის ყოლის მიზეზით ჩამოერთვა საარჩევნო ხმა. 1919 წლის სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება – ისტორიული საბუთი და ოჯახის მეხსიერების წყარო დღემდე ინახება ოჯახში.

ანდრონიკაანთ უბნის ერთ-ერთი სახლი, აგებული 1881 წელს, XX საუკუნის დასაწყისში შეძლებულმა სიღნაღელმა ვაჭარმა, არტემ მოსაშვილმა შეიძინა პირველი მსოფლიო ომიდან დაბრულებული ვაჟის, ნიკოლოზისთვის და თან ფაეტონიც დაახვედრა შვილს. გამორჩეული არქიტექტურული იერის მქონე სახლი, ძველებური ინტერიერითა და მაშინდელი ავეჯითურთ, განაცვიფრებს დამთვალიერებელს.

ანდრონიკაანთ უბნის ხევში აგურიც უწარმოებიათ. პირველი ცნობები აქაური აგურის საწარმოს შესახებ 1904 წლით თარიღდება. მეაგურეობა აქ XIX ს. მიწურულს სტეფანე ნასყიდაშვილმა დაიწყო. მისი ხელობა შემდეგ ვაჟმა, ალექსანდრემ (1900-1970) განაგრძო; ნასყიდაშვილების სააგურემ 1970-იან წლებამდე იარსება. აქ მოპოვებული თიხით უმაღლესი ხარისხის ვარდისფერი აგური გამოიწვება; ამას მოწმობს ნუკრიანის წმინდა გიორგის ტაძრის კედლები, რომელნიც სწორედ სტეფანე ნასყიდაშვილის გამომწვარი აგურითაა ნაშენი.

წმინდა გიორგის ტაძარი 1900 წელს ანდრონიკაანთ უბნის მცხოვრებთა თაოსნობით აღდგა. მშენებლობის თანხა უბნის შეძლებულმა მცხოვრებლებმა, მათ შორის, აფთიაქარმა ლუკა მოსულიშვილმა და ვაჭარმა არტემ მოსაშვილმა გაიღეს და არც ფიზიკური ძალისხმევა დააკლეს. ტაძარს დეკანოზ ვასილ ნათიძის (1864-1956) მოღვაწეობა უკავშირდება.

ვასილ ნათიძე ამავე უბნის მკვიდრი იყო. თბილისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა. მისი თაოსნობითა და აქაური ანდრონიკაშვილების თანადგომით, 1891 წელს ეკლესიასთან სამრევლო სკოლაც გახსნა, სადაც წერა-კითხვას, გალობას, საღმრთო სჯულსა და ხელსაქმეს ასწავლიდნენ. მოაწყო საფუტკრეც, სადაც ცაცხვის თაფლს აწარმოებდა და მსურველებს მეფუტკრეობის შესახებ უფასო რჩევა-დარიგებასაც აძლევდა. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ტაძარი დაიხურა და კოლმეურნეობის საწყობად გადაკეთდა, ვასილ დეკანოზს საღვთისმსახურო წესების აღსრულება შინ უწევდა. ნუკრიანში ახლაც შეხვდებით მის მიერ შინ მონათლულებს, ნათიძეების სახლში კი დღესაც ინახება დეკანოზის კუთვნილი საღვთისმსახურო ნივთები.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნუკრიანში თავდაპირველად სამკითხველო დააარსა კონსტანტინე მოსულიშვილის პასუხისმგებლობით. მართვაში მას მიხეილ (სიმონის ძე) ანდრონიკაშვილი და იოსებ კრაწაშვილიც ეხმარებოდნენ. ბიბლიოთეკის ფონდი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარების გარდა, კერძო შემოწირულებებითაც ივსებოდა.

1915 წლის 9 იანვარს ამავე საზოგადოებამ წმინდა გიორგის ტაძრის მოპირდაპირედ, ნუკრიანელი ანდრონიკაშვილების სახლში გახსნა სკოლა. ახლადგახსნილი სკოლის მასწავლებლებად დაინიშნენ ბოდბის სასწავლებლის კურსდამთავრებულები – ელენე ახმეტელაშვილი და თამარ ხელაშვილი. 1921 წელს სკოლა საბჭოთა ხელისუფლებას დაექვემდებარა. აქ არაერთმა ადგილობრივმა მიიღო პირველდაწყებითი განათლება. სკოლამ 1972 წლამდე იარსება, შემდეგ ამ შენობაში საბავშვო ბაღი გაიხსნა. დღეს მას პირვანდელი სახე დაუკარგავს, აგურით ნაშენი ძველი კედლები ცემენტითაა შელესილი, ძველი დიდების კვალი მხოლოდ უზარმაზარ ცაცხვებიან ეზოს შემორჩენია. მოსახლეობაში დღემდე ცოცხლობს სახელი – “ანდრონიკაანთ სკოლა”.

