„აქტიურობას გავაგრძელებთ, მომავალში უფრო თამამად მოვითხოვთ…“ – მოქალაქეთა ინიციატივები, რომლის ასახვაც სამეგრელოს სამი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა მოხდეს

1546

წინა სტატია

საბავშვო ბაღების მშენებლობა; მათი ადაპტაცია  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვებისთვის; ბაღებში აღმზრდელების გადამზადება, რათა  ბავშვს მიეწოდოს შესაბამისი, მასზე მორგებული  მხარდაჭერა, რომელიც სრულად გაითვალისწინებს ინკლუზიური განათლების პრინციპებს; ადაპტირებული მოსაცდელები; ხმოვანი შუქნიშნები; სამედიცინო სარეაბილიტაციო პროგრამების დაფინანსება შშმ პირებისთვის; ახალგაზრდული ცენტრების შექმნა, დასაქმების ფორუმის გამართვა და შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის თავმოყრა ერთ სივრცეში… – ეს იმ საჭიროებების და, შესაბამისად, რეკომენდაციების მცირე ჩამონათვალია, რის მოგვარებასაც ზუგდიდში, წალენჯიხასა და ფოთში სამოქალაქო აქტივიზმი გაერთიანებული შშმ პირები, ქალები და ახალგაზრდები ადგილობრივ ხელისუფლებისგან ითხოვენ.

საჭიროება ბევრად მეტია, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი – მცირე, ამიტომაც, მუნიციპალიტეტების მმართველი პირები აქტიურ მოქალაქეებს ჰპირდებიან, რომ პრობლემების რაღაც ნაწილს 2023 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში აუცილებლად გაითვალისწინებენ.

სამოქალაქო აქტივიზმის პროგრამა, არასამთავრობო ორგანიზაცია „დეას“ ხელმძღვანელობით, 2020 წელს, პირველ ჯერზე, ზუგდიდში დაიწყო. 2022 წელს კი მას ფოთი და წალენჯიხა დაემატა. პროექტის მიზანი სამი მოწყვლადი ჯგუფის – შშმ პირების, ქალებისა და ახალგაზრდების გააქტიურება და საკუთარი საჭიროებების თვითმმართელობისთვის გაზიარება იყო. ამ პროცესში ჩართული აქტიური მოქალაქეები უკვე დიდი იმედით ელოდებიან, რომ ადგილობრივ პოლიტიკაში მათი ხმა და მონაწილეობა პირველ შედეგს გამოიღებს – ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ მოუსმინა და დაპირებაც გასცა. ახლა მთავარია, ბიუჯეტში აისახოს რეკომენდაციების ნაწილი მაინც, შეუსრულებელ ნაწილზე კი მომავალ წელს ადვოკატირებას ისევ გააგრძელებენ – უფრო თამამადაც და უფრო დიდი იმედითაც.

„აქტიურობას შედეგის მოტანა ყოველთვის შეუძლია. რაც წელს ვერ შესრულდა, იმ საკითხებს მომავალ წელს ისევ დავაყენებთ. უფრო თამამად და მეტს მოვითხოვთ“, – აცხადებს მზისადარ ფიფია, აქტიური ქალი ზუგდიდიდან.

„ამ პროექტმა უფრო მეტი გამბედაობა, მეტი ცოდნა მომცა. სხვა კუთხით დამანახა პრობლემები. ახლა უკვე ვიცი, რა უფლებები მაქვს და რისი მოთხოვნა შემიძლია. მომცა რწმენა, რომ ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს, მთავარია, სწორად მოითხოვო“, – ამბობს ია თანეიშვილი, შშმ ბავშვის მშობელი ფოთიდან.

„დაფიქრებაც არ მჭირდება, რა თქმა უნდა, ადვოკატირებას გავაგრძელებ. პროფესიითაც ადვოკატი ვარ და ჩემი მოწოდებაა, რომ ადამიანის უფლებებისთვის ვიბრძოლო. საინიციატივო ჯგუფშიც ასეთი განწყობაა“, – აღნიშნავს თამარ კვარაცხელია, ახალგაზრდების წარმომადგენელი წალენჯიხიდან.

