“ნაციონალური მოძრაობა“ ჭიათურაში მერობის კანდიდატად დავით კირკიტაძის წარდგენას აპირებს. ინფორმაციას “იმედინუსი” სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება “იმედინიუსმა” პარტიის რამდენიმე ლიდერთან სცადა, თუმცა ისინი ამ ეტაპზე სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
დავით კირკიტაძე ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, თუმცა ვინაიდან მის მიმართ განაჩენი ჯერ არ დამდგარა, საარჩევნო კოდექსი არჩევნებში კენჭისყრას არ უკრძალავს. დავით კირკიტაძე წარმოშობით ჭიათურიდანაა.
კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად გასული წლის 19 დეკემბერს წარუდგინეს. “ნაციონალური მოძრაობის წევრს გამოძიება 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც პოლიციელის მიმართ ძალადობას და წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. კირკიტაძე შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების ბრალდებით 17 დეკემბერს გურჯაანში დააკავა. ამ დროს ის თანაგუნდელთან, ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდა.
“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მოსამართლემ 12 მარტს ისევ პატიმრობაში დატოვა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პაატა ნადირაძემ 2018 წლის სექტემბერში თანამდებობა სკანდალურად დატოვა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ჭიათურაში მერის არჩევნები მაისში უნდა გაიმართოს.