ზუგდიდის მერობის კანდიდატად ნაცმოძრაობა, სავარაუდოდ, ნიკა მელიას წარადგენს

966

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის კანდიდატად ნაცმოძრაობა, სავარაუდოდ, ნიკა მელიას წარადგენს. “ნაციონალური მოძრაობა” ადასტურებს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს იმისათვის, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში გასამართ მერის შუალედურ არჩევნებსა და მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ჩასატარებელ არჩევნებში ერთიანი კანდიდატები წარადგინონ.

თავად ნიკა მელია, ჯერ-ჯერობით, არ ამბობს, იქნება თუ არა ის ზუგდიდის მერობის კანდიდატი, თუმცა, აცხადებს, რომ კონსულტაციები თითქმის დასრულებულია და კანდიდატების ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ზუგდიდის მერი, ვიცე-მერთან ერთად, თანამდებობიდან 12 სექტემბერს გადადგა. ორი თვის შემდეგ კი ის და მისი ყოფილი მოადგილე დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. სასამართლოს ჯერჯერობით მათ მიმართ განაჩენი არ გამოუტანია.

ნიკა მელიას გარდა, გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, ჭიათურაში მერის კანდიდატად ნაცმოძრაობა დავით კირკიტაძის წარდგენას გეგმავს. კირკიტაძე ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაშია. ის შსს-მ, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს გურჯაანში მომხდარი ინციდენტისას პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების ბრალდებით დააკავა.

მიუხედავად იმისა, რომ კირკიტაძე ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ვინაიდან მის მიმართ განაჩენი ჯერ არ დამდგარა, საარჩევნო კოდექსი არჩევნებში მონაწილეობას არ უკრძალავს.

ჭიათურის მერი თანამდებობიდან 2018 წლის 27 სექტემბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა. გადადგომის მიზეზად კი ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატთან და პოლიციის უფროსთან კონფლიქტი დაასახელა. ნადირაძემ განაცხადა, რომ ისინი მას პროვოკაციებს უწყობდნენ.

ჭიათურისა და ზუგდიდის გარდა, რიგგარეშე არჩევნები ასევე უნდა ჩატარდეს ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში. ხულოს მერი თანამდებობიდან 2018 წლის 18 ოქტომბერს გადადგა, ხოლო ზესტაფონის მერი – 2019 წლის 2 თებერვალს. ორივე მათგანმა თანამდება საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. რაც შეეხება მარნეულის მერს, ის პროკურატურამ 2018 წლის 13 ივნისს მოქალაქის – ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა. 13 დეკემბერს კი  გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

2019 წლის 13 თებერვალს აბაზოვს მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მისივე განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილება შეუწყვიტა.

ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად არ არის ცნობილი, როდის დაინიშნება 5 მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები. თარიღი ცესკომ უნდა დაადგინოს, თუმცა, “საარჩევნო კოდექსის” თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში. ამ ჩანაწერის შესაბამისად, ხულოში, ზუგდიდში, ჭიათურაში, მარნეულსა და ზესტაფონში მერის რიგგარეშე არჩევნები 2 თვეში უნდა ჩატარდეს. პოლიტიკური პარტიებიც საკუთარ კანდიდატებს ოფიციალურად სწორედ ამ პერიოდში წარადგენენ.