შშმ პირების პრობლემები ფოთში

ფოტო: საბა ჯანჯღავა. JAMnews
რეკომენდაციები ფოთის მუნიციპალიტეტისთვის:
✅ 2023 წელს ორი ახალგაზრდული ცენტრის შექმნა კუნძულის უბანსა და მალთაყვის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში;
✅ ახალი საბავშვო ბაღის აშენება მალთაყვის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში;
✅ ქალაქ ფოთის სანაპირო ზოლსა და შუქურას ტერიტორიაზე გარეგანათების სისტემის მოწყობა;
✅ საბავშვო ბაღების თანამშრომელთა გადამზადება ინკლუზიური სწავლების მეთოდებზე;
✅ მერიაში „მწვანე ბიუჯეტის“ საბჭოს შექმნა და მოქალაქეთა ჩართულობით ქალაქ ფოთის ტერიტორიების გამწვანება;
✅ ზღვის სანაპირო ზოლისა და საპლაჟო ინფრასტრუქტურის ადაპტირება, საშხაპეებისა და გასახდელების მოწყობა;
✅ შშმ პირების, მათ შორის უსინათლო პირებისთვის სამ ქუჩაზე ტროტუარების ადაპტირება, ასევე ორ ქუჩაზე მდებარე შუქნიშნების ხმოვანი სიგნალით ადაპტირება, პარკირების ადგილების მონიშვნა შშმ პირთათვის;
✅ 6 საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურის ადაპტირება, რათა თითოეული მათგანი გახდეს ხელმისაწვდომი შშმ პირთათვის.

ია თანეიშვილი შშმ ბავშვის მშობელია, შვილი 4 წლისაა, დაუნის სინდრომის მქონე.  4 წელია ცდილობს, შვილის უფლებებისთვის, უკეთ განვითარებისთვის იზრუნოს ყველა შესაძლო გზით. წელს ფოთის მუნიციპალიტეტში ორგანიზაცია „დეას“ პროექტში ჩაერთო, რათა, სხვა დედებთან ერთად, უკეთ გაეგო, რა უფლებები აქვთ, რა სერვისები არსებობს მათი შვილებისთვის, რა შეიძლება მოსთხოვონ ადგილობრივ ხელისუფლებას და როგორ მოითხოვონ ეს კანონის ფარგლებში.

„ბევრმა მშობელმა არც იცის, რა უფლებები აქვს და კანონში რაც დევს, იმის მიხედვით როგორ შეიძლება მოითხოვო ის საჭიროებები, რაც შშმ შვილს სჭირდება. ნიუანსები ვისწავლე და გამომადგა,“- ამბობს ია თანეიშვილი.  

შშმ ბავშვის მშობლებს კი პრობლემები ბევრი აქვთ. ის ჰყვება, რომ წლებია, შვილი ბათუმში დაჰყავს, როგორც ადრეული განვითარების ცენტრში, ისე რეაბილიტაციის ცენტრში. ახლა ადრეული განვითარების ცენტრი ფოთშიც გაიხსნა, თუმცა, მის შვილს უფრო მეტი სჭირდება და რეაბილიტაციისთვის ისევ ბათუმში დადიან. თვეში 20 ვიზიტია საჭირო. თავად რეაბილიტაციის ხარჯს ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს, ტრანსპორტის ხარჯები კი მასზე გადადის.

პრობლემა არის საბავშო ბაღებშიც. არ არსებობს გადამზადებული პერსონალური ასისტენტი, რომელმაც იცის, როგორ მიუდგეს შშმ ბავშვს. ამის გამო ბევრ მშობელ შვილი ბაღში ვერ დაჰყავს, რაც თავად ბავშვი განვითარებისთვისაც პრობლემურია და დედაც ვერ ახერხებს დასაქმებას, რომ მეტად შეძლოს შვილის ფინანსურ უზრუნველყოფა.

მშობლები გამოთქვამდნენ წუხილს იმის გამოც, რომ 18 წლის შემდეგ მათი შვილებისთვის თითქმის არავითარი მომსახურება არ იქნება ხელმისაწვდომი და ისინიც სახლში უნდა „გამოიკეტონ“, როგორც ფოთში მცხოვრები ზრდასრული შშმ პირების უმრავლესობა.

