მთავრობა: ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილს მოიხსნება

1880

საგანგებო მდგომარეობის გამო, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დაწესებული შეზღუდვები 27 აპრილიდან მოიხსნება. ამის შესახებ პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ავტომობილებზე შეზღუდვები 27 აპრილიდან აღარ იქნება და ის ავტომობილებით გადაადგილებასაც შეეხება.

„უკვე ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. ამასთან, სპეციალისტების პროგნოზის გათვალისწინებით, 2-3 კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად შევძლებთ დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორიცელებას და ეკონომიკური აქტივობებისთვის და ეკონომიკური ცხოვრებისთვის ხელშეწყობას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე.

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების შესახებ მიმართა, – ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა და საკოორდინაციო საბჭოს წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა,  ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 408 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 95 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 4.