ასოციაცია “დეას” საინიციატივო ჯგუფებმა ზუგდიდის, ფოთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში 2023 წლის რამდენიმე საბიუჯეტო პროგრამა შეისწავლეს და სამივე მუნიციპალიტეტში, განსხვავებულ გამოწვევებთან ერთად, საერთო ხასიათის პრობლემებიც გამოკვეთეს: ერთი, რომ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფები მუნიციპალური სერვისებით ხშირად კმაყოფილები არ არიან და მეორე – რაც უფრო დაშორებულია სოფელი მუნიციპალურ ცენტრს, მით უფრო დაბალია ინფორმირებულობის დონე; შესაბამისად, ამ ჯგუფებისთვის მუნიციპალური პროგრამები ნაკლებად ხელმისაწვდომია.
სამოქალაქო აქტივიზმის პროექტი დევიზით – “არაფერი ჩვენ გარეშე”, არასამთავრობო ორგანიზაცია “დეას” ხელმძღვანელობით, 2020 წელს ზუგდიდში დაიწყო, 2022 წელს კი მას ფოთი და წალენჯიხა დაემატა. პროექტი სამი მოწყვლადი ჯგუფის – შშმ პირების, ქალებისა და ახალგაზრდების გააქტიურებასა და საკუთარი საჭიროებების თვითმმართველობისთვის გაზიარებას ისახავდა მიზნად. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების მეშვეობით შემუშავდა რეკომენდაციებიც, რომლებიც თვითმმართველობებს 2023 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად წარედგინათ. მათი ნაწილი ბიუჯეტებში აისახა კიდეც. 2024 წლის დასაწყისში კი „დეამ“ სამივე მუნიციპალიტეტის 2023 წლის რამდენიმე საბიუჯეტო პროგრამის მონიტორინგი აწარმოვა და ახალი რეკომენდაციებიც შეიმუშავა.
ზუგდიდის თვითმმართველობა: “2024 წელი ახლა დაიწყო, პრობლემების მოსაგვარებლად წინ 9 თვე გვაქვს”
ზუგდიდში მონიტორინგისთვის 2023 წლის ოთხი საბიუჯეტო პროგრამა შეირჩა. ეს პროგრამები 15 სხვადასხვა ტერიტორიაზე პანდუსების მოწყობასა და აგრარული ბაზრის მიმდებარედ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში სპეციალური ლიფტის დამონტაჟებას, უსინათლოთათვის ზუგდიდში არსებულ 3 შუქნიშანზე ხმოვანი ფუნქციის ღილაკის მოწყობას, შშმ პირების ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურებასა და ახალგაზრდული პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებდა.
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ პანდუსებისა და ლიფტის მოსაწყობად ზუგდიდის მერიამ 2023 წელს საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადა და დაადგინა, რომ ამ პრობლემის მოგვარებას, ჯამში, 197 225 ლარი დასჭირდება, თუმცა, სამუშაოების დასაწყებად საჭირო თანხა 2024 წლის ბიუჯეტში არ გაუთვალისწინებია. პრობლემაა შუქნიშნებზე ხმოვანი სიგნალების დამონტაჟებაც. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამისათვის არსებული შუქნიშნები ახლით უნდა ჩანაცვლდეს, რაც ფინანსურ რესურსს მოითხოვს და ახლა მერია ამ რესურსების მოძიებაზე მუშაობს. ამავეს ამბობს ზუგდიდის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ჯიქია პანდუსებისა და ლიფტის მოწყობაზეც.
“დეასთან” ერთად მოვახდინეთ იმ ცხელი წერტილების იდენტიფიცირება, სადაც საჭირო იყო პანდუსების მოწყობა და მოვამზადეთ საპროექტო დოკუმენტაციაც. ახლა მაქსიმალურად ვცდილობთ სამუშაოების შესასრულებლად თანხების მოძიებას. ამისათვის მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს როგორც დონორებთან, ისე სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციასთან. 2024 წელი ახლა დაიწყო, წინ 9 თვე გვაქვს,” – ამბობს თემურ ჯიქია.