ახალგაზრდების საჭიროებები წალენჯიხაში

რეკომენდაციები წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის:
✅ ოთხი სოფლის საბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ეტლით მოსარგებლეთათვის;
✅ საბავშვო ბაღების თანამშრომელთა გადამზადება ინკლუზიური სწავლების მეთოდებზე;
✅ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროგრამებში;
✅ ერთ ქუჩაზე შუქნიშნის ხმოვანი სიგნალით ადაპტირება, ასევე ადაპტირებული გადასასვლელები მოწყობა სამ ქუჩაზე;
✅ შშმ პირთა სოციალური დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვა, მათ შორის: 18 წლამდე ასაკისთვის 100 ლარამდე  ერთჯერადი დახმარების გამოყოფა; სარეაბილიტაციო მკურნალობის ერთჯერადად 400 ლარამდე თანადაფინანსება; მკვეთრად გამოხატულ შშმ პირთა კომუნალური ხარჯების 500 ლარამდე თანადაფინანსება წლის განმავლობაში; მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე ბენეფიციართათვის შინმოვლის ხარჯების 200 ლარამდე თანადაფინანსება;
✅ იმ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების სუბსიდირება, რომლებიც დამოუკიდებლად ახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას.

თამარ კვარაცხელია წალენჯიხელი ახალგაზრდობის წარმომადგენელია „დეას“ პროექტით შექმნილ საინიციატივო ჯგუფში. ამბობს, რომ პროფესიით იურისტია და მისი მოწოდებაა, ადამიანის უფლებებისთვის იბრძოლოს, ამიტომაც, როგორც კი გამოცხადდა „დეას“ პროექტი, დარეგისტრირდა, რათა ახალგაზრდების საჭიროებების შესახებ ელაპარაკა ხმამაღლა და მიეწვდინა ხმა ადგილობრივი პოლიტიკოსებისთვის.

თავიდანვე განწყობა ჰქონდა, „რატომაც არა, ცდად ღირს“, იქნებ მისი აქტიურობა შედეგიანი გამოდგეს.

„ინტერესი გამოიწვია სწორედ იმან, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობასა და ადგილობრივი საჭიროებების გადაწყვეტაზე იყო საუბარი, – ამბობს თამარ კვარაცხელია.

ის ჰყვება, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი მუნიციპალიტეტიდან წასულია, ზოგი – სასწავლებლად, ზოგი – სამუშაოდ და დაბრუნების პერსპექტივასაც ვერ ხედავენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დასაქმებაა. ადგილობრივად ახალგაზრდებს მხოლოდ დაბალანაზღაურებად სამუშაოზე უწევთ მუშაობა, ძირითადად, კონსულტანტებად სუპერმარკეტებში და მიმტანებად – კაფე-რესტორნებში, კარიერული ზრდის ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე. ეს კი მათ უბიძგებს, სახლებიდან შორს, სხვა ქალაქებში ეძებონ დასაქმებისა და ცხოვრების მოწყობის უკეთესი შესაძლებლობები.

თამარ კვარაცხელია ამბობს იმასაც, რომ, დასაქმების გარდა, პრობლემაა გასართობ-შემეცნებითი სივრცის არარსებობა, ლიტერატურული კაფე იქნება, თუ რამე მსგავსი, სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებიან.

„მთავარი და მოუგვარებელი მაინც დასაქმებაა. დარწმუნებული ვარ, დასაქმების პერსპექტივა რომ არსებობდეს, დედაქალაქსა და უცხოეთში სამუშაოდ ამდენი ახალგაზრდა არ წავიდოდა,“- ამბობს თამარი.

