სამოქალაქო აქტივიზმის პირველი შედეგი – რა გაითვალისწინეს ზუგდიდის, ფოთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებმა 2023 წლის ბიუჯეტისთვის

1034

წინა სტატია

ორგანიზაცია “დეას” ინიციატივით, შშმ პირების, ქალებისა და ახალგაზრდების მიერ სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტში დაწყებულმა აქტივიზმმა პირველი შედეგი უკვე აჩვენა – ზუგდიდის, ფოთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების 2023 წლის ბიუჯეტებში გაითვალისწინეს იმ რეკომენდაციების ნაწილი, რაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების შესახებ თვითმმართველობებს წარუდგინეს.  

იმის გამო, რომ მუნიციპალური ბიუჯეტები ძალიან მწირია, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, ცხადია, ვერ მოხერხდა, თუმცა, აქტივისტებმა დაპირებები მიიღეს – ადგილობრივი ხელისუფლებები მზად არიან, მათთან შემდგომშიც ითანამშრომლონ და დანარჩენი რეკომენდაციები მომდევნო წლების ბიუჯეტებში ასახონ. ყველა თანხმდება, რომ ადგილზე საჭიროებების სწრაფად და ეფექტურად გადასაწყვეტად ფისკალური დეცენტრალიზაცია და ფინანსურად ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებაა საჭირო.

მადონა ხარებავა
წინადადებების განხილვისას ყველა ამბობდა, რომ ისინი ეთანხმებიან სამოქალაქო საზოგადოების მიერ შეთავაზებულ რეკომენდაციებს, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემაა ფინანსური რესურსების ნაკლებობა. მუნიციპალიტეტებს საკუთარი შემოსავალი ძალიან ცოტა აქვთ და, ძირითადად, ცენტრზე არიან დამოკიდებულები”, – აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი, ა/ო „დეას“ აღმასრულებელი დირექტორი, მადონა ხარებავა.

პროექტი “სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა ფოთის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში”, არასამთავრობო ორგანიზაცია “დეას” ინიციატივით, 2020 წელს, პირველ ჯერზე, ზუგდიდში დაიწყო და საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკოსთა დაპირებების შესწავლას ისახავდა მიზნად. ძირითად პოლიტიკურ პარტიათა პროგრამებში მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების შესწავლა-მონიტორინგი 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გაგრძელა. 2022 წელს კი პროექტს ფოთი და წალენჯიხა დაემატა. ამჯერად პროექტის მიზანი შშმ პირების, ქალებისა და ახალგაზრდების გააქტიურება, საკუთარი საჭიროებების ადგილობრივი ხელისუფლებისთვის რეკომენდაციის სახით წარდგენა და მათი 2023 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტში ასახვა იყო.

სამოქალაქო ჯგუფების რეკომენდაციები და 2023 წლის ადგილობრივ ბიუჯეტი

იმისათვის, რომ ქალების, ახალგაზრდებისა და შშმ პირების საჭიროებები 2023 წლის ადგილობრივ ბიუჯეტებში ასახულიყო, სამივე მუნიციპალიტეტში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები; ჩატარდა სადისკუსიო შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან, მერიის თანამშრომლებთან, საკრებულოებში შემავალი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და  გაკეთდა 2 კვლევა; გამოითხოვეს საჯარო ინფორმაციები. შედეგების შეჯამების შემდეგ გამოვლინდა ძირითადი გამოწვევები, რის შემდეგაც პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთნენ და საბოლოოდ, 2023 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად რეკომენდაციებიც წარედგინათ – ზუგდიდს – 12, ფოთს – 8 და წალენჯიხას – 6.

ზუგდიდის 2023 წლის ბიუჯეტი 57, 882 მლნ ლარია, ფოთის ბიუჯეტი – 28, 110 მლნ ლარი, ხოლო წალენჯიხის – 14,114 მლნ ლარი. შეიძლება ითქვას, რომ მუნიციპალიტეტებში ინიციატივების გათვალსწინებაც ბიუჯეტის შესაძლებლობების შესაბამისად მოხდა.

წალენჯიხა

წალენჯიხამ, ხუთი რეკომენდაციიდან, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი გაითვალისწინა – მუნიციპალურ ცენტრსა და სოფლებს შორის ტრანსპორტის სუბსიდირება. აქამდე ტრანსპორტი მხოლოდ ორი მიმართულებით არსებობდა და მერიამ, ბიზნესსექტორთან ერთად, მარშრუტი რამდენიმე მიმართულებით დაამატა.

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, კორნელი სალიაც ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტში უმთავრესი პრობლემა, უმუშევრობასთან ერთად, ტრანსპორტის თემაა. ამიტომაც ამ საკითხის გათვალისწინება უმნიშვნელოვანესი იყო. მისი თქმით, მერია სატრანსპორტო საშუალებებს საწვავით დააფინანსებს.

კორნელი სალია – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

“გარდა ამისა, საინიციატივო ჯგუფების რეკომენდაციის შესაბამისად, საბავშვო ბაღებში თანამშრომლების გადამზადებაც მალე დაიწყება. სოფელ ლიაში უკვე შენდება ბაღი და სხვა ბაღებიც, შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით, ეტაპობრივად მოეწყობა. წალენჯიხაში 35 საბავშვო ბაღია და მის შესაბამის სტანდარტებამდე მიყვანას ცენტრალური ხელისუფლება თუ შეძლებს, იმიტომ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ამხელა მასშტაბის ხარჯებს ვერ გასწვდება. რეკომენდაცია იყო, ასევე, შუქნიშნების ხმოვანი სიგნალით ადაპტირება, მაგრამ ესეც თანხებთანაა დაკავშირებული, თანხების მობილიზება კი რთულია”, – აღნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე.

მის თქმით, სამოქალაქო სექტორი წალენჯიხაში ძლიერი არ არის, არადა, საზოგადოების გააქტიურებას თვითმმართველობის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და იმედს გამოთქვამს, რომ მოქალაქეები საბიუჯეტო ინიციატივებს საკრებულოს მომდევნო წლებშიც აქტიურად წარუდგენენ.

კორნელი სალია საუბრობს თვითმმართველობის დამოუკიდებლობის გაზრდის აუცილებლობაზეც, რასაც, მისი აზრით, დეცენტრალიზაციის დაბალი ხარისხი აფერხებს. “ვფიქრობ, რომ თვითმმართველობა მაშინ იქნება კარგი და ძლიერი, როცა ის დამოუკიდებელი იქნება ფინანსურად და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლადვე მიიღებს”, – აცხადებს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე.

ფოთი

ფოთის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღი მალთაყვაში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში აშენდა. ის ახლა შედის ექსპლუატაციაში და ადაპტირებულია შშმ ბავშვებისთვის; დაგეგმილია, ასევე, საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადებაც. გარდა ამისა, წელსვე ადგილობრივი თვითმმართველობა სკოლებთან, ბაღებთან, სკოლისგარეშე დაწესებულებებთან, სპორტის, კულტურისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვა ობიექტებთან ხმოვანი შუქნიშნების, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობას გეგმავს. გზები კი შშმ პირთა და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა საჭიროებების გათვალისწინებით ადაპტირდება. 2023 წლის ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამაც, ხოლო შშმ პირთა უფლებების პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მიზნით, მერთან არსებული საბჭოს დებულებაში შევა ცვლილები და შესაბამისად შეირჩევა საბჭოს წევრები.

მერიის ცნობითვე, სანაპირო ზოლისა და შუქურას მიმდებარე ტერიტორიის განათება და კეთილმოწყობa ნაწილობრივ უკვე დასრულებულია. ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების შემდგომ კი შეიქმნება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი საჯარო სივრცე.

როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, ფოთშიც რეკომენდაციების სრულად ვერშესრულების მთავარ პრობლემად მწირ ადგილობრივ ბიუჯეტს ასახელებენ. მერია პირობას დებს, რომ “ჭარბი შემოსავლების მიღებისა და დარგობრივი სამსახურების მიერ მიზანშეწონილად ჩათვლის შემთხვევაში”, 2023 წლის ბიუჯეტში საინიციატივო ჯგუფების მიერ შემუშავებულ სხვა რეკომენდაციებსაც ასახავენ.

ზუგდიდი

ზუგდიდში, ძირითადი ინიციატივებიდან, 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ქალაქის ტერიტორიაზე უსინათლოთათვის სამ შუქნიშანზე ხმოვანი სიგნალის დამონტაჟება. გარდა ამისა, უსინათლო ადამიანებისთვის მომზადდება აუდიო მიმოხილვები ბიუჯეტის პრიორიტეტების და პროგრამის მიხედვით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საბიუჯეტო პროექტის აუდიო მიმოხილვები; გაფართოვდება შშმ პირთა უფლებების დაცვის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობა, რათა მერმა მათ საჭიროებებზე სწრაფად მოახდინოს  რეაგირება; ამასთან, მერიას დაგეგმილი აქვს, შექმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულყოფილი ბაზა შეზღუდვის ტიპისა და სტატუსის მიხედვით;

ამავე თემაზე წაიკითხეთ: “არაფერი ჩვენ გარეშე” – სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტში შშმ პირები, ქალები და ახალგაზრდები ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთარი საჭიროებების გადაწყვეტას ერთობლივად სთავაზობენ

ზუგდიდის მერია ასევე პირობა დადო, რომ მოაწესრიგებს არსებულ პანდუსებს და საჭიროების შემთხვევაში, ახალ პანდუსებს/გადასასვლელებსაც მოწყობს. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, მიწისქვეშა გადასასვლელში, ელექტროლიფტი დამონტაჟდება. როგორც პროექტის ხელმძღვანელი, მადონა ხარებავა ამბობს, ინფრასტრუქტურის სამსახურმა სატენდერო წინადადება უკვე შეიმუშავა და მიწისქვეშა გადასასვლელში ლიფტს, ქალაქის სხვადასხვა ადგილას კი პანდუსებს გაკეთებს.

სიახლე ექნება საცხენოსნო კლუბ  “ხარებასაც– 2023 წელს მერია ინსტრუქტორის გადასამზადებლად თანხას გამოყოფს და 2024 წლიდან  შშმ ბავშვებისთვის იპოთერაპიის კურსები გაიხსნება. გარდა ამისა, საბავშვო ბაღებში აღმზრდელები და შშმ ბავშვთა ასისტენტები გადამზადებიან; აშენდება ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვით იქნება ადაპტირებული.

“რაც შეეხება ქალთა საკითხებს, ზუგდიდში შეიქმნა ქალთა ოთახი, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ საჭირო ინფორმაცია. ეხმარებიან საპროექტო წინადადების შემუშავებაშიც. ასევე, ზუგდიდს აქვს სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა. თანადაფინანსების მოპოვებისას, თუ თანაბარი იქნება ქულები, უპირატესობა ქალებს მიენიჭება”, – ამბობს მადონა ხარებავა.

ამავე თემაზე წაიკითხეთ: “აქტიურობას გავაგრძელებთ, მომავალში უფრო თამამად მოვითხოვთ…” – მოქალაქეთა ინიციატივები, რომლის ასახვაც სამეგრელოს სამი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა მოხდეს

გარდა ამისა, გამყოფ ხაზთან მდებარე  სამ სოფელში კოკში, ორსანტიასა და ანაკლიაში ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია-აღჭურვა მოხდება. ამისათვის 2023 წლის  ბიუჯეტში 65 ათასი ლარია გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტის სოფლებში სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მოქალაქეთა ჩართულობის გასაუმჯობესებლად კი ჭაქვინჯში, ცაიშში, ცაცხვსა და ჩხოუში ერთ სივრცეში მოეწყობა მერის წარმომადგენლისა და სოფლის ბიბლიოთეკის სამუშაო სივრცე. მერია პირობას დებს, რომ პროექტი გაისადაც გაგრძელდება და ანალოგიური სივრცეები ამოქმედდება ჩხორიაში, ზედაეწერში, ტყაიაში, ანაკლიაში, ოირემეში, ინგირში, ჯიხაშკარში, დიდინეძში, ხურჩასა და შამგონაში.