უბანში ცხოვრობდნენ ცნობილი ხელოსანი ხმალაძეებიც: მჭედლები – ანდრო და სოლომონი და ილო დურგალი. ისინი მთელ ქიზიყში სახელგანთქმული ოსტატები ყოფილან და ურმის თვლებისა თუ კარ-ფანჯრის შესაძენად აქ შორი მანძილიდანაც კი მოდიოდა მუშტარი.

1878 წელს აგებული სახლი ანდრონიკაანთ უბნის გამორჩეული შენობაა. წაგრძელებული ფორმის ნაგებობა ორი იდენტური ნაწილისაგან შედგება. ადგილობრივთა ცნობით, სახლი ორ ძმას, შეძლებულ ვაჭრებს, აუშენებია. მათი გვარი ზეპირ ცნობას არ შემოუნახავს. XX ს. 20-იან წლებში სახლი ორ ნაწილად გაიყიდა: ერთი ნაწილი ნიკოლოზ ოტიაშვილს შეუძენია, მეორე – ნიკოლოზ დონჯაშვილს, რომელმაც შეძენილი სახლის ნაწილი უმცროს ძმას, ვასილს უბოძა. ვასილ დონჯაშვილი აქაური სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი იყო. საბჭოთა პერიოდში სახლის მფლობელთ, ე.წ. “თვითშემჭიდროების” გამო, უსახლკაროთა შემოსახლებაც მოუწიათ. სარდაფის კედლებზე ამოკაწრული სახელ-გვარები მობინადრეთა სიმრავლეს მიუთითებს. 1963 წელს ოტიაშვილებმა სახლის კუთვნილი ნაწილი ჭანიშვილებს მიჰყიდეს. აქ ახლაც ბინადრობენ ჭანიშვილებისა და ნიკოლოზ დონჯაშვილის შთამომავლები.

დღესდღეობით, უბნის მოსახლეობის დიდი ნაწილი საოჯახო სასტუმროებისა და ტრადიციული მარნების მოწყობითაა დაკავებული. არსებობს არქიტექტურული პირველსახის აღდგენისა და განვითარების წარმატებული ნიმუშიც – “ლურჯი ბანი”. ანდრონიკაანთ უბნის კულტურული მემკვიდრეობა, ისტორია, ადგილმდებარეობა განვითარების საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა, რაც გააუმჯობესებდა უბნისა თუ მთელი სოფლის კულტურულ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი წინაპრებისა და ანდრონიკაანთ უბნის შესახებ გაგვიზიარეს მოგონებები: ნანა ქოქიაშვილს, ფრიდონ ქოქაშვილს, ლალი და გიორგი ნასყიდაშვილებს, ნათია ნათიძეს, ნანა ხმალაძეს, ზინა ბეროშვილს, ზურაბ მოსაშვილს, დურმიშხან ნადირაშვილს, ჟუჟუნა გურაშვილს, თამარ ჭანიშვილს, რუსუდან ღვინიაშვილს, ციცი თარალაშვილს, ლია ღლონტს, თამარ ბეჟაშვილს, ილია მოსულიშვილს, ხათუნა მოსულიშვილს, თინათინ კრაწაშვილს, ნანა კვაშალს, ნუნუ ნათიძეს, მზია ფრიდონაშვილს, ლაურა ჩახნაშვილს, ქეთევან ოტიაშვილს, ნათელა თარალაშვილს, სერგო ჯავახიშვილს და სიღნაღის ბიბლიოთეკის თანამშრომლებს – მათ გარეშე უბნის ისტორიის გაცოცხლება შეუძლებელი იქნებოდა.

კვლევის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევრებს – ირაკლი და დავით ხვადაგიანებს, თელავის უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოს თენგიზ სიმაშვილს. ხოლო საუბნო კრებების მასპინძლობისთვის  “ლურჯი ბანის” მეპატრონეებს – ია თაბაგარს, დავით გოცაძეს და თიკო თუშიშვილს.

ანდრონიკაანთ უბნის ისტორიის კვლევა-ძიება კვლავაც გრძელდება. გამოვლენილი მასალის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგეგმება წიგნის გამოცემაც. საკითხთან დაკავშირებით დიდი სიამოვნებით მივიღებთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას: “ნუკრიანის სახელოსნოები” ან “სათემო განვითარების ცენტრი”.