ასოციაცია “დეას” შენიშვნები ჰქონდა, ასევე, შშმ პირთა სოციალური დაცვის ერთ-ერთ პროექტთან დაკავშირებითაც. ამ პროგრამით, ეტლით მოსარგებლე, გადაადგილების შეზღუდვის მქონე და უსინათლო პირები უფასო სატრანსპორტო მომსახურებით სარგებლობენ. ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვისას აღმოჩნდა, რომ პოტენციური ბენეფიციარების ერთი ნაწილი ამ პროგრამის შესახებ ინფორმირებული არ იყო. გარდა ამისა, ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ მომსახურების შესაძლო მიმღებთა კატეგორია შეზღუდულია, მაგალითად, აუტისტური სპექტრის, ან სხვა ტიპის გადაადგილების შეზღუდვის მქონე შშმ პირები ამ მომსახურებით ვერ სარგებლობენ, რაც პროგრამის მინუსია.
ზუგდიდის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსის, ნინო სხულუხიას თქმით, ამ პროგრამაში ახალი ბენეფიციარების დამატება მათი სურვილიცაა, თუმცა, ზუგდიდის ბიუჯეტი დღეს ამის შესაძლებლობას არ იძლევა.
“ჩვენ სამიზნე ჯგუფად ავიღეთ ეტლით მოსარგებლეები და ტოტალურად უსინათლოები. მერიის წარმომადგენლებმა კარდაკარ დაიარეს და ბაზა შევადგინეთ; დაახლოებით 260 ადამიანია სიაში და ამ პროგრამის შესახებ ყველა ამ ადამიანმა იცის. ამ კონტინგენტს სამი ეკიპაჟი ემსახურება, დღის განმავლობაში 12-14 გასვლა აქვთ და ფიზიკურად მეტი ვერ ხერხდება. გასული წლის ივნისში დავიწყეთ პროგრამა და 100-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. იყო შემთხვევები, როდესაც ერთი და იმავე ბენეფიციარს რამდენჯერმე დასჭირდა ტრანსპორტით სარგებლობა. 6 თვის მონაცემებით, 500-ზე მეტი გასვლა იყო და მომსახურების თანხა 40 000 ლარამდე დაჯდა. გვინდა, რომ ბენეფიციარებს ხარისხიანად და შეუფერხებლად მივაწოდოთ სერვისი, ამიტომაც წელს კატეგორია იგივე დარჩა. თუ იქნება ახალი სამიზნე ჯგუფების დამატების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ”, – აღნიშნავს სხულუხია.
რაც შეეხება სხვა მოწყვლად ჯგუფებს, მონიტორინგისას გამოიკვეთა, რომ სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს მერიის ახალგაზრდული პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია კი აქვთ, მაგრამ ამ პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში თავად არ არიან ჩართულნი.
ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის უფროსი მაგდა თოდუა კი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და პროექტებში ჩართულობის ხარისხი მაღალია.
ასევე წაიკითხეთ: “ჩაერთე და მართე” – რა ინიციატივებით მიმართა თვითმმართველობებს ზუგდიდის, ფოთისა და წალენჯიხის მოსახლეობამ
“ამ კუთხით პრობლემებს გამოვრიცხავ. ზუგდიდში ახალგაზრდული პროგრამები ყველასთვის ცნობილია, გვაქვს ფეისბუქ-გვერდი, ასევე, მუნიციპალიტეტის ვებგვერდი, არსებობს ახალგაზრდული სათათბირო, მათაც აქვთ თავისი გვერდი და ყველგან დეტალურად დევს ინფორმაცია. გარდა ამისა, ყველა სოფელში არის მერიის წარმომადგენლობა. ახალგაზრდები ხშირად გვირეკავენ, ფეისბუქზეც გვწერენ, ყველაზე მეტად სტიპენდიები და საზღვარგარეთ დაფინანსება აინტერესებთ და ყველას ვპასუხობთ”, – ამბობს თოდუა.