ზუგდიდის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, თანხმდებიან, რომ მუნიციპალიტეტში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას უფრო ეფექტურს ხდის.

გიგა ფარულავა – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

“სამოქალაქო სექტორის აქტიურობის შედეგია ის, რომ მათი ინიციატივით ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება. მერიას საკრებულოდან რეკომენდაციები გაეგზავნა. მათ შორის ძალიან ბევრი იყო არასამთავრობო სექტორიდან წამოსული. არის საკითხები, რომელიც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გაიზიარა, დიდი ნაწილი კი, სამწუხაროდ, ვერ/არ გაითვალისწინა, თუმცა, ბუნებრივია, შეუძლებელია, ბიუჯეტში ყველაფერი ერთად გაითვალისწინო”, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე, “გახარია საქართველოსთვის” წევრი, გიგა ფარულავა და დასძენს: “სამწუხაროდ, ყველა საჭირო მოთხოვნის დაკმაყოფილება არა მარტო ზუგდიდში, არამედ, ზოგადად, სახელმწიფოშიც ვერ ხერხდება, იმიტომ, რომ შემოსავლების ნაკლებობაა”.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, კონსტანტინე კაკავა აცხადებს, რომ მერიას არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის კარგი ტრადიცია აქვს ჩამოყალიბებული და ბიუჯეტში ბევრი გონივრული რეკომენდაცია გაითვალისწინეს.

კონსტანტინე კაკავა – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე

“ჩვენ ყოველთვის მზად ვართ და მაქსიმალურად ვახალისებთ ბიუჯეტის ფორმირებაში მოქალაქეების ჩართულობას. გამოცდილებით ერთ-ერთი გამორჩეული არასამთავრობო ორგანიზაციაა “დეა”, რომელმაც არაერთი პროექტი განახორციელა და წლების განმავლობაში გარკვეული პოზიტიური წნეხის ფუნქციას ასრულებდა თვითმმართველობაზე”, – ამბობს კაკავა.

მისი თქმით, შეიძლება, დამტკიცებულ საფინანსო დოკუმენტში ვერ აისახა გარკვეული წინადადებები, თუმცა, წლის განმავლობაში, სხვადასხვა ფონდიდან და დონორული დაფინანსებიდან, სხვა რეკომენდაციების გათვალისწინებაც მოხდება.

“ჩვენ ძალიან კარგი დოკუმენტი შევქმენით. თითოეულ რეკომენდაციაზე დავწერეთ პასუხი, რატომ ვახერხებთ, ან ვერ ვახერხებთ გათვალისწინებას. როცა არის წინადადებები, რომელიც ძალიან დიდი ფინანსური რესურსის მობილიზებას მოითხოვს, განვმარტავთ, რა გზით შეიძლება გაკეთდეს ეს კონკრეტული პროექტი. ჩვენ გვინდა, ჩვენი ქალაქი შშმ პირებისთვის მაქსიმალურად მეგობრული, ადაპტირებული გახდეს. ცოტა ხნის წინ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, გადაწყდა და შშმ პირთათვის მუნიციპალური ტრანსპორტი სრულად უფასო გახდა. საუბარია დაახლოებით 1 200 ადამიანზე. ჩვენ არ ვაკეთებთ პროექტებს ქაოსურად. მუნიციპალიტეტს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა აქვს და ის ეხმიანება „დეას“ ინიციატივებსაც”, – აცხადებს მერის მოადგილე.

