ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება

1496

შემდეგი სტატია

ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

“კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება”, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიას განცხადებით, 21 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აიკრძალა. მისი თქმით, შეზღუდვა ეხება, როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით.

“ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყის მასშტაბით 21 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება საკომენდანტო საათი”, — განაცხადა გახარიამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, მათ შორის მეტროთი, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვავში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები — მანქანაში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი და აქედან ორი აუცილებლად უკანა სავარძელზე.

მგზავრების გადაყვანა დაშვებული იქნება მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტებში, ორგანიზებულად და უსაფრთხოდ.

იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც დაცული უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 100 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.