რა პრობლემები გამოავლინა კვლევამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

387
ფოტო ვიკიპედიიდან. ავტორი: ნანიკა მატუა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოჯახების დიდი ნაწილის შემოსავლები ეფუძნება დაბალანაზღაურებად სამუშაოს. შესაბამისად, უჭირთ ხარჯების დაფარვა, ვერ აკეთებენ დანაზოგებს და იძულებულნი ხდებიან, აიღონ სესხები; აქ მოსახლეობის ძირითადი დამსაქმებელი საჯარო სექტორია და მოსახლეობას აქვს განცდა, რომ დასაქმება და კარიერული განვითარება მნიშვნელოვნად არის განპირობებული პარტიული მიკუთვნებულობით; კერძო სექტორში კი, რომელიც, ძირითადად, მსხვილი ბიზნესის სახით არის წარმოდგენილი, ანაზღაურება არ არის გაწეული სამუშაოს პროპორციული და არსებული სამუშაო ადგილები ნაკლებად არის მორგებული ადგილობრივი ახალგაზრდების საჭიროებებს, რაც მიგრაციის განმაპირობებელია; განათლების მიღება გამოწვევად რჩება ისევე, როგორც ადგილზე სრულყოფილი ჯანდაცვის მომსახურების მიღება; ადგილობრივი შშმ პირების დიდი ნაწილი კვლავ სოციალურ იზოლაციაში ცხოვრობს და ზოგადად, ადგილობრივი მოსახლეობის საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტიურობა შემცირებულია. ასეთია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგები და შეიძლება ითქვას, რომ აქაც დომინირებს ის ძირითადი პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც აწუხებს ქვეყნის მოსახლეობას და ზოგიერთი სოციალური პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ აღიქმება მუნიციპალიტეტის ადგილმდებარეობის (გამყოფი ხაზის მიმდებარედ) და შეზღუდული მატერიალური და ადამიანური რესურსებისა და ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

კვლევა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებათა ანალიზი“ ასოციაცია „დეამ“, USAID-ისა და NDI-ის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის – „საზოგადოების ჩართულობის გაზრდა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების შემუშავებაში” – ფარგლებში განახორციელა.

მოცემული კვლევის მიზანი იყო, გამოევლინა და გაეანალიზებინა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ძირითადი საჭიროებები. ამისთვის კი, თვისებრივი მეთოდის გამოყენებით, ჩატარდა 4 ფოკუს-ჯგუფი, რომელშიც ადგილობრივი საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ – ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, პროექტის ფარგლებში შშმ პირებისგან, ქალებისა და ახალგაზრდებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი, ადგილობრივი მედია და პოლიტიკური პარტიები. ასევე, გაანალიზდა მოცემულ საკითხზე ადგილობრივი და საერთაშორისო ლიტერატურა. მოსახლეობის საჭიროებათა ანალიზი დაეყრდნო სამიზნე ჯგუფებში აღქმული  საჭიროებების (Perceived Needs)  გამოვლენას. აქვე უნდა ითქვას, რომ კვლევაში გამოყენებული „აღქმული საჭიროება“, აღიარებული მეთოდოლოგიის თანახმად, არის პირის აღქმა დაფუძნებული იმ ინდიკატორებზე, რომლებიც აჩვენებს,  თუ როგორ ხდება დაუკმაყოფილებელი საჭიროებების აღქმა და პრიორიტეტიზაცია.

ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები კი კვლევაში გაანალიზებულია შემდეგ ძირითად სოციალურ ინდიკატორებთან მიმართებით: 1. შემოსავალი და მატერიალური რესურსები; 2.  დასაქმება და პროფესიული ცხოვრება; 3. განათლება; 4. ჯანმრთელობა და სამედიცინო საჭიროებები; 4. ინკლუზია, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება; 7. დაცულობა.

შემოსავალი და მატერიალური რესურსები

ამ პუნქტში გაანალიზდა როგორც პირის, ასევე ოჯახის შემოსავალი, დანაზოგი, მატერიალური კეთილდღეობა –  მატერიალური რესურსების დეფიციტი,  საბანკო და სხვა სახის სესხები, საცხოვრებელი პირობები.

ამ საკითხთან დაკავშირებით გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი ოჯახების უმრავლესობის მატერიალური კეთილდღეობა არასახარბიელოა, რაც სტაბილური სამუშაოს არქონით არის გამოწვეული. შესაბამისად, მათ უმრავლესობას არ აქვს რეგულარული შემოსავალი. კვლევაში მონაწილე პირების ნაწილისთვის ერთადერთი რეგულარული შემოსავალი ოჯახის შშმ წევრის პენსიაა, ნაწილისთვის კი – სამუშაოდ საზღვარგარეთ წასული ოჯახის წევრების მიერ გამოგზავნილი თანხა.

