რამდენი ლარით დაფინანსდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალური ბიბლიოთეკები ბოლო 5 წლის განმავლობაში

724

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ავტორი: ანანო გოშაძე

რა მდგომარეობა იყო 2018-2022 წლებში მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში, რამდენი ახალი ბიბლიოთეკა აშენდა, რამდენს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რამდენით დაფინანსდა ჯამში აღნიშნული ბიბლიოთეკები და ამ დაფინანსებიდან რამდენი მოხმარდა წიგნების შეძენას 5 წლის განმავლობაში – droa.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა.

ფოთის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტში 4 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკა, ნიკო ნიკოლაძის საბავშვო ბიბლიოთეკა,  N2 ბ/ და N3 ბ/ ფილიალები. აქედან რეაბილიტაცია შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ჩაუტარდა, რომლის ღირებულებაც 15 300 ლარს შეადგენდა.

2018-2022 წლებში ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუნიციპალური ბიბლიოთეკები ჯამში 867 300 ლარით დააფინანსა. კერძოდ, 2018 წელს – 130 000 ლარით, 2019 წელს – 135 000 ლარით, 2020 წელს – 185 000 ლარით, 2021 წელს – 202 300 ლარით, ხოლო 2022 წელს – 215 000 ლარით.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მერიამ ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესაძენად ჯამში 8 521 ლარი გამოყო. 2018 წელს – 1 984 ლარი, 2019 წელს – 1 185 ლარი, 2020 წელს – 2 444 ლარი, 2021 წელს – 2 421 ლარი, 2022 წელს კი – 487 ლარი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 31 მოქმედი ბიბლიოთეკაა: ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა, 3 საქალაქო ფილიალი, ინგირის, კოკის, ნარაზენის, ოდიშის, ორსანტიის, რუხის, ყულიშკარის, ჩხორიის, ცაიშის, ძველი აბასთუმნის, ჭაქვინჯის, ურთის, ხურჩის, დიდინეძის, კადუაშის, დარჩელის, ტყაიის, კორცხელის, ახალსოფლის, რიყის, ორულუს, ანაკლიის, ახალ აბასთუმნის, ზედაეწერის, ჯიხაშკარისა და  შამგონის სასოფლო ბიბლიოთეკები.

როგორც მერიიდან მიღებული ინფორმაციიდან ვიგებთ, 2018-2022 წლებში მუნიციპალიტეტში არსებულ არცერთ ბიბლიოთეკაში რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. 2019 და 2021 წელს გაიხსნა დიდინეძისა და შამგონის სასოფლო ბიბლიოთეკები.

მუნიციპალიტეტის მერიამ, ამ ხუთი წლის განმავლობაში, ბიბლიოთეკები ჯამში 3 221 500 ლარით დააფინანსა. კერძოდ, 2018 წელს დაფინანსება 583 000 ლარს შეადგენდა, 2019 წელს – 627 500 ლარს, 2020 წელს – 641 000 ლარს, 2021 წელს – 670 000 ლარს, ხოლო 2022 წელს – 700 000 ლარს.

რაც შეეხება წიგნების შესაძენად გამოყოფილ თანხებს, ამისათვის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018-2022 წლებში ჯამში 21 591 ლარი გამოყო: 2018 წელს – 1 686 ლარი, 2019 წელს – 5 419 ლარი, 2020 წელს – 5 018 ლარი, 2021 წელს – 4 968 ლარი და 2022 წელს – 4 500 ლარი.

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტში 18 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: მთავარი ბიბლიოთეკა, სუჯუნის, პირველი მაისის, ძველი აბაშის, მარნის, გეზათის, ქოლობნის, ნაესაკოვოს, ონტოფოს, სამიქაოს, წყემის, კეთილარის, ზანათის, ტყვირის, მაიდნის, ნორიოს, გულუხეთისა და სეფიეთის ბიბლიოთეკები.

2018-2022 წლებში ბიბლიოთეკისთვის ახალი შენობა არ აშენებულა, თუმცა, რეაბილიტირდა ძველი აბაშის, გულუხეთის, ნაესაკოვოს, ონტოფოსა და ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულების შენობები, სადაც ბიბლიოთეკებია განთავსებული.