საინიციატივო ჯგუფის წევრები ზუგდიდიდან: “ჩვენი მიზანია, ჩავერთოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში”
გიგა ცქვიტაია 19 წლის სტუდენტია, ის ასოციაცია “დეაში” 2022 წელს მივიდა. სწორედ პროექტებში ჩართვის შემდეგ დაინახა, რომ აქტიურობას რეალური შედეგი მოაქვს.
გიგა ცქვიტაია: “დავესწარი საკრებულოს სხდომებს, იმიტირებული სხდომებიც ჩავატარეთ. ასოციაცია “დეამ” შეგვკრიბა და გაგვაერთიანა ახალგაზრდები. ახლა ვცდილობთ, ჩვენი თანატოლები დავაჯეროთ, რომ, თუ იაქტიურებენ, შედეგი აუცილებლად დადგება. შეიძლება პრობლემა 100%-ით ვერ მოგვარდეს, მაგრამ თუ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე ხშირად ილაპარაკებ, პრობლემის 60-70% მაინც მოგვარდება. ამას ვაკეთებთ ჩვენ, ვინც ასოციაციაში ვართ და არ ვაპირებთ, რომ გავჩერდეთ”.
ირაკლი სამუშია 24 წლისაა, ის ასოციაცია “დეას” ახალგაზრდული ჯგუფის წარმომადგენელია. ამბობს, რომ ბოლო დროს მის თაობაში თვითმმართველობის საკითხებზე დაინტერესება გაიზარდა და საინიციატივო ჯგუფი უფრო და უფრო ფართოვდება.
ირაკლი სამუშია: “ეს პროექტი ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, უფრო აქტიურები გახდნენ, იცოდნენ საკუთარი უფლებები. ჩვენ, საინიციატივო ჯგუფის წევრები, ვესწრებოდით საკრებულოს სხდომებს, სადაც კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების შესახებ ვისაუბრეთ. შემდეგ კი მერიიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, დაგეგმილი პროექტებიდან რა და როგორ გაკეთდა. თუმცა, მთავარი მიზანი მონიტორინგი არ არის. მთავარი მიზანია, ახალგაზრდები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები უფრო აქტიურად ჩაერთონ იმ პროექტების დაგეგმვასა და შესრულებაში, რასაც მერია ახორციელებს. მთავარი მიზანია, რომ ჩვენი უფლებები გავიაზროთ და ვიცოდეთ, რეალურად როგორ შეგვიძლია მართვის პროცესში მონაწილეობა”.
ნესტან ბეჭვაია შშმ მოზარდის მშობელია და “დეაში” შშმ პირებთან დაკავშირებული პრობლემების გამო მივიდა. მისი თქმით, ასეთი პროექტები მოქალაქეებს აძლიერებს, ასწავლის, როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები, როგორ დაეხმარონ სხვებსაც და საკუთარ თავსაც.
ნესტან ბეჭვაია: “2012 წლიდან ვთანამშრომლობ “დეასთან” და ინკლუზიურ განათლებაზე თუ რამე შეხვედრა ტარდება, ყველას ვესწრები. ძალიან ბევრი რამ გავიგე და ვისწავლე საკუთარ უფლებებზე. 2022 წელს ჩავერთე პროექტში, რომელიც სამ მუნიციპალიტეტში სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობასა და ბიუჯეტში გარკვეული პროგრამების მონიტორინგს შეეხებოდა. ორ სოფელში, კოკსა და ახალ აბასთუმანში, მოეწყო მოსახლეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა შეხვედრაც, სადაც მოქალაქეებმა თავიანთ პრობლემებზე ისაუბრეს. უფრო და უფრო იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც უნდა საკუთარ უფლებებში გარკვევა და თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართვა. ასეთი პროექტები ადამიანებს თავდაჯერებას მატებთ, ხედავენ, რომ შეუძლიათ, პოლიტიკოსებთან პრობლემებზე ისაუბრონ და რწმუნდებიან, რომ მათი აზრი ანგარიშგასაწევია. ძალიან ბევრი რამ მომცა “დეასთან” თანამშრომლობამ, ამიტომაც, აქტიურობას მომავალშიც გავაგრძელებ”.
