ავტორები: რუსა მაჩაიძე, მაგდა პოპიაშვილი
საქართველოში ძლიერი და დამოუკიდებელი ადგილობრივი თვითმმართველობის არსებობა მუდმივ პრობლემას წარმოადგენს, რაც ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის დემოკრატიის, ისე მოსახლეობის მდგომარეობაზე. თვითმმართველობის ერთ-ერთ სისუსტედ ითვლება როგორც ნაკლები უფლებები, ისე მუნიციპალიტეტის ფინანსური სიმწირე. ცხადია, ფინანსები ბევრ საკითხთან არის დაკავშირებული და ამ შემთხვევაში, ჩვენთვის საინტერესოა, თუ კონკრეტული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რა სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ფლობს თავად მუნიციპალიტეტი, რომლის განკარგვაც მას თავად შეუძლია, რა არის სახელმწიფო საკუთრებაში და რა ფინანსურ შესაძლებლობებს მისცემდა ეს ქონება თითოეულ მუნიციპალიტეტს.
ამ საკითხზე droa.ge ამზადებს კვლევას, სადაც დეტალურად იქნება გაანალიზებული მუნიციპალიტეტების ქონებრივი მდგომარეობა და შესაძლებლობები, განსაკუთრებით, იმ ფონზე, რომ ჯერ 2014 წელს, თვითმმართველობის რეფორმის დაწყებისას და შემდეგ უკვე 2019 წელს მიღებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვალდებულება აიღო, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები, რომელსაც დღემდე ეკონომიკის სამინისტრო არაეფექტურად განკარგავს, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გადაეცა.
სრულფასოვანი კვლევის დასრულებამდე გთავაზობთ მონაცემებს მუნიციპალიტეტების მიხედვით. მონაცემები ეფუძნება ქონების ეროვნული სააგენტოდან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას 2022 წლის მდგომარეობით.
სამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 6 მუნიციპალიტეტი შედის – ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომისა და ნინოწმინდის. ჩვენ მიერ ქონების ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ამ რეგიონში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ფართობები 15-ჯერ აღემატება რეგიონის მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ნაკვეთების ფართობებს.
უფრო კონკრეტულად კი, სახელმწიფო ამ რეგიონში ჯამურად 292,430.85 ჰექტარ სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ფლობს. ეს ფართობები 20,091 მიწის ნაკვეთზეა გადანაწილებული და ყველა მათგანი ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტები კი ერთობლივად მხოლოდ 19 025.49 ჰექტრის მფლობელები არიან.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
რეგიონში, ჯამში, სახელმწიფო საკუთრებაშია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 4 923 ნაკვეთი, რომელთა საერთო დაზუსტებული ფართობია 55 386.42 ჰექტარი. სახელმწიფო საკუთრებაშია, ასევე, ამ ნაკვეთებზე განთავსებული 1 840 შენობა-ნაგებობა;
სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ეს ქონება ასჯერ აღემატება იმ ქონებას, რასაც რეგიონში არსებული ექვსი მუნიციპალიტეტი ჯამურად ფლობს. აქ მუნიციპალურ საკუთრებაშია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 078 ნაკვეთი, რომელთა საერთო დაზუსტებული ფართობიც მხოლოდ 531 ჰექტარია. მუნიციპალიტეტების საკუთრებაშია, ასევე, 677 შენობა-ნაგებობა;
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
რთული ვითარებაა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებითაც. სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო ამ ტიპის 15 168 ნაკვეთს ფლობს და მათი საერთო დაზუსტებული ფართობი 237 044.43 ჰექტარია. მათ შორის 741 არის საძოვარი, საერთო ფართობით 45 249.45 ჰექტარი და 459 სათიბი, საერთო ფართობით – 8 622.23 ჰექტარი.
ამის პარალელურად, რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ჯამურად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მხოლოდ 123 ნაკვეთია, რომელთა საერთო დაზუსტებული ფართობია 18 494.5 ჰექტარი. მათ შორის 92 არის საძოვარი, საერთო ფართობით 18 263.3 ჰექტარი და 13 სათიბი, საერთო ფართობით 190.66 ჰექტარი (მონაცემები დამრგვალებულია).