როგორც ფოკუს-ჯგუფებში აღინიშნა, ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი დამსაქმებელი არის საჯარო სექტორი. კერძო სექტორში დასაქმება შესაძლებელია მომსახურების სფეროში – მარკეტები, აფთიაქები, საბანკო სექტორი. თუმცა, დაბალი ანაზღაურების გამო, უდიდესი უმრავლესობა ვერ ახერხებს ფულადი დანაზოგის გაკეთებას და გადაუდებელ შემთხვევებში (ჯანმრთელობის ან სხვა სახის პრობლემები და საჭიროებები) უწევთ სესხის აღება, რაც სულ უფრო და უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას.  სესხებთან მიმართებით, განსაკუთრებით მოწყვლადები არიან პენსიონერები. ასევე, ძალიან ხშირია სესხის აღება სწავლის საფასურის დასაფარად.

გარდა ამისა, არასტაბილურია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებიდან მიღებული შემოსავალი, რაც, ასევე, აისახება ოჯახების ფინანსურ მდგრადობაზე.

როგორც რესპონდენტებმა აღნიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ოჯახების უმრავლესობას არასახარბიელო ეკონომიკური და მატერიალური პირობები აქვს, უსახლკარობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გავრცელებულ პრობლემას არ წარმოადგენს. ამ საკითხზე საუბრისას აღსანიშნავია ის, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან მუშაობს უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 2019-2022 წლებში 69 უსახლკარო ოჯახს აუშენდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი. გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობს სხვადასხვა მიზეზით  უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ყოველთვიურ ფულად დახმარებას 100-200 ლარის ოდენობით. ასევე, 2010 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სოციალური საცხოვრისი, სადაც განთავსებულია 14 ოჯახი.

თუმცა, ეს პროგრამები ვერ უმკლავდებიან უკიდურეს სიღარიბეს, რომელშიც ოჯახების გარკვეულ ნაწილს უწევს ცხოვრება. ოჯახების უმრავლესობას კი, როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, „თვიდან თვემდე ძლივს გააქვს თავი“. ოჯახების მატერიალური მდგომარეობა უარესდება, როდესაც ოჯახში არის შშმ ან ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების მქონე  წევრი, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ფუნქციონირებს სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები, რადგან რესპონდენტთა თქმით, ეს პროგრამები საკმარისი არ არის.

ზუგდიდში, ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, სიღარიბის რისკის ქვეშ არიან მარტოხელა ხანდაზმულები და ამ რისკებს კიდევ უფრო ზრდის ის, რომ მათ, სიღარიბისა და სამედიცინო პრობლემების გამო,  უწევთ სხვადასხვა სახის სასესხო ვალდებულებების აღება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიის ბიუჯეტით დაფინანსებულ სოციალურ პროგრამებში ჩართულნი არიან მარტოხელა და მარტო მცხოვრები ადგილობრივი ხანდაზმულები და ბოლო 5 წლის განმავლობაში მათი რაოდენობა იყო 97-133.

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვერც ეს ციფრები და ვერც შეთავაზებული დახმარება, მნიშვნელოვნად ვერ ცვლის ზოგად სურათს. მოცემული კვლევის ფარგლებში ხანდაზმულ მოსახლეობასთან დაკავშირებით გამოვლენილი პრობლემები სრულ თანხვედრაშია ქვეყანაში არსებულ იმ ზოგად გამოწვევებთან, რომლებიც აღწერილია სახალხო დამცველის 2020 წლის სპეციალურ ანგარიშში (საქართველოს სახალხო დამცველი, 2020)“ – ნათქვამია კვლევაში.

დასაქმება და პროფესიული ცხოვრება

ამ მიმართულებით გაანალიზებულია დასაქმებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა, სამუშაო პირობები –  სამუშაოს ანაზღაურების ოდენობა, სამუშაო გარემო, სამუშაო ურთიერთობები, სამუშაოთი კმაყოფილება.

ოჯახების მატერიალურ კეთილდღეობას უკავშირდება სტაბილური დასაქმებისა და რეგულარული შემოსავლის არსებობა, რაც, როგორც კვლევის მონაწილეებმა აღინიშნეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოჯახებისთვის გამოწვევად რჩება.