წალენჯიხის თვითმმართველობა: “ბევრი პროგრამის დანერგვა გვინდა, მაგრამ ადგილობრივი ბიუჯეტი მწირია”
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მონიტორინგის საგანს წარმოადგენდა მოწყვლადი ჯგუფებისა და შშმ პირების მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი. მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ არ არსებობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების მონაცემთა ბაზა, შესაბამისად, გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი პროგრამების შემუშავება და ხარჯების სწორად პროგნოზირება რთულდება; ფოკუს-ჯგუფების გამოკითხვით გაირკვა, რომ პრობლემაა მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან მოსახლეობა სათანადოდ ინფორმირებული არ არის და ამასთან, ბენეფიციარების შეფასებით, გაცემული დახმარებები მწირია. მაგალითად, მომვლელის საჭიროების მქონე ბენეფიციარისთვის გამოყოფილია თვეში 100 ლარი, რაც მომსახურების ხარისხზე უარყოფითად აისახება. ამ პრობლემების გადასაჭრელად ასოციაცია “დეამ” რეკომენდაციებით მიმართა თვითმმართველობას, რომელმაც მათი ნაწილი 2024 წლის ბიუჯეტში უკვე გაითვალისწინა.
როგორც წალენჯიხის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე რაისა ჩანგელია ამბობს, მწირი ადგილობრივი ბიუჯეტი ყველა პრობლემის ერთბაშად მოგვარების შესაძლებლობას არ აძლევთ.
რაისა ჩანგელია: “კი, სიმართლეა, რომ, ჯერჯერობით, შშმ პირების სრულყოფილი ბაზა არ გვაქვს და ამაზე ვმუშაობთ. ბევრი სოციალური პროგრამის დანერგვაც გვინდა, მაგრამ ადგილობრივი ბიუჯეტი, სამწუხაროდ, მწირია. ამ დროისთვის წალენჯიხაში შშმ პირებზე ყოველთვიური დახმარება გაიცემა. ეტლით მოსარგებლეებს, საწოლს მიჯაჭვულებს და სხვა ტიპის შშმ პირებს, თუ პენსიონერი არ არის, თვეში 100-100 ლარი ერიცხებათ. ეს მიზერულია, მაგრამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მეტის საშუალებას არ იძლევა. სურვილი გვქონდა, დახმარების პროგრამაში ჩაგვერთო უსინათლოები და მარტოხელები, თუმცა, თბილისიდან უარი გვითხრეს. მიუხედავად ამისა, როგორც კი რაღაც თანხებს მოვიძიებთ, ვგეგმავთ, მინიმუმ 100 ლარით მათაც დავეხმაროთ. პირველი ჯგუფის უსინათლო 10 ადამიანია, მარტოხელა ადამიანების აღრიცხვას კი ახლა ვაწარმოებთ. გარდა ამისა, სიახლეა ის, რომ ადრე აუტიზმის სპექტრისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები მშობლებს სარეაბილიტაციოდ ზუგდიდში დაჰყავდათ და მათ წელიწადში 1000 ლარს ვურიცხავდით. ახლა ზუგდიდში წასვლა აღარ დასჭირდებათ, წალენჯიხაში აშენდა სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც მალე ოფიციალურად გაიხსნება. გარდა ამისა, გაიხსნა დიალიზის ცენტრიც. წალენჯიხის მუნიციპალიტეტს 25 ბენეფიციარი ჰყავს და ყველა მათგანი წალენჯიხაშივე შეძლებს დიალიზის პროგრამით სარგებლობას”.
საინიციატივო ჯგუფის წევრები წალენჯიხიდან: “დეა” გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი საჭიროებები რაღაც დონეზე გადაიჭრას”
შორენა შონია სოფელ ფახულანის საბავშვო ბაღის დირექტორია. პარალელურად, აქვს მცირე ბიზნესი მერძევეობის მიმართულებით. როგორც აქტიური ქალი, ბევრ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობს და 1 წელია, თანამშრომლობს „დეასთანაც“. მისი თქმით, “დეას” დახმარებით შეძლო, მერიამდე მიეტანა მცირე მეწარმეების წინაშე დაფინანსების მხრივ არსებული გამოწვევები.