ქალთა პრობლემები ზუგდიდში

რეკომენდაციები ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის:
✅ სამი მოსაცდელის ადაპტირება, ასევე, რუსთაველის ქუჩაზე, ბაზრობის მიმდებარედ, მიწისქვეშა გადასასვლელში სპეციალური ლიფტის დამონტაჟება;
✅ იპოთერაპიის, ე.წ. ცხენოსნობით მკურნალობის სერვისის შეთავაზება საცხენოსნო კლუბ „ხარებაში“;
✅ ადაპტირებული ინფრასტრუქტურის, საშხაპეებისა და გასახდელების მოწყობა ანაკლია-განმუხურის ბულვარსა და სანაპირო ზოლში;
✅ უსინათლო პირებისთვის 3 შუქნიშანზე ხმოვანი ფუნქციის დამატება;
✅ რამდენიმე საბავშო ბაღში თანამშრომელთა გადამზადება ინკლუზიური სწავლების მეთოდებზე;
✅ შშმ პირთა მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრობის დაფინანსება;
✅ სამ საბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ეტლით მოსარგებლეთათვის;
✅ დასაქმების ფორუმის ორგანიზება და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის თავმოყრა ერთ სივრცეში;
✅ მიწისქვეშა თავშესაფრებისა და ბუნკერების შესწავლა მათი მომავალი რეაბილიტაციის მიზნით (აღნიშნული საკითხი გააქტიურდა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო).

მზისადარ ფიფია, 55 წლის აქტიური ქალი ზუგდიდიდან, ამბობს, რომ ქალების საჭიროებები შეიძლება გავყოთ ასაკის მიხედვით – 50 წლამდე და 50 წელს ზევით, თუმცა, არის პრობლემები, რომლებსაც ასაკი არ ცვლის. მაგალითად, ასეთია დასაქმების კუთხით არსებული ბარიერები ქალებისთვის.

ამბობს, რომ ერთ-ერთი ბარიერია, როცა დასახლებაში საბავშვო ბაღი არ არის, სადაც შვილს დატოვებ და დასაქმებაზე იფიქრებ.

„სამწუხაროდ, ეს საკითხი ჩემს უბანში იდგა 20 წლის წინათაც, როცა პატარა შვილი მყავდა და პრობლემაა დღესაც“, – ამბობს ის.

პრობლემაა სტერეოტიპებიც, როცა ზოგიერთ ოჯახში ქალიშვილის განათლებაში ნაკლებ რესურსს დებენ, ვიდრე ვაჟის და ქალი ნაკლებად კონკურენტუნარიანი ხდება. თვლის, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს ქალების გადამზადებას, მათი უნარ-ჩვევების გაძლიერებას.

მისივე თქმით, შვილის ჯანმრთელობის პრობლემების გამო დასჭირდა, აქტიური გამხდარიყო და როგორც კი „დეას“ პროექტის შესახებ გაიგო, დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო.

„საბედნიეროდ, მოვხვდი ამ ორგანიზაციაში და მას შემდეგ ვცდილობ, აქტიური ვიყო. ორგანიზაციამ ბევრი რამ მომცა, ის, თუ როგორ უნდა ჩავერთო ადგილობრივ დონეზე საკითხების გადაწყვეტის პროცესში – ეს იქნება საკრებულოს სხდომებსა თუ ბიუჯეტის  განხილვის დროს საბჭოს სხდომებზე დასწრება; ასევე,  პეტიციის საშუალებით როგორ შეიძლება ხმის მიწვდენა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის,“ – აღნიშნავს მზისადარ ფიფია.

რა დაპირებები მიიღეს საინიციატივო ჯგუფებმა მუნიციპალიტეტებისგან

სამივე მუნიციპალიტეტში შშმ პირების, ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობით საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა, საჭიროებები განიხილეს, შეკრიბეს და რეკომენდაციების სახით თვითმმართველობებს გადაუგზავნეს. მანამდე კი იყო შეხვედრები ადგილობრივ პოლიტიკოსებთან. საინიციატივო ჯგუფის წევრებს თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და კომუნიკაციის პრობლემები არ ჰქონიათ.

