2017 წლის ადგილობრივი თვითმმარველობის შედეგად დაკომპლექტებულმა ბორჯომის საკრებულომ დღემდე ვერცერთი სხდომა ისე ვერ გამართა, რომ მას ყველა დეპუტატი დასწრებოდა. ბორჯომში საკრებულოს ბოიკოტს „ქართული ოცნების“ დეპუტატები უცხადებენ. ოპოზიცია კი, თავის მხრივ, მერიას საშტატო ნუსხასა და ხელფასების გაზრდილ ოდენობას არ უმტკიცებს. ამის გამო, ამ წელში ბორჯომის თვითმმარველობის თანამშრომლებს ჯერ ხელფასი არ აუღიათ.
საკრებულო, სადაც უმრავლესობაში ოპოზიციაა
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბორჯომის საკრებულო 28 დეპუტატით დაკომპლექტდა. ბორჯომის საკრებულო ერთადერთია საქართველოს მასშტაბით, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. ბორჯომის საკრებულოს 28 დეპუტატიდან, 13 “ქართულ ოცნებას”, 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს. 15 ოპოზიციონერი დეპუტატიდან, 11 “პატრიოტთა ალიანსის” წევრია.
- „ქართული ოცნება“ – 13 დეპუტატი;
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 11 დეპუტატი;
- „ნაციონალური მოძრაობა“ – 2 დეპუტატი;
- „ევროპული საქართველო“ – 1 დეპუტატი;
- „ლეიბორისტული პარტია“ – 1 დეპუტატი.
ბორჯომში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია საკრებულოს თავმჯდომარეც – ზაზა ჩაჩანიძე „პატრიოტთა ალიანსიდან“, რომელიც საკრებულოს პირველ სხდომაზე, ხმაურით, „ქართული ოცნების“ ბოიკოტის ფონზე, მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აირჩიეს. ბორჯომის მერი კი „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ლიპარტიაა.
ხმაურით დაწყებული მუშაობა
ბორჯომის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ პირველივე სხდომა ხმაურით დაიწყო.
2017 წლის 20 ნოემბერს, საკრებულოს პირველ სხდომაზე, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დეპუტატებს შორის კომისიების ფორმირებას მოჰყვა. ოპოზიცია და პოზიცია კომისიების ფორმირებაზე ვერ შეთანხმდა – ოპოზიცია კომისიების ხელმძღვანელების პირველივე სხდომაზე არჩევას ითხოვდა, „ოცნება“ კი ამ ცვლილებას არ თანხმდებოდა.
ვითარების განსამუხტავად გამოცხადებული შესვენებების მიუხედავად, ყველა ახალი მცდელობა, ორ ბანაკად გაყოფილ საკრებულოს კონსესუსისთვის მიეღწია, შეხლა–შემოხლით სრულდებოდა. სამი დეპუტატი ცუდად გახდა და მათ სასწრაფო–სამედიცინო დახმარება დასჭირდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სხდომაზე ვითარების განსამუხტავად პოლიციაც გამოიძახეს.
საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს და სხდომა მხოლოდ ოპოზიციამ გააგრძელა.
ოპოზიციამ, „ოცნების“ მონაწილეობის გარეშე, საკრებულოს თავმჯდომარედ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, მერობის ყოფილი კანდიდატი, ზაზა ჩაჩანიძე აირჩია. მას მხარი ოპოზიციის 15–ვე დეპუტატმა დაუჭირა. ჩაჩანიძემ მის მოადგილედ კი გიორგი გოგიჩაიშვილი გამოაცხადა.
ამავე დღეს დარეგისტრირდა საკრებულოში ოპოზიციის ფრაქციები და საკრებულოს კომისიები, რომლებშიც მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წევრები შევიდნენ.
ბორჯომის საკრებულოს პირველი სხდომა 9 საათს გაგრძელდა და ღამე, 24:00 საათზე დასრულდა. მაშინ „ოცნების“ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს საკრებულო არალეგიტიმური იყო, რადგან მხოლოდ ოპოზიციამ ჩაატარა და თქვეს, რომ მის ლეგიტიმურობას სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, გასაჩივრების ვადა ისე ამოიწურა, რომ „ოცნებამ“ სასამართლოს არ მიმართა. „გადავწყვიტეთ, პოლიტიკური კუთხით ვიდაოთ“, – განაცხადეს მმართველი პარტიის წევრებმა.
ოპოზიციის დამტკიცებული „ოცნების“ ბიუჯეტი
პირველივე ხმაურიანი სხდომის შემდეგ, ბორჯომის საკრებულოში მართვის სადავეები ხელთ ოპოზიციამ ჩაიგდო. ამ დღიდან მოყოლებული დღემდე, 2018 წლის იანვრის ბოლომდე, ბორჯომის საკრებულოში გამართულ არც ერთ, მორიგ თუ რიგგარეშე სხდომას, „ქართული ოცნების“ დეპუტატები არ დასწრებიან. „ოცნებამ“ საკრებულოში ფრაქციების შექმნის საკითხიც ისე დააყენა, რომ არც საკრებულოს სხდომებს ესწრებოდა და არც ამ საკითხის განხილვას დაესწრო.
