ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს

883

წინა სტატია

ბორჯომში საკრებულოს მოქმედი თავმდჯომარე ზაზა ჩაჩანიძე გადააყენეს. 19 ხმით 2-ის წინააღმდეგ ჩაჩანიძე საკრებულოს თავმჯდომარე აღარ არის.

სხდომას 21 დეპუტატი ესწრება და მას თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილი უძღვება. სხდომას არ ესწრება ‘ნაციონალური მოძრაობის’ ორი, ‘ლეიბორისტების’ ერთი, ‘ევროპელების’ ერთი და ‘პატრიოტთა ალიანსის’ ორი დეპუტატი. ასევე, სხდომაზე არ არის საკრებულოს თავჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე.

დღესვე საკრებულოში კიდევ ორ საკითხს განიხილავენ – მერიის თანამშრომელთა საშტატო ნუსხისა და ხელფასების, აგრეთვე, საკრებულო ცნობად მიიღებს “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნას.

დღეს საკრებულო ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევს.

როგორც ცნობილია, ბორჯომში პოლიტიკური კრიზისი რამდენიმე თვეა, ვერ განიმუხტა. ამის მიზეზი მერიის თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის საკითხი გახდა. საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერიას სარგოების შესახებ დოკუმენტი შენიშვნებით უკან მეშვიდედ დაუბრუნა.

ამის გამო დღის წესრიგში საკრებულოს თამვჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დადგა, რომელიც სწორედ 28 მარტის სხდომაზე უნდა განხილულიყო. ამ საკითხზე საჭირო ხელმოწერები დეპუტატებმა საკრებულოს 21 მარტს წარუდგინეს. 15 ხელმომწერიდან 13 ქართული ოცნების წარმომადგენელია, 2 კი პატრიოტთა ალიანსის. ამავე პარტიის წევრია საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეც.