“არაფერი ჩვენ გარეშე” – ამ დევიზით ზუგდიდის, ფოთისა და წალენჯიხის შშმ პირები, ქალები და ახალგაზრდები ადგილობრივ ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ლიდერებს საკუთარი საჭიროებების გადაწყვეტას ერთობლივად სთავაზობენ. მათ, განზე დგომასა და ნიჰილიზმს, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ამჯობინეს. ამ ჯგუფებმა ყველაზე უკეთ იციან, რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგანან, ამიტომაც, მიიჩნევენ, რომ ამ გამოწვევების დასაძლევად აუცილებელია, თავად იაქტიურონ, ჩაერთონ ადგილობრივ პროცესებში და საკუთარი ხმა დააფიქსირონ მაშინ, როცა პოლიტიკოსები გეგმავენ და წყვეტენ, რა ტიპის პროექტები უნდა განხორციელდეს. ადგილობრივი თვითმმართველობის სიძლიერეს ხომ სწორედ მოქალაქეების მუნიციპალურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა განაპირობებს.
სწორედ ამიტომაც, გამოძახილი – “არაფერი ჩვენ გარეშე” – ასოციაცია “დეას” მიერ სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტში – ზუგდიდში, ფოთსა და წალენჯიხაში დაწყებული პროექტების უმთავრეს დევიზად იქცა. პროექტის მიზანია, სამოქალაქო აქტივიზმის ჩამოყალიბებით, მოხდეს სამი მოწყვლადი ჯგუფის – ქალების, შშმ პირებისა და ახალგაზრდების ინტერესების პოლიტიკოსებისთვის გაზიარება და ამ ინტერესების შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მუნიციპალურ ბიუჯეტში ასახვა.
“სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობის პროექტი 2020 წელს, პირველ ჯერზე, ზუგდიდში დაიწყო. 2022 წელს კი მას ფოთი და წალენჯიხა დაემატა. რამდენიმე პროექტისგან შემდგარი პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდში ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფები, რომლებსაც უნარ-ჩვევების განვითარებისკენ მიმართული ტრენინგები და სემინარები ჩაუტარდათ. 2020 წლიდან ვთანამშრომლობთ პოლიტიკურ პარტიებთანაც, რათა მათ მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები საკუთარ საარჩევნო პროგრამაში შეეტანათ. ახლა უკვე მონიტორინგის ეტაპზე ვართ. ვნახავთ, ზუგდიდში წინასაარჩევნოდ ამ ჯგუფისთვის გაცემული დაპირებები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში როგორ აისახება”, – აცხადებს მადონა ხარებავა, ასოციაცია „დეას“ დირექტორი.
პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია “დეა” ახორციელებს.
კონკრეტულად რა გაკეთდა პროექტის ფარგლებში, რა საჭიროებები და პრობლემები გამოიკვეთა და არის თუ არა მზადყოფნა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მოქალაქეებს მოუსმინონ, ამ თემაზე droa.ge-სთან ასოციაცია “დეას” დირექტორი და პროექტის ხელმძღვანელი მადონა ხარებავა საუბრობს.
– ქალბატონო მადონა, რა არის პროექტის მიზანი და საერთოდ, საიდან გაჩნდა იდეა, რომ მუნიციპალიტეტებში შშმ პირების, ქალებისა და ახალგაზრდების პრობლემები შეგესწავლათ?
– ბევრ ქვეყანაში შშმ პირები, ქალები და ახალგაზრდები იმ სოციალურ ჯგუფებს განეკუთვნებიან, რომლებიც სხვებზე მეტად არიან დისკრიმინაციისა და არათანაბარი მოპყრობის რისკის ქვეშ. მათ შორის, შშმ პირები ყველაზე ხშირად განიცდიან არათანასწორ მოპყრობას მთელ მსოფლიოში. მართალია, ამ სოციალური ჯგუფის მიმართ ხედვა თანდათან იცვლება, თუმცა, საქართველოში ისევ რჩება მიდგომა, რომ შშმ პირებს ხმამაღლა მხოლოდ სოციალურ დახმარებაზე ლაპარაკი შეუძლიათ. 24 წელია ამ მიმართულებით ვმუშაობ, პირადად მე გავხდი შშმ პირი, ჩვენი ორგანიზაციის გამგეობის 51% შშმ პირი, ან შშმ ბავშვის დედაა და ჩვენ არ გვინდა მხოლოდ სოციალური დახმარების მომხმარებლები ვიყოთ. ჩვენ გვინდა, აქტიურად ვმონაწილეობდეთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში. შშმ პირებს წლების განმავლობაში ჰქონდათ ასეთი სლოგანი: „არაფერი ჩვენზე ჩვენ გარეშე“. ეს სლოგანი აღარ მოგვწონს და დღეს ვამბობთ: „არაფერი ჩვენ გარეშე“ – ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი.
„ჩვენ არ გვინდა მხოლოდ სოციალური დახმარების მომხმარებლები ვიყოთ. ჩვენ გვინდა, აქტიურად ვმონაწილეობდეთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში“
ასევე ვამბობთ ქალებზეც. მუდმივად ვსაუბრობთ გენდერულ თანასწორობაზე, თუმცა, დღესაც მამაკაცის სოციალური სტატუსი უფრო მაღალია, ვიდრე ქალის. მესამე ჯგუფია ახალგაზრდები. მათი ჩართულობის გარეშე ინკლუზიასა და შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე საუბარს აზრიც არ აქვს, იმიტომ, რომ ახალგაზრდები არიან ცვლილებების მთავარი ინდიკატორები.
– პროექტი ჯერ ზუგდიდში დაიწყო, შემდეგ ფოთსა და წალენჯიხაში – რა კრიტერიუმით შეირჩა ეს სამი მუნიციპალიტეტი?
პროექტი თავიდან ზუგდიდში იმიტომ დაიწყო, რომ აქ სამოქალაქო საზოგადოება გაცილებით უფრო ძლიერია. გაგვიმართლა იმაში, რომ ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას ზუგდიდში ოფისი 1990-იან წლებშიც კი ჰქონდა, რამაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ძალიან შეუწყო ხელი. სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტები კი არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თანაც, თუ ზუგდიდში ამ მიმართულებით თავად მუნიციპალიტეტის მხრიდან ჩართულობა უფრო მაღალი იყო, საკმაოდ დაბალი იყო წალენჯიხასა და ფოთში. ამ ეტაპზე ფოთი ავარჩიეთ იმიტომ, რომ ის თვითმმართველი ქალაქია, ხოლო წალენჯიხა არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი საქართველოში, რომელსაც ოპოზიციონერი მერი მართავს.
– რა პრიორიტეტები გამოკვეთა კვლევამ, ამ სამ მუნიციპალიტეტში რა ინტერესები და პრობლემები აქვთ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს?
– ბევრი საერთო პრობლემაა. მაგალითად, შშმ პირებისთვის უპირველესი პრობლემა ინფრასტრუქტურაა, რისი მოგვარებაც ადგილობრივი თვითმმართველობის პირდაპირი ვალდებულებაა. ადაპტირებული გარემოს გარეშე სოციალიზაციის საკითხი შეფერხებულია. ეს არის საწყისი საბაზისო საჭიროება შემდგომი ინკლუზიისთვის. ამ პრობლემის მოგვარება შშმ პირებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ განათლება, დასაქმდნენ, რეაბილიტაციის პროგრამებში ჩაერთონ, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.
ასევე, ყველგან გამოვლინდა რეაბილიტაციის პროგრამების ნაკლებობა, განსაკუთრებით, ზრდასრული შშმ პირებისთვის. ბავშვებისთვის შედარებით ნორმალური პროგრამებია, მუნიციპალიტეტი ვაუჩერული სისტემით უწყობს ხელს. ზრდასრულები კი ცენტრალური ხელისუფლების პროგრამების მიღმაც კი არიან დარჩენილები;
პრობლემაა საზოგადოების დამოკიდებულებაც შშმ პირების მიმართ. 1998 წელს დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა და დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება, თუმცა, სტერეოტიპი და სტიგმა მაინც არსებობს, ამიტომ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ღონისძიებები ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა დაგეგმოს;
შშმ პირების შემთხვევაში პრობლემაა განათლება. ინკლუზიური განათლება სკოლებში ხარვეზებით, მაგრამ მეტ-ნაკლებად დამკვიდრდა, რასაც ვერ ვიტყვით საბავშვო ბაღებზე, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა კურირებს.
არანაკლები პრობლემები აქვთ ქალებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე. რამდენი წელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ხდება გენდერისა და ძალადობის საკითხებზე, სხვადასხვა სერვისცენტრისა თუ ფსიქოლოგის აუცილებლობაზე ადგილობრივ დონეზე და ეს ყველაფერი დღემდე მაინც პრობლემად რჩება.
ახალგაზრდების პრობლემაა, მაგალითად, ის, რომ არ არსებობს, ან ძალიან ცოტაა სოციალური სივრცეები, არ არსებობს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამები, ჩამოსაყალიბებელია მოხალისეობრივი ინსტიტუტები, ასევე არ არსებობს სამუშაო ადგილები. საერთოდაც, ბოლო პერიოდში ახალგაზრდები ძალიან პასიურები არიან. ჩვენი სურვილია, ისინი მეტად აქტიურები გახდნენ სოციალურ ცხოვრებაში, ჩაერთონ თუნდაც კვლევებში და გამოთქვან მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას.
– მოწყვლადი ჯგუფები რამდენად არიან ინფორმირებულები მუნიციპალიტეტში მოქმედი და დაგეგმილი პროგრამების შესახებ?
– მეტ-ნაკლებად ინფორმირებულები არიან, თუმცა, ინფორმაციის უკეთ გასავრცელებლად მუნიციპალიტეტებს შევთავაზეთ, რომ ამისათვის არა მარტო ვებგვერდი გამოიყენონ, არამედ სოფლებში მერის წარმომადგენლებმა არსებულ პროგრამებზე ინფორმაცია ადმინისტრაციულ შენობებშიც გამოაკრან. ასე სოფლებში ინფორმაციის გავრცელება უფრო გამარტივდება.
– კვლევაში ვკითხულობთ, რომ ერთ-ერთი პრობლემა იყო სოფლებთან დამაკავშირებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეფიციტი და ის, რომ შშმ პირებისთვის ადაპტირებული არ არის. ამ მიმართულებით როგორია სურათი?
– თავიდან ზუგდიდში იყო პრობლემა, მაგრამ ჩვენი შეხვედრების შემდეგ ეს თანდათან მოწესრიგდა. ახლა ზაფხულის პერიოდში 21:00 საათამდე, ხოლო ზამთარში 20:00 საათამდე მუშაობს ტრანსპორტი. ასევე, ზუგდიდსა და ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტი ადაპტირებულია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აშშ-მა აჩუქა სამი სპეციალური მანქანა ეტლით მოსარგებლეებისთვის. როცა კლინიკაში მოუწევთ წასვლა, შეუძლიათ გამოიძახონ. რაც შეეხება წალენჯიხას, მას მუნიციპალური ტრანსპორტი საერთოდ არ აქვს. წალენჯიხის ადგილობრივი ბიუჯეტი იმდენად მცირეა და იმდენად ბევრი მუნიციპალური ტრანსპორტის სჭირდებათ, რომ ამ ეტაპზე პრობლემის სრულად გადაჭრა გამორიცხულია. ერთადერთი გზაა, რომ კერძო ბიზნესი სოციალური გახადონ და მაგალითად, საწვავის ხარჯები დაუფინანსონ. ამისთვის მზადყოფნაც არსებობს. ამ ეტაპზე 2 მიმართულებაზე ფიქრობენ, რომ კერძო კომპანიებმა უარი არ თქვან.
– რამდენად აქტიურია ადგილობრივი თვითმმართველობასა და საინიციატივო ჯგუფებს შორის თანამშრომლობა?
– უკეთესი სიტუაციაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. თუმცა იქაც ძალიან ცოტა მოქალაქე ესწრება საკრებულოს სხდომებს. სამწუხაროდ, არასამთავრობოებიდანაც ნაკლები დასწრებაა. არადა, ეს არის მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმა, რომლითაც შეგიძლია საკუთარი საკითხების თვითმმართველობის წინაშე დაყენება. ზოგადად, პრობლემა ისიცაა, რომ სხდომის თარიღი მხოლოდ ვებ-გვერდზე ქვეყნდება და, თანაც, შეიძლება ეს რამდენიმე საათით ადრე მოხდეს. სოფელში კი ინტერნეტთან ყოველდღიური წვდომა ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს. ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა ზუგდიდში, შემდეგ – ფოთში. IDFI -ის კვლევით, ფოთმა გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის ინდექსით პირველი ადგილი დაიკავა, ზუგდიდიც ხუთეულშია.
– ამ სამი ჯგუფიდან ყველაზე აქტიური რომელი ჯგუფია თავისი უფლებებისთვის ბრძოლაში?
– ზუგდიდში შშმ პირები და მათი მშობლები ყველაზე აქტიურები არიან, ასევე აქტიურიები არიან სამოქალაქო ორგანიზაციები, ფოთშიც – უფრო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, წალენჯიხაში – ქალები.
– ახალგაზრდებს თუ აქვთ სურვილი, აქტიურები იყვნენ?
– ახალგაზრდებში მოტივაცია დაბალია. თავიდან პროექტში ვინც ჩაერთო, ბევრმა მიატოვა და ჩანაცვლება მოგვიწია.
ძალიან გვინდა მოხალისეობრივი ინსტიტუტი შეიქმნას და, ამავე დროს, ახალგაზრდების რაღაცით წახალისება მოხდეს. ელემენტარულად, თუნდაც მერიამ გასცეს სიგელი იმ ადამიანებზე, ვინც აქტიურია, გამოყოს გარკვეული ბიუჯეტი ასეთი მონაწილეობისთვის, ხელი შეუწყოს თუნდაც საკანცელარიო ნივთებით, ტრანსპორტითა და ა.შ. ძალიან ბევრი სამუშაოა.
– მოტივაცია რატომ არ აქვთ, არ სჯერათ, რომ მათ ხმას გაიგებენ?
– ესეც არის – უნდობლობა. იმიტომაც გავაკეთეთ ეს პროგრამა – ნახონ, რამდენად მნიშვნელოვანია ინიციატივის არსებობა და ის, რომ, თუ მოინდომებენ, ნამდვილად მოუსმენენ. არსებობს ამერიკული გამოთქმა: მიდი, ეცადე, იქნებ გამოგივიდეს რაღაც.
– რადგან ზუგდიდში ადრე დაიწყო პროექტი, იქ რამდენად გაძლიერდა ახალგაზრდული აქტივიზმი?
– უკეთესობაა. ახლა გერმანიასა და აზერბაიჯანთან ერთად ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამა დავიწყეთ. კონკურსით გამოვლენილი 7 ახალგაზრდა ერთი კვირით ჯერ ბაქოში, შემდეგ კი ბერლინში მიდის. იქ მათ ტრენინგები ჩაუტარდებათ სოციალურ უფლებებზე, შშმ პირთა საკითხებზე. მათ უკვე აქვთ გაცილებით მეტი მოტივაცია.
– რაც არ უნდა აქტიური იყოს სამოქალაქო საზოგადოება, გადაწყვეტილებას საბოლოოდ პოლიტიკოსები იღებენ. რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ლიდერებს უკვე წარუდგინეთ? როგორია მათი დამოკიდებულება?
– ახლა ვიწყებთ ინტენსიურ მუშაობას და უკმაყოფილოები არ ვართ. პრობლემების ნაწილი იცოდნენ, ნაწილი ჩვენ მივაწოდეთ. გვეთანხმებიან იმაში, რომ მოწყვლადი ჯგუფების დაკონკრეტება მათ პარტიულ პროგრამებში მნიშვნელოვანი იქნება.
17-19 ოქტომბერს წალენჯიხაში, ზუგდიდსა და ფოთში გაიმართა შეხვედრები, რომლებსაც მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ, მათ შორის, ამ საკრებულოებში არსებული ყველა ფრაქციის წარმომადგენლები. წინასწარ განვიხილეთ 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამუშაო ვერსიები, ასევე, საკრებულოში შემავალი პარტიების მონახაზები, ჩვენც წარვადგინეთ ჩვენი რეკომენდაციები, რომლებიც კვლევებისა და სოციალური კამპანიის ფარგლებში გამოკითხული მოქალაქეების მოსაზრებების შედეგად შევიმუშავეთ. ახლა ვმუშაობთ, რომ ეს რეკომენდაციები სამივე მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში იყოს გათვალისწინებული.
– კონკრეტულად, რა ძირითადი რეკომენდაციები გაქვთ?
