2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ თვითმმართველობის რეფორმის განხორციელება დაიწყო. რეფორმის აუცილებლობა გამოწვეული იყო მმართველობის ცენტრალიზებული სისტემის არსებობით, როდესაც ადგილობრივ ხელისუფლებას არ ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, გაეწია საზოგადოებრივი მომსახურების ფუნქცია, ხოლო მოქალაქეებს არ ეძლეოდათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. რეფორმის მიმდინარეობისას უნდა მომხდარიყო თვითმმართველობის ტერიტორიული ოპტიმიზაცია, კომპეტენციათა, აგრეთვე, ფინანსებისა და ქონების გამიჯვნა, რეგიონის დონეზე უნდა შემოღებულიყო თვითმმართველობის ელემენტები და სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანული კანონი „საქართველოს თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის თებერვალში მიიღო, რეფორმა, კანონის მიღებამდეც და მას შემდეგაც, სერიოზული შეფერხებებითა და წინააღმდეგობებით მიმდინარეობს. „თვითმმართველობის კოდექსმა“ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და რეფორმა, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრაგეგიასთან“ შედარებით, მნიშვნელოვნად შერბილდა. უმთავრესი კი ის არის, რომ დღემდე მუნიციპალიტეტებს საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად კვლავ არ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსი და ქონება. ხელისუფლება დღესაც აცხადებს, რომ მზად არის, განახორციელოს ფისკალური დეცენტრალიზაცია, ადგილობრივ თვითმმართველობებს გადასცეს მეტი უფლებამოსილება, ფინანსები და ქონება. თუმცა, ფაქტია, რომ მას დღემდე ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.
თვითმმართველობის რეფორმის გაგრძელება და დეცენტრალიზაციის სწორი პროცესი სასიცოცხლოდ აუცილებელია იმისათვის, რომ მივიღოთ რეალურად მოსახლეობასთან დაახლოებული, უფლებამოსილებით, ქონებითა და ფინანსებით აღჭურვილი ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა, ხოლო მოქალაქეებმა შეძლონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მონაწილეობა. ამისათვის კი აუცილებელია, მათ, ერთი მხრივ, მიიღონ მეტი ინფორმაცია რეფორმის მიმდინარეობის შესახებ, მეორე მხრივ კი, გახდნენ უფრო აქტიურები იმისათვის, რომ რეალურად მივიღოთ დამოუკიდებელი, ფინანსებითა და ქონებით აღჭურვილი, დამოუკიდებელი ადგილობრივი თვითმმართველობები.
თვითმმართველობის პორტალი droa.ge ფონდის – “ღია საზოგადოება – საქართველო” მიერ შექმნილი ინტერნეტრესურსია, რომლის მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ: თვითმმართველობაზე, რეფორმის მიზნებსა და ამოცანებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდით, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაციას; თვითმმართველობის რეფორმის გაგრძელების, აგრეთვე, ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის აუცილებლობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას; ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის წარმატებული მაგალითების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, ადგილობრივი საკითხების გადაჭრაში მოსახლეობის ჩართულობის მეტად წახალისებას.
ვებპორტალს ადმინისტრირებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მედიაკლუბი”.
თვითმმართველობის პორტალი droa.ge არის ერთადერთი ინტერნეტრესურსი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების შესახებ მაღალკვალიფიციური, საექსპერტო სტატიების მეშვეობით ახდენს საზოგადოების ინფორმირებას როგორც რეფორმის მიმდინარეობის, ისე ზოგადად, ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული ვითარების შესახებ. გარდა ამისა, პორტალზე თავმოყრილია საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ სიახლეები.
აქვეა განთავსებული თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროში შექმნილი პოლიტიკის დოკუმენტები – რეგიონების განვითარების სტრატეგიები; აგრეთვე, თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის რეკომენდაციები, მუნიციპალური ბიუჯეტები და ა.შ.
ვებგვერდზე, ასევე, ნახავთ სხვადასხვა საინტერესო გამოცემას ადგილობრივი თვითმმართველობის ისტორიის, მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპების შესახებ.
ეს არის სასარგებლო ინტერნეტრესურსი ექსპერტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, სტუდენტებისთვის და, ზოგადად, თვითმმართველობის საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
ვებპორტალი droa.ge ყოველდღიურად განახლებადი გვერდია. ამასთან, სიახლეებს, ასევე, შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ პორტალის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე: თვითმმართველობის დროა.