სოფელ-სოფელ: ქისტაურში

4389

ავტორიანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი

გასულ ზაფხულს მეგობარი ორგანიზაციის – „თუშური ბრენდის“ დამსახურებით, სოფელ ქისტაურში ჩავედი რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად. მუნიციპალური სახლ-მუზეუმები, როგორც შესაძლო არაფორმალური განათლებისა და სოფლის კულტურის ცხოვრების მამოძრავებელი ცენტრები, ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა და ამ მიპატიჟებასაც სიხარულით დავთანხმდი.

მუზეუმი შუა სოფელში მდებარეობს, ერისთავების ისტორიულ, ლამის ორსაუკუნოვან სახლში, რომელსაც, მართალია, ჟამთასვლა დაეტყო და პირვანდელი სახით შემორჩენილი არაა, მაგრამ ის, რამაც ჩვენამდე მოაღწია, მაინც ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია.

ასევე, წაიკითხეთ: სოფელ-სოფელ: ქვემო ხოდაშენში

თავდაპირველად, ახლანდელზე უფრო დიდი შენობა ამ მამულში (თავისი მიმდებარე ტერიტორიითა და დამხმარე ნაგებობებით) რაფიელ ერისთავის მამას აუშენებია. ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ სახლის ნაწილი გლეხებს შეუძენიათ. მოგვიანებთ კი, დაახლოებთ 1951 წელს, სახლი ხელისუფლებამ გამოისყიდა და აქ საზეიმოდ გაიხსნა რაფიელ ერისთავის სახელობის მუზეუმი. დაწესდა სოფლის დღესასწაული, რაფიელობა, რომელიც დიდი ზეიმით, ლამის მთელი სოფლის ჩართულობით აღინიშნებოდა ხოლმე და ერთგვარი სახალხო დღესასწაული იყო. თუკი ადრე  ქუჩიდანვე იწყებოდა ზეიმი და მასში ყველა ერთვებოდა, დღეს ეს ღონისძიება სახლ-მუზეუმის კედლებს ვერც კი სცდებაო, – შემოგვჩივლეს სოფელში.

მუზეუმში, სხვა საინტერესო ნივთებთან ერთად, ინახება საბჭოთა პერიოდის რაფიელობის ამსახველი ფოტოალბომები, რომელთა მეშვეობითაც სოფლის უახლესი ისტორიის რეკონსტრუქციაც არის შესაძლებელი. მუზეუმს რამდენიმე თანამშრომელი ჰყავს. ისინი უწევენ მეგზურობას მუზეუმის არცთუ ისე მრავალრიცხოვან დამთვალიერებელს,  ყვებიან ხალისით, სიყვარულით, მათ მონათხრობში საინტერესოდ ცოცხლდება წარსული. თანამშრომლები აქაურობას შეძლებისდაგვარად უვლიან. შენობის სახურავი კი შეიცვალა ახლო წარსულში, თუმცა, გასაკეთებელი და მისახედი მაინც ბევრია და ამას მხოლოდ თანამშრომელთა ძალისხმევა ვერ აუვა.

დაახლოებით 800 კომლიან ქისტაურში, გარდა ერისთავის სახლ-მუზეუმისა, რომელსაც, მონდომების შემთხვევაში, სოფლის კულტურის ცენტრად ჩამოყალიბების შესაძლებლობა გააჩნია, კიდევ არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მდებარეობს; მათ შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი, არადა, სოფლის ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ძეგლების პოპულარიზაცია, მათი რუკაზე დატანა, შესაბამისი საინფორმაციო მასალის შექმნა და ა. შ.

ჩვენ სწორედ მუზეუმის თანამშრომლებმა გვირჩიეს ერისთავების საგვარეულო ყველაწმინდის ეკლესიის მონახულება. ცოტა დრო გვქონდა და იქვე, სოფლის თავში, ტყეში შეყუჟული ეკლესიისკენ გავწიეთ. თავის დროზე ამ მიდამოებში ერისთავების ოჯახის მარანიც ყოფილა და საწნახელიც; საზედაშეო ქვევრები დღემდეა შემორჩენილი. ისე კი, დაბინძურებულმა გარემომ, ძველი დიდების ნაშთების მდგომარეობამ, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოს მიმდებარედ მიმოფანტულმა ბოთლებმა, გული დაგვწყვიტა. თავის დროზე რაფიელის საფლავიც აქ ყოფილა და მერე, 1938 წელს, გადაუსვენებიათ თელავში, ბატონის ციხის ეზოში.

სოფელ-სოფელ ბევრს დავდივარ და თითქმის ყოველ ჯერზე უკან დაბრუნებულს ერთგვარი ფიქრები მომყვება ხოლმე თან:
მაგალითად, ის, რომ მონდომებული ადამიანი სოფლის ამ საინტერესო წარსულიდან განვითარების ახალ პერსპექტივებს დასახავდა.
ან ის, თუ რა კარგი იქნებოდა სოფლების დონეზე, სკოლებში, სამოქალაქო ან ეკოკლუბების ბაზაზე, ან დამოუკიდებლად მოქმედებდეს თემატური ან ფართო პროფილის სათემო ჯგუფები, რომლებიც პატარ-პატარა ნაბიჯებით წასწევდნენ წინ სოფელს (მაგ. სოფლის ისტორიის შესწავლით, სოფლის კულტურის ძეგლების დასუფთავებით, აღწერით,  მათი მნიშვნელობის ხელახლა გააზრებით და ა.შ.).