ეს ქონება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება:
ადიგენის მუნიციპალიტეტი
როგორც ჩვენ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, ადიგენის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები საერთოდ არ აქვს, ეს მაშინ, როცა ამავე მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 994 ნაკვეთს, რომელთა საერთო დაზუსტებული ფართობიც 16 003.41 ჰექტარია. მათ შორის, 176 არის საძოვარი, საერთო ფართობით 5 378.2 ჰექტარი და 37 სათიბი, საერთო ფართობით – 94.06 ჰექტარი.
სახელმწიფო საკუთრებაშია, ასევე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 646 ნაკვეთი, რომელთა საერთო დაზუსტებული ფართობია 2 856 779 კვ.მ (285.68 ჰექტარი), მათ შორის, 228 შენობა-ნაგებობაა;
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში კი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მხოლოდ 12 ნაკვეთია, რომელთა საერთო დაზუსტებული ფართობია 39 077 კვ.მ (3.91 ჰექტარი) და განთავსებულია 75 – შენობა-ნაგებობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტი საკუთარ ტერიტორიაზე, სახელმწიფოსთან შედარებით, 73-ჯერ ნაკლები ფართობის მიწებს ფლობს.
ასპინძის მუნიციპალიტეტი
ასპინძის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არ არის არცერთი შენობა-ნაგებობა, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მხოლოდ 42 ნაკვეთია მუნიციპალური, საერთო დაზუსტებული ფართობით – 16720.54 კვ.მ (1.67 ჰექტარი).
ამის საპირწონედ კი, სახელმწიფო საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 407 ნაკვეთია, რომელთა საერთო დაზუსტებული ფართობია 2 809 562 კვ.მ (280.96 ჰექტარი), მათ შორის, 191 – შენობა-ნაგებობა;
რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, სახელმწიფო ასპინძის მუნიციპალიტეტში 2 284 ნაკვეთს ფლობს. ამ ნაკვეთების საერთო დაზუსტებული ფართობი 44 371.53 ჰექტარია, საიდანაც 89 არის საძოვარი, საერთო ფართობით 8 441.03 ჰექტარი და 45 სათიბი, საერთო ფართობით – 477.02 ჰექტარი.
რვაჯერ ნაკლებია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ფართობი – ასპინძის მუნიციპალიტეტი საკუთარ ტერიტორიაზე მხოლოდ 68 ნაკვეთს ფლობს და მათი საერთო დაზუსტებული ფართობი სულ რაღაც 5 270.34 ჰექტარს შეადგენს. მათ შორის 49 არის საძოვარი, საერთო ფართობით 5 095.5 ჰექტარი და 10 სათიბი, საერთო ფართობით – 135.96 ჰექტარი. დანარჩენ 9 ნაკვეთს კი, ასპინძის მერიის ინფორმაციით, აქვს სახნავ-სათესის კატეგორია, რომელთა საერთო დაზუსტებული ფართობია 38.89 ჰექტარი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 104 ნაკვეთს ფლობს. მათი საერთო დაზუსტებული ფართობია 10 286 989.38 კვ.მ (1 028.7 ჰექტარი), მათ შორის, 556 შენობა-ნაგებობაა;
ახალქალაქის მუნიციპალურ საკუთრებაში კი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მხოლოდ 262 ნაკვეთია, რომელთა საერთო დაზუსტებული ფართობიც 1 903 335 კვ.მ-ია (190.33 ჰექტარი), მათ შორის, 184-ია შენობა-ნაგებობა;
მუნიციპალიტეტი საკუთარ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მხოლოდ 10 ნაკვეთს ფლობს და მათი საერთო დაზუსტებული ფართობია 7 474.3 ჰექტარი. ათივეს საძოვრის სტატუსი აქვს.
სახელმწიფო კი ამავე მუნიციპალიტეტში 375-ჯერ მეტ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფლობს და მათი ფართობი მუნიციპალურისას თითქმის ცხრაჯერ აღემატება.
კონკრეტულად კი, სახელმწიფო ახალქალაქში ფლობს 3 753 ნაკვეთს, რომელთა საერთო დაზუსტებული ფართობია 66 907.01 ჰექტარი. მათ შორის 63 არის საძოვარი, საერთო ფართობით 2 827.12 ჰექტარი და 31 სათიბი, საერთო ფართობით – 541.99 ჰექტარი.