„ჩვენ, საინიციატივო ჯგუფის წევრები, ვიკრიბებოდით, პრიორიტეტებს ვარჩევდით. გამოვითხოვეთ წინა წლების ბიუჯეტები, დავინახეთ საჭიროებები, ასევე, სად იყო წინსვლა და სად იყო რაღაც შესაცვლელი. წერილობით მივმართავდით ადგილობრივ ხელისუფლებას და პასუხებსაც დროულად ვიღებდით. შემდეგ შევიმუშავეთ რეკომენდაციები და თვითმმართველობიდან დაპირებაც მივიღეთ, რომ რეკომენდაციები ნაწილი მომავალ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება,“ – ამბობს მზისადარ ფიფია ზუგდიდიდან.

მისი თქმით, დაახლოებით იცის, რა საკითხის გათვალისწინება მოხდება 2023 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში. მათ შორისაა ხმოვანი შუქნიშნის დამონტაჟება რამდენიმე ქუჩაზე, საბავშვო ბაღების აღმზდელების გადამზადება, ვისაც ეცოდინებათ შშმ ბავშვებთან ურთიერთობა.

მოუგვარებელი რჩება მის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა.

„სადაც მე ვცხოვრობ, იმ დასახლებაში ცენტრალურ დონეზე დევნილთა ბინების აშენება იგეგმება და ითქვა, რომ ამის პარალელურად ბაღიც აშენდება. ჩემთვის ეს მთლად მისაღები არ ყოფილა, იმიტომ, რომ არ ვიცით, ეს როდის მოხდება. წლებია, მოსახლეობა ბაღს ითხოვს, მაგრამ გვითხრეს, რომ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ აქვთ. მომავალ წელს ისევ ვაპირებთ ამ საკითხის ადვოკატირებას, პეტიციითაც შევალთ და ადგილობრივ ხელისუფლებას შეძლებისდაგვარად დავარწმუნებთ ამის აუცილებლობაში,“ – ამბობს მზისადარ ფიფია.

წალენჯიხის ახალგაზრდების წარმომადგენლის, თამარ კვარაცხელიას თქმით, საინიციატივო ჯგუფის ყველა დაგეგმილ შეხვედრაზე მიდიოდნენ  ადგილობრივი  ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების    წარმომადგენლები,  რეკომენდაციებიც მოისმინეს, თუმცა, რას გაითვალისწინებენ და რას – არა, ამაზე საუბარი ჯერ უჭირს.

„მე ჯგალის თემში ვცხოვრობ და ჩავერთე იმიტომ, რომ ჩემი წინადადებებით შემძლებოდა თვითმმართველობის საქმიანობაში რაღაც წვლილი შემეტანა. ჯერჯერობით, ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი იდეალურად სრულდება, მაგრამ წინსვლა ნამდვილად არის,“ – ამბობს თამარი.

მის თქმით, წალენჯიხაში, ძირითადად, მუნიციპალური ტრანსპორტისა და წყლის პრობლემებია.

„როგორც ვიცი, წყლის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოიყო თანხები და გეგმა გაწერილია. მუნიციპალურ ტრანსპორტს რაც შეეხება, წალენჯიხის სოფლების ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება და ამ სოფლებში ტრანსპორტის პრობლემა დიდი ხანია, მოუგვარებელია. რამდენ შეხვედრაზეც ვიყავი, ფახულანისა და ჯვარის წარმომადგენლებს სულ ეს მოთხოვნა აქვთ – დღის განმავლობაში რამდენიმე რეისი დაინიშნოს. როცა ადგილობრივ თვითმმართველობას საკმარისი ბიუჯეტი არ აქვს, კარგი იქნებოდა, ასეთი საკითხები ცენტრიდან მოგვარებულიყო, მით უმეტეს, ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ სოფლებზეა საუბარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საკითხი ისევ პრობლემად რჩება“, – დასძენს თამარ კვარაცხელია.

შშმ ბავშვის მშობელს, ია თანეიშვილს, ფოთის მერიის მხრიდან საჭიროებების ნაწილის გათვალისწინების იმედი აქვს. მისი თქმით, შშმ ბავშვების მშობლებს ფოთის მერის მოადგილე ლექსო თოდუასთან შეხვედრა ჰქონდათ. მერის მოადგილემ მათი პრობლემები მოისმინა და პირობაც მისცა, რომ ეს საჭიროებები 2023 წლის ბიუჯეტში ჩაიდებოდა.