– მთავარი აქცენტი ჩვენ მაინც ინფრასტრუქტურაზე გავაკეთეთ, რაც პრობლემაა არა მარტო შშმ პირებისთვის, არამედ საბავშვო ეტლით მოსარგებლეებისთვისაც. გადაადგილების საკითხის მოწესრიგება მუნიციპალიტეტის ძირითადი ვალდებულებაა, ამიტომ აქცენტი, ძირითადად, ამაზე გვაქვს; ასევე რეკომენდაცია გვაქვს სკოლამდელი აღზრდის მიმართულებითაც. ძალიან დიდი პრობლემაა როგორც საბავშვო ბაღების ფიზიკური მისაწვდომობა, ისე აღმზრდელების მომზადების დონე. მათ ტრენინგები მხოლოდ ზოგად საკითხებზე უტარდებათ, არადა, მაგალითად, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს სხვა მიდგომა სჭირდება, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონეს – სხვა. განვსაზღვრეთ, მასწავლებლებს რა კონკრეტულ თემებზე სჭირდებათ ტრენინგების ჩატარება. შევთავაზეთ, მონიტორინგიც გაკეთდეს, თუ როგორ იყენებენ მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში; ასევე, ზუგდიდში შევთავაზეთ, რომ სამ საბავშვო ბაღს, სადაც შშმ ბავშვები არიან, გაუკეთდეს პანდუსები, რადგან მშობლებს ყოველ ჯერზე ბავშვები ხელით აჰყავთ. ბაღი ბევრად მეტია ზუგდიდში, მაგრამ ისიც გვესმის, რომ ბიუჯეტი ამას ვერ გაწვდება; ასევე, ზუგდიდში 10 შუქნიშანია და წინადადება გვქონდა, უსინათლოებისათვის სამი კონკრეტული ქუჩის კვეთაზე გაკეთდეს შუქნიშანი; ასევე, ზუგდიდში არის საცხენოსნო კლუბი, რომელსაც მუნიციპალიტეტი აფინანსებს და პროგრამაში უწერიათ, რომ ამ კლუბში შშმ ბავშვების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სინამდვილეში არც საჭირო ცხენი ჰყავთ და არც ინსტრუქტორი. შევთავაზეთ, რომ გადაამზადონ ინსტრუქტორი, რომელიც 2024 წლიდან შეუდგება ამ პროგრამის განხორციელებას; შევთავაზეთ, სოფლებშიც იყოს ახალგაზრდებისთვის სოციალური სივრცეები. ბევრ სოფელში არის ბიბლიოთეკა და დარბაზი და წინადადებაა, რომ ამ დარბაზის აღჭურვა მოხდეს კომპიუტერითა და ინტერნეტით. ეს დარბაზი უნდა იყოს ადაპტირებული. ასევე, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსდეს აუდიომასალები უსინათლოებისთვის.
– რა მოლოდინი გაქვთ, ამ რეკომენდაციებიდან რისი გათვალისწინება მოხდება ბიუჯეტში?
– მოლოდინი მაქვს, რომ, მაგალითად, ზუგდიდში შეთავაზებული რეკომენდაციების 60%-ს გაითვალისწინებენ, იმიტომ, რომ სტრატეგიები ერთმანეთს ემთხვევა. ფოთსა და წალენჯიხაშიც, ვფიქრობ, რომ 50% მაინც იქნება გათვალისწინებული. შემდეგ ეტაპზე ჩვენ უკვე ადვოკატირების პროცესს დავიწყებთ. თუ არ გაითვალისწინეს, გვექნება შეკითხვა – რატომ არ/ვერ მიიღე რეკომენდაცია? ეს ხომ ადგილობრივ დონეზე უნდა გადაწყდეს? ჯერჯერობით, სიტყვიერი თანხმობა გვაქვს, რომ გაითვალისწინებენ და ვნახოთ.
– ბოლოს, როგორ გესახებათ პროექტის გაგრძელება?
– საბოლოო გეგმაა ის, რომ, როდესაც ჩვენ ადგილებზე საინიციატივო ჯგუფებს დავტოვებთ, ანუ შეწყდება დონორული დაფინანსება, მათ დამოუკიდებლად გააგრძელონ მუშაობა და ეს არ იყოს მხოლოდ პროექტისთვის შექმნილი საინიციატივო ჯგუფები. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ ჩაუტარდეთ სემინარები ბიუჯეტის მონიტორინგზე, ზოგადად, უფლებებზე. ჩვენი მიზანია, შედგეს თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის და მეორე მხრივ, თვითმმართველობამაც ნახოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის მართვაში მოსახლეობაც მონაწილეობს. ეს ვალდებულების გადანაწილებაცაა და ვცდილობთ, ორივე მხარეს დავანახოთ ის სარგებელი, რაც შეიძლება ორივე მხარემ მიიღოს.
სტატია მომზადებულია ორგანიზაცია „ასოციაცია დეას“ დაკვეთით, პროექტის – „სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა ფოთის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში” – ფარგლებში. მისი მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.