„საქსტატი“: III კვარტალში საშუალო ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით გაიზარდა და 1 595.0 ლარი შეადგინა

360

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით (226.5 ლარით) გაიზარდა და 1 595.0 ლარი შეადგინა.

„საქსტატის“ ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 330.4 (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 51.8 პროცენტით);

⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 474.7 ლარი (გაიზარდა 10.7 პროცენტით);

⦁ მშენებლობა – 2 304.9 ლარი (გაიზარდა 15.1 პროცენტით);

⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 229.1 ლარი (გაიზარდა 11.3 პროცენტით).

2022 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 265.6 ლარით, ხოლო კაცების – 1 904.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 159.2 ლარი (14.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 292.7 ლარი (18.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი ქალების ხელფასს თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა.

„2022 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 258.7 ლარით (17.8%) გაიზარდა და 1714.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 434.0 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 54.6 პროცენტით), ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 732.2 ლარი, გაიზარდა 16.9 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

2022 წლის III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 160.3 ლარით (13.1%) გაიზარდა და 1 380.3 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ქ. თბილისი და აჭარის ა.რ. ლიდერობს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.