ავტორი: ანანო გოშაძე
რა მდგომარეობა იყო 2018-2022 წლებში მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში, რამდენი ახალი ბიბლიოთეკა აშენდა, რამდენს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რამდენით დაფინანსდა ჯამში აღნიშნული ბიბლიოთეკები და ამ დაფინანსებიდან რამდენი მოხმარდა წიგნების შეძენას 5 წლის განმავლობაში – droa.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა.
ახალციხის მუნიციპალიტეტი
ახალციხის მუნიციპალიტეტში, მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 14 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს. ეს ბიბლიოთეკებია: ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკა, რაბათის, ვალის, აწყურის, საყუნეთის, ზიკილიის, ივლიტის, ზ/სხვილისის, მუსხის, ურაველის, წყორძის, კლდისა და სვირის ბიბლიოთეკები.
ამ ხუთი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში ახალი ბიბლიოთეკა არ აშენებულა. რეაბილიტაცია კი მხოლოდ ერთს – ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას 2021 წელს ჩაუტარდა და მასზე 5 346 დაიხარჯა.
მერიისვე ინფორმაციით, 2018-2022 წლებში ბიბლიოთეკების დაფინანსებამ 684 031 ლარი შეადგინა. კერძოდ, 2018 წელს – 125 580 ლარი, 2019 წელს – 126 121, 2020 წელს – 120 679, 2021 წელს – 139 781, 2022 წელს კი – 171 870 ლარი.
რაც შეეხება წიგნებისთვის გამოყოფილ დაფინანსებას, 2018 და 2021 წლებში ახალციხეში არსებულ ბიბლიოთეკებს წიგნების შესაძენად თანხა არ გამოყოფიათ, ხოლო 3 წლის განმავლობაში ჯამში 38 617 ლარი მიუღიათ: 2019 წელს – 14 898 ლარი, 2020 წელს – 11 628 და 2022 წელს კი – 12 000 ლარი.
ასპინძის მუნიციპალიტეტი
ასპინძის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ ასპინძის მთავარი ბიბლიოთეკა, რომლის დაქვემდებარებაში შედის სოფლების – ხიზაბავრის, ოშორის, ტოლოშის განყოფილება და დაბაში არსებული ერთი საბავშვო ბიბლიოთეკა.
2018-2022 წლებში ზემოთ ჩამოთვლილი ბიბლიოთეკებიდან რეაბილიტაცია არცერთს არ ჩატარებია. არ აშენებულა არც ახალი ბიბლიოთეკა.
რაც შეეხება მერიის მიერ გამოყოფილ დაფინანსებას, ჯამში, თანხა 334 837 ლარს შეადგენს. აქედან 2018 წელს ბიბლიოთეკები დაფინანსდა 61 000 ლარით, 2019 წელს – 65 000-ით, 2020 წელსაც – 65 000-ით, 2021 წელს – 68 837-ით, ხოლო 2022 წელს – 75 000 ლარით.
2018-2021 წლებში ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიბლიოთეკები წიგნების შესაძენად სულ 14 963 ლარით დააფინანსა, ხოლო, 2022 წელს წიგნების შესაძენად თანხა არ გამოუყვია. 2018 წელს მერიამ წიგნების შესაძენად ბიბლიოთეკებს ჯამში 1 396 ლარი გამოუყო, 2019 წელს – 2 490, 2020 წელს – 3 456, 2021 წელს კი – 7 621 ლარი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 23 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: ცენტრალური ბიბლიოთეკა, საბავშვო ბიბლიოთეკა, ახალი უბნის, ვაშლოვანის, წაღვერის, ახალდაბის, რველის, ყვიბისის, ზანავის, კორტანეთის, ტაძრისის, ქვაბისხევის, დვირის, ჭობოსხევის, ჩითახევის, ბაკურიანის, ანდეზიტის, მზეთამზეს, ტბის, სადგერის, ცემის, ბალანთისა და ტაბაწყურის ბიბლიოთეკები.
მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში არ აშენებულა ახალი ბიბლიოთეკა, არსებული ბიბლიოთეკებიდან კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა მხოლოდ ორს – დაბა ახალდაბისა და სოფელ ტაძრისის ბიბლიოთეკებს. ასევე, 2022 წელს დაგეგმილია ქალაქ ბორჯომში წმ. ნინოს ქ. N11-ში არსებული შენობის რეაბილიტაცია, სადაც განთავსებულია საბავშვო ბიბლიოთეკა. რეაბილიტაციის ღირებულება 189 500 ლარია. მერიის ინფორმაციით, ასევე იგეგმება სოფელ ცემში არსებული ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაციაც.