როგორც მერიის მიერ გამოგზავნილ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, ამ ხუთი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მერიას ბიბლიოთეკების დაფინანსებისთვისა და წიგნების შესაძენად ცალკე თანხა არ გამოუყვია, ვინაიდაინ როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მთავარი ბიბლიოთეკა და თემის ბიბლიოთეკები ა(ა)იპ “კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის” სტრუქტურულ ქვედანაყოფებს წარმოადგენენ, ამიტომაც, მერიამ არ ჩათვალა თავი ვალდებულად, ფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოეწოდებინა.

სენაკის მუნიციპალიტეტი

სენაკის მუნიციპალიტეტში 17 ბიბლიოთეკაა: ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკა, საბავშვო ბიბლიოთეკა, მენჯის, ფოცხოს, ახალსოფლის, ნოსირის, გეჯეთის, უშაფათის, ლეძაძამეს, ჭალადიდის, ზანას, ეკის, მე-2 ნოსირის, ხორშის, ნოქალაქევის, თეკლათისა და ძვ. სენაკის ბიბლიოთეკები.

2018-2022 წლებში ბიბლიოთეკების დაფინანსებამ ჯამში 315 020 შეადგინა. კერძოდ, 2018 წელს – 52 030 ლარი, 2019 წელს – 52 160 ლარი, 2020 წელს – 62 740 ლარი, 2021 წელს – 63 740 ლარი, 2022 წელს კი – 84 620 ლარი.

რაც შეეხება მერიის მიერ წიგნებისთვის გამოყოფილ თანხას, ის 20 524 ლარს შეადგენს. აქედან 2018 წელს – 4 200 ლარი , 2019 წელს – 4 349 ლარი, 2020 წელს – 4 205 ლარი, 2021 წელს – 3 444 ლარი, ხოლო 2022 წელს – 4 326 ლარი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხაში 21 ბიბლიოთეკაა: წალენჯიხის N1, N2, N3, N4 ბიბლიოთეკები, ასევე, ჯვარის N1, N2, N3, N4 საბავშვო ბიბლიოთეკები,  ფახულანის N1, N2 ბიბლიოთეკები. ჯგალის, საჩინოს, ჩქვალერის, მუჟავას, ჭალეს, ლიის, ნაკიფუს, მედანის, მიქავას, ობუჯისა და ეწერის ბიბლიოთეკები.

ამ ბიბლიოთეკებიდან 2018-2022 წლებში რეაბილიტაცია არცერთს არ ჩატარებია და არც ახალი აშენებულა.

ბოლო 5 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მერიამ ბიბლიოთეკები ჯამში 46 050 დააფინანსა. 2018, 2019, 2020 და 2021 წლებში ბიბლიოთეკების დაფინანსება ყოველწლიურად 8 120 ლარი იყო, ხოლო 2022 წელს – 10 570 ლარი. გარდა ამ დაფინანსებისა, როგორც მერიიდან მიღებულ ინფორმაციაში წერია, 3 000 ლარი ბიბლიოთეკებს ინვენტარის შესაძენად გამოეყოთ.

რაც შეეხება წიგნადი ფონდის განახლებას, ამისათვის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჯამში მხოლოდ 1567 ლარი დაიხარჯა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 14 ბიბლიოთეკაა: მთავარი ბიბლიოთეკა, დაბა ჩხოროწყუს ბიბლიოთეკა, ქვედა ჩხოროწყუს, ლესიჭინეს, ხაბუმეს, მუხურის, თაიას, კირცხის, ნაიჩხოვოს, ახუთის,  ჭოღას,  ნაკიანის,  ზუმისა და ლეწურწუმეს ბიბლიოთეკები.

მერიის ინფორმაციით, 2019 წელს რეაბილიტირდა დაბის ბიბლიოთეკა, რომელზეც 10 000 ლარი დაიხარჯა, ხოლო 2020 წელს სოფელ ახუთის ბიბლიოთეკას გარე ფასადის რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რისთვისაც 1 200 ლარი დახარჯულა.

