მარნეულის მერს თემურ აბაზოვს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა

939

წინა სტატია

მარნეულის მერს თემურ აბაზოვს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა. ამის შესახებ მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ გამოცემა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

“თემურ აბაზოვმა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნა გუშინ დაარეგისტრირა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილება განაცხადის მიღებიდან მეორე დღესვე უწყდება. შესაბამისად, გუშინ შემოვიდა განცხადება და დღეს უკვე დაკმაყოფილებულია. ხვალ არის ჩანიშნული რიგგარეშე საკრებულოს სხდომა და გადაწყვეტილება, რომ 13 თებერვალს თემურ აბაზოვს მერის უფლებამოსილება შეუწყდა, გაფორმდება ცნობად. ხვალვე გადავცემთ საოქმო ჩანაწერს 22 საოლქო საარჩევნო კომისიას და თვითონ გაატარებენ კანონით არსებულ ღონისძიებებს“, – განაცხადა საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ.

კანონმდებლობის მიხედვით, თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლამდე შეუწყდებოდა, ვადამდელი არჩევნები მაისის თვეში იმართება.

შეგახსენებთ, მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა მარნეულის საკრებულოს მერის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გუშინ მიმართა. როგორც აბაზოვმა განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ის ამ ეტაპზე ბრალდებულის სტატუსის მქონე პირია, მიზანშეწონილად მიიჩნია მოეხსნა მერის უფლებამოსილება.

თემურ აბაზოვი მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა. 13 დეკემბერს კი  გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.