2018-2022 წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ბიბლიოთეკების დაფინანსებამ ჯამში 1 440 722 ლარი შეადგინა. კერძოდ, 2018 წელს – 219 193, 2019 წელს – 269 160, 2020 წელს – 280 900, 2021 წელს – 305 769, ხოლო 2022 წელს – 365 700 ლარი.
ამ თანხებიდან ბორჯომის მერიამ ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესაძენად 2018-2021 წლებში 28 701 ლარი გამოყო. 2018 წელს თანხა შეადგენდა 4 684 ლარს, 2019 წელს – 4 833 ლარს, 2020 წელს – 11 144 ლარს, ხოლო 2021 წელს – 8 040 ლარს. რაც შეეხება 2022 წელს, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მერიას წიგნების შესაძენად 10 000 ლარი აქვს ასათვისებელი.
ადიგენის მუნიციპალიტეტი
ადიგენის მუნიციპალიტეტში 6 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: ა(ა)იპ ადიგენის მთავარი ბიბლიოთეკის ცენტრალური განყოფილება, საბავშვო განყოფილება, აბასთუმნის საქალაქო და საბავშვო განყოფილებები, ასევე, სოფელ უდესა და არალის განყოფილებები. მერიის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩამოთვლილთაგან არცერთს არ ჩატარებია რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტში არ აშენებულა არც ახალი ბიბლიოთეკა.
2018-2022 წლებში ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიბლიოთეკები ჯამში 308 527 ლარით დააფინანსა. კერძოდ, 2018 წელს – 47 999 ლარით, 2019 წელს – 63 550-ით, 2020 წელს – 75 301-ით, 2021 წელს – 80 363-ით და 2022 წელს – 41 314 ლარით.
რაც შეეხება წიგნებისთვის გამოყოფილ თანხას, 5 წლის განმავლობაში ახალი წიგნების შესაძენად მხოლოდ 1500 ლარია დახარჯული – მერიამ ბიბლიოთეკებს 2018, 2019, 2021 წელს მხოლოდ 500-500 ლარი გამოუყო. 2020 და 2022 წლებში კი წიგნების შესაძენად თანხა საერთოდ არ გამოყოფილა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 14 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: მთავარი ბიბლიოთეკა, ჭიგრაშენის, სათხას, განძას, არაგიალის, ოროჭალარის, კონდურას, მამზარას, ღულალისის, ჰეშტიას, გორელოვკას, კონდურას, დილიფისა და თორიას ბიბლიოთეკები.
2018-2022 წლებში მუნიციპალიტეტის მერიამ ბიბლიოთეკები 361 500 ლარით დააფინანსა. კერძოდ, 2018 წელს – 69 000 ლარით, 2019 წელსაც – 69 000 ლარით, 2020 წელს – 70 000 ლარით, 2021 წელსაც – 70 000 ლარით, 2022 წელს კი – 83 500 ლარით.
რაც შეეხება წიგნებისთვის გამოყოფილ თანხას, ამაზე, ბოლო 5 წლის განმავლობაში, მხოლოდ 260 ლარი დაიხარჯა – 2018 წელს 60 ლარი, ხოლო 2020 წელს – 200 ლარი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 18 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკა, ბარალეთის N1 ბიბლიოთეკა, ბარალეთის N2 ბიბლიოთეკა, დილისკას, გოგაშენის, ბალხოს, ვაჩიანის, კუმურდოს, ხანდოს, კოთელიას, იხტილას, მაჭატიას, ალასტანის, ორჯას, ზაკვის, არაგვას, კარტიკამისა და ბურნაშეთის ბიბლიოთეკები.
2018-2022 წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ახალი ბიბლიოთეკა არ აშენებულა. რაც შეეხება რეაბილიტაციას, 2021 წელს მხოლოდ ახალქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში ნაწილობრივ ჩატარდა მსუბუქი-კოსმეტიკური რემონტი.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიბლიოთეკები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჯამში 435 840 ლარით დააფინანსა. კერძოდ, 2018 წელს – 82 800 ლარით, 2019 წელს – 88 920 ლარით, 2020 წელს – 72 960 ლარით, 2021 წელს – 88 920 ლარით, ხოლო 2022 წელს – 102 240 ლარით.
რაც შეეხება წიგნების შესაძენად გამოყოფილ თანხას, ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მერიამ 2018-2022 წლებში, ბიუჯეტიდან წიგნებისთვის მხოლოდ 2021 წელს გამოყო – 3500 ლარი.