„თვითმმართველობასთან კომუნიკაციით ძალიან კმაყოფილი ვარ. მერის მოადგილესთან შეხვედრა ძალიან კარგი ნაბიჯი იყო თვითმმართველობის მხრიდან. ჩემი პატარა 4 წლისაა და ამ ხნის განმავლობაში მუნიციპალიტეტიდან არც ერთი წარმომადგენელი არ დაინტერესებულა მშობლებთან შეხვედრი და შშმ ბავშვების საკითხით“, – აღნიშნავს თანეიშვილი.

ამბობს, რომ მეგობრული საუბარი  წარიმართა, პირობაც მიიღეს, რომ საჭიროებებს გაითვალისწინებენ.

„შეთავაზება იყო ბაღებში პერსონალური ასისტენტის დანიშვნა; ამასთან, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ჯანმრთელობის კონტროლი სჭირდებათ, ჯანდაცვის პროტოკოლით, წელიწადში 2-ჯერ გამოკვლევები გათვალისწინებულია. თითო კვლევა 200 ლარამდე გვიჯდება და ვითხოვე, რომ ამის დაფინანსება მოხდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან; გარდა ამისა, უსინათლოთათვის ხმოვანი შუქნიშნების დაყენების მოთხოვნა იყო. ასევე, სპეციალური ადაპტირებული ბილიკები და ადგილები რომ შეიქმნას ეტლით მოსარგებლეებისთვის. ქუჩაში წყლის ფანტანებიც შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდეს. ბატონი ლექსო დაგვპირდა, რომ კარგი სიახლეებით დაგვიბრუნდება,“ – ამბობს თანეიშვილი.

„აქტიურობას გავაგრძელებთ… უფრო თამამად და მეტს მოვითხოვთ…“ – რა მისცა პროექტმა აქტიურ ჯგუფებს

აქტიურობას შედეგის მოტანა ყოველთვის შეუძლია, – მსგავსი განწყობები აქვთ „დეას“ ინიციატივით დაწყებულ პროექტში მონაწილეებს და სამომავლოდაც უფრო მეტი გეგმები აქვთ.

„საინიციატივო ჯგუფების შექმნამ და აქტიურობამ მეტი გამბედაობა, მეტი ცოდნა მომცა, სხვა კუთხით დამანახა პრობლემები და მომცა რწმენა, რომ ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს. მთავარია სწორად მოითხოვო. მოწყვლადი ჯგუფების აქტიურობა, პირველ რიგში, აუცილებელია იმიტომაც, რომ საზოგადოებამ სწორად დაინახოს, ჩემს შემთხვევაში, შშმ პირების პრობლემები; რომ სტერეოტიპები დაიმსხვრეს. ჩემი პატარა ჯერ 4 წლისაა და თვითონ ვერ შეძლებს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას, ამიტომ მე ჩემი შვილის უფლებებისთვის ყოველთვის ვიზრუნებ, რათა მისი სოციუმში სწორად ასოცირება მოხდეს, რომ საზოგადოებამ მიიღოს, როგორც სრულუფლებიანი წევრი“, – აცხადებს ია თანეიშვილი/

ახალგაზრდების წარმომადგენელი თამარ კვარაცხელია ამბობს, რომ ამ აქტიურობით ბევრი ადამიანის აყოლიება შეძლო, პროექტმა უფრო მეტი აქტიური ადამიანი გამოაჩინა და დააფიქრა საჭიროებებზე.

