პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს აკრძალვა არ ეხება სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს, სადაც სოციალური დისტანცია უნდა იყოს დაცული. მისივე თქმით, საწარმოები გააგრძელებენ მუშაობას და თუ საჭირო გახდება, მათთვის ცალკე პროტოკოლი გაიწერება.
„იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია. ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებს, რომლებიც განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ცალკე იქნება გაწერილი, რომელთაც ექნება ცალკე პროტოკოლები, რომელიც შეთანხმებუილ იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძნოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული და რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ჩვენმა მოალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება”, – განაცხადა გახარიამ.
მთავრობის გადაწვეტილებით, ხვალ დილის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინი ცხადდება.
“კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება”, – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.
გახარიას განცხადებით, 21 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აიკრძალა. მისი თქმით, შეზღუდვა ეხება, როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით.
“ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყის მასშტაბით 21 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება საკომენდანტო საათი”, — განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 100 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.