გორლივუდი – პატარა ქალაქი ამაყობს!

1057

ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი

ვაგრძელებთ მცირე რეპორტაჟებს გერმანიის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე, საზღვრისპირა ქალაქ გიორლიციდან. აქ 2022 წლის ნოემბრიდან გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის კვლევითი სტიპენდიის ფარგლებში ჩამოვედი და აქაური სამოქალაქო ინიციატივების, მოქალაქეთა ჩართულობის ფორმების, ქართულ-გერმანული კავშირების შესწავლას ვცდილობ. პატარა ქალაქების და სოფლების სოციალურ-კულტურული ცხოვრება ყოველთვის მაინტერესებდა, ასევე ის პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც ევროპის ქვეყნებში პერიფერიების გამოცოცხლებას, მცირე დასახლებების წინ წამოწევას და მათი მომხიბვლელობის გაზრდას ცდილობენ.  შეძლებისდაგვარად ვცდილობ მათი პროექტების აღწერას და გაზიარებას. ეგებ რომელიმე იდეა ჩვენც გამოგვადგეს? ვინ იცის.

გიორლიცის „ერთი ქუჩის ფესტივალის,“ ზოგადად ქალაქის ფესტივალების მრავალფეროვანი პროგრამის და „ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ საქმიანობის შემდეგ, ქალაქის ერთ საინტერესო თავისებურებაზე გადავწყვიტე ჩემი ჩანაწერების გაზიარება.

ქალაქ გიორლიცს გორლივუდსაც ეძახიან. რატომ და, იმიტომ, რომ ამ პატარა ქალაქში ბევრი ფილმია გადაღებული, მათ შორის ოსკაროსანიც. იმიტომ არის გადაღებული, რომ გიორლიცი ძველი ქალაქია, მეორე მსოფლიო ომის განადგურებას მისი ისტორიული ნაწილი გადაურჩა. აქაურ ქუჩებს, უბნებს თუ ქუჩაბანდებს მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებისა და უფრო გვიანდელი, მაგალითად, ინდუსტრიალიზაციის ეპოქის სულისკვეთება აქვს შენარჩუნებული. ისტორიულ ნაწილში ყველაფერი ნამდვილი და თან ძალიან კარგად მოვლილ-ნაპატრონებია. ნიკოლაის უბანი იქნება თუ ზედა და ქვედა ბაზრების მოედნები, ამ მოკირწყლულ ქუჩებში სეირნობისას მეც ხშირად მქონია გადასაღები მოედნისა თუ პავილიონის განცდა.

მაშ ასე, გიორლიცში გადაღებულია ფილმები ან ფილმების ცალკეული სცენები: „უსახელო ნაბიჭვრები,“ „წამკითხველი,“ „გრანდ ჰოტელ ბუდაპეშტი,“ სერიალი „ოცნებების სახლი“ და სხვა,  ეროვნული და საერთაშორისო 100-მდე ფილმის მთელი რიგი სცენები.

ქალაქში სეირნობისას უცებ ვიტრინაში დაინახავ ნაცნობ ან უცნობ კინოკადრებს. ერთგან ღარიბულად მოწყობილ ოთახში მწოლიარე კაცის დეკორაცია ჩანს და ეს სცენა ფილმ „გოეთედანაა“. იქვე გვერდით სეული მენდლის საცხობის ვიტრინაა და სახეზე ფქვილმიყრილი აგათაც საქმეში გართულა ფილმიდან „სასტუმრო ბუდაპეშტი“.  იაკობშტრასეს 5ა ნომერში კი გადაუღიათ ბერნარდ შლინკის „წამკითხველის“ შიდა, ოჯახის სცენა და ამ ამბავს ჭიშკართან საგანგებოდ მიმაგრებული აბრა გვამცნობს. საინფორმაციო დაფებს ბევრს ნახავს ქალაქში მოსეირნე. ისინი გვაუწყებენ, რომ  აქ, ამ კონკრეტულ ადგილას მიდიოდა გადაღებები ამა თუ იმ ფილმისთვის და ხვდები, რომ პატარა გიორლიცი დიდი ფილმების გადასაღები მოედანია, გორლივუდი, მაშ!

ამიტომაც იყო, ჩამოსვლის დღიდან რომ ვუტრიალებდი ქალაქის ძველ, 1913 წელს აშენებულ სავაჭრო სახლს, ავლა-ჩავლისას ვცდილობდი მის ვიტრინებში შეჭყეტას, მაგრამ ამაოდ. ეს  „The Grand Hotel Budapest-ის“ შენობაა და ამიტომ ძალიან მინდოდა შესვლა ინტერიერის სანახავად. თუმცა, კერძო საკუთრებაში არსებული ეს ნაგებობა დაკეტილია და მას მხოლოდ გადაღებებისთვის ან სხვა სპეციალური მიზნებისთვის თუ აღებენ.

ისე მოხდა, რომ გასულ წელს გიორლიცის „გერჰარდ ჰაუპტმანის სახელობის თეატრის“ სპექტაკლები გიორლიცის ძველ სავაჭრო სახლში, სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე თამაშდებოდა. ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი და დონიცეტის კომიკური ოპერის − Viva la Mama-ს სანახავად  გავემართე. გავემართე და შესანიშნავად ვისიამოვნე სპექტაკლითაც და ამ ისტორიული შენობის ჯადოსნური ინტერიერითა და ატმოსფეროთიც.

მერე, გორლივუდის შესახებ მეტი მასალის მოძიების პროცესში აღმოვაჩინე, რომ ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულება ყოფილა ე.წ. კინოტურიზმი! ფილმების მოყვარულები ხშირად ჩადიან იმ ქალაქებში, რომლებშიც მათთვის საყვარელი და საინტერესო სურათების ესა თუ ის სცენაა გადაღებული. ამ მხრივ ქალაქის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრი სპეციალურ ტურებსაც კი სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. გიორლიცსაც საკმაოდ ბევრი კინოტურისტი სტუმრობს. ხან ერთ შენობასთან დგანან აღფრთოვანებულები და ხან − მეორე ქუჩაზე და ეს ამბავი ჩვენ, გიორლიცელებს, ძალიანაც მოგვწონს.