როგორც აღინიშნა, სტაბილური დასაქმების შესაძლებლობას იძლევა საჯარო სექტორი –  ძირითადად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და მისი სამსახურები. თუმცა, ამ სტრუქტურებში დასაქმება ხშირად პოლიტიკური ნიშნით ხდება – უმეტესად შერჩეულნი არიან მმართველი პარტიის მხარდამჭერი კანდიდატები, რომლებიც, შესაძლოა, ნაკლებად ფლობდნენ საჭირო კვალიფიკაციას. რესპონდენტების მოსაზრებით, საჯარო სამსახურში პროფესიული კარიერის გაკეთების შესაძლებლობაც ასევე  მნიშვნელოვნად უკავშირდება პარტიულ მიკუთვნებულობას.

კვლევის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად დამსაქმებლებს წარმოადგენენ საგანმანათლებლო დაწესებულებები და ბოლო პერიოდში მასწავლებელთა სახელფასო განაკვეთის მატება დადებითად  შეფასდა. თუმცა, ცალკეულმა რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ  სკოლების დირექტორების მხრიდან შეინიშნება მასწავლებლების მისამართით განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლა და მათი გაკონტროლების მცდელობა.

აღინიშნა, რომ პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა ეძლევათ როგორც მასწავლებლებს, ისე პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს. თუმცა, ამის მიუხედავად, სწავლის ხარისხი, განსაკუთრებით სკოლებში, ნაკლებად უმჯობესდება.

კერძო სექტორში (ბანკები, მსხვილი სააფთიაქო ქსელები, მარკეტების ქსელები)  დასაქმება  ნაკლებად ხდება „ნაცნობობით“ და მაღალ კონკურენციას გულისხმობს.  თუმცა, ანაზღაურება არ არის მაღალი და როგორც წესი, ძნელად თუ  ფარავს ყოველთვიურ  ხარჯებს. რესპონდენტებთან საუბარში გამოიკვეთა ისეთი პრობლემა, როგორიცაა შესრულებული სამუშაოს შეუსაბამობა ანაზღაურებასთან.

ახალგაზრდებთან ჩატარებულ ფოკუს-ჯგუფში გამოიკვეთა ახალგაზრდების საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სამუშაო ადგილების დიდი დეფიციტი. მათი დიდი ნაწილი დასაქმებულია სპეციალობის შეუსაბამოდ. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სტუდენტური დასაქმება, რომელიც ნაკლებად ითვალისწინებს სტუდენტების საჭიროებებს, ეს კი სტუდენტების სწავლის ხარისხსა და აკადემიურ შედეგებზე პირდაპირპროპორციულად აისახება.

კიდევ უფრო რთულია ადგილობრივი შშმ პირთა ღირსეული დასაქმება.  „ეს გამოიკვეთა, როგორც მოცემული კვლევის ფარგლებში ჩატარებულ ფოკუს-ჯგუფებში, ისე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კვლევებში“ – ნათქვამია მოცემულ კვლევაში.

განათლება 

ამ პუნქტში გაანალიზებულია ხარისხიანი დაწყებითი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა.

„განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისას, კვლევის მონაწილეები, ძირითადად, საუბრობდნენ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ზოგადად ქვეყანაში არსებული განათლების სისტემისთვის არის დამახასიათებელი, როგორიცაა მასწავლებლების კვალიფიკაცია, სახელმძღვანელოების ხარისხი, ასაკოვანი მასწავლებლების დამოკიდებულებები და შეხედულებები, ბაზრის მოთხოვნებზე მიბმული პროფესიული და უმაღლესი განათლება და სხვა. როგორც კვლევის მონაწილეებმა აღნიშნეს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს თემა მკაცრად ცენტრალიზებულია, „ზუგდიდის მოსახლეობას აწუხებს ზუსტად იგივე პრობლემები, რაც აწუხებთ თბილისსა და სხვა რეგიონებში“ (ფოკუსჯგუფის მონაწილე მამაკაცი, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი); და განათლების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი საგანმანათლებლო პოლიტიკის ფარგლებში“ – ნათქვამია კვლევაში.

იგივე შეიძლება ითქვას ინკლუზიური განათლების მასშტაბთან და ხარისხთან დაკავშირებითაც – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სისტემაშიც არის არაადაპტირებული შენობები, ინფრასტრუქტურა, საჭირო კვალიფიკაციის ნაკლებობა საგნისა და სპეციალურ მასწავლებლებში.