შორენა შონია: “ხშირად დავდივარ მცირე ბიზნესთან დაკავშირებულ გამოფენა-გაყიდვებზე, სადაც თანხა უნდა გადაიხადო. “დეას” შუამდგომლობით, წალენჯიხის მერთან გვქონდა შეხვედრა, სადაც შევთანხმდით, რომ გარკვეულ გამოფენა-გაყიდვას და სწავლებებს მერია დააფინანსებს. გარდა ამისა, “დეას” ინიციატივით, თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ ჩემი სოფლის მოსახლეობას და მოსახლეობამ საკუთარ უფლებებზე ბევრი ახალი რამ გაიგო. მაგალითად, ადამიანებმა არ იციან, რომ არსებობს თანადაფინანსების პროგრამები და შეუძლიათ, 20%-იანი დაფინანსება მიიღონ მცირე ბიზნესის წამოწყებისას. შეხვედრისას ბევრი პრობლემაც გამოიკვეთა – გზების, წყლის, ინტერნეტის. ასეთი შეხვედრების შემდეგ უფრო მეტს იგებ, ხედავ, რომ თავდაჯერება გემატება, ხვდები, რომ, თურმე, სიტყვა გეთქმის და შეიძლება, შენი საჭიროებები ადგილობრივმა თვითმმართველობამ გაითვალისწინოს”.
ნონა შონია, უკვე ორი წელია, საინიციატივო ჯგუფის აქტიური წევრია. ისიც სოფელ ფახულანიდანაა. ამბობს, რომ “დეას” პროექტები ძალიან ეხმარება მოსახლეობას, რომ საჭიროებები მერიამდე მიიტანონ.
ნონა შონია: “დეას” სახელით შევძელი, ჩემს სოფელში ორ შშმ პირს დავხმარებოდი. გავარკვიე, რომ შშმ პირებთან დაკავშირებით მერიაში არსებობს სხვადასხვა პროგრამა, რომლის შესახებაც მხოლოდ “ფეისბუქზე” წერია. სოფელში კი “ფეისბუქი” ყველას არ აქვს. ერთ-ერთი პროგრამა იყო შშმ პირების ერთჯერადი დახმარება, რომლის შესახებაც სოფელში ორმა შშმ პირმა არაფერი იცოდა და მათი სახელით მივმართე მერიას. შედეგად კი, ორივე მათგანმა პროგრამით სარგებლობა შეძლო”.
ფოთის თვითმმართველობა: “ორი ბაღის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბავშვებისთვის ადგილების დეფიციტი მოგვარდება“
ქალაქ ფოთში მონიტორინგის საგანს წარმოადგენდა საბავშვო ბაღების ადაპტირებისა და აღმზრდელ-პედაგოგთა კვალიფიკაციის საკითხები. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ საბავშვო ბაღების რაოდენობა საკმარისი არ არის. ხშირია შემთხვევები, როდესაც მსურველი მეტია, მაგრამ, ადგილების არარსებობის გამო, ბავშვებს სარეზერვო სიაში სვამენ; პრობლემაა ისიც, რომ შენობების უმეტესობა ადაპტირებული არ არის; გარდა ამისა, მცირეა ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების რაოდენობა, ზოგიერთ ბაღს კი სპეციალური მასწავლებელი საერთოდ არ ჰყავს.
ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი, გელა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ გარკვეული პრობლემები არსებობს, თუმცა, ეტაპობრივად ყველაფერს აგვარებენ.
