ზუგდიდში კულტურის სახლის ყოფილი შენობა იყიდება

677

რუსთაველის #95-ში მდებარე შენობა, სადაც ამჟამად ზუგდიდის თეატრალური დასი რეპეტიციებს და სპექტაკლებს მართავს, პირობიან ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. ქონების საწყისი ღირებულება 3 მილიონი ლარია. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.

აუქციონის პირობების მიხედვით, ქონების მომავალმა მფლობელმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შეძენილ უძრავ ქონებაზე განსახორციელებელი მშენებლობის (ინვესტიციის) სრულყოფილ პროექტი უნდა წარუდგინოს. ამასთან, 3 წლის ვადაში მისი ექსპლუატაციაში მიღება უნდა უზრუნველყოს.

“უძრავი ქონების ფუნქციურად გამოყენების ნებადართულ სახეებად განისაზღვროს: მრავალფუნქციური შენობა; სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა; კვების, სავაჭრო და საოფისე ობიექტი; სამეწარმეო ობიექტი, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი; სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება; სასტუმრო; ადმინისტრაციული ობიექტი; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი; გასართობი დაწესებულება, რომლის დანიშნულება მისი დასაშვებობის საშუალებას იძლევა; მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი; სავაჭრო ცენტრი”, – ვკითხულობთ ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე მითითებულ განმარტებაში.

ინფორმაციისთვის, თეატრის მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტი ფონდმა “ქართუმ” დააფინანსა. სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ატუმ” 2019 წელს დაიწყო.