მარნეულში შეკრებილებს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პირბადეებს ურიგებენ

693

წინა სტატია

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში შეკრებილ მოქალაქეებს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პირბადეებს ურიგებენ.

ამასთან, ადგილობრივებს სამართალდამცველები დაშლისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ. ადგილზე იმყოფება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, ასევე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი. ისინი მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციას ვერ ახერხებენ. ისინი სავაჭრო ქსელ „ჯიბეს” წარმომადგენლებს ელოდებიან.

ცნობისთვის, მარნეულში, სადაც სატვირთო მანქანები მოსახლეობის პროდუქციას რეალიზაციის მიზნით იბარებენ, ხმაურია. როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი განმარტავს, აღნიშნული პროცედურა სოციალური დისტანცირების და რეკომედენდაციების დარღვევით მიმდინარეობს, რაც საგანგაშოა.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარებას ითხოვდნენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 420 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.