2018-2022 წლებში მუნიციპალიტეტის მერიამ ბიბლიოთეკები 368 190 ლარით დააფინანსა. აქედან 2018 წელს – 65 670 ლარით, 2019 წელს – 69 380 ლარით, 2020 წელს – 69 270 ლარით, 2021 წელს – 71 590 ლარით, ხოლო 2022 წელს – 92 280 ლარით.

რაც შეეხება წიგნების შეძენას, ამისთვის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჯამში 2 800 ლარი დახარჯულა.

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტში 7 ბიბლიოთეკაა: მარტვილის საჯარო ბიბლიოთეკა, საბავშვო ბიბლიოთეკა, ხუნწის, ნახუნაოს, ინჩხურის, თამაკონისა და სერგიეთის ბიბლიოთეკები. 2019 წელს მარტვილის საჯარო ბიბლიოთეკა რეაბილიტირდა, რომლის ღირებულება 3 719 ლარია.

რაც შეეხება დაფინანსებას, 2018-2022 წლებში მერიამ ბიბლიოთეკებს 252 000 ლარის დაფინანსება გამოუყო. 2018-2019 წლებში – ყოველწლიურად 44 400-44 400 ლარი, 2020-2021 წლებში – 46 800-46 800 ლარი, ხოლო 2022 წელს – 69 600 ლარი.

რაც შეეხება წიგნების შეძენას, ამისათვის მერიას თანხა მხოლოდ 2018 წელს საბავშვო ბიბლიოთეკისთვის აქვს გამოყოფილი და ისიც – მხოლოდ 500 ლარი.

ხობის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტში 13 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკა, ხამისქურის, საჯიჯაოს, ხეთის, თორსის, შუა ხორგის, ქვემო ქვალონის, ჭალადიდის, საგვიჩიოს, ძველი ხიბულის, ზუბის, პირველი მაისისა და ახალი ხიბულის ბიბლიოთეკები. მათგან არცერთს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და მუნიციპალიტეტში არც ახალი ბიბლიოთეკა აშენებულა.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ბიბლიოთეკები ჯამში 348 969 ლარით დაფინანსდა. კერძოდ, 2018 წელს – 75 903 ლარით, 2019 წელს – 78 154 ლარით, 2020 წელს – 72 203 ლარით, 2021 წელს – 77 604 ლარით, ხოლო 2022 წელს – 45 105 ლარით.

ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესაძენად ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჯამში 20 295 ლარი გამოყო. აქედან 2018 წელს – 4 483 ლარი, 2019 წელს – 4 766 ლარი, 2020 წელს – 4 398 ლარი, 2021 წელს – 4 552 ლარი, ხოლო 2022 წელს – 2 096 ლარი.

მესტიის მუნიციპალიტეტი

რაც შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტს, აქ 15 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: მესტიის მთავარი ბიბლიოთეკა, საბავშვო ბიბლიოთეკა, ლენჯერის, ლატალის, ცხუმარის, ბეჩოს, მაზერის, ეცერის, ფარის, ლახამულის, ნაკრის, ჭოლაშის, ჩვაბიანის, ელისისა და ადიშის ბიბლიოთეკები.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ აშენებულა ახალი ბიბლიოთეკა და არც არსებული ბიბლიოთეკებიდან რომელიმეს ჩატარებია რეაბილიტაცია.

2018-2022 წლებში მესტიის მერიამ ბიბლიოთეკები ჯამში 420 280 ლარით დააფინანსა. აქედან 2018 წელს – 81 040 ლარით, 2019 წელს – 78 340 ლარით, 2020 წელს – 80 000 ლარით, 2021 წელს – 88 000 ლარით, ხოლო 2022 წელს – 92 900 ლარით.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 2022 წლამდე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესაძენად თანხა არ გამოუყვია. მხოლოდ 2022 წელს მოხდა წიგნადი ფონდისთვის თანხის – 8000 ლარის გამოყოფა.