მარნეულის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 404 321 ლარს დახარჯავს

437

მარნეულის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 404 321 ლარს დახარჯავს.

მერია საახალწლო ნაძვის ხის შესყიდვას გამარტივებული წესით გეგმავს, რომლისთვისაც 70 800 ლარი აქვს გამოყოფილი.

როგორც მერიაში განაცხადეს, 7 დეკემბერს ელექტრონული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, რომლის მიხედვითაც მერია საახალწლო-საშობაო ნაძვის ხის შესყიდვას გეგმავდა. ვინაიდან ნაძვის ხის შესაძენად ახალი ტენდერის გამოცხადება დიდ დროსთანაა დაკავშირებული, მერია მის შეძენას გამარტივებული წესით აპირებს.

საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია მარნეულში 20 დეკემბერს გაიმართება. ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე გაიმართება კონცერტიც.

მარნეულის მერია მასშტაბური საახალწლო ღონისძიების გამართვას კი 30 დეკემბერს გეგმავს, რისთვისაც 136 421 ლარი გამოყოფილი. აღნიშნული კონცერტის მომსახურების შესყიდვას თვითმმართველობა გამარტივებული წესით აპირებს. ასევე, გამარტივებული წესით შეისყიდა მერიამ საახალწლოდ ქუჩების ილუმინაციებით მორთვის სამუშაოებიც, რაშიც 197 100 ლარი დაიხარჯება.