სოფლის ისტორიის შემსწავლელთა საზოგადოებები გერმანიაში ლამის ყველა სოფელსა თუ მუნიციპალიტეტში მოქმედებს და ძალიან ვიწრო, ადგილობრივი კვლევითი ამოცანებით შემოიფარგლება: იკვლევენ და აზუსტებენ, ასევე, ავსებენ საკუთარი სოფლის, თემის ისტორიას. აგროვებენ საოჯახო არქივებს, მოსახლეობის მოგონებებს და ამ გზით სოფლის მეხსიერებას შემდეგ თაობებს გადასცემენ. ეს გაერთიანებები,  როგორც წესი, სრულიად მოხალისეობრივია და სოფლად მცხოვრებ ისტორიკოსებს, პედაგოგებს, ჟურნალისტებს და სხვებს აერთიანებს. გერმანული სოფლების გამოცდილებაზე უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ: ადგილობრივი ინიციატივები სოფლის განვითარებისთვის – შთაბეჭდილებები საქსონიიდან.

ძალიან ბევრი პრობლემაა დღეს საქართველოს სოფლებში და მათი მოგვარება  მხოლოდ გარე ძალებით, ალბათ, შეუძლებელია. ადგილობრივი მცხოვრებელების ინიციტივა და მობილიზება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ფასეული მგონია. საბოლოოდ, სწორედ მათ შეუძლიათ, შეცვალონ საკუთარი სოფელი უკეთესისკენ.

სწორედ ამ ფიქრებით დავტოვე ქისტაურიც გასულ ზაფხულს.

ცოტა ხნის წინ კი, სრულიად მოულოდნელად, სოციალურ ქსელში ახალი გვერდი აღმოვაჩინე: სუფთა გარემო ქისტაურში, რომელიც სოფლის გამწვანების ინიციტივას წარმოადგენს. ამ საქმის მოთავე სოფლის მკვიდრი, ბატონი ზაქრო მაილაშვილია. მასთან მოკლე და დისტანციური გასაუბრებით გავიგე, რომ ბატონ ზაქროს რამდენიმე წლის წინ სოფლის დიდი მხარდაჭერა უგრძვნია, რისთვისაც ძალიან ემადლიერება თანასოფლელებს. ალბათ, მადლიერების და საკუთარი სოფლის სიყვარული იქცა იმის წინაპირობად, რომ მან ჯანსაღი საარსებო გარემოსათვის დაიწყო მოქმედება. კერძოდ, წლების განმავლობაში უკანონოდ გაჩეხილი ტყის აღდენა დაისახა მიზნად და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგა. თავისი მოკრძალებული ხარჯებით დაიწყო ნერგების შეძენა და ხეების დარგვა. ამ საქმეში მას მეგობრები, სკოლის პედაგოგები დაუდგნენ გვერდში; ნელ-ნელა კი სოფლის უფრო და უფრო მეტი მცხოვრები უცხადებს სოლიდარობას და ერთვება კერძო პირის მიერ წამოწყებულ  საერთო, სათემო საქმეში.

ბატონი ზაქრო ფიქრობს, რომ, გარდა გაჩეხილი ტყეების აღდგენისა და გარკვეული ტერიტორიების გამწვანებისა (თან მხოლოდ დარგვა ხომ არ კმარა? საჭიროა შემდგომი მორწვა და მოვლაც), ეტაპობრივად დაიწყოს სოფელში თვითნებურად გაჩენილი ნაგავსაყრელების დასუფთავება-გამწვანება; გარდა ამისა, ის ოცნებობს ქისტაურში არსებული რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმის, ყველაწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის,  ივანე მახარობელის კოშკის, კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლების, როგორც ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციაზე, რუკებზე აღნიშვნაზე და მათ შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირებაზე. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი და როგორც სათემო ინიციატორმა გამიზიარა, თუკი ამის ფინანსური შესაძლებლობა ექნება, ძალიან უნდა სოფელში საბავშო მინი-პარკის მოწყობა. სწორედ იქ, სადაც ამჟამად ხეები ირგვება.

ინტერესით ვადევნებ თვალს გვერდს „სუფთა გარემო ქისტაურში“ და ვფიქრობ, რომ ჩვენს  ყოფაში, რომელიც, უმეტესად, მძიმე პრობლემების პირისპირ გვაყენებს, არაფერია კერძო ინიციატივაზე, სოლიდარობასა და თემის საერთო ძალისხმევაზე უფრო ფასეული, ინიციატივაზე, რომელიც საკუთარი სოფლის უკეთესი მომავლისკენ არის მიმართული.

მიხარია, რომ რაფიელ ერისთავის ამ დიდებულ სოფელში ასეთ საინტერესო პროცესს ჩაეყარა საფუძველი.

სხვა სოფლების სათემო ცხოვრების შესახებ სტატიებს გაეცანით რუბრიკაში “სოფელ-სოფელ”