დარგალი: სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურად ჩართულები ვართ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პროდუქცია გავიდეს გარეთ

1123

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურად ჩართულები ვართ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პროდუქცია გავიდეს გარეთ, – ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა.

როგორც ზაურ დარგალმა აღნიშნა, მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოსახლეობა მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიას პროდუქციას აბარებს.

„გრძელდება სასოფლო პროდუქტების ჩაბარების პროცესი მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სოფლებში. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ჩვენთვის. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურად ჩართულები ვართ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პროდუქცია გავიდეს გარეთ. მინიმუმ 8 სატვირთო შემოვა დღის განმავლობაში და 80 ტონის პროდუქციის გატანა მოხდება მარნეულიდან“, – განაცხადა დარგალმა.

ამასთან, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ მარნეულის სოფლებიდან აქტიურად ხდება პროდუქციის გატანა სადისტრიბუციო კომპანიების მიერ.

„უკვე შემოსულია მანქანები და 8-დან 10-მდე მსხვილ გადამზიდავს ველოდებით სატრანსპორტო საშუალებებს, რაც საკმარისი იქნება ამ ეტაპისთვის და ყოველდღიურად ამ რეჟიმში არის გარანტი იმისა, რომ სოფლებში დაგროვებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია არ იქნება. თუმცა, იყო გარკვეული ვნებათაღელვა, იყო სოციალური დისტანციის დარღვევა, ძალიან დიდი ხალხმრავლობა სამწუხაროდ, მაგრამ ეს რომ იყო აღმამედლოში, შედარებით რადიკალურად უფრო გაუმჯობესებული მდგომარეობა გვქონდა კასუმლოში. ჩვენ ვადგენთ სიებს. წინასწარ ეცოდინება მოსახლეობას გრაფიკი, როდის გაიტანენ მათ მოწეულ მოსავალს, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და სრულყოფილი იქნება ეს პროცესი“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, მარნეულში, სადაც სატვირთო მანქანები მოსახლეობის პროდუქციას რეალიზაციის მიზნით იბარებენ, ხმაური იყო. როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი განმარტა, აღნიშნული პროცედურა სოციალური დისტანცირების და რეკომედენდაციების დარღვევით მიმდინარეობდა, რაც მისი შეფასებით, საგანგაშოა. სწორედ ამიტომ, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შეკრებილ მოსახლეობას პირბადეები დაურიგეს.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარებას ითხოვდნენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 420 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 111 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.