ბორჯომში 9 მარტს დანიშნული საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება

1092

წინა სტატია

ბორჯომის მერიას საკრებულომ ხელფასების განმსაზღვრელი დოკუმენტი სხდომაზე განხილვის გარეშე უკან დაუბრუნა. ამის გამო, ცხრა მარტს დანიშნული სხდომა აღარ გაიმართება. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს.

ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ მერიის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი სარგოების რაოდენობა არაადექვატურად გაზრდილია. საკრებულო მერიას ხელფასების მატების ახალ ვერსიას სთავაზობს, სადაც მერის, მოადგილეების, ასევე სამსახურების და განყოფილებების ხელმძღვანელი პირების სახელფასო სარგოები, მერიის მიერ წარმოდგენილ სარგოებთან შედარებით 400–300 ლარით ნაკლებია.

ამის შესახებ ინფორმაცია ბორჯომის საკრებულოს facebook-ზე გამოქვეყნდა.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიამ 2018 წლის 7 მარტს განიხილა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჩამოწოდებული საკითხი მერიის საშტატო ნუსხისა და სარგოების განსაზღვრის შესახებ.
როგორც ზემოთ აღნიშნულ კომისიას, ასევე საკრებულოს ბიუროს ერთხმად მიაჩნია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი სარგოების რაოდენობა არაადექვატურად არის გაზრდილი მაქსიმალური “შკალის მიხედვით” .
აქედან გამომდინარე, შენიშვნების სახით აღნიშნულ საკითხს უკან ვაბრუნებთ მერიაში, კერძოდ წინადადებას ვაძლევთ მერის მოადგილეებს,
სამსახურის და განყოფილებების ხელმძღვანელ პირებს სარგოს გაზრდა მოახდინონ ზღვრულ ფარგლებში შესაბამისი დანართის სახით.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად 2018 წლის 9 მარტს ჩანიშნული საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება“ – წერია განცხადებაში.

ბორჯომის მერიის მიერ საკრებულოსთვის გადაგზავნილ დოკუმენტში კვლავ გაზრდილი ხელფასების შესახებ წერია, თუმცა ამ შემთხვევაში ბორჯომის მერი საკუთარი ხელფასის გაზრდას აღარ ითხოვს.