მერის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატები არ მონაწილეობენ

1103

დღეს თერჯოლისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, რიგგარეშე არჩევნებზე, მერებს, ხოლო გურჯაანში, თიანეთში, ახალციხეში, ტყიბულსა და ქუთაისში საკრებულოს გამოკლებულ მაჟორიტარებს ირჩევენ. შვიდივე მუნიციპალიტეტში კანდიდატები მხოლოდ მმართველმა პარტიამ – “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა, ოპოზიციას არცერთ მათგანში კანდიდატი არ ჰყავს. ერთადერთი, სადაც “ოცნებას” კონკურენტი ჰყავს, ტყიბულია – აქ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს საკრებულოში მოსახვედრად დამოუკიდებელი კანდიდატი ჰყავს წარდგენილი.

იმის გამო, რომ კონკურენტი არცერთს არ ჰყავს, შედეგები, პრაქტიკულად, წინასწარვეა ცნობილი – ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, ხოლო თერჯოლის მუნიციპალიტეტის – მანუჩარ რობაქიძე გახდებიან. თერჯოლის მერობისთვის დამოუკიდებელ კანდიდატსაც სურდა ბრძოლა, თუმცა, ის ცესკომ რეგისტრაციიდან მოხსნა.

რაც შეეხება საკრებულოებს, გურჯაანში ზურაბ მუხულიშვილი, თიანეთში იოსებ მათურელი, ახალციხეში როინ ნებაძე, ხოლო ქუთაისში მიხეილ გიორგაძე დაიკავებენ მაჟორიტარი დეპუტატების თავისუფალ ადგილებს. ტყიბულში კი ამომრჩეველმა არჩევანი “ქართული ოცნების” კანდიდატ გიორგი კერესელიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ გიორგი გაგოშიძეს შორის უნდა გააკეთოს.

ადგილობრივი თვითმმართველობის რიგგარეშე და შუალედური არჩევნების გარდა, დღეს საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატსაც ირჩევენ. აქ მაჟორიტარობისთვის “თავისუფალი საქართველოს” კანდიდატი ბესიკ წულეისკირი და “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი ხახუბია იბრძვიან.

ჯამში, არჩევნები 10 მუნიციპალიტეტის 165 საარჩევნო უბანში მიმდინარეობს, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 185 056-ია. 165-დან 117 უბანში არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს – აქ კენჭისყრა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით ხდება. რაც შეეხება დანარჩენ, 48 საარჩევნო უბანს, (მათ შორის არის პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი ერთი უბანიც) აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ტარდება, თუმცა, ცესკოს ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

ელექტრონული ხმის მიცემის გამო განსხვავებულია საარჩევნო ბიულეტენიც. ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე. “ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს. რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო”, – აცხადებს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი.

მისივე ინფორმაციით, ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად, კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს.

სიახლეა გადასატანი ყუთით სარგებლობასთან დაკავშირებითაც – პირველად ამ არჩევნებზე, ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირების პროცედურას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიებით ტარდება, ბიულეტენებს მაინც ხელით დაითვლიან. სწორედ ამის შემდეგ შედგება შემაჯამებელი ოქმები, რომელიც დასკანერდება პლანშეტით და პირდაპირ ცესკოში გაიგზავნება. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ბიულეტენების ხელით დათვლა გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით მოხდება.

მართალია, რიგგარეშე და შუალედურმა არჩევნებმა ოპოზიციის დიდი ინტერესი ვერ დაიმსახურა, თუმცა, დამკვირვებელთა ყურადღება ნამდვილად მიიპყრო – ამ არჩევნებს 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების 55 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. არჩევნებს ასევე აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 258 წარმომადგენელი და 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 457 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს კი 19 მედიაორგანიზაციის 353 წარმომადგენელი აშუქებს.