„ეს დიდი სტიმულია. დავესწარი ელექტრონულ ტრენინგებს, საინტერესო თემები იყო ქალთა გაძლიერებაზე, შშმ პირებისა და ახალგაზრდების საჭიროებებზე. შემდეგ შევიმუშავეთ რეკომენდაციები და თვითმმართველობებს გადავუგზავნეთ. ენ-დი-აის  ჩართულობით პრეზენტაციაც მოეწყო, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვაშიც მივიღეთ მონაწილეობა, სხდომებს ვესწრებოდით. საინიციატივო ჯგუფის წევრები ერთმანეთთანაც ვთანამშრომლობთ, გამოცდილებებს და აზრებს ვუზიარებთ. ზუგდიდშიც ვიყავით, სადაც მერი და მისი მოადგილეები იყვნენ მიწვეულები და საჭიროებებზე ვიმსჯელეთ. საინიციატივო ჯგუფის ფარგლებში ვხვდებოდით ხალხს. დავინახეთ, რომ ხალხს ბიძგის მიმცემი სჭირდება, რომელიც მოუსმენდა მათ და ხელს შეუწყობდა პრობლემების თვითმმართველობასთან მიტანაში. როდესაც ხალხმა დაინახა თანადგომა, თავადაც გააქტიურდნენ“, – ამბობს კვარაცხელია.

„დაფიქრებაც არ მჭირდება, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ადვოკატირებას. საინიციატივო ჯგუფშიც ასეთი განწყობაა. ფახულანიდან და ჯვარიდან არიან აქტიურები, ზუსტად ბიუჯეტის დაგეგმის დღეს შევხვდით და ისეთი მოწოდებები იყო – ხო ისევ გააგრძელებთ აქტიურობას, იმიტომ, რომ თანადგომა დაინახეს და უკვე თვითონაც ცდილობენ, რაღაც შეცვალონ. გამოცდილებაც მიიღეს“, – აცხადებს კვარაცხელია.

მზისადარ ფიფია ამბობს, რომ ამ პროექტის საშუალებით ძალიან ბევრი აქტიური ადამიანი გაიცნო, სხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებიც გაიგო და შეძლო სხვათა გამოცდილება საკუთარი პრობლემისთვის მოერგო.

„გავაკეთეთ ვიდეოგზავნილები, სადაც ყველა ჯგუფმა თავის საჭიროებებზე ილაპარაკა, ეს ჩემთვის სიახლე იყო და ძალიან მომეწონა. შემდეგ, ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს დავინახეთ ისიც, რომ ჩვენი საკითხები გატანილი იყო. ეს სიამაყეს გვმატებდა. მეგობრებთან ვამბობდი, რომ აი, ჩემი საკითხი შეუტანიათ ბიუჯეტის პროექტში. ეს გაძლევს იმის სტიმულს, დაიჯერო, რომ შენს სიტყვას აქვს ძალა.

საინიციატივო ჯგუფის წევრებიც უფრო აქტიურები გახდნენ და უფრო და  უფრო მეტი საჭიროების შესახებ საუბარი მოუნდათ. უფრო მეტი საკითხი ახსენდებათ, უფრო თამამებიც ხდებიან. გავიცანი აქტიური ახალგაზრდებიც, დღესაც მაქვს მათთან შეხვედრა. ახალგაზრდები შეხვედრებზე მიწვევენ, მეც მოვიწვევ მათ. ეს თანამშრომლობა, აზრთა გაცვლა უფრო განვრცობადი იქნება“, – ამბობს მზისადარ ფიფია და სამომავლო თანამშრომლობისა და აქტიურობის გეგმებზეც საუბრობს.

მისი თქმით, სურვილია, რომ საკრებულოს იმიტირებული სხდომაც ჩაატარონ:

„რაღაც მომენტში სურვილიც გაჩნდა, რატომაც არა, ხვალ და ზეგ შეიძლება მეც ვიყო  საკრებულოს  წევრი და უფრო მაღალი პოზიციიდან ვაკეთო ეს საქმე. როდესაც სიღრმეში შედიხარ, სწავლობ და ხედავ შენს  გაკეთებულ საქმეს, უფრო მეტის გაკეთება გინდება. სტიმული მემატება, როცა ჩემნაირად აქტიურ ხალხს ვხედავ. არც გვინდა, რომ დავიშალოთ და გვინდა, ერთი გუნდი ვიყოთ, რომ უფრო მეტი ხმა და ძალა გვქონდეს“.

   

 

 

 

სტატია მომზადებულია ორგანიზაცია „ასოციაცია დეას“ დაკვეთით, პროექტის – „სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა ფოთის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში” – ფარგლებში. მისი მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.