ზუგდიდში “დეამ” პოლიტიკური პარტიების 2021 წლის საარჩევნო დაპირებები და მათი შესრულების საკითხიც შეისწავლა. ორგანიზაცია მონიტორინგს საკრებულოში მოხვედრილ სამ საარჩევნო სუბიექტს უწევდა – “ქართულ ოცნებას”, პარტიას “გახარია საქართველოსთვის” და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.

არჩილ თოდუა

ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტი არჩილ თოდუა ამბობს, რომ პოლიტიკურ პარტიათა დაპირებები, უმეტეს შემთხვევაში, ან იდენტური იყო, ან შინაარსობრივად ძალიან ახლოს იდგა ერთმანეთთან. გარდა ამისა, დაპირებების უმეტესი ნაწილი იყო ზოგადი, ამიტომაც, კონკრეტულად რა შესრულდა და რა – არა, ამის რეალურად შეფასება რთულია. ამიტომაც, თოდუა ურჩევს პოლიტიკურ პარტიებს, მაქსიმალურად კონკრეტული დაპირებებით წარდგნენ ამომრჩეველთა წინაშე, რათა მოსახლეობამ შეძლოს იმის დადგენა, თუ რა გააკეთა ხელისუფლებამ და რა – ვერ. თვითმმართველობის ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ვერშესრულებული დაპირებების მიზეზი ხშირად დეცენტრალიზაციის დაბალი დონეა.

“დღეს თვითმმართველობას არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსები და უფლებამოსილებები იმისთვის, რომ ადგილზე არსებული პრობლემები ადგილზევე გადაჭრას სწრაფად, დამოუკიდებლად და ეფექტურად. გვჭირდება გაცილებით უფრო მეტი და მაღალი ხარისხის დეცენტრალიზაცია ქვეყანაში, რაც მოგვცემს გარანტიას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, თუმცა, არსებული მწირი რესურსების სწორი გამოყენების შემთხვევაშიც კი შესაძლებელია ბევრად მეტი პრობლემის გადაჭრა. ამასთან, იმისთვის, რომ ეს მოხდეს, აუცილებელია მოქალაქეებთან მეტი კომუნიკაცია, როგორც ბიუჯეტის დაგეგმვისა და დამტკიცების, ისე განხორციელების პროცესში”, – ამბობს არჩილ თოდუა. 

ზუგდიდის მერის მოადგილე, კონსტანტინე კაკავა აცხადებს, რომ პარტიის დაპირებების ნაწილი, შესაძლოა, ზოგადი იყოს, მაგრამ ეს თემატიკიდან გამომდინარეობს, თუმცა, “ქართული ოცნების” გუნდი ყოველთვის ცდილობს, გასცეს კონკრეტული დაპირებები და შედეგებიც აქვთ. ის, ასევე, დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზე გამოთქმულ მოსაზრებებსაც პასუხობს: “მზაობაა როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, რომ მოხდეს უფლებამოსილებების ეტაპობრივად გადაცემა, ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, თვითმმართველობა უნდა გაძლიერდეს უფლებამოსილებებისა და ფისკალურ ნაწილში”.

თუმცა, ფაქტია, ვერც “დეა” და ვერც სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის პროცესის რეალურად განხორციელებას ვერ დაელოდებიან. მოქმედება ყოველთვის აუცილებელია. ამიტომაც, პროექტის განმახორციელებელი გუნდი და საინიციატივო ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა სწორედ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით უნდა შეიმუშაონ მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა, პოლიტიკის დოკუმენტი, რომელშიც ნათლად იქნება წარმოდგენილი თითოეული გამოწვევისა თუ მოწყვლადი ჯგუფის წინაშე არსებულ პრობლემებზე რეაგირების მექანიზმები. რაც მთავარია, უნდა გაიზარდოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების ჩართულობის დონე და ხარისხი, რაც ამ დრომდე ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

   

 

 

 

სტატია მომზადებულია ორგანიზაცია „ასოციაცია დეას“ დაკვეთით, პროექტის – „სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა ფოთის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში” – ფარგლებში. მისი მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.