“ფოთში 15 საბავშვო ბაღია. 2024 წელს 3 ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება. გარდა ამისა, ერთი ბაღის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და კიდევ ერთი შენდება. ამ რეაბილიტირებულ და ახლად აშენებულ ბაღებში ადაპტირებული გარემოს პრობლემა აღარ იქნება. ორი ბაღის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ადგილების დეფიციტიც აღმოიფხვრება. დღეის მდგომარეობით, ყველაზე მეტი მოთხოვნაა კუნძულის უბანზე და ახალი შენობა-ნაგებობის დამატებას ამ უბანში მივესალმებოდით, თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა. რაც შეეხება პერსონალს, 2024 წლის ნოემბრიდან ვალდებულება გვაქვს, რომ პერსონალური ასისტენტი უნდა გვყავდეს და კადრებთან დაკავშირებით ვმუშაობთ. ასევე, წლის განმავლობაში მოხდება 100 აღმზრდელის გადამზადება, რისთვისაც დაფინანსება უკვე გამოყოფილია. 15-ვე ბაღში, ჯამში, 160 მასწავლებელია და ეს სავსებით საკმარისია. ბაღებს 2 ფსიქოლოგი და 3 ლოგოპედი ემსახურება, რაც საკმარისი არ არის და დამატებას ვფიქრობთ”, – ამბობს ლორთქიფანიძე.
ასოციაცია “დეას” რეკომენდაციები ჰქონდა ჯანდაცვის ზოგიერთი პროგრამის მიმართულებითაც. გამოკითხვებით დადგინდა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის თერაპიისა და რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტი წელიწადში 700 ლარს გამოყოფს, რაც რეალურ საჭიროებასთან მნიშვნელოვნად შეუსაბამოა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, მაია მაკალათია ამბობს, რომ 700 ლარის გარდა, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს წელიწადში კიდევ 1000 ლარი ერიცხებათ.
ასევე წაიკითხეთ: სამოქალაქო აქტივიზმის პირველი შედეგი – რა გაითვალისწინეს ზუგდიდის, ფოთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებმა 2023 წლის ბიუჯეტისთვის
“ფოთის მუნიციპალიტეტში 18 წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის მქონე 5 ბავშვია რეგისტრირებული. 2023 წელს ამ ბავშვებზე გაიცემოდა 500-ლარიანი ერთჯერადი დახმარება. 2024 წელს დაფინანსება გავაორმაგეთ. გარდა ამისა, თუ რეაბილიტაციაში მონაწილეობისათვის შემოიტანს განაცხადს, ეს ცალკე პროგრამაა და 700 ლარით ფინანსდება. ასევე გვყავს 96 აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი და თითოეული ბავშვის თერაპია წელიწადში 3600 ლარი ჯდება. გარდა ამისა, არიან შშმ პირის სტატუსის მქონე ბავშვები, ზოგს სტატუსი არ აქვს, მაგრამ რეაბილიტაციის საჭიროება დგას და ისინიც 700 ლარით ფინანსდებიან. 2023 წელს რეაბილიტაცია 115-მა ბავშვმა გაიარა. ჩვენი დახმარებები შეიძლება სრული წელი ვერ აკმაყოფილებს საჭიროებებს, მაგრამ, ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, იზრდება ჩვენი პროგრამებიც”, – ამბობს მაკალათია.
საინიციატივო ჯგუფის წევრები ფოთიდან: “ცივილურად ხდება პრობლემების დანახვა და გადაჭრის გზების ძიება”
ლევან მაშავა ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში მოქალაქეობის მასწავლებელია. ამბობს, რომ “დეას” ყველა წამოწყება მოსწონს და მეგობრებსაც ურჩევს, იარონ შეხვედრებზე, რათა ერთად გადაჭრან პრობლემები.
ლევან მაშავა: “ერთ-ერთი საინტერესო პროექტი ეხებოდა სკოლას; თვითმმართველობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით სკოლებს შორის ვიქტორინა ჩატარდა და ჩვენი სკოლა მესამე ადგილზე გავიდა. ამ ვიქტორინით მოსწავლეებმა თვითმმართველობის შესახებ ძალიან ბევრი რამ გაიგეს. მე, როგორც მოქალაქეობის პედაგოგი, რაღაც საკითხებში გარკვეული ვიყავი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან, როგორ შეუძლიათ ესა თუ ის სერვისი მიიღონ, ან ესა თუ ის პრობლემა მიიტანონ მუნიციპალიტეტამდე; არ იციან, რომ არსებობს თუნდაც პეტიციის ფორმა და საჭირო არ არის, როცა რაღაც პრობლემა დგას, აუცილებლად ქუჩაში ყვირილით გააპროტესტონ. აქ ცივილურად, ადამიანურად ხდება პრობლემების დანახვა, პრობლემების გადაჭრის გზების ძიება და მიზნების დასახვა. ამიტომაც, მსგავსი პროექტები აუცილებელია”.