მმართველი გუნდის დეპუტატების მონაწილეობის გარეშე ჩატარდა ბორჯომში 2018 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შიდა და საჯარო განხილვაც; ასევე, „ქართული ოცნების“ დეპუტატების გარეშე დაამტკიცა 2017 წლის 27 დეკემბერს ბორჯომის ბიუჯეტი საკრებულოს უმრავლეოსობაში მყოფმა ოპოზიციამ. სხდომაზე არც ბორჯომის მერი, ლევან ლიპარტია მივიდა. მერიიდან საკრებულოს სხდომაზე მხოლოდ საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მაია პაიჭაძე შევიდა. თუმცა, ოპოზიციამ, „ოცნების“ ბოიკოტის ფონზე, ბიუჯეტი მაინც იმ ფორმით დაამტკიცა, როგორც ეს „ოცნებას“ სურდა, ვინაიდან მერიაში მათი შენიშვნები არ გაითვალისწინეს.
ჭიდილი სახელფასო ანაზღაურებაზე
ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, მთავარი ჭიდილი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის საშტატო ნუსხისა და სახელფასო სარგოების დამტკიცებაზე დაიწყო.
2018 წლის 18 იანვრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც, ცხადია, „ქართული ოცნება“ ისევ არ ესწრებოდა, საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მერიას წარდგენილი საშტატო ნუსხა, რომელიც თანამდებობის პირებისთვის ხელფასის მატებასაც ითვალისწინებდა, არ დაუმტკიცეს.
„გთხოვთ მოიწვიოთ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა კანონით დადგენილ ვადებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის საშტატო განრიგის დამტკიცების მიზნით“, – ამ ტექსტით და ხელფასის განსაზღვრული ოდენობით, ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ საკრებულოს 16 იანვარს მიმართა.
ხელფასის განსაზღვრული ოდენობები ასე გამოიყურებოდა: მუნიციპალიტეტის მერი – 3450 ლარი, პირველი მოადგილე – 2 400 ლარი; მერის მოადგილე – 2 300 ლარი, სამსახურების უფროსები – 2000 ლარი.
საკრებულოს უმრავლესობამ, რომელიც ოპოზიციური პარტიებისგან შედგება, ამ საშტატო ნუსხას მხარი არ დაუჭირა და ძველ, 2017 წლის საშტატო ნუსხას უყარა კენჭი. 2017 წლის 16 ივნისის დადგენილებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობრივი სარგო 2650 ლარია, მისი მოადგილის 2000, სამსახურის უფროსების კი 1550 ლარი.
საკრებულოს უმრავლესობაში თქვეს, რომ ის თანხა, რაც გაზრდილ ხელფასებს სჭირდებოდა, სხვა საკითხებს მოხმარდება. „ეს თანხა ბორჯომელების სამედიცინო გამოკვლევებისა და მათთთვის მედიკამენტების შესაძენად რომ გამოვიყენოთ, უფრო მნიშვნელოვანია“, – ამბობენ საკრებულოს უმრავლესობის წევრები.
ამის გამო ბორჯომის თვითმმართველობაში იანვრის ხელფასები ვერ გასცეს. მერიამ საკრებულოს ხელფასების გაზრდილი ოდენობები დასამტკიცებლად იანვრის ბოლოს განმეორებით გადაუგზავნა. საკრებულომ სხდომა 31 იანვარს ჩანიშნა. ამ დღეს დანიშნულ სხდომას, რომელზეც „ქართული ოცნება“ მაინც არ მივიდა, ოპოზიციის ორი დეპუტატი ვერ დაესწრო, ქვორუმი ვერ შედგა და სხდომა მეორე დღისთვის გადაიდო.
ოპოზიციის ორი დეპუტატი სხდომაზე არც მეორე დღეს, 1 თებერვალს გამოცხადდა. მათ განაცხადეს, რომ სხდომას ავადმყოფობის გამო არ ესწრებოდნენ, საკრებულომ კი სახელფასო საკითხი ვერც ამ დღეს გადაწყვიტა – სხდომა კვლავ ქვორუმის არარსებობის გამო ჩავარდა.
ერთი თვე უხელფასოდ
სხდომების ორჯერ ჩავარდნის გამო, ამ წელში ბორჯომის თვითმმართველობის 125 თანამშრომელს ხელფასი არ აუღია. მათი ბედი საკრებულოს მომდევნო სხდომაზეა დამოკიდებული, რომელიც 13 თებერვალსაა ჩანიშნული.
„ქართული ოცნება“, რომელიც თავად არ ესწრება სხდომებს, ამბობს, რომ ოპოზიცია საბოტაჟს აწყობს. საკრებულოს უმრავლესობა კი მტკიცედ ამბობს, რომ, ქვორუმი რომც შედგეს, სახელფასო ანაზღაურებების ოდენობებს იმ ფორმით, რა ფორმითაც მერია ითხოვს, არ დაამტკიცებს.
