ზუგდიდის მერობის კანდიდატად ნაცმოძრაობა ნიკა მელიასა და სანდრა რულოვსს განიხილავს

1240

წინა სტატია

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის კანდიდატად ნაცმოძრაობა, არაერთ კანდიდატურას, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი დონის ლიდერს, მათ შორის, ნიკა მელიასა და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს სანდრა რულოვსს განიხილავს.

“ნაციონალური მოძრაობა” ადასტურებს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს იმისათვის, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში გასამართ მერის შუალედურ არჩევნებსა და მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ჩასატარებელ არჩევნებში ერთიანი კანდიდატები წარადგინონ.

თავად ნიკა მელია, ჯერ-ჯერობით, არ ამბობს, იქნება თუ არა ის ზუგდიდის მერობის კანდიდატი, თუმცა, აცხადებს, რომ კონსულტაციები თითქმის დასრულებულია და კანდიდატების ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

“ქართულ ოცნებაში“ კი ზუგდიდის მერობის კანდიდატზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერი, ვიცემერთან ერთად, თანამდებობიდან 12 სექტემბერს გადადგა. ორი თვის შემდეგ კი ის და მისი ყოფილი მოადგილე დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. სასამართლოს ჯერჯერობით მათ მიმართ განაჩენი არ გამოუტანია.

მერის რიგგარეშე არჩევნების თარიღი ცესკომ უნდა დაადგინოს, თუმცა, “საარჩევნო კოდექსის” თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში. ამ ჩანაწერის შესაბამისად, ხულოში, ზუგდიდში, ჭიათურაში, მარნეულსა და ზესტაფონში მერის რიგგარეშე არჩევნები 2 თვეში უნდა ჩატარდეს. პოლიტიკური პარტიებიც საკუთარ კანდიდატებს ოფიციალურად სწორედ ამ პერიოდში წარადგენენ.