პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა

1274

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობის მიმართვისა და საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოსცა ბრძანება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 22 მაისამდე გაგრძელდა. პრეზიდენტის ცნობით, ამავე ვადით გაგრძელდება დეკრეტის მოქმედებაც, რომელიც დამატებით შეზღუდვებს არ ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების შესახებ დღეს მიმართა. დღესვე გაირკვა, რომ 24 აპრილს მთავრობა შეზღუდვების თანმიმდევრული მოხსნის გეგმასაც წამოადგენს. მათ შორის, ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმას. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი შეზღუდვა – ავტომობილებით გადაადგილება 27 აპრილს მოიხსნება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებითვე, 17 აპრილიდან საქართველოში სრულად აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით  გადაადგილება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 408 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 95 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 4.