მარაგების მართვის შტაბის უფროსის ინფორმაციით, მარნეულში, აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ისინი პროტესტს აღარ გააგრძელებენ

725

წინა სტატია

შემდეგი სტატია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარაგების მართვის შტაბის უფროსის თენგიზ კალანდაძის ინფორმაციით, მარნეულში, აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია და აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას აღარ აპირებენ.

„მიმდინარეობს მოლაპარაკება შეკრებილ ხალხთან. ჩემთან ერთად არის ქვემო ქართლში გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და ასევე სოზარ სუბარი. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია და დადებითი შედეგი გვაქვს. მოგეხსენებათ, კომპანია ჩამოდის აქ, რომელმაც გუშინ და გუშინწინ იყიდა დიდი რაოდენობით კიტრი და წაიღო. ჯერჯერობით კიტრზეა საუბარი. დღესაც იტვირთება ამ კომპანიის ორი დიდი ტრაილერი, გზაშია კიდევ სამი ტრაილერი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში შემოვა და დადგება იმ სოფლების ცენტრებში, სადაცაა ეს პროდუქცია. ფასის მხრივ მათ ერთმანეთში მოილაპარაკეს, ჩვენ აქ ვერ ჩავერეოდით ეს ორი კერძო სუბიექტის მოლაპარაკების საგანია. ჩასაბარებელი ფასი არის 1 ლარი, რომლითაც როგორც გლეხია კმაყოფილი, ასევე თვითონ შემსყიდველი. შეიძლება ითქვას, რომ პროცესი დადებითად გადაწყდა და აქციის მონაწილეები პროტესტს აღარ აპირებენ“, – განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.

ცნობისთვის, მანეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ.

აქციაზე მივიდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მოსახლეობის დასახმარებად და მარნეულიდან კიდევ უფრო მეტი პროდუქტის რეალიზებისთვის აქტიურად მუშაობენ.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკსაგუშაგო.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 411 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.