ცალსახად დადებითად გამოიკვეთა ის, რომ ახალგაზრდებთან ჩატარებულ ფოკუს-ჯგუფის თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, არაერთი მოწვეული ლექტორის მხარდაჭერით, ხარისხიან და თანამედროვე განათლებას აძლევს ადგილობრივ ახალგაზრდებს.

კვლევის  მონაწილეებმა ასევე დადებითად შეაფასეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი ახალგაზრდების უცხოეთში სწავლას, რომლის ფარგლებშიც ბოლო 5 წელში 115 ახალგაზრდა დაფინანსდა.

თუმცა, კვლევის მონაწილეები იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ ახალგაზრდების განათლებაში ჩადებული ინვესტიცია უკეთ უნდა იყოს გამოყენებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სასიკეთოდ –  პროგრამით მოსარგებლე ახალგაზრდები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული სხვადასხვა საქმიანობაში და უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია მოახმარონ მუნიციპალიტეტის განვითარებას.

ჯანმრთელობა და სამედიცინო საჭიროებები

ამ მიმართულებით გაანალიზებულია ისეთი საკითხები, როგორიცაა ფიზიკური და ფსიქიკური ავადობის მაჩვენებლები, ჯანდაცვის მომსახურებებისადმი ხელმისაწვდომობა (ანალიზები, სპეციალისტების კონსულტაცია, ჰოსპიტალიზაციის შესაძლებლობა, მედიკამენტების ხელმისაწვდომობა), ჯანდაცვის მომსახურებების ხარისხი.

კვლევაში აღნიშნულია, რომ „ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ხანგრძლივი დისკუსიის საგანი იყო ოთხივე ფოკუს-ჯგუფში“ და  კვლევის მონაწილეები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ისეთ თემებს უკავშირებდნენ, როგორიცაა ოჯახების გაღარიბება, სასესხო ვალდებულებების აღება, დაუცველობის განცდა და ფსიქოლოგიური დისტრესი.

კვლევის მონაწილეები, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებდნენ დიაგნოსტირებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და აღნიშნავდნენ, რომ „ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებში თითქმის შეუძლებელია სერიოზული სამედიცინო პრობლემის დიაგნოსტირება“. ეს კი, მათივე თქმით, განპირობებულია სამედიცინო დაწესებულებების შეუსაბამო აღჭურვილობით  და ექიმების დამოკიდებულებებით –  ექიმები ცდილობენ, თავი აარიდონ პასუხისმგებლობას და ხშირად მიმართავენ სხვა სპეციალისტთან გადამისამართების პრაქტიკას. ადგილობრივ მოსახლეობას ზუგდიდიდან წასვლა უწევს არა მხოლოდ დიაგნოსტირებისთვის, არამედ მკურნალობა-რეაბილიტაციისთვისაც. ეს კი მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული და ოჯახების ბიუჯეტზე მკვეთრად უარყოფითად აისახება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აქვთ ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებს და მათ ოჯახებს.

სამედიცინო მომსახურებების ხელმისაწვდომობასთან ერთად, სერიოზულ პრობლემად იკვეთება კომუნიკაციის ნაკლებობა –  პაციენტები და მათი ოჯახები არაინფორმირებულნი არიან არსებული მომსახურებებისა და რესურსების შესახებ.  ასევე, პრობლემად რჩება ექიმის მიერ დანიშნული კვლევების ჩატარება და მედიკამენტების შეძენა.

როგორც ზემოთ აღინიშნა, გავრცელებული პრობლემები კიდევ უფრო მძაფრ სახეს იღებს შშმ პირების შემთხვევაში, რადგან მათ დამატებითი ფიზიკური და სოციალური ბარიერების გადალახვა უწევთ. იგივე შეიძლება ითქვას სამედიცინო მომსახურების მიღებაზე.

ინკლუზია, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება

ამ პუნქტში გაანალიზებულია ის, თუ რამდენად არსებობს თემში ინკლუზიის შესაძლებლობა, მეგობრული და ნათესაური კავშირების სიმტკიცე, თავისუფალი დროის არსებობა და გართობის შესაძლებლობა.  ასევე, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ კვლევის მონაწილეების აღქმები განსხვავდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ  აქტიურობასთან დაკავშირებით. ნაწილი აღნიშნავდა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილში სჭარბობს უიმედობა და ნიჰილიზმი.  დამოკიდებულება  – „მაინც არაფერი შეიცვლება“ – პასიურობისკენ უბიძგებს მოსახლეობის დიდი ნაწილს. თუმცა, აღნიშნულის საპირწონედ ითქვა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შექმნილი აქვს არაერთი პლატფორმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის –  როგორც ახალგაზრდებისთვის,  ისე ასაკოვანი მოქალაქეებისთვის –  სადაც მათ სხვადასხვა პროექტების განხილვაში აქტიური მონაწილეობის მიღება  შეუძლიათ.

