შსს ზესტაფონის მერის მიმართ გამოძიებას აწარმოებს

1025

წინა სტატია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 381–ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობას ნიშნავს. შსს-ში აცხადებენ, რომ  ზესტაფონის მერზე სხვა საქმეებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

კახაბერ მახათაძის მიმართ სხვა საქმეებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას არც საქართველოს პროკურატურაში ადასტურებენ.

ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე ირწმუნება, რომ კახაბერ მახათაძის წინააღმდეგ გამოძიება შვიდ საქმეზეა დაწყებული.  გოგლიჩიძის ინფორმაციით, საქმე ეხება ქერქული ნარჩენების გატანის საქმეს, სახელმწიფო შესყიდვებს,  სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულობასა და ბიზნესინტერესებს.

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 2018 წლის 18 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად აქციის მონაწილეები კახაბერ მახათაძეს კორუფციასა და სხვადასხვა კომპანიებში ბიზნესწილების ფლობაში ადანაშაულებდნენ. მოგვიანებით კი, აქციები გაგრძელდა და აქციის მონაწილეებმა მერის გადადგომა კვლავ მოითხოვეს.