ახალციხის მუნიციპალიტეტი
ახალციხეში სახელმწიფო საკუთრებაშია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 967 ნაკვეთი, რომელთა საერთო დაზუსტებული ფართობია 4 624 950.03 კვ.მ (462.5 ჰექტარი), მათ შორის, 382 – შენობა-ნაგებობა;
მუნიციპალურ საკუთრებაში კი თითქმის ორჯერ ნაკლები ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა – 361 ნაკვეთი, რომელთა საერთო დაზუსტებული ფართობია 2 490 789.73 კვ.მ (249.08 ჰექტარი), მათ შორის, 169 – შენობა-ნაგებობა;
ტრადიციულად, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ახალციხის მუნიციპალიტეტშიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელობასთან დაკავშირებით კატასტროფული მდგომარეობაა.
სახელმწიფო ახალციხეში 241-ჯერ მეტ და 187-ჯერ მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ფლობს.
კერძოდ, სახელმწიფოს საკუთრებაშია 2 653 ნაკვეთი, რომელთა საერთო დაზუსტებული ფართობია 27 522.65 ჰექტარი. მათ შორის 219 არის საძოვარი, საერთო ფართობით 9 312.11 ჰექტარი და 152 სათიბი, საერთო ფართობით – 4 452.1 ჰექტარი.
მუნიციპალურ საკუთებაში კი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულები მიწის 11 ნაკვეთია, რომელთა საერთო დაზუსტებული ფართობია 147.15 ჰექტარი. მათ შორის 2 არის საძოვარი, საერთო ფართობით – 145.5 ჰექტარი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ბორჯომის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მასაც, ადიგენის მუნიციპალიტეტის მსგავსად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საკუთრებაში არ აქვს. ეს მაშინ, როცა ამავე მუნიციპალიტეტში სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 2 526 ნაკვეთს ფლობს და მათი საერთო დაზუსტებული ფართობია 15 990.45 ჰექტარი. მათ შორის 35 არის საძოვარი, საერთო ფართობით 3 170.33 ჰექტარი და 105 სათიბი, საერთო ფართობით – 222.81 ჰექტარი.
873-ჯერ აღემატება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფართობები მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასაც.
აქ სახელმწიფო ფლობს 1 137 ნაკვეთს, რომელთა საერთო დაზუსტებული ფართობია 484 985 308.94 კვ.მ (48 498.53 ჰექტარი), მათ შორის, 231 შენობა-ნაგებობას;
ბორჯომის მუნიციპალურ საკუთრებაში კი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 258 ნაკვეთია, რომელთა საერთო დაზუსტებული ფართობია 555 105 კვ.მ (55.51 ჰექტარი), მათ შორის – 158 შენობა-ნაგებობა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
158-ჯერ მეტ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობებს ფლობს სახელმწიფო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. აქ ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში 662 ნაკვეთია, რომელთა საერთო დაზუსტებული ფართობია 48 300 561.65 კვ.მ (4 830.06 ჰექტარი), მათ შორის, 252 შენობა-ნაგებობა;
მუნიციპალურ საკუთრებაში კი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 143 ნაკვეთია, რომელთა საერთო დაზუსტებული ფართობიც მხოლოდ 304 998 კვ.მ-ია (30.5 ჰექტარი), მათ შორის – 91 შენობა-ნაგებობა;
11-ჯერ მეტია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობებიც. ნინოწმინდაში ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე 1 958 მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული და მათი საერთო დაზუსტებული ფართობი 66 249.37 ჰექტარია. მათ შორის 159 არის საძოვარი, საერთო ფართობით 16 120.65 ჰექტარი და 89 სათიბი, საერთო ფართობით – 2 834.26 ჰექტარი.
მუნიციპალიტეტი კი საკუთარ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მხოლოდ 34 ნაკვეთს ფლობს. მათი საერთო დაზუსტებული ფართობია 5 602.7 ჰექტარი. მათ შორის 31 არის საძოვარი, საერთო ფართობით 5 548 ჰექტარი და 3 სათიბი, საერთო ფართობით – 54.7 ჰექტარი.