ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო მარიამ ჯაფარიძე, როცა მშობლიური ქალაქის – ჭიათურის პრობლემების გადასაჭრელად აქტივიზმში ჩაერთო. ამ ქალაქს ბევრი გამოწვევა აქვს – დაბინძურებული გარემო, მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოებით გაუარესებული საცხოვრებელი პირობები, მაღაროელთა კატორღული შრომა, ბრძოლა თვითგადარჩენისთვის და ხშირად – სიცოცხლისთვისაც.
მარიამი, რომელიც თავის მეგობრებთან ერთად, წლებია, ამ სისტემურ პრობლემებს უპირისპირდება, ფიქრობს, რომ ჭიათურელთა ხმა ქალაქის კლდეებს რომ გასცდა, ეს, მათ შორის, ამ აქტივიზმის დამსახურებაცაა. სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ ამ ქალაქში სამოქალაქო საზოგადოების არსებობა კიდევ უფრო მეტად არის აუცილებელი, რათა ხალხის ხმა ისმოდეს მკვეთრად და მუდმივად.
მარიამი გამოსავალს სისტემურ ცვლილებებში ხედავს – სისტემის რეალურ დეცენტრალიზაციაში, რამაც, საბოლოოდ, ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრების პირობები უნდა შეცვალოს.



