„რიგით თანამშრომლებს მოუმატონ ხელფასი 300 და 400 ლარით, თუ უნდათ, მაგრამ სამსახურის უფროსს რომ 1 550 ლარი აქვს ხელფასი და უნდათ, რომ 2 200 ლარი გაუხდეთ, ამას მხარს არ დავუჭერთ. რეალურად, ყველაფერი რიგითი თანამშრომლების კისერზე გადადის, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მათი ხელფასების მატება ნორმალურია“, – ამბობს ზაზა ჩაჩანიძე.
„ველოდებით, როდის გაიმართება საკრებულოს სხდომა, რომ ხელფასები გაიცეს“, – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში და ამატებენ, რომ პირველი იანვრის შემდეგ იმ საშტატო ნუსხას, რომელიც მანამდე არსებობდა, კანონით ძალა დაკარგული აქვს, შესაბამისად, ახლის დამტკიცებაა საჭირო: „საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები მტკიცდება ერთად, თუმცა, საკრებულოს ეს დამტკიცებული არ აქვს, ასე რომ იყოს, matsne.gov.ge–ზე გამოქვეყნებული იქნება. არსებული საშტატო ნუსხით ხელფასების გაცემა დაუშვებელია“.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები ამბობენ, რომ საკრებულოს სხდომას რომც დაესწრნონ, მაინც ვერაფერს შეცვლიან.
„ხელფასების საკითხზე ქვორუმი კი ვერ დგება, ოპოზიციონერი დეპუტატები ამას სპეციალურად აკეთებენ, ეს მათი მხრიდან საბოტაჟია“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი კვირკველია და ამატებს: „ჩვენ შევალთ თუ არა სხდომაზე, ეს მაინც არაფერს შეცვლის ხელფასების საკითხთან დაკავშირებით. რაც უნდათ იმას დაამკტიცებენ. მათ უნდათ, რომ სხდომაზე შევიდეთ და გაგვამაიმუნონ, ხალხს კი კიდევ ერთხელ ანახონ სანახაობა. ამაში მონაწილეობის მიღება არ გვინდა“.
„ოცნების“ ბრალდებას უარყოფენ ოპოზიციაში: „ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ყველა პროექტი გავიდა და გავა კიდეც. ახლა უბრალოდ ქვორუმი ვერ შედგა, ორი წევრი ავად გახდა“.
რას გამოიწვევს საკრებულოს კრიზისი?
“დემოკრატ მესხთა კავშირის” თავმჯდომარე, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში გიორგი ანდღულაძე ფიქრობს, რომ, თუ ვითარება არ განიმუხტა, კრიზისი მთელს მუნიციპალიტეტზე გავრცელდება, ვინაიდან ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებას ვერ შეძლებს – ვერ მიაწვდის მოსახლეობას სერვისებს, შეფერხდება ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ.
“ფაქტიურად, ბორჯომის საკრებულო ვერ ახრეხებს შესარულოს თავისი ფუნქცია-მოვალეობები, რაც უკვე აისახა გამგეობის თანამშრომლებზე. საკრებულო ვერ, ან არ ამტკიცებს ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს, რის გამოც ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ხელფასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. ეს პრობლემის მხოლოდ დასაწყისია. თუ საკრებულოს წევრებმა უკანა პლანზე არ გადადეს საკუთარი პარტიული ამბიციები, უახლოეს პერიოდში, პრობლემები უკვე მთლიანად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეექმნება, შეფერხდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებს მოსახლეობას სრულად მიაწოდოს ის სევისები, რაც კანონმდებლობით ევალება. ამ შემთხვევაში, საკრებულოს დეპუტატების პარტიული ამბიციების გამო, ის ადამიანები ზარალდებიან, ვინც მათ არჩევნებზე ხმა მისცათ”, – ამბობს ანდღულაძე.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა კრიზისი იმდენად გამწვავდეს, რომ საქმე ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეს, ანდღულაძე პასუხობს: „გარკვეულ შემთხვევებში კანონმდებლობა ითვალისწინებს საკრებულოს ხელახალ არჩევნებს, მაგრამ, ვფიქრობ, ამას საკრებულო არ დაუშვებს, საკრებულოს უმრავლესობა ყველანაირად შეეცდება, არ დაარღვიოს კანონი, რაც საკრებულოს დაშლას გამოიწვევს”.
ბორჯომის საკრებულოში მომავალი სხდომა ხვალ, 13 თებერვალს, 12:00 საათზეა დანიშნული. ესეც რიგგარეშე სხდომა იქნება. ამ დღეს დეპუტატებმა 24 საკითხი უნდა გაიხილონ, მათ შორის, საშტატო ნუსხა და ხელფასები. მიიღებს თუ არა თვითმმართველობის 125 თანამშრომელი ხელფასს, ამ სხდომაზეა დამოკიდებული. მერიაში ამბობენ, რომ ხელფასების დარიცხვას საკითხის დამტკიცებიდან მხოლოდ ორი დღე დასჭირდება.
სტატიაში გამოყენებულია “სამხრეთის კარიბჭის” ფოტოები