მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში, სადაც მოსახლეობაა შეკრებილი, დეპუტატ თამაზ ნავერიანსა და ერთ-ერთ ადგილობრივს შორის შეკამათება მოხდა

749

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში კვლავ ხმაური და ხალხმრავლობაა. მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პრობლემის გარკვევას შეეცადა, რასაც მასსა და ერთ-ერთ ადგილობრივს შორის კამათი მოჰყვა. „ახლა, ამ მდგომარეობაშიც, რომ ეს საშუალება გამოვნახეთ, ვმუშაობთ და წელებზე ფეხს ვიდგამთ, ეს საკმარისი არ არის?! მთელ მსოფლიოში კორონაა მოდებული, ახლა შენ რასაც აკეთებ, სრული დემაგოგიაა“,-მიმართა ნავერიანმა ადგილობრივს.

მან კომენტარი რადიო „მარნეულთან“ გააკეთა და აღნიშნა, რომ ადგილზე პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ.

„ასეთია სიტუაციაა, ჩამოვიდა კომპანია “ ჯიბე“, მოვიდა ეს პროვოკატორი და რას აკეთებს ახლა აქ. ამაზე მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო. მოსახლეობა კომპანია „ჯიბე“-ს წარმომადგენლებს თავად ესაუბრება. არ ვიცი კიტრის ფასი რატომ გაიაფდა და ახლა რა ფასშია, აქ კომპანიის წარმომადგენლები არიან“,-განაცხადა ნავერიანმა.

ცნობისთვის, სოფელ აღმამედლოში შეკრებილი მოსახლეობა სადისტრიბუციო მანქანებს დილიდან ელოდა, რათა მათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეალიზება შეძლონ. ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მოქალაქეებს უსაფთხოების მიზნით პირბადეები დაურიგეს. გარდა ამისა, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ზაურ დარგალის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მერია მაქსიმალურადაა ჩართული, რათა ადგილობრივი მოსახლეობის პროდუქცია გავიდეს გარეთ.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარებას ითხოვდნენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 420 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 111 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.