მოტივაციის ნაკლებობა აღინიშნა ახალგაზრდებთან მიმართებითაც. თუმცა, ამ საკითხზე საუბრისას კვლევაში  ჩართულმა  ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ დაბალი მოტივაცია შესაძლოა ადამიანის  პიროვნული თვისებებით უფრო იყოს განპირობებული, ვიდრე სოციალური კონტექსტით;  და როგორც მათი გამოცდილება აჩვენებს, პასიური და დემოტივირებული ახალგაზრდები ამ განწყობას მაშინაც ინარჩუნებენ, როდესაც, მაგალითად, სასწავლებლად ან სამუშაოდ სხვა ქალაქში გადადიან.

მწვავე პრობლემად  დასახელდა ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაც.

ასევე, ფიზიკური და სოციალური ბარიერების გამო ადგილობრივ შშმ პირების უმრავლესობას კვალავ სოციალურ იზოლაციაში უწევთ ცხოვრება –  ისინი მოკლებულნი არიან, როგორც განათლებისა და დასაქმების, ასევე გართობისა და თავისუფალი დროის საჯარო სივრცეში გატარების შესაძლებლობას.

შემცირებულ საზოგადოებრივ აქტიურობასთან ერთად, შეინიშნება პასიურობა პოლიტიკური ცხოვრების მიმართაც. ამ მხრივ კვლევაში აქცენტირებულია ბოლო წლებში არჩევნებში მონაწილეთა კლება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილის განელებას კვლევის მონაწილეები განსხვავებულად ხსნიან –  ოპოზიციური პარტიები და კვლევის ოპოზიციურად განწყობილი მონაწილეები თვლიან, რომ პოლიტიკური აპათია გამოწვეულია მმართველი პარტიის მხრიდან წლების განმავლობაში გამოვლენილი ნეპოტიზმითა და კორუფციით; მონაწილეთა ნაწილი აღნიშნავს, რომ მოსახლეობა, ზოგადად, იმედგაცრუებულია როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საქმიანობით, ნაწილი კი აღნიშნავს, რომ მძიმე პოლიტიკური და საომარი მოქმედებები მსოფლიოში დამთრგუნველად მოქმედებს მოქალაქეებზე.

დაცულობა 

ამ პუნქტში გაანალიზებულია ძალადობის, ქურდობისა და ყაჩაღობის შემთხვევები, პოლიტიკური ზეწოლა, გენდერული და სხვა ნიშნით დისკრიმინაცია.

აღსანიშნავია, რომ კვლევის მონაწილეების მხრიდან საფრთხეებად აღქმული საკითხები საკმაოდ მრავალფეროვანია. მათ ყურადღება გაამახვილეს იმ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და  სოციალურ დაუცველობაზე, რომელიც მომდინარეობს ისეთი პრობლემებიდან, როგორიცაა მიუსაფარი ძაღლები, ჯანმრთელობის ქრონიკული და მძიმე დაავადებები, შრომისუნარიანი მოსახლეობის საზღვარგარეთ გადინება, ნარკომანია და ალკოჰოლიზმი –  როგორც სოციალური პრობლემა და მსოფლიოში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა.

საერთო ჯამში, კვლევიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კვლევის ფარგლებში გამოვლენილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ეკონომიკური მოწყვლადობის ძირითადი მიმართულებები ეხმიანება ქვეყანაში არსებულ ტენდენციებს, რომლებიც არაერთი კვლევის ანგარიშშია გაანალიზებული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირება და გამოკვეთა, ცხადია, არსებითი ნაბიჯია იმისათვის, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას. მოცემულ ანგარიშშიც სწორედ ეს არის მითითებული, რომ „კვლევის ძირითადი მიზანი იყო, გამოევლინა და გაეანალიზებინა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ძირითადი საჭიროებები, რათა ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, შესაძლებელი ყოფილიყო გამოვლენილი პრობლემების განხილვა პოლიტიკურ პარტიებთან; საბოლოო ჯამში კი, როგორც  კვლევა, ისე პროექტი, ხელს უწყობს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესების უკეთ ასახვას პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში“.

    

 

 

 

სტატია მომზადებულია ორგანიზაცია „ასოციაცია დეას” დაკვეთით, პროექტის – „საზოგადოების ჩართულობის გაზრდა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების შემუშავებაში“ ფარგლებში. მისი მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.