ნონა ხუხია 4 წელია, ასოციაცია “დიოსკურიას” ხელმძღვანელობს და “დეასთან” თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართვის სურვილით მივიდა.
ნონა ხუხია: “მოეწყო სხვადასხვა შეხვედრა, სადაც თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ მოწვეულები. პრობლემებს ვახმოვანებდით და შემდეგ მონიტორინგსაც ვახდენდით, რომ ჩვენი წინადადებები ბიუჯეტში ასახულიყო. შედეგები გვაქვს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები მოიხსნა. მოქალაქეების მხრიდან ინტერესი მატულობს და ეს ძალიან კარგია. ჩვენ ყველას გვერდით ვუდგავართ. ხშირად არის, რომ უფროს თაობას ყველაფერი სწრაფად უნდა. ჩვენ მათ ცივილურ ფორმას ვთავაზობთ – მიმართე წერილით და თუკი პასუხი არ მოგეწონება, შემდეგ იბრძოლე, რომ შეცვალო. ეს პროექტი აძლევს ადამიანებს იმის შეგრძნებას, რომ მათი ხმა არ იკარგება და რაც მეტად იაქტიურებენ და ისაუბრებენ პრობლემებზე, მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეტად გაითვალისწინებენ”.
ასოციაცია “დეას”, საინიციატივო ჯგუფებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლობამ მუნიციპალურ პროგრამებში მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების ასახვას ხელი რომ შეუწყო, ამას ყველა მხარე აღნიშნავს. თავად პროექტის განმახორციელებლები მიიჩნევენ, რომ გაზრდილია ადგილობრივი ხელისუფლების საჯაროობა და ანგარიშვალდებულება მოქალაქეთა მიმართ, საინიციატივო და მონიტორინგის ჯგუფების წევრებს კი აქვთ მეტი ცოდნა და მოტივაცია, ჩაერთონ ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში.
თუმცა, მიღწეული შედეგების მიუხედავად, სამივე მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა. უმთავრეს გამოწვევად “დეა” ცნობიერების ამაღლების საკითხს ასახელებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამაც და მოსახლეობამაც უკეთ უნდა გააცნობიერონ ის სარგებელი, რაც მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას მოაქვს.
მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან კვლავაც არ არსებობს მოქალაქეებთან ურთიერთობის, კომუნიკაციისა და ჩართულობის სისტემური მიდგომა და ძირითადად, მხოლოდ ინფორმირებისა და კონსულტაციის ფორმებს იყენებენ. “თუმცა, პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში იყო შემთხვევები, როცა პროგრამების დაგეგმვისას მოსახლეობის მონაწილეობის უფრო მაღალი დონე – ჩართულობა იყო გამოყენებული. ზუგდიდში კი, სადაც 2019 წლიდან მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა არსებობს, ადგილობრივი ხელისუფლება სამოქალაქო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს”, – ამბობენ “დეაში”.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ პრობლემაა ნაკლები სამოქალაქო აქტივიზმიც, რაც, სავარაუდოდ, მოსახლეობის ხელისუფლებისადმი უნდობლობით არის გამოწვეული, თუმცა, ასევე, ფიქრობენ, რომ საინიციატივო ჯგუფები, მათი უნარებისა და რესურსების გაძლიერებით, მეტად აქტიურები გახდებიან.
“დეა”, საინიციატივო და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად, ამჯერად უკვე 2024 წლის საბიუჯეტო პროგრამებისა და მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებს. რამდენად ხელშესახები იქნება შედეგი, ამას უკვე წლის ბოლოს შევიტყობთ.
სტატია მომზადებულია ორგანიზაცია “ასოციაცია დეას” დაკვეთით, პროექტის – “მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა ზუგდიდის, ფოთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი პროგრამებისა და ბიუჯეტის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში. მისი მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.