ქალაქი – საქალაქო თვითმმართველობის რეფორმა და მუნიციპალური პოლიტიკა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

2551

საარქივო კვლევის შედეგად მომზადებულ წიგნში – “ქალაქი. საქალაქო თითმმართველობის რეფორმა და მუნიციპალური პოლიტიკა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 1917-1921” – მოთხრობილია საქართველოში საქალაქო თვითმმართველობის ჩამოყალიბების იმ რთული ისტორიული პროცესის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში დაიწყო და უამრავი წინააღმდეგობის ფონზე მიმდინარეობდა, შემდეგ კი დამოუკიდებელ საქართველოში ახალი შემართებითა და ენთუზიაზმით, თამამი მიდგომებითა და გადაწყვეტილებებით გაგრძელდა.

სამწუხაროდ, საბჭოთა ოკუპაციის გამო განვითარებისათვის საჭირო ეტაპების გავლა არ დასცალდა ქვეყნის განვითარებისათვის ამ მეტად მნიშვნელოვან პროცესს, კერძოდ, დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის რეფორმას და თვითმმართველი ქალაქების, როგორც სამხარეო მიზიდულობის ცენტრების ფორმირებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლად არსებობის მოკლე პერიოდში რეფორმის მესვეურები დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით ცდილობდნენ საქალაქო ადმინისტრირების სისტემის მოწყობასა და ცვლილებების დანერგვას. ასევე საგულისხმოა, რომ მიმდინარე რეფორმა ხშირად ფართო განხილვებისა და მწვავე იდეოლოგიური დისკუსიების საგანიც გამხდარა. სწორედ ამ ისტორიას, და არა მარტო, წაიკითხავთ წინამდებარე წიგნში.

1921 წლიდან თვითმმართველობის ნებისმიერი გამოვლინება მკაცრ ვერტიკალს ექვემდებარება. სამწუხაროდ, ამ ვერტიკალისა და ცენტრალური მმართველობის ხანგრძლივ და ხშირად, მანკიერ გავლენებს დღესაც ვიმკით. ამის დასტურია თუნდაც ის გარემოება, რომ დამოუკიდებლობიდან 30 წლის თავზე ჯერაც ვერ დაადგა საშველი მცირე და საშუალო ქალაქების განვითარებას, მათ შორის, ადმინისტრირების ანუ საქალაქო მმართველობის კუთხით. ის დადებითი ნაბიჯები, რომელიც ამ მიმართულებით 2014 წელს გადაიდგა, 2016 წელს ისევ უკუსვლით აითვალა და
თვითმმართველი ქალაქების ნაწილს აღნიშნული სტატუსი ჩამოერთვა საკმაოდ უხეში და, შეიძლება ითქვას, ცინიკური ფორმით: ქალაქების საკრებულოებმა თავად უყარეს კენჭი და დაუჭირეს მხარი საკუთარი ქალაქებისთვის თვითმმართველი სტატუსის გაუქმებას, თანაც უკლებლივ ყველამ – გამონაკლისის გარეშე. 2016 წელს თვითმმართველი სტატუსი 7 ქალაქს გაუუქმდა.

2021 წლის თებერვალში საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციიდან ასი წელი შესრულდა. სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტა, იმხანად დაწყებული, მეტად პროგრესული რეფორმების შეჩერება, იმ თავდადებული და ენთუზიაზმით სავსე სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების განადგურება, რომლებიც თავს არ იშურებდნენ დემოკრატიული საქართველოს მშენებლობისთვის. დასანანია იმის გააზრება, რომ დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ვერ დაძლიეს ცენტრალური მართვისა და კონტროლის ვნება და ქალაქებს სათანადო
განვითარების შანსი არ მიეცათ. ამ მხრივ, პირველი რესპუბლიკის მიდგომები და რეფორმები გაცილებით გაბედული იყო; რეფორმატორები მეტად ენდობოდნენ საკუთარ მოქალაქეებს. წინამდებარე წიგნი ამის დასტურიც არის.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია განაგრძობს პირველი რესპუბლიკის პერიოდის შესწავლას და დაინტერესებულ საზოგადოებას სიახლეებს სიხარულით გაუზიარებს. ამ გზით ვცდილობთ, ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ საქართველოს უახლესი ისტორიის შესწავლის
საქმეში.

ანა მარგველაშვილი
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

წიგნი “ქალაქი. საქალაქო თვითმმართველობის რეფორმა და მუნიციპალური პოლიტიკა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 1917-1921” გამოცემულია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ, “ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით.